კალათა

რაც იაშკა წავიდა

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
მოთხრობა სიკვდილზე, სიყვარულზე და სიკვდილზე.

„სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე“

 

ეგრე ხდებოდა იმ წლებში, რემონტს რომ დაიწყებდა კორპუსში ვინმე, სამი წელი გრძელდებოდა, ხან ფული აკლდებოდათ მასალებისთვის, ხან ხელოსანი გადაიკარგებოდა, ხან წყალი არ იყო, ხან შუქი, ჩვენც ეგრე დაგვემართა 2002 წელს დავიწყეთ რემონტი და 2004 წლამდე ვერ მოვრჩით. საშინელი წლები იყო, მე საბაზე ვიყავი ორსულად, ვერ ვეწეოდი და სულ სიგარეტზე ვფიქრობდი, თან ცალ თვალზე დამაკლდა, ორივე ფეხი მტკიოდა, ვკოჭლობდი, მარცხენა ხელს ვერ ვამოძრავებდი, სულ დაღლილი ვიყავი, სულ მეძინებოდა, არ მეგონა ის დღეები თუ მორჩებოდა, თან რემონტი, აღარასდროს დამთავრდა.

მოვიდა ერთ დღესაც ნასვამი, ჯარის ამხანაგი მოიყვანა, ასე მითხრა, სუფრა უნდა გაგვიშალოო, გავუწყე მაგიდა, მთელი საღამო სვამდნენ, მერე არწყიეს ტუალეტში და დაიძინეს ჩვენს ლოგინში, ჩავვარდი იმ მუცლით კაჩიგარიასთან, ავავსე ორი ხუთლიტრიანი წყლით, ამოვათრიე სვენებ-სვენებით, ამოვრეცხე ჭურჭელი, აბაზანაც დავალაგე და მივწექი მისაღებში მყრალ სავარძელზე, მთელი ღამე მუშების დატოვებულ მტვერს ვსუნთქავდი, ოთახში ვერ შევედი. ვინ მექაჩებოდა ის ნარწყევი რომ ვწმინდე და ვხეხე, მარა ეგეთი ვარ, არ შემიძლია საქმე მეორე დღისთვის მოვიტოვო. ღამე რამდენჯერაც გამეღვიძა სულ ვიწყევლებოდი, ორივე ვწყევლე, იაშაც და ჯარის ძმაკაციც.

რაღაც გვეტაკება ხოლმე, არ ვიცი, რა წამოგვყრის ლოგინებიდან მეც და ჩემს ბავშვებს, ავდგებით და დავბორიალობთ სიბნელეში, ვერაფერს ვხედავთ, დავდივართ ოთახებში, ფეხებს ვარტყამთ ავეჯს, მისაღებში გავალთ, დავხედავთ მის ფოტოებს, ფოტოებთან ანთებულ სანთელს და მერე ისევ ვბრუნდებით ოთახებში, ვაგრძელებთ ძილს.

საბას უფრო უჭირს, ამბობს რომ სიბნელეში ვერ ვიძინებო, ყველგან მას ვხედავო გაყინულს და მკვდარსო, ძალიან ეშინია, ვუთხარი, მე დავწვები შენს გვერდით, ან ვინმე მოიწვინე, ნინიკო მოიწვინე გვერდით და თუ შეგეშინდა, გახედავ ცოცხალს და მძინარეს და დამშვიდდები-თქო, მაგრამ არ მისმენს, ასე ამბობს, შიშს მარტომ უნდა ებრძოლო, რამდენი ღამე იქნება ცოცხალი და ბედნიერი შენთან, რამდენ ღამეს გაგითენებს, მასაც ხო თავისი ლოგინი უნდა, ამიტომაც იტანჯავს თავს, ძინავს მარტო და გული უსკდება.

2006 წელს მაგრად ვიჩხუბეთ, მაშინ საბა პატარა იყო, ნინჩო სკოლაში შევიყვანეთ, თურქეთში გადადიოდა იაშა და გადმოჰქონდა რაღაცები, მერე აქ ჰყიდდა, ჭურჭლები, თეთრეულები, ისევ ვიღაც ძმაკაცი აიკიდა და ერთად წამოიწყეს საქმე, სახლამდე არაფერი მოუტანია, ერთ-ორ კაპიკს მოგვიგდება, მოიხდიდა ვალს, მიწვებოდა ნასვამი და მეორე დილას ისევ გაუყვებოდა გზას.

მერე ხმა მომივიდა, თურქეთის საზღვარზე საწყალ ხალხს ჯიბეებში უხტებიან შენი ქმარი და მაგისი პადელნიკიო, დორამ მითხრა, ვითო სიკეთე უნდოდა ჩემთვის, მაგრამ სამზარეულოს მაგიდას მივეყინე, ვერაფერი ვუთხარი, გამოვქანდი ჩვენი ბინისკენ, ისიც დააყოლა, ჩემი ნათესავის ვიღაცას გულში მიახტა ეს უნამუსო, ოქროს ცეპი გამოგლიჯა ყელიდანო, მთელი ღამე ფანჯარასთან ვიდექი, ველოდებოდი, მოვიდა, დავცხეთ ერთმანეთს, თავიდან იუარა, როგორც ჩვეოდა ხოლმე, ბოლოს მითხრა, თან ფული გინდა, თან მითითებებს მაძლევ, მაცალე საქმის კეთება, თუ გინდა მე გამოვჯდები სახლში და შენ ირბინე იმ ყინვაში და სიცივეშიო. ნინჩომ იტირა, თორემ გათენებამდე ვიჩხუბებდით, მეორე დილას პატარა ჩანთაში ჩავუწყე ტანსაცმელები, ასე ვუთხარი, აღარ მოხვიდე სახლში-თქო.

კარს ვაღებ ხოლმე, შევყოფ თავს და ვუსმენ თუ სძინავს, სუნთქვის ხმას რომ გავიგებ, ჩუმად მივიპარები საწოლისკენ, გავივლი კომოდს, ჩამოვჯდები საწოლზე და თმაზე ვეფერები, ისე ტკბილად და ღრმად სძინავს, ვერც ვხვდები, როდის ასწრებს შეშინებას და დაფეთებას, დახედავ სუნთქავს რიტმულად, მთვარე უნათებს სახეს და თითქოს არაფერი მომხდარა, ოთახი სავსე აქვს პოსტერებით, მსახიობები, მომღერლები, თაროც გაუვსია წიგნებით, იმდენი ადამიანი დაჰყურებს ობოლს თავზე, ასე მგონია ისინი ზრუნავენ მასზე ჩემს მაგივრად, თავს ევლებიან როცა მე დარდს მივცემ თავს და დავდივარ ამხელა სახლში გზააბნეული. გლობუსიც დაუდია საწერ მაგიდაზე, ლურჯი სკამი დევს მაგიდასთან, იაშამ შეღება წლების წინ, მაშინ საბა ძალიან პატარა იყო, ჯერ კიდევ უჭირდა იმ სკამზე შემოჯდომა, დაჯდებოდა, დაიწყებდა ხატვას და ფეხებს იქნევდა ჰაერში.

ნელ-ნელა გაიზარდა, ვერაფრით შევამჩნიე რომ წამოიზარდა, სამძიმარზე რომ იდგა გაბრუებული მაშინ მივხვდი, რომ უკვე დიდია, ხელს ართმევდა ხალხს და ფეხებზე უყურებდა ყველას, დამინახა ერთხელაც და საცოდავად გამომხედა, არაფრის ძალა არ მქონდა, თორემ მოვაშორებდი იმ საშინელ ადგილს ჩემს ბიჭს, მოვკიდებდი ხელს, დავივლიდი უამრავ ხალხს, ნინიკოსაც მოვძებნიდი და წავიყვანდი შორს ორივეს, სადმე მინდორში, გამოვათრევდი ტრიალ მინდორში სამ კუბოს, ერთ დიდს, ორს პატარას და ჩავწვებოდით სამივე, დაველოდებით სიკვდილს, მივუყვანდი მამამისს ორივეს, პასუხი რომ გაეცა შვილებისთვის.

ორი თვე დაშორებულები ვიყავით, მოვარდებოდა, მიბრახუნებდა კარზე, არ ვაღებდი, ვიჯექი მშვიდად, არც ვნერვიულობდი, დაიღლებოდა, წავიდოდა, მთელი ეზო ვასეირეთ. საშინელებებს ყვებოდა ჩემზე, უხასიათოაო, ასეთიაო, ისეთიაო, მერე და მერე დაიწყო ამბები, ყველა რაღაც ცუდს მიყვებოდა, კარგია რომ დაშორდი, მეტყოდა ლამარა, მაგას ისეთები აქვს გაკეთებული, მეტყოდა ციური, შენ რო დედ-მამა გყავს, მაგათმა როგორ გაგაყოლეს ამ არაკაცს, მეტყოდა თამუნა.

ერთ დღესაც ბავშვები მოენატრა, ფორთხვით მოვიდა, მეც მაგას ველოდებოდი, კარი გავუღე, ყველა ლამარა, თამუნა და ციური დავივიწყე და შემოვუშვი, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, როგორც ახასიათებდა, ყველაფერში მართალი მე აღმოვჩნდი და თვითონ იყო სულელი, რომ არ მისმენდა, დამპირდა, რომ მსგავსს არაფერს იზამდა, მეც ვიდექი, ხმა არ ამომიღია. რამდენიმე კვირაში დაავიწყდა, რომ შემოვუშვი, თითქოს არსად წასულა, ვითომ სულ აქ იყო, ვითომ არაფერი დაუშავებია, ვითომ დამავიწყდა, გულში რომ შეახტა ვიღაცას და ოქროს ძეწკვი გამოგლიჯა ყელიდან.

არადა, როგორ მინდოდა, გავასვენებდით თუ არა, გაგვეყიდა ეს სახლი, დაიჩემეს, ორმოცი დღე არ დატოვოო, რა ვაკეთო ამხელა სახლში ორმოცი დღე, სამი ადამიანისთვის ეს საშინელი სახლი მეტისმეტად დიდია, თან ამ სამიდან ორი ბავშვია, სულ ეღვიძებათ, მეც დავდივარ გიჟივით ოთახიდან ოთახში ხალათით და ოთახის ჩუსტებით, ხან დიდ მისაღებს გავივლი, ხან სამზარეულოს, გავავსე ჭიქები და თეფშები სიგარეტის ნამწვავებით.

არაფერი მახსოვს, ასე მითხრეს, კახა მივიდა საბასთან, შენ სამძიმარში ამოუდექი ლევანი ბიძიას, ნინიკოსთან ლაურა მისულა, შენ მე მომეკარი, ამდენ ხალხს ჭამა უნდა, ისე გადაუნაწილეს საქმეები ბავშვებს, დარდისთვის დრო არ დარჩენიათ. დამთავრდებოდა ხალხის ზღვა, ციური დაავლებდა ნინჩოს ხელს, შემოაჩანჩალებდა მიცვალებულთან, პატარა ლოცვების წიგნს დააჭერინებდა ხელში და ფსალმუნებს აკითხებდა, ესეც კითხულობდა, არ ვიცი რა სჭირდა, ერთ ადგილას მიიყინებოდა და კითხულობდა, არც ხმას დაუწევდა, არც აუწევდა, არც დაღლა დაეტყობოდა, იდგა ასე თავისთვის, შუაღამეს მზიას გოგო მივიდოდა ბავშვებთან, მოკიდეთ დედაშენს ხელი და შედით, დაწექითო, ესენიც ჩამკიდებდნენ ხელს და მივყავდი საძინებელში, ჯერ თვითონ გაიხდიდნენ, შეწვებოდნენ ლოგინში და მერე მე მელოდებოდნენ, როდის გავიხდიდი შავ კაბას, ლიას ქორწილისთვის რომ ვიყიდე, ჩავიცვამდი საღამურს ჩავაქრობდი შუქს და როგორც კი მივუწვებოდი, გადმობრუნდებოდნენ, ერთი ცალ ძუძუზე დამადებდა თავს, მეორე - მეორეზე და ტიროდნენ მოგუდულად, მთელი დღის ნაყლაპი ცრემლებით ამავსებდნენ.

სულ ეგრე მჭირდა, ვერასდროს ვპოულობდი საჭირო სიტყვებს, ბაქოში ვიყავი ავტობუსით, უკანა გზაზე ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, ცხელი აბაზანა და გემრიელი საჭმელი იყო, ვოცნებობდი, რომ სახლი დალაგებული დამხვედროდა, ვოცნებობდი, რომ ვინმეს წყლის გამათბობელი ჩაერთო და ცხელი წყალი დამხვედროდა, ვოცნებობდი, მივმჯდარიყავი ტელევიზორთან სუფთა და დასვენებული ბავშვებთან ერთად და ჩაგვერთო რამე გადაცემა და მიგვძინებოდა იქვე.

ავტობუსი გაჩერდა, ყველა ქალს ვიღაცამ მოაკითხა, მე არავინ დამხვდა, ტელეფონი დამჯდარი მქონდა, არადა იცოდა, სადაც უნდა მოსულიყო და რომელზეც, მარშუტკით წავედი სახლამდე, სახლი საშინლად არეული დამხვდა, წყალი გაციებულიყო, შემოვდგი გაზზე წყალი, გავაცხელე, შევურიე ცივი წყალი და ტოლჩით დავიბანე, მერე სახლი მივალაგე, ბავშვები ამოვიყვანე ეზოდან, იმათაც დავბანე და მივწექი, გვიან ღამე მოვიდა ნასვამი. ვერაფერი ვუთხარი, ვერცერთი სიტყვა, გავბრაზდი საკუთარ თავზე, ვერც ვიტირე, ვერაფერი ვქენი, გავიღვიძე მეორე დილას და ადრე გავედი სამსახურში, თვალებში რომ არ ჩამეხედა.

ისე მამძიმებდა იმათი ცრემლები, მკერდიდან პირდაპირ გულში მიდიოდა, მეორე დღეს დავდგებოდი კუბოსთან და ვერც საბას ცრემლებს ამოვუშვებდი, ვერც ნინჩოს ცრემლებს, ვერც საკუთარსაც მივაყოლებდი. ეს იყო ჩვენი ხუთი დღე, ვერცერთ დღეს ვერ ვიტირე. მორგში რომ მივცვივდით, იქ უკვე ყველა ნათესავს მოეყარა თავი, ისე ადრე ყველას გაეგო, მე კიდე ბოლო წამამდე არაფერი ვიცოდი, დამავლო ციურიმ და ნათიამ ხელი, ასე მითხრეს, გააღე პირი და ამოუშვი, რისი ამოშვებაც გინდაო, მეც ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ხომ შეიძლება არ მონდომებოდა ღამის 3 საათზე სახლიდან მთვრალი გასვლა მანქანით. ან მე რამ გამომაშტერა, რატომ დამეძინა ასე მკვდარივით, რატომ ვერ გავიგე კარის ხმა, ავდგებოდი, მოვიცვამდი რამეს და გავყვებოდი, მივიდოდა იმ სადღეღამისომდე, იყიდდა სიგარეტს და წამოვიდოდით უკან, ჩემთან არ ივლიდა სწრაფად, ჩემი შეეშინდებოდა, არც იმ მოსახვევში შეასკდებოდა ხეს, თუ მაინცდამაინც, ორივე ერთად მოვკვდებოდით და ეგ იქნებოდა. ბავშვებსაც გავაღვიძებდი და წავიყვანდი, ეგ იქნებოდა, ოთხივე ერთად მოვკვდებოდით.

საბაც რომ მივიყვანეთ სკოლაში, ვიღაც ქალი აიკიდა, როგორც ხდება ხოლმე, ჩემთან ერთად ძილს მოუკლო, სულ ტელეფონში იყო, გაფანტული, შევარდებოდა აბანოში, გამოიკეტავდა კარს, მოუშვებდა წყალს და რას შვებოდა, კაცმა არ იცის, რას ლაპარაკობდა ტელეფონზე, ვის ელაპარაკებოდა, ლაპარაკობდა თუ არა საერთოდ. ღამეც, როცა ჩემთან ეძინა, ვერ ისვენებდა, ადგებოდა, დადიოდა ოთახებში, გაქცევაზე იყო, არაფერი მითქვამს, მერე ერთ დღესაც გამოაცხადა წავედიო, სხვა მიყვარსო, ჩაალგა თავისით მაიკები და ტრუსიკები და წავიდა.

ხანძარი რომ არ გაჩენილიყო სახლში, არც დაბრუნდებოდა, ბავშვებს ეძინათ და ჩამრთველს გაუჩნდა ცეცხლი, მეც მეძინა, კვამლმა გამაღვიძა, მთელი მისაღები გადაგვეწვა, გავვარდი ბავშვების ოთახში, ჯერ საბას დავავლე ხელი, მერე ნინჩოს, გამოვათრიე ორივე გარეთ, მეზობლები შეესივნენ სახლს ვედროებით და ჩააქრეს ცეცხლი, იაშაც მოვიდა, ტროტუარზე ვიჯექით სამივე, საბას ეძინა, ნინჩო თვალებს იფშვნეტდა, ბოდიშები მიხადა, ვიღაც ბოზში გაგცვალე, ეს რა დამემართა, რომ არ ამომეწვით სამივე, დავბრუნდები, ისევ შევღებოთ კედლები ერთად, ვერაფერი ვუთხარი, მეორე დღესვე დაბრუნდა უკან. ბავშვების გამო დაბრუნდა, იმათმა სიყვარულმა მოაბრუნა, იმ ქალზე დღემდე ვფიქრობ, ნეტა თუ იტირა. ნეტა იმას რა უთხრა.

კუბოსთან ვდგავარ, შემოდის ხალხი, მგალობლები გალობენ, მიყურებენ, აინტერესებთ რატომ არ ვტირი, აინტერესებთ სად მაქვს ცრემლები, რატომ არაფერს ვიხსენებ, რატომ არ ვეფერები სახეზე, გავლენ გარეთ და იტყვიან, რა დღეშია საწყალი ქალი, ტიროდეს მაინც, ამოიღებს დარდს და მწუხარებას, ნეტა იცოდნენ, რისი თქმა მინდა, ხომ არ ვიტყვი, რომ ხანდახან მძულდა, ხომ არ ვიტყვი, რომ არა ორი ბავშვი, არასდროს მოვაბრუნებდი უკან, ხომ არ ვიტყვი, რომ მეზიზღებოდა, უნიტაზს რომ ააცილებდა და კაფელზე მოფსამდა მთვრალი, ხომ არ ვიტყვი, რომ დააღებდა პირს და გაავსებდა ღამე ოთახს არყის სუნით. ხომ არ ვიტყვი, რომ მძულდა, როცა გვიან მოდიოდა სახლში. ხომ არ ვიტყვი, რომ მორჩა, მკვდარია და ვერასდროს გამოასწორებს შეცდომებს, ვეღარაფრით იქნება უკეთესი ქმარი, უკეთესი მამა.

არადა მახსენებენ, როგორ უყვარდა ეზოს ძაღლები, ყვებიან, როგორი მაგარი შვილი იყო, როგორ უყვარდა ძმაკაცები, როგორ დაუდგებოდა ყველას მხარში, მახსენებენ, საიდან მოაქვთ ეს ამბები, საიდან ახსოვთ ამის მაგარი ბიჭობა, მე რატომ არასდროს მინახავს, მე სად ვიყავი, ეს რომ უბნის ნაბიჭვრებს ნაყინებს ჩამოურიგებდა, თავისი შვილებისთვის რატომ არ მოჰქონდა არაფერი. მე სად ვიყავი, ეს რომ ზღვაში შევარდა და 13 წლის ბავშვი რომ გამოგლიჯა ტალღას.

ნარკომანი ეგ არ არის, მკვლელი ეგ არ არის, ყაღაჩი ეგ არ არის, ბოზი ეგ არ არის, რასაც შოულობს მოაქვს სახლში, რა გაწუწუნებს, რა გინდა, ასე მითხრა დეიდაჩემმა, სანამ დედაჩემს ვეტყოდი, რომ მორჩა ბოლოჯერ ვშორდები, დეიდაჩემთან გავიარე რეპეტიცია, ოჯახი თმენააო, გამახსენა ბრძენმა ქალმა, რითი ხარ ერთი უკმაყოფილო, ხალხს უჭირს, ვალებში არიან, შენ კიდე გაცხოვრებს, გაჭმევს, გასმევსო. ვერ ვუთხარი, რომ მეტი მინდა, ვერ ვუთხარი, რომ დავიღალე, ვერ ვუთხარი, რომ აღარ შემიძლია ყურება და არაფრის კეთება, არ შემიძლია, ვუყურო როგორ გადის სახლიდან დილით ადრე და მოდის უკან ნაქურდალით, ვერ ვუთხარი, რომ ვერ ვჭამ სხვა ადამიანების თეთრებს, ვერ ვჭამ სხვა ადამიანის ლუკმებს.

მერე გავჯიქდი, ავაკითხე ორივე ბავშვით დედაჩემს, მიმიღეს, ცოტა ხანი მისმინეს, მერე თვალში ვეჩხირებოდით ყველას მე და ჩემი ორი ცალი, აღარ უხაროდათ დილას ჩვენი დანახვა, ვერ გაგვიძლეს. პატარას თავისი ოთახი მოენატრა, დიდს თავისი ეზოს მეგობრები, საბა შეიპარებოდა ოთახში და რეკავდა მამამისთან, ნინჩო სკოლის მერე ნახულობდა, მიყურებდნენ და მსაყვედურობდნენ, მიყურებდნენ და ვძულდი ორივეს, სხვა უბანში, მოხუცებთან ცხოვრება რომ უწევდათ, ვძულდი, დილას ნახევარი საათით ადრე გაღვიძება რომ უწევდათ, ბნელში რომ ახელდნენ თვალს და თავიანთ ოთახებს რომ ვერ ხედავდნენ, ისევ მივბრუნდი, გამარჯვებულის ღიმილით დამხვდა სახლში, ხმა არ ამომიღია.

ისე მალე აცივდა, ისე მალე... გავასვენეთ თუ არა მესამე დღეს უკვე ფანჯარა მივხურეთ, მეოთხე დღეს საბნები გამოვიღეთ, მეხუთე დღეს გათბობა ჩავრთეთ და მეექვსე დღეს უკვე ვიჯექით სითბოში და ვუყურებდით, როგორ წვიმდა გარეთ, აცივდა და თან როგორ, ქალაქი მორთეს, ქუჩის ლამპიონებს განათებები დაამატეს, დიდი საახალწლო ბურთები, ქალაქის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დადგეს საზეიმოდ, ნათურები, საახალწლო სათამაშოები, საახალწლო საყიდლები, ყველაფერი ბრწყინავს, ყველაფერი ანათებს, თვალში მეფეთება სიკაშკაშე, თვალებს მიწვავს და ცრემლებს უფრო აშრობს. ტელეფონი არ ჩერდება, მთავაზობენ საახალწლო ფასდაკლებებს, ამოყიდვა, გაზქურები, მაცივრები, მილოცავენ ახალ წელს კომპანიები, არცერთი მესიჯი ახლობლებისგან, არავის ახსოვს, იაშას ცოლი და ორი ობოლი, არავინ გვეპატიჟება, არავის უნდა სიკვდილთან ერთად შეეგებონ ახალ წელს.

წესია ასეთი ჩვენს ქალაქში, გარდაცვლილის ოჯახის წევრი თუ შემოგივიდა ახალ წელს, უბედურებას მოიტანს ოჯახში, დაგაქცევს და გაგაუბედურებს, არავის უხარია ბედობა დღეს შვილმკვდარი დედა, ქვრივი, ობოლი, უბედური, მწირი, ავადმყოფი, ყველას სიცოცხლე უნდა, ყველას სიცოცხლე უხარია, არავინ ასწევს ჭიქას, არავინ დაგალოცინებს ოჯახს. მე გავიგე, ბავშვებს რა ვუთხრა, ნაძვის ხე იპოვეს სახლში, მორთეს, მოკაზმეს, ძველი ნათურებით გაალამაზეს ოთახი, თოვლის ბაბუას დაუტოვეს წერილი ნაძვთან, ყოველ დღე გეგმავენ, ჯერ ამასთან მივალ, მერე იმასთან მივალ, როგორ ვუთხრა, რომ არავის უნდიხართ, რომ ხუთი დღე ისეირეს ჩვენით, ხუთი დღე იკვებეს ჩვენი უბედურებით, ახლა სიხარულის დროა, სიხარულს ჩვენ ვერსად მივიტანთ, როგორ ვუთხრა, რომ არავის აინტერესებს, როგორ შევხვდებით ახალ წელს, რომ არავინ ფიქრობს, ბედნიერი იქნება თუ არა 31 დეკემბრის ღამე ჩვენი ოჯახისთვის.

მეუბნებოდნენ, შენ მასზე არ ინერვიულო, კარგად არის, იქ ყველა კარგადაა, კარგი კაცი იყო, კარგი ადგილიც შეხვდებოდა, ბედნიერია, დაისვენებს უბედური მუდმივი ვალებისგან, მუშაობისგან, ეღირსა ბოლოს და ბოლოს შვება, იქ არაფერი გაუჭირდება, სანამ იქ არის სულ იზრუნებს თქვენზე, სულ იგრძნობთ დახმარებას მისგანო, ათასი სისულელით მაქვს თავი სავსე, აბა, მე მკითხონ, რას მივტირი, აბა, მე მკითხონ, თუ მაინტერესებს, იქ როგორ არის, მე მკითხონ, აქ როგორი რთულია მარტო, მე მკითხონ, რას ნიშნავს, უძილო ღამეები.

მეოთხე კლასში ვიყავი, ახალ სკოლაში რომ გადამიყვანეს, დავარცხნილი, თეთრი ბაფთით და შავი ქოშებით, ზარიმ რომ დაირეკა და დერეფანში გამოვედი მაშინ დავინახე პირველად, თეთრი პერანგით, მირბოდა სადღაც და უცებ გაჩერდა, მიყურა დიდი ხანი, სამი წელი ვუყურებდით ერთმანეთს, მეხუთე კლაში იყო და უმცროსთან ლაპარაკი არ უნდოდა, დაწყებითებთან არ მეგობრობდნენ, მერეც მიყურებდა, მეშვიდე კლასში, ტანი რომ სწრაფად ავიყარე, ფეხები რომ დამიგრძელდა და მკერდი წამომეზარდა, მაშინ დამელაპარაკა პირველად, ბევრი არაფერი უთქვამს, მერვეში რომ ვიყავი, ვაკოცეთ ერთმანეთს სოფიო აბესლამიძის დაბადების დღეზე, მეცხრეში კინოში დამპატიჟა, მამამისის მანქანა მოიპარა და იმით წავედით, კინოდან გამოვედით და გარეთ სიბნელე დაგვხვდა, წვიმდა, სწრაფად ჩავჯექით მანქანაში, სითბო გვესიამოვნა ორივეს, სამყარო დაცარიელდა, ყველა თვალი გაქრა, ყველა დედა და ყველა მამა, დავრჩით ჩვენ ორნი, ფილმის გმირებივით, ვუყურებდით ერთმანეთს და გვიხაროდა.

მსმენია, ადამიანი სიცოცხლეში თავისი გონების ორ პროცენტს ფლობს, სიკვდილის შემდეგ ყველა კარი იხსნება, სამყაროს ყველა საიდუმლოს ვწვდებით, ყველაფერი გვახსენდება, ყველაფერს ვხვდებით, ვაანალიზებთ, ჩვენს დანაშაულსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, ვწევარ და ვფიქრობ, ნეტა თუ გაიგო, რა დღეში ვიყავი, ნეტა თუ გაახსენდა ყველა ის დღე, გული რომ მატკინა, ნეტა თუ გაიხსენა, ის ღამე, ის დღე, ის შუადღე, ის საღამო, მე რომ ვიჯექი სახლში, ვცდილობდი მეტირა და არაფერი გამომდიოდა.

ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი, ფოირვერკები სკდება, თვალებს მიშრობს ამდენი სინათლე, ბავშვები აივანზე არიან, ნინჩომ ცეცხლი წაუკიდა, საბა აფეთქებს, ვუყურებ, ორივეს ცრემლი ადგებათ თვალზე, მამა ახსენდებათ, უკან რომ ედგათ, 15 წუთში მთავრდება შოუ, პატარა მაგიდასთან ვსხდებით, ვჭამთ, ტელეფონი არ რეკავს, არავინ გვილოცავს, არავის ვახსოვართ, არავის უნდა გარდაცვლილის გახსენება ბედნიერების დროს.

სულ მიდიოდა, სულ მოდიოდა, ახლა ვეღარ მოვა, ვერც მე წავალ, ნეტა ამ ღამეს რომ მოვკდეთ, რა ჭკუაზე დადგება, ორი ბავშვით რომ დავადგები იმ ქვეყნად, ნეტა რას იზამს, ნინჩოსაც და საბასაც რომ ჩავკიდებ ხელს, იმ შავ კაბასაც რომ ჩავიცვამ, რომ შევაღებ ზეციურ კარს და შევეგებები გარდაცვლილ სულებს ორი ბავშვით, ნეტა, თუ შემოირტყამს თავში ხელს, იმ ღამეს ღვედი, რომ არ გადაიკრა, ნეტა, თუ ინანებს, იმ ღამეს ჩვენთან რომ არ იყო. ნეტა თუ გაეხსნა გონება, ნეტა თუ მოიხდის ბოდიშს, ჩამივარდება ფეხებში, გამახსენებს იმ წვიმიან ღამეს კინოში, ნეტა, თუ ამოვიღებ ხმას, ნეტა, თუ ვეტყვი ყველაფერს ერთად, ვიტირებ ? გავარტყამ სახეში ? ნეტა, თუ გამოვუტყდები, რომ მიყვარდა, სულ მიყვარდა, რომ არაფერი სხვა არ მინახავს, მისი თეთრი პერანგის და წვიმიანი ქუჩის გარდა იმ ბედნიერ ღამეს, კინოთეატრიდან რომ გამოვედით.

პულტს ვიღებ და ტელევიზორს ხმას ვუდაბლებ, ბავშვების ოთახის კარს ფართოდ ვაღებ, არცერთს არ ვუყურებ, არც თმაზე ვეფერები, ყველა ფანჯარას ვხურავ, კარს ორივე გასაღებით ვკეტავ შიგნიდან, სამზარეულოში გავდივარ, ჯერ ჭურჭელს ვრეცხავ, მერე წყალს ვსვამ და გაზს ვანთებ, მერე ცეცხლს ვაქრობ და გაზს ვტოვებ, დიდი სახლი კი არის, მაგრამ წინ მთელი ღამეა, მივჯდები აქვე და დაველოდები როდის დამეძინება, როდის დაგვეძინება სამივეს სამუდამოდ. შევაღებთ იმ ქვეყნის კარს და მეც გავიღიმებ დამცინავად, მივუყრი ორივე ბავშვს, მივჯდები სადმე იქვე და ვუყურებ, როგორ ინანებს ყველაფერს. მეორე დღეს, აქეთ, ყველას ემახსოვრება გარდაცვლილები, ბედობას ყველასთან იქნება სიკვდილი, ერთხელ მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს, ერთხელ მაინც ამოვიღებ ხმას. როგორც მე ვერ ვტიროდი, ისე ვერ იტირებენ ისინი ჩემზე, ცრემლები დაახრჩობთ, ყველას ეცოდინება, მაგრამ ვერავინ იტყვის, შვილების მკვლელი რომ ვარ.

რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა მესმის, ნინჩო გამოდის ოთახიდან, შემოსასვლელს გამოივლის და ისე ჩამივლის, სიბნელეში ვერ მხედავს სავარძელში მჯდარს, გაზქურასთან მიდის ქურდივით, ლიფში იყოფს ხელს, სიგარეტს ამოიღებს და პირში იდებს, ცოტა ხანი ეწვალება გაზს, ჯერ გადაკეტავს, მერე ისევ აანთებს, თმას ზურგზე გადაიყრის, სახეს მიუშვერს ცეცხლს და სიგარეტზე ცეცხლს მოუკიდებს, მერე ისევ კეტავს გაზს და ფანჯარას აღებს, მოწევს მშვიდად და ბრუნდება უჩუმრად ოთახში.

ვზივარ, ფანჯრიდან ზამთრის სუსხიანი ქარი უბერავს და ვტირი.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება