კალათა

რობოკოპი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
წაკითხვისთანავე მოფსით.

- ეს რაა ბიჭო? - მკითხა ფორმიანმა და ჩემი შარვლის ჯიბიდან ცარიელი ხელი ამოიღო.

- არაფერი - ვუპასუხე მშვიდად და ძირს დავიხედე.

მართლა არაფერი მქონდა. საერთოდ არაფერი. ტელეფონიც კი სახლში დამრჩა, სულ ერთი წამით ჩამოვედი, ურნაში ნაგავი ჩავყარე და უკან ვბრუნდებოდი. ახლაც ურნასთან ვიდექი, ცარიელ ქუჩას პატრულის მანქანის ,,მიგალკა" ანათებდა. კორპუსის ფანჯრიდან მეზობლები მიყურებდნენ. არა, ვერავის ვხედავდი, ალბათ სადღაც ფარდებს უკან იდგნენ, მაგრამ რაღაცნაირად მათ მზერას ვგრძნობდი და ცოტათი მრცხვენოდა. პატრულის ოფიცერმა ნაგვის ურნაზე მიმაყუდა და თავიდან გამჩხრიკა. ისევ ვერაფერი მიპოვა და უფრო გაბრაზდა. გვერდზე მიდგა და რატომღაც ტელეფონის სქროლვა დაიწყო.

- ქუჩაში ჩუსტებით რა პონტში დადიხარ , თან რაა ეს მაჩვები რომ ჩაგიცვამს, დაბოლილი ხარ ? - მანქანიდან მეორე ფორმიანი გადმოვიდა და იმან მომმართა. პირველს ჰგავდა, ოღონდ ორჯერ დიდი თავი ქონდა.

- რაა?

- რა კი არა ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ ?

- ნაგავი გადავყარე.

- ნაგავს მოგცემ მე შენ, რა დროს ნაგავია ბიჭო , დილამდე ვერ მოიცადე?!

- ცუდი სუნი ჰქონდა, მგონი პომიდორი ჩალპა შიგნით.

- ჩაგალპობ სადაც საჭიროა.

- რატომ , რამე დავაშავე?

- ვითომ არ იცი ახლა, სად ცხოვრობ ვაფშე?

- ამ კორპუსში - თითით ჩემი ფანჯარა დავანახე, რაფაზე ბარაქის ხე იდგა და გამახსენდა, რომ საუკუნე იყო არ მომერწყო.

- შენთან ხომ არ ავიდეთ, შევამოწმებდით ერთი რა ცხოვრებით ცხოვრობ.

- წავიდეთ, ოღონდ ამ სიცივეში ნუ დამაყუდებთ.

- მე დაგაყუდე ბიჭო, დადიხარ აქ ცარიელი ჯიბეებით და რაო რას ამბობდი რა გადავყარეო.

- ნაგავი, ნაგავი ჩამოვიტანე. ნეტავ მართლა დილამდე მომეცადა.

- ნაგავი არა ის, სადაა აბა ?

- აი ურნაში ჩავაგდე.

- ამოიღე და მაჩვენე - შემიღრინა დიდთავამ და მეორეს მიუბრუნდა -უეჭველი ფაქტი გადააგდო იასონოვიჩ, თორემ ისე აქ რა უნდოდა.

- ვიცი ხო, ამას მოწეულიც აქვს. ნახე როგორ იყურება.

- დროზე ამოიღე - აყვირდა დიდთავა და დაბნეული ურნას ვეცი.

ურნა ცარიელი იყო. ჩემი პარკი სულ ძირს ეგდო და მიუხედავად იმისა რომ მაშინვე დავინახე ამოღება გამიჭირდა. ხელი ჩავყავი მაგრამ ვერ მივწვდი, თან ვცდილობდი არ დავსრილიყავი და ურნის კიდეს არ ვეხებოდი. რომელიღაცა უკნიდან მომეპარა ფეხებით ამწია და ურნაში ჩამაგდო. გამწარებული ფეხზე წამოვხტი და თავი სახურავს ავარტყი. დიდთავამ ურნას სახურავი სიცილით გადახადა და ზემოდან დამხედა.

- მოიტა! - მიბრძანა მოჭრილად

- მოიტა კი არა შენ მოგიტყნავ გამომცემელს, - პარკი უკვე ხელში მეჭირა, მოვიქნიე და სახეში ამოვარტყი.

არ ვიცი რა მეტაკა. მშვიდი ადამიანი ვარ. ჩხუბი საერთოდ არ მიყვარს. თან ეს პარკიც უხარისხო აღმოჩნდა, გაიხა და ყველაფერი სახეზე შეეყარა, კეფირის ცარიელი ბოთლის გარდა. კეფირის ბოთლი ძირს დავარდა და მაშინვე თავს უშველა. მეორე შტერივით მიყურებდა. მერე იარაღი ამომიღო და დამიმიზნა. რატომღაც არაფერს ამბობდა. ალბათ სიტყვა არ გაინძრე დაავიწყდა. დიდთავაც უცებ მოვიდა აზრზე. დაჭყლეტილი ლუდის ქილა და კიდევ უფრო დაჭყლეტილი პომიდორი, კიტრის ნაფცქვენები, ქინძის ძირები, ზეთის ბოთლის თავსახური, მაწვნის ცარიელი ქილა, სიგარეტის დაკუჭული კოლოფი, სუფრის გადასაწმენდი ძველი და სუნიანი ტილო, ყურის საწმენდი ჩხირები, დამწვარი ასანთის ღერები, სიგარეტის რამდენიმე ნამწვი, ინდაურის მკერდის ძვალი, ერთმანეთზე დაკრული ორი გრძელი სპაგეტისებური მაკარონი, ბოლომოღრღნილი და წვერმოტეხილი ფანქარი, გაფუჭებული დამტენი და რამდენიმე ქაღალდის ნაგლეჯი სახიდან გადაიწმინდა, ურნას წიხლი ჩაარტყა და კბილებში გამოსცრა.

- დაგენძრა, ნაბიჭვარო!

მივხვდი რომ არ მატყუებდა. ვცადე ურნა გადმომეყირავებინა და მომეხია, მაგრამ არ მაცალეს და თვითონ გადმომიყვანეს, მერე მანქანასთან მიმათრიეს, ხელბორკილები დამადეს და უკან ჩამსვეს. დიდთავა გვერდზე მომიჯდა, მეორემ მანქანა დაძრა. სანამ ჩამსვამდნენ გავიფართხალე, მაგრამ რამდენჯერმე წამითაქეს და მომენტალურად დავნებდი, ერთბაშად მოვწყდი, მოვდუნდი და უცებ ყველაფერი სულერთი გახდა. თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე და ქუჩის თვალიერება დავიწყე. მთელი ბავშვობა აქ მქონდა გატარებული. მახსოვს როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს ამ ტრასაზე 90-იანების დასაწყისში, როდესაც ქალაქში სულ ხუთი მანქანა დადიოდა. მახსოვს ტროლეიბუსები, რომლებიც შუქთან ერთად მოდიოდნენ და რადგან შიგნით არასდროს იყო ადგილი, უკან კიბეზე დაკიდებულები ვმგზავრობდით, მესემიჩკე ნინაც მახსოვს და ძველი გამოშიგნული ფოსტის შენობაც. კიდევ ბევრი რამე გამახსენდა, მაგრამ ნელ-ნელა მოგონებებიც დავიკიდე, უაზროდ ვიჯექი, აღარაფერი მჭირდებოდა. მანქანამ სიჩქარეს მოუმატა, ისე მივდიოდით შუქნიშნებზეც არ ვჩერდებოდით. თავი მინას მივადე და თვალები დავხუჭე. ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა, მხოლოდ რამდენიმე ყვითელ ნაპერწკალს ვხედავდი, ნაპერწკლები სხვადასხვა ფერის ხაზებად გადაიქცა, გახსოვთ მედია პლეირეის ძველი ვიზუალები, დაახლოებით ეგეთი იყო, ცოტა უფრო ლამაზიც. პაატა თედიაშვილი რომ ვყოფილიყავი აუცილებლად დავწერდი სიმღერას ქუთუთოებს ქვეშ არსებულ გალაქტიკაზე და იმ მილიონობით ვარსკვლავზე, რომელსაც მარტო მაშინ ვხედავთ, როდესაც თვალებს ვხუჭავთ და რომლებშიც ვერასოდეს შევაღწევთ. ძალიან მაგარი იყო, ვგრძნობდი როგორ მიბრუნდებოდა სიმშვიდე და თავდაჯერება და უცებ დიდთავამ სახეში ჩამარტყა.

- ეს ნახე რა, დაძინებას აპირებს მგონი.

ვერ მივხვდი მე მეუბნებოდა თუ თავის მეწყვილეს, მაგრამ ისიც დავიკიდე და თვალები ხელახლა დავხუჭე.

- აზრზე მოდი ბიჭო, - ნერვები მოეშალა დიდთავას და თავზე იარაღი დამადო - თვალის დახუჭვა არ გაბედო, თორემ შუბლს გაგიხვრეტ.

თვალები ისევ დავხუჭე, ცოტათი კი მეშინოდა, მაგრამ უფრო მეტად მეკიდა და თან ზუსტად ვიცოდი გასროლას ვერ გაბედავდა. არც უსვრია, მაგრამ თავში გაშლილი ხელი ჩამარტყა და თან ისე მწარედ, რომ თვალები კიდევ უფრო მაგრად დამეხუჭა, მერე ფერდში გასაღები მატაკა, თან უგერგილოდ მაგინებდა, თითქოს ეზარებოდა და უბრალოდ მეწყვილის წინაშე თავს არ ზოგავდა, რაღაც მომენტში წამწამზეც დამავლო ხელი და სცადა თვალი ძალით გაეხსნევინებინა, მაგრამ არ დავნებდი და რამდენიმე წამწამი ხელში შერჩა.

- წერილი გინდა თუ სიხარული, - მკითხა მორცხვად და ეგრევე დაამატა - იასონოვიჩ სადმე შეაჩერე ერთი, ამ ჯიგრისთვის პატარა გრევი მაქვს. ორი წუთის ბაზარია, უცბად გავახარებ.

- ჭირდება ვითომ? მგონი ისედაც კარგადაა.

- არის საშუალება და რა პრობლემაა, გააჩერე რატომ გავრისკოთ.

მალევე გავჩერდით. თვალებს ჯიუტად არ ვახელდი და წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავით. გარეთ ძალიან ციოდა და ფეხქვეშ წიწვები სუხარივით ხრაშუნობდა.

- პირი გააღეთ თქვენო აღმატებულებავ, - დაიშაქრა დიდთავა.

ყურადღება არ მიმიქცევია, თითქოს საერთოდ არ არსებობდა. ლოყებში ხელი მომიჭირა, და პირი ძალით გამახსნევინა, იასონოვიჩმა პირში რაღაც ჩამიდო, ქაღალდის გემო ქონდა, თითქოს სიგარეტი იყო და თან არც იყო.

- მიდი მიდი ჩემი ბიჭი, ერთი კაი ნაპასი გამოარტყი, მეტი არც დაგჭირდება, კარგი მეგრული მოსაწევია - დამამშვიდა დიდთავამ

- აბა შით მარტვილიდანაა , ამ ნაგავზე გაფუჭება იქნებოდა ბიჭო, - აშკარად გული დასწყდა იასონოვიჩს.

სანთებელას ჩხაკუნის ხმა გავიგონე და სითბოც ვიგრძენი. დიდთავამ სანთებელა სახესთან მომიტანა და ინსტიქტურად თვალები გავახილე. ნაძვნარში ვიდექით, შორს რაღაც შენობა მოჩანდა, სკოლა ან უფრო ბაღი, რადგან გარეთ ძველებური რკინის სასრიალო იდგა. ნაპასის დარტყმას არ ვაპირებდი, არადა რაღაც მომენტში ცოტათი მომინდა კიდეც, სხვა თუ არაფერი მაგრად ციოდა. ტარიანს არ მოეკიდა და ენით პირიდან გადმოგდება ვცადე . დიდთავამ მოხერხებულად დაიჭირა , მოუკიდა და ორი პატარა ნაპასი გამოარტყა.

- ერთი შენებურად მომეხმარე იასონოვიჩ და უცბად მოვრჩებით, -ს თხოვა მეწყვილეს დიდთავამ და ტარიანი მოკიდებული თავით ჩაიდო პირში.

იასონოვიჩმა ცალი ხელით ზურგიდან დამიჭირა და მეორე ხელი ცხვირზე მომიჭირა. დიდთავამ ტარიანი ტუჩებთან ახლოს მომიტანა და მთელი ძალით ჩაბერა. პირი ბოლით გამევსო, მივხვდი რომ სხვა გზა აღარ მქონდა და მთელი ბოლი ერთ მძიმე ნაპასად გავუშვი, მაგრამ დიდთავა არ მომეშვა და ბოლოს ისეთი ხველება ამივარდა კინაღამ გავიგუდე.

- ეყოფა პარაოზი, ცოტა ჩვენთვისაც დატოვე, - ბრძანა იასონოვიჩმა და დიდთავაც რობოტივით დაემორჩილა.

ძირს დავჯექი და განძრევის თავი აღარ მქონდა. მართლა კარგი მოსაწევი აღმოჩნდა, მომენტალურად მოიტანა. ჯერ დიდთავამ მოწია, მეორე იასონოვიჩმაც გამოარტყა 2-3 ნაპასი და როცა ისევ დიდთავას აწვდიდა ვთხოვე ჩემთვისაც მოეწოდებინა.

- ეს ნახე როგორ განაგლდა, - გაუკვირდა იასონოვიჩს, მაგრამ მაინც მომაწოდა და როცა მიხვდა რომ შეკრული ხელებით ვერ გამოვართმევდი თვითონ გამომარტყმევინა ნაპასი.

სამივესთან მაგრად მოიტანა. ცოტა ხანს წიწვებზე გაუნძრევლად ვისხედით და ხან ერთმანეთს ვუყურებდით, ხან კი ცას, რომელზეც არაფერი ჩანდა, არც მთვარე, არც ღრუბლები, ვარსკვლავიც კი არ ჩამოვარდნილა, სურვილი რომ ჩაგვეფიქრებინა. ლიჩნად მე წყალი მინდოდა, სახლიდან გამოსვლისას ძალიან მწყუროდა. მახსოვს ონკანი გავხსენი და ჭიქა ავავსე, მაგრამ თბილი იყო და რაც მოვყლუპე ხელსაბანში ჩავაფურთხე. ნეტა ბოლომდე დამელია, იქნებ ამ სირებსაც ავცდენოდი. ისე არც პლედზე ვიტყოდი უარს, თბილად გავეხვეოდი და კოცონთან დავჯდებოდი, ხო კოცონიც გაასწორებდა. პატრულებსაც მეოცნებე თვალები ჰქონდათ. ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ. იქნებ კარაქიანი და თაფლიანი პური უნდოდათ, ან სულაც პრემია , მეცამეტე ხელფასი, ახალი მანქანა, რომელიმე ცნობილი ლამაზმანის გაბარძღვა, ან სულაც სელფი იმავე ლამაზმანთან, რომ ფეისბუქზე დაედოთ და მერე მეგობრებთან გაემარიაჟათ. თუმცა შეიძლება არც ჰქონდათ ფეისბუქი და მამენტ მეგობრებიც რომ არ ჰყოლოდათ არც ეგ გამიკვირდებოდა. იქნებ უბრალოდ ძილი უნდოდათ ან საგვარეულო ხატის დალოცვა, მაგრამ მამენტ რა აზრი ჰქონდა, ვარსკვლავი ჩამოვარდნას მაინც არ აპირებდა. ბოლოს ძალიან დავიგრუზეთ, ფეხზე ვეღარ ვდგებოდით, პატრულის მანქანამდე ხოხვით მივედით და წვალებით შიგნით შევძვერით. იქ თბილოდა, სამივე დავდნით და კარგა ხნით დავდუმდით.

- ფლეშკით მუსიკა ხომ არ გაქვს, რამეს მოუსმენდა კაცი, - ზურგსუკან იკითხა იასონოვიჩმა.

ისევ ვერ გავიგეთ რომელს გვეკითხებოდა, მაგრამ მე ლაპარაკის თავი აღარ მქონდა და დიდთავამ უპასუხა.

- ამას არაფერი აქვს იასონოვიჩ, ორჯერ გავჩხრიკე უკვე და მე თუ მეკითხები ფლეშკა რა ჯანდაბად მინდა, მუსიკა თუ მომინდება რადიოს ვუსმენ, ერთი არხია სულ საქეიფო მუსიკები, სულ ჩვენები ქართულები და რუსულები, ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩართავენ ჯიგარი მეთუთქება. შეიძლება ცრემლიც კი მომადგეს. მე ფრიდონ ლომაძეს, ცრემლი შეიძლება მომადგეს. გჯერა?

- კაი რა ვიცი ეგ არხი, სისულელეა, ბითლებს მოუსმენდა კაცი, ან პინქ ფლოიდს, ნაღდი მუსიკა ეგაა. მოწეულზე მაგრად ასწორებს. შენ რას უსმენ ბიჭო?

მე ვერაფერს ვეღარ ვუსმენდი. ვგრძნობდი როგორ მითეთრდებოდა სახე და მიგრძელდებოდა ნიკაპი. თვალები ისევ მეხუჭებოდა და ვცდილობდი ძალით გამეხილა. თითქოს ნელ-ნელა სადღაც ვიპარებოდი. უცბად ტრაკქვეშ მანქანის სავარძელი გამომაცალეს და ბნელ სივრცეში ვიწყე ვარდნა. სადღაც ზემოთ, ძალიან, ძალიან შორს მანქანის ჭერი მოჩანდა რომელზეც ხორცისფერი მთვარე ეკიდა. მთვარე თანდათან პატარავდებოდა და ბოლოს სულ გაქრა.

- მიშველე იასონოვიჩ მგონი ცუდადაა, -აყვირდა დიდთავა.

- წყალი დაასხი.

- სად გვაქვს წყალი ?

- მაშინ შემოარტყი.

- დაეტყობა და ინსპექცია ერთ ამბავს აგვიტეხს.

- მაშინ ჩაბერე.

- სად ჩავბერო?

- ტრაკში ჩაბერე , რა ვიცი მე, მაცადე ერთი თუ კაცი ხარ, ვერ ხედავ ვერც მე ვარ კარგად.

- რომ მოკვდეს რა ვქნათ?

- რა მოკლავს ბიჭო, როდის იყო კაცს ბალახი კლავდა. კაცს კლავს ტყვია , დანა, ჩანგალმაც შეიძლება მოკლას, მარა ბალახი ბიჭო. მაცადე ახლა ცუდად ვარ, აბაროტს მაძლევს.

- აქ არ ქნა იასონოვიჩ გადადი გარეთ, სუნს რა გაიყვანს.

- კაცი კი არა წურბელა ხარ -ამოიხავლა იასონოვიჩმა, კარები გახსნა, ფეხზე წვალებით წამოდგა და მოწყვეტით მიწაზე დაეცა - ფუ ამის დედაც, ფეხი მქონია დაბუჟებული.

სიბნელეში ვარდნას განვაგრძობდი, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ სიტყვები ყველა მხრიდან მესმოდა. აზრის გამოტანა მიჭირდა, თუმცა ვგრძნობდი რომ ვიღაც ჩემზე ღელავდა და მთელი ძალით ზრუნავდა. ტყლაშ - მიესალმა ჩემი ლოყა მოხერხებულად მოქნეულ დიდთავას ხელს, ტყლაშ - დაუძახა მეორე ხელსაც და უცბად ორივე ლოყა ძალიან ამეწვა. სიბნელეს თავი მოერღვა და ზემოდან ისევ მთვარემ ჩამოანათა. მაგარად გაასწორა, როგორც იქნა რაღაცას ვგრძნობდი და რაც მთავრია, ვხედავდი. ტყლაშ - დამიმატა ერთიც და დიდ ავიაციაში დავბრუნდი. თავზე დიდთავა მედგა, მივხვდი რომ მთვარე მისი საშინლად გაპარსული სახე იყო. დარაბებს მიღმა იასონოიჩი არწყევდა. კარგად გამოდიოდა, ცალი ხელით ფიჭვს ეყუდებოდა და ნარწყევის ჭავლს ისე ოსტატურად მართავდა , რომ არც ფეხსაცმელებს სვრიდა და არც შარვლის ტოტებს. როდესაც მორჩა პირი ხელუკუღმა მოიწმინდა და ხელი ფიჭვს ზუსტად ისე ჩამოუსვა, როგორც ეპილაციის ერთ ძველ რეკლამაში, მამაკაცი უსვამს მაგიდის ფეხს. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, შარვლიდან 9 მილიმეტრიანი გააძრო და იმავე ხეს მიაფსა. ხუთ წუთში ტრასაზე ვიყავით, 10 წუთში რაღაც ფაცხასთან გავჩერდით, 15 წუთში საწებელი და ლავაში მოიტანეს, ხელები და კიშკი გახსნილი მქონდა და მადიანად მივაძეხი, 20 წუთში კიტრი პომიდორის სალათაც მოვიდა და მალევე ეკალაც გააძრეს, არადა მგონი არ შეგვიკვეთავს, 50 წუთში იმერული ხაჭაპური დაგვემატა, საათნახევარში მწვადი, მაგრამ უკვე ცოტათი გვეკიდა, იმდენი საწებელი გვქონდა ნაჭამი გული გვერეოდა.

- ცოტა ხომ არ დავამატოთ? - იკითხა დიდთავამ.

- მაჩვენე აბა რამდენი დარჩა, - მიუგო იასონოვიჩმა.

დიდთავამ ბევრჯერ გაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დადო. იასონოვიჩმა ხელით, თვალით და კანონით აწონ-დაწონა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

- არა რა უნდა მოვწიოთ, ისედაც ცოტა დარჩენილა, გასაღებას უკვე ვეღარ შევტენით, მაქსიმუმ პირადი სარგებლობის ამბავი გამოვიდეს და მაგას რაღა აზრი აქვს, ეგ პროსტა რომ მოვაფსმევინოთ იგივე გამოვა.

- ხოდა რა აზრი აქვს, მოვწიოთ ბარემ და დავითრევ მერე რამეს, - გაუხარდა დიდთავას.

- არ ხარ ამ ღამით შენ არაფრის გამჩითავი, უი თან დამავიწყდა ამას შეუძლია მოფსმაზე უარი გვითხრას. მოგვიფსამ ბიჭო ? - მკითხა ქლესად.

- არ მეფსია, - მტკიცე უარი ვწყვიტე და პირში მწვადი გავიქანე.

- არ გეფსია კი არა შენ მოგიტყნავ საქციელს, ცელოფანი ვის ჩაარტყი შე ახვარო,- გაახსენდა დიდთავას.

ერთი ბღუჯი სალათი აიღო და გაკვირვებულ სახეში გამომიქანა. პომიდვრის ნაჭერი შუბლში მომხვდა და სასწაულებრივად გაჩერდა. იასონოვიჩმა ხელბორკილები დამადო. ისევ მანქანაში ჩამსვეს. რაღაცნაირად გული დამწყდა, მეგონა ყველაფერი კარგად იყო. თან ვერც ვხვდებოდი რა უნდა მექნა. თვალები დავხუჭე და დავიძინე. რომ მივედით გამაღვიძეს. თენდებოდა, ნაცრისფერი ციდან თოვლის ნაცვლად არაფერი ცვიოდა. უკან შუშებიანი განყოფილება მოჩანდა. მგონი ნახალოვკაში ვიყავი, არადა ჩვენი ისტორია რუსთავში დაიწყო. მანქანიდან გადასვლისას წინააღმდეგობა არ გამიწევია. დიდთავამ ხელკავი გამომდო და განყოფილების კიბეებისკენ წამიყვანა. იასონოვიჩი უკან ჩამოგვრჩა, რაღაცას მანქანას ეჩალიჩებოდა, მალე უკნიდან მისი ხმა დაგვეწია, ამჯერად ზუსტად მივხდი რომ დიდთავას მიმართავდა.

- სამხრეების კამერის ჩანაწერები არ დაგვავიწყდეს.

- არც ჩამირთავს იასონოვიჩ, - მკვირცხლად უპასუხა დიდთავამ.

- არც მე მარა მაინც წაშალე, - ამოიოხრა იასონოვიჩმა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება