კალათა

კომპეტენციის ზღვარი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
არასერიოზულ ტონალობით მოთხრობილი სერიოზული ამბავი ჩვენი დღეების აპოკალიფსზე, რომელიც არ იქნება.

ისეთ პახმელიაზე გავიღვიძე, ნივთების გარჩევაც მიჭირდა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, რაღაც მოლივლივედ, თან საფეთქლებში ლამის ჩაქუჩებს მიბრახუნებდნენ. მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი და რამდენადაც ამ დროს გამოძინების გარდა არაფერი მშველის ხოლმე, ის იყო ძილის შებრუნება გადავწყვიტე, რომ ორი სილუეტი დავლანდე საწოლის შორიახლო. ამ დროს წესით ცოლი სამსახურში უნდა ყოფილიყო, ბავშვები კი სკოლაში, არადა აშკარად ვიღაც ორი ტიპი მადგა თავზე.

ორივენი ერთი სიმაღლისა იყვნენ და რაღაცით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. რატომ გამიჩნდა მათი მსგავსების შეგრძნება, ვერ გეტყვით. ერთი მათგანი სუფთად გაპარსული იყო და სათვალე ეკეთა, ხოლო მეორე რაღაც გარდამავალ სტადიაში იმყოფებოდა გაუპარსავსა და წვერმოშვებულს შორის. პირველს თეთრი პერანგი ეცვა, შავი კოსტუმი და ასეთივე შავი ჰალსტუხი ეკეთა. მეორე კი ლურჯი ჯინსებითა და სვიტერით იყო. პირველს ხელში აიფონი თუ რაღაც მსგავსი ტიპის მობილურივით ეჭირა და ყურადღებით აკვირდებოდა. მეორე ოდნავ ირონიული ღიმილით დამყურებდა. თითქოს განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ და მაინც ჰგავდნენ ერთმანეთს. რაღაც მოუხელთებელი შტრიხებით, მაგრამ ჰგავდნენ და რა ვქნა.

- გაუმარჯოს! - მომესალმა ჯინსებიანი და თვალი ჩამიკრა, - დალიე ხომ წუხელ?

სათვალიანი აიფონს თუ რაღაც ეგეთს წამით მოწყდა და უკმაყოფილოდ გახედა მეწყვილეს.

- ოჰ, მაცალე თუ ძმა ხარ, - აგდებულად გამოეპასუხა ჯინსებიანი და კვლავ მომიბრუნდა.

- პახმელიაზე თუ ხარ, ეგ არაა კარგი ამბავი, სერიოზული საქმე გვაქვს, - მერე კვლავ სათვალიანს გახედა, - რამე გექნება შენ, თავშემონახული ტიპი ხარ.

ამაზე ის ჩაკოსტუმებული ისე დაიჯღანა, თითქოს ძალიან მძიმე ტვირთის გადათრევა მოთხოვეს.

- ჩვენი რესურსები შეზღუდულია, - თქვა მან, - ასე მუქთაზე თუ ყველას ყველაფერი ჩამოვურიგეთ, თან სათანადო დასაბუთების გარეშე, პასუხს მე მომთხოვენ მერე. რიპორტში უნდა ავსახო ყველანაირი ხარჯი.

- რა რიპორტი შეჩემა, - გაცხარდა ჯინსებიანი, - ვერ ხედავ, თვალს ძლივს ახელს! ჭკუაზე არაა ისეთი პახმელია აქვს. ალკაგოლნოე ატრავლენიე! თან კიდევ ორი უცნობი როჟა დაადგა დილაადრიან. შეიძლება გარეკოს.

ჩაკოსტუმებულს წარბიც არ შეუხრია, ისე მშვიდად გააქნია თავი:

- დღეს ამ ქალაქში ყოველი მესამე მამრობითი სქესის პირი ოციდან ორმოცდათხუთმეტ წლამდე ალკოჰოლური აბსისტენციის სინდრომითაა. ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დავეხმარები.

- ვაა, ეს ვინაა ტო, - ხელები გაშალა ჯინსებიანმა, - არა რა, ისევ მე უნდა ვიჩალიჩო, - ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაღაც ბურთულასავით ამოაძვრინა, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული. - კაროჩე ძმაო, სხვა გზა არ არის, პლანი უნდა მოგაწევინო, პახმელიას კაიფში გადაგიყვანს და ცოტა აზრზე მოხვალ. თან რეაქციაც უფრო ლაითი გექნება.

- შენ სულელი ხომ არა ხარ? - აღშფოთდა კოსტუმიანი. - პლანი უნდა ახლა ამას? საერთოდ ვეღარ მოახერხებს კონცენტრირებას. აჰა, წყალი დალიე, - მოულოდნელად წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა. საიდან გააძრო ვერც შევამჩნიე.

არა, ეს ყველაფერი უკვე რაღაც მარაზმში გადადიოდა და მე კიდევ დებილივით ვიწექი და ხმას ვერ ვიღებდი. ჭიქა გამოვართვი და სულმოუთქმელად დავცალე. საოცრად მესიამოვნა. ყურებში ზუილმა იკლო და თითქოს თვალიდან ერთი ფენა ლიბრი ჩამომცილდა.

- უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით და რა გინდათ?- შევეცადე რაც შეიძლება რიხიანად მეკითხა, მაგრამ ხმაში ხრინწი შემერია და მთლად მკაცრად არ გამომივიდა.

- ოო, - თავი გააქნია ჯინსებიანმა, - გეტყოდი პირდაპირ, მაგრამ არ დაიჯერებ, - მერე სათვალიანს მიუბრუნდა, - შენ უთხარი.

ჩაკოსტუმებულმა სათვალე მოიხსნა, როგორც იტყვიან, თვალი თვალში გამიყარა და უაღრესად სერიოზული გამომეტყველებით მომმართა:

- ღმერთი გწამთ?

- ჰა? - რას არ ველოდი და ამ კითხვას. ცოტა დავიბენი კიდეც.

- ჰოო, ეს ძალიან მაგარი კითხვაა, - ჩაიცინა ჯინსებიანმა, - პირდაპირ ათიანში არტყამ ხოლმე! რა მნიშვნელობა აქვს სწამს თუა რა?

- მე მგონი ჯერ თქვენ უნდა მიპასუხოთ კითხვაზე, - შეძლებისდაგვარად გავამკაცრე ტონი, - ვინ ბრძანდებით, საიდან მოხვედით და რა გნებავთ?

კოსტუმიანმა ისევ გაიკეთა სათვალე, წამით შეყოვნდა და მერე ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა:

- ჩვენი მისიაა შედეგზე ორიენტირებული გეგმური ტესტირების მორიგი ეტაპის ჩატარება, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მოცემული პროექტის საშუალო სტატიკური პოპულაციური ერთეული აღნიშნული პლანეტის მოცემულ მდგომარეობაში განვითარებისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

- ჰა? - ალბათ ძალიან სულელური გამომეტყველება მქონდა, რადგან იმ ორცხობილა კოსტუმიანსაც კი გაეღიმა. ჯინსებიანი ხომ კინაღამ ჩაბჟირდა.

- ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ასეთ ტესტირებებს პროექტის აქტივობის ფარგლებში მისი დამტკიცების დღიდან, - განაგრძობდა კოსტუმიანი, - თუმცა კომპიუტერიზებული ტესტი ჯერ არ გამოგვიცდია, თქვენ პირველი ხართ.

- ერთი წუთით რა, - შევაწყვეტინე მე და საწოლზე წამოვჯექი, - ვერაფერი ვერ გავიგე: რა ტესტირება, რისი ზღვარი და საერთოდ რა პროექტზე მელაპარაკებით?

- მესმის შენი ბრატ, - ჯინსებიანმა თავი გადააქნია, - თავიდან ყველას ასეთი რეაქცია აქვს. არა უშავს, არც პირველი ხარ და იმედია არც უკანასკნელი.

- მე ვალდებული ვარ სრული ინფორმაცია მივაწოდო რესპოდენტს როგორც საგამოცდო პროცესის, ისე მოსალოდნელი შედეგების შესახებ,- თავისას მიერეკებოდა კოსტუმიანი, - ამიტომაც გკითხეთ გწამთ თუ არა. საქმე ისაა, რომ თუ რესპოდენტი მორწმუნეა, ეს შემდგომ პროცედურებს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

- არაფერსაც არ ამარტივებს, - შეეკამათა ჯინსებიანი, - არ გახსოვს იმ ტიპმა რამხელა ამბავი მოატოვა, სამელნე რომ გესროლა? განვედ სატანავ, სხვაგვარად არ ძალმიძსო, გაიძახოდა და არაფრის გაგონება არ სურდა. ძლივს დავკერეთ.

- ეგ რა შუაშია ახლა? - უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა ჩაკოსტუმებულმა, - მაშინ სხვა დრო იყო.

- და ერთი ჯიგარი რომ საერთოდ ფანჯრიდან გადახტა და რუსები მოდიანო გაჰყვიროდა, ის როგორ იყო? - არ ცხრებოდა ჯინსებიანი, - კაგებეშნიკები ვეგონეთ.

- ეგეთი პარალელები არის არარელევანტური და პრინციპულად მცდარი, - ცოტა არ იყოს კოსტუმიანიც გაცხარდა, - ობიექტის ქცევას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ის სოციოკულტურული გარემო, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს, ეს ერთი. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საშუალო სტატისტიკურ პოპულაციურ ერთეულზე, ეს სულაც არ ნიშნავს ამ ერთეულთა სრულ ფსიქოტიპოლოგიურ იდენტურობას. ასევე აღსანიშნავია…

- ოჰ, კაი, კაი, ეგრე იყოს,- სახე დაეღრიჯა ჯინსებიანს, - შეიყო რა ამანაც! - და კვლავ მომიტრიალდა, - მოკლედ, ახლა გაგიიასნებ ჩესნად.

კოსტუმიანი დადუმდა და უკმაყოფილო გამომეტყველებით გვერდზე გაიხედა, აქაოდა მე არაფერ შუაში ვარო.

- მთლად ტყუილად კი არ გკითხა ამან ღმერთზე, - კოსტუმიანისკენ გაიშვირა თითი, - ხომ გაგიგონია, ღმერთმა რომ ექვს დღეში შექმნა ქვეყანა და მერე დაისვენა? წაგვიკითხავს არა? ბიბლია, რამე… ისიც ხომ გაგიგონია, რომ ამის შემდეგ მას არაერთხელ მოუხდა... მმმ... გარკვეული სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარება, ვთქვათ წარღვნა, ბაბილონის გოდოლი, სოდომის და გომორას ამბავი.. და რატომ ხდებოდა ეს შენი აზრით? იმიტომ, რომ ქაოსი იყო და უკონტროლობა, მაგრამ რახან ადამიანები შეიქმნენ თავისუფალ არსებებად, ღმერთი მათ მაგივრად ხომ არ მიიღებდა გადაწყვეტილებებს? მერე თავისუფალი ნება? ჰოდა, ნებაზე მიშვებული ხალხი როგორც იქცევა, კი იცი შენ. ამრიგად გამოიკვეთა პრობლემა: ტოტალური კონტროლი არ შეიძლება, უკონტროლობაც არ შეიძლება. ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის კი მოინახა კომპრომისი...

- რა კომპრომისი?- მექანიკურად ვიკითხე და იმწამსვე გავბრაზდი საკუთარ თავზე ასეთ სიურეალისტურ მსჯელობაში რომ შევყევი, კაცმა არ იცის თან ვის, მაგრამ რაღას ვიზამდი?

- მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პერიოდულად გაიზომოს და შემოწმდეს კაცობრიობის მორალურ-ეთიკური მზაობის მინიმალური სტანდარტი. უფრო კონკრეტულად, დადგინდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომლის ქვევითაც კაცობრიობის მორალურობაზე უკვე ბაზარიც აღარაა და დღის წესრიგში დგება მორიგი სადამსჯელო ღონისძიების ჯერი. ამის შემდეგ კი დაიწყო პერიოდული მონიტორინგი. კერძოდ, არაშემთხვევითი შერჩევის მეთოდით ხდება საშუალო სტატისტიკური პოპულაციური ერთეულის, ანუ იმ პიროვნების გამოვლენა, რომლის ინდივიდუალური მორალურ-ეთიკური სტანდარტი შეგვიძლია განვავრცოთ მთელ პოპულაციაზე.

- დაიცათ, დაიცათ, - ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა წამოვიწიე, - იეღოველები ხართ?

- ჰმ,- სარკასტულად ჩაეცინა ჯინსებიანს, - აბა რა! იეღოველებიც ვართ, გრანტიჭამია სოროსელებიც და საერთოდ აქ შენი ქართველობის წასართმევად მოვედით.

- რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ ვინმეზე ითქმის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ეს ჩვენ ვართ. - დაამატა სათვალიანმა, მოწყდა აიფონს და პირჯვარი გადაიწერა.

ცოტა არ იყოს დავიძაბე.

 

* * *

მოგეხსენებათ, რომ საშუალო სტატისტიკურ-პოპულაციური ერთეული გასაუბრების პროცესში, როგორც წესი, გადის სამ ფაზას: პირველი - დაბნეულობა, მეორე - უნდობლობა, მესამე - გაცნობიერება. თითოეული ფაზის გამოვლინება ყოველი ინდივიდისთვის თავისებურია. ვიღაც უფრო აგრესიულად გამოხატავს დაბნეულობასაც და უნდობლობასაც, ვიღაც უფრო მშვიდად, თუმცა ზოგადი საფაზო მახასიათებლის ჩარჩოდან გასვლა იშვიათად თუ ხდება. ახალგაღვიძებულზე, მით უმეტეს ალკოჰოლური აბსისტენციის სინდრომით შეწუხებულს რომ ორი უცნობი პერსონა კაცობრიობის მორალურ-ეთიკური მზაობის მინიმალურ სტანდარტზე დაგიწყებს ლაპარაკს, ბუნებრივია დაიბნევი. ამ დროს აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტის ყურადღების კონცენტრირება თავად საკითხის არსზე, თუ ის საქმის კურსში არ ჩააყენე საიდან გაჩნდა აქ ეს ხალხი და ვინ არიან ისინი, რაც, თავის მხრივ, არაა მარტივი ასახსნელი. არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც ობიექტს საერთოდ არ მოუნდომებია ჩვენი მოსმენა და მისი ყურადღების მისაპყრობად ექსტრაორდინარული ზომების მიღება გამხდარა საჭირო. თუმცა, ძალიან მკაცრი ინსტრუქცია გვაქვს, რომ ასეთ ზომებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ და მანამდე ყველანაირად ვეცადოთ მოლაპარაკების გზით ობიექტის ნდობის მოპოვება. აქვე გულახდილად უნდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს მისი ვულგარული მანერები, გაბრიელს ეს ყოველთვის ჩემზე უკეთესად გამოსდის.

 

* * *

- ახლა კარგად მომისმინე ბრატ,- განაგრძო უცებ დასერიოზულებულმა ჯინსებიანმა,- მესმის, რომ ნაკლებად ვგავართ ციურ დასთა დასელებს და შენც ალბათ სულ სხვა წარმოდგენა გქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ უფლისგან მოვლინებული ანგელოზები, მაგრამ გაწიე-გამოწიე და ეგა ვართ რა. საუკუნეებია დავდივართ და კაცობრიობას გამოცდებს ვუტარებთ. რა ხალხთან არ გვქონია საქმე... გამოცდების და შეფასების ზეციური ცენტრი ვართ ფაქტობრივად... ჰეჰეჰე... აჰა შენ კიდევ ცივი წყალი, დალიე, - ხელი გამოიშვირა და კიდევ ერთი არსაიდან გაჩენილი ჭიქა წყალი მომაწოდა,- რომ იძახიან: ღმერთმა მიგვატოვაო, აბა სად არის თუ არსებობსო, ხომ გაგიგონია? ერთმა ისიც კი თქვა მოკვდაო, მართალია, ბოლოს თვითონ გარეკა ამ ნიადაგზე, მაგრამ… ეჰ, მოკლედ, აი, აგერ ვართ, არავის არავინ არ მიუტოვებია და კაცობრიობის მაჯისცემას ვზომავთ მუდმივად.

წარმოიდგინეთ ხომ რა უაზრო სახე მქონდა ამ მომენტში?

- მაჯისცემის გაზომვა კი იმაში გამოიხატება, - განაგრძობდა ეს თვითგამოცხადებული ანგელოზი, - რომ ე. წ. ადამის მოდგმას უტარდება ტესტირება. ამისთვის, როგორც ჩემმა კოლეგამ უკვე გითხრა, საგანგებოდ დადგენილი პარამეტრებით შეირჩევა ერთი ადამიანი, რომელიც მოცემული მომენტისთვის წარმოადგენს მთელ კაცობრიობას. ამ ადამიანს ჩვენ ვუწოდებთ საშუალო სტატისტიკურ პოპულაციურ ერთეულს, რამდენადაც ის არის ზნეობრივ-მორალური და ინტელექტუალური კრიტერიუმებით ერთგვარი საშუალო არითმეტიკულის მსგავსი. შენთანაც მოვედით იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ ეპოქაში სწორედ შენ ხარ კაცობრიობის საშუალო სტატისტიკური პოპულაციური ერთეული, ანუ შენ უნდა გადაწყვიტო კაცობრიობის ბედი. მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ასეა: გაივლი ტესტირებას წარმატებით? კაცობრიობა გადარჩება. ვერ ჩააბარებ? მეყოლოს ეგ შენი კაცობრიობა ვარდივით.

- გასაგებია, რომ ეს თქვენთვის მოულოდნელია, - სიტყვა ჩამოართვა კოსტუმიანმა,- მაგრამ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, მოულოდნელი რომ არ იყოს.

არა, როგორია, ჰა? ღმერთიო, ანგელოზებიო, ტესტირებაო... მეღადავებიან ეს ჩემისები!

- თქვენ შიგ ხომ არა აქვთ? - უკვე სრულიად ფხიზელი წამოვდექი ფეხზე (პახმელია მეორე ჭიქის მერე სადღაც გაქრა) და ის იყო დაუპატიჟებელი სტუმრების მიკაჩავება უნდა დამეწყო, რომ მოულოდნელად თვალისმომჭრელად ინათა და ფანფარების საზეიმო აკორდის ფონზე ვიხილე ორი ფრთოსანი არსება თოვლივით თეთრი სამოსით. ერთს ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა, მეორეს ჩანგი ოქროსფერი, ხოლო თვალნი მათი იყო ელვარე და ქოჩორი ლომფერი.

და წარსთქვა მახვილოსანმა ანგელოსმა:

- ისმინე, ჰოი მოკვდავო, სიტყვა იგი უფლისა, რამეთუ პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო პირველისაგან და პირველი იყო სიტყვა იგი.

- უკუნითი უკუნისამდე, ამიიინ, - წაიმღერა ოქროსფერჩანგიანმა და სიმებს ჩამოჰკრა. ჭეშმარიტად ღვთაებრივი ჰანგები დაიღვარა ოთახში.

და მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ მეჩვენებოდა და ყველაფერი ნამდვილი იყო, ნაღდი და უტყუარი. მთელი არსებით ვიგრძენი ეს. საოცარი განწყობა დამეუფლა და ის იყო დაჩოქება დავაპირე, რათა უფლის სადიდებელი აღმევლინა მადლიერებით აღვსილს, რომ უცებ ნათება ჩაქრა, მუსიკა შეწყდა და ამაღლებულობისა და მოწიწების განცდისაგანაც ერთბაშად დავიცალე. კვლავ ჩემს ოთახში ვიყავი და წინ კვლავ ის ორი ტიპი ედგა, გაუპარსავ-ჯინსებიანი და სათვალიან-კოსტუმიანი.

- აეგრეა რა,- აბუზღუნდა გაუპარსავი,- მოდიხარ, ელაპარაკები ადამიანურად, ყველანაირად ცდილობ ნაცნობი ანტურაჟი შექმნა დროის, ეპოქის და სივრცის ამბავში, მაგრამ არა, მაინც და მაინც ფრთებით თუ არ გაეძრე და ბუკ-ნაღარა არ დასცხე სვეტოეფექტებით, ისე არაფრის დაჯერება არ უნდათ.

- ყველას იმისი სწამს, რაც მის სოციოკულტურულ გარემოში რწმენის ატრიბუტიკას შეიცავს, - ფილოსოფიურად შენიშნა სათვალიანმა,- ანგელოზის ტრადიციული იმიჯი უცილობლად გულისხმობს ფრთებს და სხვა ისეთ კომპონენტებს, რაც ადამის პოპულაციისთვის არ არის დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი ხედავს თავის მსგავს ადამიანს, რომელიც ეუბნება სინამდვილეში ანგელოზი ვარო, ბუნებრივია არ ჯერა.

- არ გინდა, მიშა, ეს სოფისტიკა, თუ ძმა ხარ, - ხელი აუქნია ჯინსებიანმა, - მაგაზე იმას ველაპარაკოთ, ვინც გასაუბრების ასეთი გაიდლაინი შეადგინა.

მიშაო?

- ჰო, ეგრე ვეძახი,- განმარტა ჯინსებიანმა, - აბა, ბატონი მიხეილი ან ძმა მიქაელი დავუძახო, ნამეტანი ყალბი გამოვა.

- და მე შენ რაღა დაგიძახო აბა? - გაბრაზდა სათვალიანი, - გაბო, გაბრო თუ პიტერ გებრიელი?

სანამ ესენი ერთმანეთს ეჯიჯღინებოდნენ, მე ვცდილობდი როგორმე აზრები დამელაგებინა. რაოდენ საკვირველიც არ უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა.

- ერთი წუთით მომისმინეთ, - მივმართე ორივეს, - ახლა მოკლედ ჩამოვყრი რაც გავიგე და თუ რამე ვერ გავიგე სწორად, ისიც მითხარით, კარგი?

ორივემ ენთუზიამით დამიქნია თავი.

- თქვენ ამბობთ, რომ კაცობრიობას რეგულარულად უტარდება ერთგვარი ტესტირება, რათა შემოწმდეს მისი ზნეობრივ-მორალური მდგომარეობა, არა?

ორივემ ისევ ენთუზიაზმით დამიქნია თავი.

- კაცობრიობის სახელით ამ ტესტს აბარებს ერთი ადამიანი და ამ საქმისთვის შემარჩიეთ მე, როგორც საშუალო სტატისტიკური ერთეული?

ისევ დამიქნიეს თავები.

- თუ ტესტირება წარმატებით გავიარე, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება და თუ ვერა, კაცობრიობა განადგურდება?

კვლავ უხმო დასტური მივიღე თავების დაქნევით.

- და უარი რომ ვთქვა ტესტირებაზე?

ამჯერად თავი აღარ დაუქნევიათ და ერთმანეთს გადახედეს.

- ტესტირებაზე უარის თქმა შეუძლებელია, - განაცხადა კოსტუმიანმა.

-რას ჰქვია შეუძლებელია? თუ არ მინდა, ძალით ჩამიტარებთ?

- არა, ძალდატანება გამორიცხულია. ტესტირების შედეგები მხოლოდ ნებაყოფლობითი არჩევანის შემთხვევაშია რელევანტური, - კოსტუმიანმა თავის აიფონს თუ რაღაც მოწყობილობას დახედა, - დავიწყოთ?

- არაფერსაც არ დავიწყებ, - ცოტა არ იყოს გავბრაზდი, - მეუბნებით კაცობრიობის ბედი უნდა გადაწყვიტოო და თან გინდათ ამხელა პასუხისმგებლობა ისე ავიღო, რომ აზრზე არ ვიყო რას ვაკეთებ? ჯერ კეთილი ინებეთ და რაღაცეები დამიზუსტეთ, მერე კი მე თვითონ გადავწყვეტ თანახმა ვარ თუ არა ასეთი გამოცდის ჩაბარებაზე.

ისევ ერთმანეთს გადახედეს.

- გოუ ეჰედ,- ქართულაქცენტიანი ინგლისურით მომმართა ჯინსებიანმა, - შენ გვეკითხები, ჩვენ გპასუხობთ.

- რანაირი ტესტებია? რა პრინციპითაა შედგენილი?

- სულ არის შვიდი შეკითხვა. თითოეულ შეკითხვას თან ერთვის შვიდი სავარაუდო პასუხი, საიდანაც უნდა აირჩიო ერთი, - თქვა სათვალიანმა,- პასუხების ფასდება ერთიდან შვიდ ქულამდე. მაქსიმალურად ზნეობრივ-მორალური პასუხი ფასდება შვიდი ქულით, მაქსიმალურად უზნეო-ამორალური ერთით, კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის 4 ქულა. აქედან გამომდინარე, კაცობრიობის მორალურ-ეთიკური სტანდარტის მინიმალურ ზღვარად დადგენილია ჯამში 28 ქულა.

- მოკლედ, მინიმუმ 28 ქულა უნდა დააგროვო, - ჩაურთო გაუპარსავმა, - თუ ნაკლებს დააგროვებ, დადგება პიზდეცი.

სათვალიანი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.

- ჰო, კარგი ახლა. ნუ იცი ხოლმე ეს განაზება,- გაეცინა გაუპარსავს.

- ოცდაშვიდ და ვთქვათ ჩვიდმეტ ქულას შორის რა განსხვავებაა?

- სასჯელის ზომაშია სხვაობა, - განმარტა ჯინსებიანმა, - საკმაოდ ფართო არჩევანია. დიდი გამყინვარება-2 იქნება ეს, წარღვნა-2, თუ უცხოპლანეტელი მონსტრების პირველი შემოსევა, ეგ ჩვენც არ ვიცით.

- და იქნებ ვიტყუები ტესტში? პატიოსან კაცად მომაქვს თავი და გულში სულ სხვანაირად ვფიქრობ? - ვიკითხე.

- სისტემა იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ არაგულწრფელი პასუხი გამორიცხულია, - ისევ კოსტუმიანმა აიღო სიტყვა, - კერძოდ, გარდა შესაბამისი გრაფის შევსებისა, ხდება რესპოდენტის იმპულსური რეაქციის პარალელური გაზომვა.

- ეგ როგორ?

- როგორ და ვთქვათ ხედავ ახალგაზრდა ლამაზ გოგოს, სავარაუდო პასუხების გრადაცია იწყება იქიდან, რომ უბრალოდ აღნიშნავ რა ლამაზი გოგოაო და მთავრდება იმით, რომ მოგინდება მისი მიხრჩობა და მერე გვამის გაუპატიურება. იმ პასუხის გვერდით, რომელსაც კომპიუტერზე შემოხაზავ, მეორე გრაფაზე ავტომატურად გამოჩნდება გულში რაც გაიფიქრე ის პასუხი. საბოლოო დაჯამებული ქულისთვის გულწრფელობის კოეფიციენტიც იქნება გათვალისწინებული და ასე დაიანგარიშება ჯამური ქულა, რომელიც ასევე ავტომატურად გამოისახება მესამე გრაფაზე. რაც უფრო დაშორებულია ორი პასუხი ერთმანეთს, მით ნაკლებია ჯამური ქულა.

ცოტა გამაჟრიალასავით

- თუ რესპოდენტი ქალია, მაშინაც იგივე ტესტია, ოღონდ ბიჭზე, - დაამატა ჯინსებიანმა.

- და იქნებ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ვარ?

- შესაბამისად შეიცვლება შეფასების ობიექტის სქესიც.

- არაა საშველი მოკლედ, ხომ?

ორივეს გაეცინა.

 

* * *

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება გვიწევს. ზოგჯერ ამას ვერც ვხვდებით, ისე ჩაქსოვილია ეს არჩევანი ყოველდღიურ რუტინაში, მაგრამ ზოგჯერ ზუსტად ვიცით: აი, ამ მომენტიდან ჩვენი ცხოვრება ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. უფრო სწორად კი არ ვიცით, ვხვდებით, უტყუარად ვგრძნობთ, მაგრამ იმდენად არ გვიყვარს არჩევანის გაკეთება, იმდენად დამღლელი და შემაწუხებელია ეს, რომ გვირჩევნია გაკვალულ გზაზე დავრჩეთ, შეჩვეული ჭირი ვარჩიოთ გაურკვევლობას და ამ დროს ვერ ვხვდებით, რომ ესეც არჩევანია: არჩევანი გამოწვევასა და შეგუებას შორის, სიახლესა და ნაჩვევს შორის, “მე ვინ რას მეკითხება-ს” და “მე ამისგან გავაკეთებ-ს” შორის. არ ვიცი რომელი არჩევანი უფრო სწორია, ზოგჯერ იქნებ ძველი ჯობდეს, ზოგჯერ ახალი და ასე განზოგადებულად საკითხის დასმა არც იყოს სწორი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი ერთი რამ: ამ დროს გადამწყვეტია სულიერი კომფორტი. ადამიანი ირჩევს იმას, რაც უფრო კომფორტულია მისთვის, ანუ ირჩევს იმას, რაც შესატყვისია მისი ბუნების, ხასიათის და ტემპერამენტისთვის. და რამდენადაც კონფორმისტები ყველა დროსა და ეპოქაში გაცილებით ჭარბობენ ხოლმე მეამბოხეებს, უმეტესობა, როგორც წესი, სტატუს ქვოს ირჩევს, იმ ილუზიით, რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც მანამდე იყო. არადა როდესაც დგება ძველსა და ახალს შორის არჩევანი, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ როგორც ადრე იყო, ისე უკვე აღარასდროს აღარ იქნება. ადრე ხომ ასეთი არჩევანი საერთოდ არ იდგა? თუმცა, ამაზე უფრო პარადოქსული სიტუაციაც არსებობს, როცა არჩევანზე უარის თქმა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღებას შეიძლება ნიშნავდეს, ვიდრე პასუხისმგებლიანი არჩევანი.

 

* * *

სათვალიან-კოსტუმიანმა კიდევ ერთხელ დახედა იმ თავის უცნაურ მოწყობილობას, აიფონს რომ ვამსგავსებდი და მომიტრიალდა.

- ამ დივაისიდან შემიძლია პირდაპირ შენს კომპზე ავტვირთო ტესტი.

- კი ბატონო,- ცოტა ირონიულად გამეღიმა, - მაგრამ ანგელოზები ხართ, სერაფიმები, ქერუბიმები, მიშები თუ გრიშები, რად გინდათ ეს აიტიშნიკური ბაზარი? მაქედან თუ არ ატვირთავ, ისე არ შეგიძლიათ გააჩინოთ კომპიუტერში? კაცობრიობის ბედია ბოლო-ბოლო გადასაწყვეტი. თქვენ თუ არ შეგიძლიათ, შეფს მიმართეთ.

- შეხედე, აღადავდა კიდეც, - გამხიარულდა ჯინსებიანი, - ბიჭო, ეგრე მარტივად რომ იყოს საქმე და მარტო შეფის საკეთებელი, თქვენ, ადამის პოპულაცია, ვაფშე რა პონტში იქნებოდით საჭირო? გითხარი უკვე, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული ვიყოთ თქვენს რეალობასთან და ეს სმარტფონივით ყლინჯიც იმიტომ დაგვაქვს. ისე, ტესტირებაც იმისთვისაა, რომ გავიგოთ საჭირო ხართ თუ არა, მაგრამ აქ შენზეა, ძმაო, დამოკიდებული ყველაფერი.

- კარგი,- ვთქვი მე,- გასაგებია. გადაწყვეტილებაც მივიღე ამასობაში.

- ესე იგი ჩავრთოთ ხომ კომპიუტერი? - სათვალიანმა ისევ თავისი სმარტფონი მოიმარჯვა

- არა,- შეძლებისდაგვარად მტკიცედ და კატეგორიულად განვაცხადე,- არ ვაპირებ ამ ტესტირების გავლას!

- რაა? - ორივეს ერთდროულად აღმოხდა.

- მე არ შემიძლია ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე,- დაუფარავად ვაღიარე და ერთგვარად გულზეც კი მომეშვა.

- და პასუხისმგებლობისგან გაქცევით რომ შეიძლება კაცობრიობის სასიკვდილო განაჩენს მოაწერო ხელი, იმხელა პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია? - შემომიბრუნა ჯინსებიანმა.

- არ ვიცი რა განაჩენი შეიძლება გამოუტანონ კაცობრიობას: ახალი წარღვნა, ცეცხლის წვიმა, მეტეორი თუ კომეტა, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი არაფერია იმაზე არასწორი, როცა იღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს სხვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძალიან ბევრი ადამიანი. იმდენად ბევრი, რომ დაჯერებაც კი ჭირს. არ შემიძლია მე ამხელა ტვირთის აკიდება და არც მიმაჩნია სწორად. ბოლოს და ბოლოს ჩემი მამაოც სულ იმას მეუბნება, ყველაზე დიდი ცოდვა ამპარტავნებაა, საკუთარი თავი რომ ზეადამიანი გგონია და სიკეთის და ბოროტების მიღმა მდგარიო. თქვენი წარმომადგენელი ეგაა აქ და თან ნორმალური ტიპია, ტაბურეტკით არ დარბის. მოკლედ, მე პას.

- ეგ შენი ბოლო სიტყვაა?- გამომცდელად ჩამეკითხა ჯინსებიანი.

- კი, ნამდვილად.

ოთახში ხანმოკლე პაუზა ჩამოვარდა. რატომღაც სადღაც ამოკითხული ფრაზა გამახსენდა, “და ჩვენ ვიგრძენით ისტორიის მუზის ფრთების შრიალი ჩვენს თავზე”, ოღონდ ვერაფრით გავიხსენე ვინ თქვა ეს და სად წავიკითხე.

- კეთილი,- დაარღვია სიჩუმე სათვალიანმა,- თუ ასეა, ჩვენ ძალდატანების უფლება არ გვაქვს, მაგრამ...

ეს “მაგრამ” ხომ საშინელი სიტყვაა რა.

კარგა ხანს მარწმუნებდნენ. ხან ნამუსზე მაგდებდნენ და კაცობრიობის სიყვარულზე, ხან ზომბი აპოკალიფსით და მხეცის გამოცხადებით მაშინებდნენ, მაგრამ ამაოდ, მაგრად დავდექი. საცა აქამდე მოუღწევია ამ კაცობრიობას, ამდენი უშრომია, უღვაწია, უწვალია ახლა მე რომ რაღაც გრაფა ვერ შევავსო მთლად სწორად, იმის გამო უნდა დაიქცეს ქვეყანა? სადაური სამართალი ესაა?

- კარგი, კარგი, - თქვა ბოლოს სათვალიანმა, - რახან არ იშლით, იყოს მასე, თქვენი პასუხისმგებლობით. ჩვენც მოვითათბირებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. პასუხს სამი დღის ვადაში შეგატყობინებთ, ელექტრონული ფოსტით.

- მისამართი არ გვინდა, ვიცით, - დაამატა გაუპარსავმა და თვალი ჩამიკრა.

 

* * *

კვლავ გავიღვიძე. ლოგინში ვიწექი და ისე ცუდად ვიყავი, ნივთების გარჩევაც მიჭირდა. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, რაღაც მოლივლივედ, თან საფეთქლებში ლამის ჩაქუჩებს მიბრახუნებდნენ. ასე საშინლად ვარ ხოლმე ყოველი სიმთვრალის მერე და მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა! ძლივს გავახილე თვალი. ირგვლივ არავინ იყო. არც ანგელოზები შემინიშნავს სადმე, არც ეშმაკები. მხოლოდ მე და თავის ტკივილი.

რამდენადაც ამ დროს გამოძინების გარდა არაფერი მშველის ხოლმე, ბევრი აღარ მიფიქრია. შევბრუნდი გვერდზე და თვალები დავხუჭე. ვიღაც ორ ტიპს რომ რაღაც თეოლოგიურ-მეტაფიზიკურ საკითხებზე ვესაუბრებოდი, კი მახსოვდა, მაგრამ ის კი აღარ მახსოვდა სიზმარში იყო ეს თუ ცხადში.

 

* * *

მართალი გითხრათ, მთელი ეს უცნაური სიზმარი თუ მოლანდება მეორე დღესვე პრაქტიკულად დამავიწყდა. რა არ მოგეჩვენება კაცს ნასვამზე? არადა თან ის აზრიც მღრღნიდა, იქნებ არც მომჩვენებია მეთქი და სულ ერთი ძველი ამბავი მახსენდებოდა.

შევარდნაძეს რომ პირველი ტერაქტი მოუწყვეს იმ დღეს,. სანამ ბომბი აფეთქდებოდა, ერთი ჩემი ნაცნობი, გვარიანად მთვრალი მისეირნობდა რუსთაველზე. ჰოდა, მიდის ტიპი და ხედავს ორი ქართვლის დედა გადმოჰყურებს სოლოლაკის ქედიდან. თურმე ძველ ქანდაკებას უფრო განახლებული მასალის ახალი ქანდაკებით ცვლიდნენ და დროებით ორივე იდგა, მაგრამ ამან ხომ ეს არ იცოდა? ამიტომ იფიქრა, ვაითუ მეჩვენება და გავაფრინე სმის ნიადაგზეო. წავიდა სახლში გამოსაძინებლად, დაწვა, იძინა რამდენიმე საათი, ბუნებრივია, არც ტერაქტისა გაუგია არაფერი და რომ გაიღვიძა და ტელევიზორი ჩართო, ხედავს თმაგაჩეჩილი შევარდნაძე მაისურით ზის და წნევას უზომავენ. მომენტალურად გამორთო გულგახეთქილმა და ისევ დაიძინა.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ახლა იმ ჩემი უმძიმესი პახმელიიდან ორი დღის შემდეგ ვნახულობ ელექტრონულ ფოსტას და ვხედავ მესიჯია მოსული მისამართიდან www.michael-gabriel.com. ჯერ ვიფიქრე სპამია მეთქი, მაგრამ ვშლი და არ იშლება. გამახსენდა მიშა, პიტერ გებრიელი, ცოტა არ იყოს ავღელდისავით. ხელის კანკალით გავხსენი და ასეთი ტექსტი დამხვდა.

“მოგესალმებით.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენ, როგორც მოცემული პროექტის საშუალო სტატიკურ-პოპულაციურმა ერთეულმა, წარმატებით გადალახეთ აღნიშნული პლანეტის მოცემულ მდგომარეობაში განვითარებისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გეგმური ტესტირების გავლაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ არ გინდა სასწორზე შეაგდო ადამიანების ბედი, წარმოადგენს მინიმალურ კომპეტენციაზე მაღალ ნიშნულს, რის შესახებ ინფორმაციაც, გასაგები მიზეზების გამო, არ მოგეწოდათ წინასაგამოცდო პერიოდში. თუმცა, როდესაც თქვენ გითხრეს, რომ ტესტირებისთვის თავის არიდება შეუძლებელია, ეს იყო სრული სიმართლე, რადგან ტესტირებაზე უარი არის თავად ტესტირების შემადგენელი კომპონენტი, რომლის შეფასებაც აღემატება მინიმალურ სტანდარტს.

გილოცავთ პირადად თქვენ და მთელ კაცობრიობას. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ შემდგომ გეგმურ ტესტირებამდე აპოკალიფსი არ იქნება.

გისურვებთ წარმატებებს.

უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


P. S. ამ გზავნილის ასლის გადაღებას ან შენახვას ტყუილად ნუ ეცდებით, მაინც არ გამოგივათ. ტექსტიც და მისამართიც თავისით წაიშლება წაკითხვიდან შვიდი წუთის შემდეგ.”

 

* * *

აი, ასეთი ამბებია. ახლა მე რომ სადმე სერიოზულად მოვყვე, კაცობრიობა გადავარჩინე იმით, რომ ღმერთისგან მოგზავნილ ორ ანგელოზს უარი ვუთხარი დედამიწის მოსახლეობის ზნეობრივი დონის შემოწმების მიზნით გეგმური ტესტირების გავლაზე თქო, ხომ იტყვიან, ამას შიგა აქვსო? ცხადია, ეგრე იტყვიან. ამიტომ არაფერსაც არ მოვყვები და სხვა რა გზა მაქვს? ვივლი ამ ტვირთით და ვიქნები. ვითომც არა ყოფილა ეს მიკროაპოკალიფსი.

ერთადერთი, რასაც გავაკეთებ, მოთხრობის ფორმას მივცემ ამ ამბავს და სადმე გამოვაქვეყნებ. ნობელის პრემიას ამით ცხადია ხელს ვერ გამოვკრავ, მაგრამ იქნებ ვინმე ჩემსავით საშუალო სტატისტიკურმა წაიკითხოს და ერთხელ შემთხვევით ორი ტიპი თუ დაადგა თავზე დილაადრიან, შედარებით მომზადებული დახვდეს.

ეგრე ვიზამ.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება