კალათა

მე, ტურა და ლურჯი მანქანა

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ვინ არის ლურჯი მანქანის უცნაური პატრონი, რომელიც უამრავ სიკეთეს აკეთებს, შემდეგ კი უგზო-უკვლოდ ქრება და ტოვებს მათ, ვისაც ცხოვრების იმედი გაუჩინა.

დგაფ-დგუფ, დგაფ-დგუფ, დგაფ-დგუფ...

გაჩერება, ჩასუნთქვა; მერე კი თავიდან...

როგორ ნელა მიდის დრო, გზას კი თითქოს ბოლო აღარ უჩანს, არაფრით მთავრდება...

გულისცემა ყურებში მესმის, სუნთქვა მიჭირს და ცხელი ასფალტის შეხება შიშველ ფეხზე საერთოდ ჭკუიდან მშლის, თუმცა ვუძლებ და გავრბივარ.

კიდურებს ძლივს ვამოძრავებ, გავრბივარ, მაგრამ ამჯერად უკვე ინერციით. საშინელებაა, მითუმეტეს ერთი ფეხი რომ გაკლია...

- იჩქარე!!! ვერ მივუსწრებთ!!! - მიყვირის და ფეხს კიდევ უსწრაფებს.

- ახლავე, ახლავე - ძლივს ვიღებ ხმას და ვისუნთქავ. უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ვცდილობ უფრო სწრაფად გავიქცე.

გავრბივარ.

ისევ.

სოფლის წყნარ ატმოსფეროს მხოლოდ ჩემი ქოშინი და გზაზე სირბილისას დარტყმული ფეხების ხმა არღვევს.

მტკივა. ყველაფერი მტკივა, თუმცა არაუშავს.

ცოტაც, ცოტაც გაუძელი და დაინახავ....

აი, გზის ბოლოშიც ჩავდივარ, მაგრამ... ის აღარ ჩანს.

ლურჯ მანქანას წამით ვხედავ, შემდეგ კი ის მოსახვევში უჩინარდება და თითქოს ჩემი სულის ნაწილი მიაქვს თან.

- ჯანდაბა!!! - იკურთხება და გამწარებულ გულზე ფეხს დიდ ქვას ურტყამს, მე კი ძირს ვჯდები და ამოსუნთქვას ვცდილობ - ყოველთვის ჩვენ რატომ გვემართება ასე? - ყვირის და ქვას ისვრის, მე კი ვერაფერს ვეუბნები, რადგან ვიცი, ასეთ დროს მისთვის ზედმეტი სიტყვის თქმაც სიკვდილის ტოლფასი იქნება. ახლა ის მზადაა ნებისმიერს წაეკიდოს და შუაზე გაგლიჯოს.

ცოტა მეტი ძალა რომ მქონდეს, ალბათ მეც ასე ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის პატრონი ხმასაც ვერ ვიღებ იმის შიშით, რომ არ ჩამიწყდეს.

- ისევ გავუშვით! - კბილებში ცრის

- ხომ შეიძლება დაბრუნდეს - გულუბრყვილოდ ვპასუხობ

- მაგ სისულელის გჯერა? - ირონიულად ეცინება

- აქამდე ყოველთვის ბრუნდებოდა.

- დღეს ვერ დაინახე, ჩანთები რომ ეჭირა და ბარგდებოდა? "დროებით"-ო, ყოველთვის რომ გვეუბნებოდა, ისიც არ უთქვამს!

- ჰო, მაგრამ მოვა - ვცდილობ დავარწმუნო.

- სიბერემ თავისი ქნა, სულ გამოშტერდი - თვალებს ატრიალებს

- დაბრუნდება! აი ნახავ! - პროტესტის გრძნობა მიჩნდება და ფეხზე ვდგები - ასე უბრალოდ ვერ დაგვტოვებდა, აუცილებლად უკან მოვა. ნახავ!

- ყველაფერი ასე ადვილად არ არის! მივხვდი, რომ არ ვაიტერესებდით! სხვა შემთხვევაში ასე არ დაგვყრიდა, სადარდებლად არ გაგვიმეტებდა. თავისთან წაგვიყვანდა ან - კიდევ უკეთესი - აქ დარჩებოდა! ხედავ სადმე?

თვალები მეწვის და ვცდილობ მის წინ არ ვიტირო. გულის სიღრმეში ვიცი, რომ არ ტყუის. პირიქით - ზედმეტად პირდაპირია და მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდება.

- თავი მნიშნველოვნად გვაგრძნობინა. მეგონა, ვიღაცას ბოლოს და ბოლოს შევუყვარდი, მიუხედავად ყველა ჩემი ნაკლისა, ვფიქრობდი, რომ ყველა ტკივილმა გადაიარა და გვირაბის ბოლოს როგორც იქნა, სინათლე გამოჩნდა. როგორც ყოველთვის, შევცდი.

ჩემ გვერდით ჯდება და კენჭების სროლას იწყებს. ხმას არც ერთი არ ვიღებთ.

სიცხე კლებულობს.

მზეც ჩადის.

ის არ ჩანს.

ცივდება, საშინლად ცივდება.

ბნელდება.

ის ჯერ კიდევ არ ჩანს.

იქნებ არ შემცდარხარ, მეგობარო...

- წავიდეთ. არ დაბრუნდება - პირიდან ჰაერს უშვებს და დგება

- ვიქნები. რომ მოვა დავხვდები და გაუხარდება.

- როდემდე აპირებ ამ სიბნელეში ჯდომას? მოსვლას რომ აპირებდეს, უკვე მოსული იქნებოდა.

- მე მჯერა!

- ყელში ამოხვედი! მივდივარ! - ხმამაღლა ამბობს.

- უმადური ხარ! - ჩახლეჩილი ხმით ვუყვირი - ამდენი ხანი გვივლიდა, შეგვიფარა... ის რომ არა, მეც და შენც დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილით! ერთადერთია, ვისაც ვუყვარვართ, შენ კი ლოდინსაც ამადლი!

- ვის ველოდო? იმას, ვინც აღარ მოვა? ჰო, გვაჭამა, შეგვიფარა, ახლა კი წავიდა! რა გავაკეთოთ? ჩავიდეთ მაშინ ქალაქში და მის ძებნაში შემოვიაროთ ყველა კუთხე-კუნჭული. სხვა გამოსავალს ხედავ?...

ჩუმად ვარ. მისი მოსმენა აღარ მინდა. ჩემი გონება უგზოუკვლოდ დაჰქრის და ათას ახსნას ეძებს მომხდარისთვის. რომ ვფხიზლდები, ისევ ეს მომაბეზრებელი ხმა ჩამესმის ყურში, გაფუჭებული მაგნიტოფონივით ერთსა და იმავეს რომ იმეორებს.

- ...არ მოვა, ა-ღ-ა-რ მ-ო-ვ-ა! გესმის თუ არა? სახლში წამოდი და თუ მოვა, იქ დავხვდებით.

ვოხრავ. ცოტა ხანი მიყურებს, შემდეგ კი ღრმად ისუნთქავს და ტრიალდება.

- მე მივდივარ - ჩუმად ამბობს და ნელი ნაბიჯით იმ გზას მიუყვება, რომლითაც რამდენიმე საათის წინ ჩამოვედით.

ისევ იმ ადგილას ვზივარ და ვფიქრობ.

ვფიქრობ და აზრებით მასთან ვარ - ჩემს ერთადერთ იმედთან.

ის რომ არა, აქ არ ვიქნებოდი - მან გადამარჩინა; სიკვდილისთვის განწირულს ხელი მომკიდა და სიცოცხლისკენ შემომაბრუნა.

მაშინ, როდესაც შიმშილით სიკვდილი ჩემს გარდაუვალ განაჩენს ჰგავდა, თავისი თეფშიდან მიყოფდა ლუკმას, მე კი ლოდინი დავამადლო?

ვზივარ და ვფიქრობ - ფიქრებით მაინც ვიქნები მასთან.

იმედი ნელ-ნელა მიქრება, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი.

ძალიან მიყვარს. მხოლოდ იმიტომ არა, რომ მაჭამა...

ისევ იმ ადგილას ვზივარ და ვფიქრობ.

ყოველი ჩავლილი მანქანა იმედგაცრუების გრძნობას მიტოვებს, რადგან ყოველ მათგანს გაბრწყინებული ვუყურებ და მძღოლის ადგილას მის ლამაზ სახეს ვეძებ, თუმცა - ამაოდ. არც ერთი არ ჰგავს იმ ლურჯი მანქანის პატრონს, ასე რომ ველოდები.

ფიქრებში ჩაძირულს, ბოლოს, გონს ხმამაღალი ჩხუბის და ღრიალის ხმას მოვყავარ, რომელსაც შეძახილები მოჰყვება. ფეხზე ვდგები და აქეთ-იქით ვიყურები, შემდეგ კი, მობეზრებული, სახეზე ხელს ვისვამ და ვუყურებ ორ დიდ სილუეტს, რომლებსაც სიბნელეში და ამ აყალმაყალში ერთმანეთისგან ვერ გამოარჩევ.

მე მეუბნება, სულელი ხარო, თვითონ კი მერამდენედ ჩხუბობს იმ ხისთავიანთან!

უეცრად, ჩემს ყურადღებას მიწაზე პატარა სისხლის გუბეები იქცევს და მთვარის შუქზე ვამჩნევ, ორივეს კანს წითელი რომ ამშვენებს.

ჩემიანს ვგულშემატკივრობ - ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს ვახერხებ. გარშემო უფრო და უფრო მეტი ხალხი გროვდება, რომლებიც ვერ ბედავენ მათ გაშველებას - ამ ორის სახელი სოფელში ცუდადაა გავარდნილი. სისხლის გუბეებიც უფრო და უფრო დიდდება და ვამჩნევ, ორივე როგორი გადაღლილია, თუმცა, არც ერთი ნებდება და არც - მეორე.

პრინციპის საქმეა - ერთმანეთთანაც სცხვენიათ, ამხელა აუდიტორიის წინაშე დანებება კი მთელ სოფელში თავის მოჭრის, სახელის გატეხვის ტოლფასია.

ხერხი ჯობია ღონესო, ნათქვამია. მეც, მეგობრის გადარჩენის იმედით, შემდეგ გზას მივმართავ - როგორც შემიძლია ვხმაურობ და სხვებსაც ვიყოლიებ. მალე არაფერი ისმის ყვირილის, ტაშის და დაუსრულებელი ღრენის გარდა.

ბოლოს, ჩემი იმედი მართლდება და ხმაურით შეწუხებული მოხუცი სახლიდან მოქიშპეებს ცივ წყალს ასხამს.

ჩხუბი მთავრდება. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს თვალებს უბრიალებენ და ყველა თავიანთი გზით მიდის. ჩვენც ჩვენი სახლის ორღობეს მივუყვებით.

ცაზე დიდ მთვარეს ვუყურებ და ფიქრებით ისევ ლურჯი მანქანის პატრონს ვუბრუნდები. ნეტა ახლა ისიც თუ უყურებს მთვარეს?

სიჩუმეს დროდადრო ჩემი მეგობრის კვნესა არღვევს და გვიწევს ხშირად შევჩერდეთ, სული რომ მოითქვას. ჭრილობები ძალიან სტკივა; სისხლი ჯერ კიდევ მოსდის, თუმცა არ იმჩნევს. ზედმეტად ამაყია ამისთვის, მაგრამ მე ვხვდები...

- იმ ნაძირალამ თქვა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, რომ არასოდეს ვყვარებივართ, არასოდეს ვადარდებდით - მოულოდნელად მიხსნის ჩხუბის მიზეზს.

- შენც იგივეს არ ამბობდი? - მიკვირს

- მისი გასარჩევი ნამდვილად არ იყო. გარდა ამისა, ეს ყველაფერი გაბრაზებულ გულზე ვთქვი. არ მიგულისხმია. ეგეთი უმადურიც არ ვარ.

სიჩუმე.

- მე მჯერა, რომ დაბრუნდება. შენც ხომ გჯერა ამის?

- კი - ვუღიმი - მჯერა.

- ხო, მეც ეგ ვუთხარი... უფროსწორად, შევაგინე - ეცინება - შემდეგ კი შენც იცი, რა მოხდა.

კვლავ სიჩუმე.

- აქ რომ იყოს, წყალს გამომიტანდა. მეტყოდა, რომ მალე კარგად გავხდებოდი და მოფერებასაც გამიბედავდა - ოხრავს - არ მეგონა, თუ გადავრჩებოდი, ოღონდ, მართლა. ისე მეტკინა, თვალებში დამიბნელდა! თუმცა, არც მე დავინდე - მოწონებით ჩაიღიმა. ჩამეცინა.

- ესაა სოფლის ძაღლის ცხოვრება, ჩემო ტურა - ბრძოლა გადარჩენისათვის. მითუმეტეს, როდესაც შენს ნამდვილ პატრონს შენთვის არც სცალია და არც შენი ბედი აღელვებს.

- მე და შენ ხომ გვყავს სხვა პატრონიც? ის, ლურჯ მანქანაში რომ ზის.

- კი, გვყავს.

- ხოდა, ველოდოთ! იმედი არ დავკარგოთ! - ახლა ის გადადის ჩემს გამხნევებაზე.

- ველოდოთ... თუმცა, ძნელია იმედის ქონა, როდესაც ხვალინდელი დღისაც არ გჯერა.

გზას მიუყვება და ჭრილობას ილოკავს. არაფერს მეუბნება, რადგან არ უნდა მწარე სიმართლის აღიარება. არც იმის სიამოვნებას მომანიჭებს, აღიაროს, მართალი რომ ვარ, თუმცა ვიცი - მეთანხმება.

 

ჩემს მეგობარს ტურა ჰქვია, მე კი - თეთრა.

ეს სახელებიც ლურჯი მანქანის პატრონმა შეგვარქვა და მას შემდეგ ყველა ასე გვიცნობს - 'სამფეხა თეთრა' და 'ჩხუბისთავი ტურა'

 

მე და ტურა სოფლის ძაღლები ვართ და ყოველი მზის ამოსვლა ჩვენთვის სასწაულია.

მე და ტურა სოფლის ძაღლები ვართ და ყოველი ლუკმა ჩვენთვის ღვთის წყალობაა.

მე და ტურა სოფლის ძაღლები ვართ.

ძნელია სოფლის ძაღლის ცხოვრება.

ძალიან ძნელი...


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება