კალათა

ხამალი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
უბრალო ამბავი კაცზე და ქალზე.

ვერ იტყოდით, რომ ხამალი ლამაზი იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. ბოშათა ბანაკში ერთადერთი იყო, ვინც თმას მოკლედ იჭრიდა. ჭრელი კაბების ნაცვლად, ერთი ფერისას არჩევდა. ჟღალ თმაში ყვავილებს არასდროს იკეთებდა და ხელებზეც მუდამ რეჰანის სუნი ასდიოდა. არასდროს ცეკვავდა, არც მღეროდა, არც მკითხაობდა, არც ეწეოდა, არც სვამდა, არც არავის არაფერს ჰპარავდა. რამდენჯერმე ბანაკიდან გაგდებაც დაუპირეს, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. არასდროს უნახავთ ვინმესთან ეჩხუბოს, სხვებს თუ დაინახავდა მოჩხუბრებს, გასძახებდა, მეტი საქმე არ გაქვთო და გაივლიდა.

საქანელაზე ჯდომა უყვარდა. დაჯდებოდა და საათობით ქანაობდა. თან სევდიან სიმღერებს ღიღინებდა. ბავშვები უყვარდა. ყველაზე მეტ დროს მათთან ატარებდა. მაგათგან უფრო საინტერესო რამეებს ვსწავლობო და სულ არ ანაღვლებდა, რას იტყოდნენ სხვები.

კაცებს აგდებულად ელაპარაკებოდა. მაგათი ტვინი ქვევით არისო და თვალს ჩააპაჭუნებდა, თვითონ მიხვდით, რა ადგილიც ვიგულისხმეო. მოსწონდა მათი ყურადღება, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. ძლიერი არ იყო აღნაგობით, ოდნავ მხრებში მოხრილი, დაბნეული სახით, მაგრამ თუ სიტუაცია მოიტანდა, მუშტსაც ისე მოხერხებულად მოარტყავდა აბეზარა კაცებს ცხვირზე, სისხლი რომ წასკდებოდათ, მერე ხვდებოდნენ რა მოუვიდათ. მერე გულიანად გადაიხარხარებდა, წადით ახლა და მოჰყევით, ვის სად აგიცდათ ფეხიო.

ზოგჯერ უნახავთ, ცხარე ცრემლით რომ ტიროდა, არასდროს ჰყვებოდა რა ატირებდა, თქვენ მაინც ვერ გაიგებთო. ზოგჯერ დღეები იკარგებოდა ხოლმე. მივიდოდა გაზუნტლული, ტალახიანი და ბედნიერი სახით ბანაკის წინ დადგებოდა. ხელებს განზე გაშლიდა და ბედნიერი სიცილით გაიცინებდა.

მაშინ ჯარში ვმსახურობდი.. წარმატებული სამხედრო კარიერა მქონდა. მომწონდა ჩემი საქმე და თავსაც არ ვზოგავდი, მეტი შემძლებოდა.

ჩვენი სამხედრო ნაწილი მაშინ მათი ბანაკის სიახლოვეს იყო. ხამალიც ისე გამოჩნდა ჩვენს ყოველდღიურობაში, არავის გვეუცხოვა. მოვიდოდა, ხის მაღალ ტოტზე დაჯდებოდა, ცალ ფეხს ჩამოუშვებდა და გრძელ კაბასთან ერთად ააქანავებდა, თან ყოველთვის ვაშლს ჭამდა, მარტო ყუნწებს ტოვებდა, იმათაც დააგროვებდა, წავიდოდა და თან წაიღებდა. ბიჭები ზოგჯერ რამეს გასძახებდნენ, ესეც, არშიყობა თუ გინდათ, რამე უკეთესი მოიფიქრეთო, გამოსძახებდა და გაიცინებდა. არ იყო ადვილი მასთან არშიყობა. თუ შეატყობდა ვინმეს, რომ გონება დიდად არ უჭრიდა, რჩევებს აძლევდა, ბიჭო, სხვასთან არ შეგეშალოს ეგეთები, თავი არ შეირცხვინოო. ზოგს დაუმეგობრდა. ზოგმაც საერთოდ აითვლისწუნა.

- მომიყევი რამე!

- მე? - არ მიყურებდა და ერთი გაფიქრება გავიფიქრე, სხვას ხომ არ უთხრა, მაგრამ რომ მოვათვალიერე იქაურობა, მარტო ვიყავი.

- მომიყევი რამე! - გამიმეორა.

- არაფერი მაქვს მოსაყოლი.

- სულ არაფერი?

- არაფერი. შენ მომიყევი.

- სიბნელის მეშინია.

- რატომ?

- არ ვიცი.

- ყოველთვის?

- არა, როცა მარტო ვარ, მხოლოდ მაშინ.

- აჰა. გასაგებია.

- მესიზმრე.

- მე?

- კი.

- როგორ?

- იჯექი. მე შენს მუხლებზე მედო თავი და ცხარე ცრემლით ვტიროდი.

- მერე ?

- მერე შენ მითხარი. გიჭირდა რამე?

- როდის ნახე ეგ სიზმარი?

- გამთენიისას.

- არა, გამთენიისას მართლა არაფერი მიჭირდა - გამეღიმა.

მერე ადგა და წავიდა.

ყოველთვის ისეთ დროს გამოჩნდებოდა, როცა არ ველოდი. მომიყევი რამეო, სულ ასე იწყებდა, მეც სულ ვპასუხობდი, რომ არაფერი მქონდა მოსაყოლი და მერე ისევ თვითონ მიყვებოდა ხან სიზმრებს, ხან ფიქრებს, ხან წარსულს, ხან მომავალის გეგმებს.

წასვლისას მეტყოდა, აჩვენე ერთი მაგათ, ვინ არის მანდ ყველაზე ძლიერიო და რომ წავიდოდა, კარგა ხანს აღარ გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთხელ მითხრა, მთასავით კაცი ხარო. რატომ-მეთქი? ჩვეულებრივი გარეგნობა მაქვს, მთის და კლდის რა მიგავს-მეთქი?! არაო, ეგ მთა არაო, მე თუ არ მოვედი, შენ არ მოხვალ ჩემთანო. მართალი იყო. ისე არასდროს მინდებოდა მასთან ურთიერთობა, რომ მე თვითონ მივსულიყავი, მაგრამ მენატრებოდა. ისიც იშვიათად. მერე ეგეც გამივლიდა ხოლმე. ისედაც ასეთი ვიყავი. ცივი. უემოციო. თავს უკეთ ვგრძნობდი ასე. რაც ნაკლებად მიმქონდა გულთან რამე, მით უფრო მსუბუქად ვგრძნობდი თავს, ვფიქრობდი, რომ ვინმეზე ან რამეზე მიჯაჭვულობა სისუსტის გამოვლინება იყო, რადგან ცხოვრებაც იქ დამაჭერდა ფეხს, სადაც ყველაზე მეტად მეტკინებოდა.

ერთხელ მთელი თვე არ გამოჩნდა.

- სად იყავი ამდენ ხანს?

- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

- მნიშვნელობა რომ აქვს, მაგიტომაც გეკითხები.

- აღარ წავალ.

- რატომ?

- გადამივლის და იმიტომ.

- რა გადაგივლის?

- რომ აღარ წავიდე, ის.

- რა ის?

- ისევ ჩვეულებრივად მინდა ვიყოთ.

- ახლა არ ვართ?

- მე ვეღარ.

- რატომ?

- სულ შენზე მეფიქრება.

- ვერ შეგიყვარებ.

- ასეთი ცუდი ვარ?

- არა. მე არ შემიძლია სიყვარული. სიყვარული საჩემო არაა.

- საერთოდ?

- საერთოდ.

- მაინც მოვისყიდი კუპიდონს - თვალი ჩამიკრა და ღიღინით წავიდა.

მერე არ ვიცი, რა შეიცვალა. ხან მიზიდავდა. ხან არა. ზოგჯერ ვათვალიერებდი მის სხეულს. პატარა მკერდი ჰქონდა, ლავიწებთან წვრილი ხალები, ოდნავ განიერი თეძოები, არეული ნაბიჯებით დადიოდა. ხანდახან ისე მომინდებოდა მისი ჩახუტება, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი. ზოგჯერ ზედაც არ ვუყურებდი და უნდა გენახათ, რას არ აკეთებდა, ყურადღება რომ მიექცია. მერე უცებ გაბრაზდებოდა და ცრემლით ამოვსებული უპეებით წავიდოდა. ვიცოდი, დიდხანს ვერ გაძლებდა და დაბრუნდებოდა.

- შენი ქალი მინდა ვიყო. - აქლოშინებული მოვიდა, წინ დამიდგა და მომახალა.

- რა? - უცებ მართლა ვერ მივხვდი, რა მკითხა.

- ჰო, შენთან ღამის გატარება მინდა. შენ გინდა?

- კი, მაგრამ … - დავიბენი.

- თუ არა, მაშინ ახლავე მითხრი და სულ დავიკარგები, აღარ გაგეკარები ახლოს.

- მისმინე. ყველა გვიცნობს, რას იტყვიან ?

- სულ ფეხებზე მკიდია, რას იტყვიან.

- მე არა.

- მაშინ, ნუ ეტყვი. შენ მითხარი, მხოლოდ გინდა თუ არა.

- რა ვიცი, მინდა.

- კარგი. - ხეზე ავიდა, ჩვეული პოზა მიიღო და დაფიქრებული სახით გაიხედა სადღაც შორს. არ ვიცი, როდის წავიდა.

მთელი ღამეები ვფიქრობდი, სწორად მოვიქცეოდი თუ არა. ხან ვფიქრობდი, რომ არაფერს არ დავაშავებდით, კაცი და ქალი ვიყავით ბოლო- ბოლო და ვნებები გვქონდა, თან ხამალმაც იცოდა, რომ ერთ დღეს წავიდოდი და მისი დატოვება მომიწევდა. ხან მეცოდებოდა. გულგრილი რომ ყოფილიყო, უფრო ადვილად გადაიტანდა ჩემთან დაშორებას. ფიქრისგან თავი რომ ამტკივდებოდა, მუშტს მაგრად ვუჭერდი, დასწყევლოს ეშმაკმა, რაღა მაინცდამაინც მე შემიყვარა-მეთქი. მისთვის რომ გეკითხათ, არავინ მგავდა. არ მიმიწევს გული სხვა კაცებისკენო რომ მითხრა, მაშინ კი მესიამოვნა, მაგრამ ახლა ნერვებს მიშლიდა. ზოგჯერ ეჭვიც მეპარებოდა, იქნებ სხვებიც ჰყავს და ჩემთან თამაშობს მიამიტის როლს-მეთქი. მერე სხვა ქალთან მივდიოდი და მაშინ ყველაფერს ვივიწყებდი, ხამალსაც, მის სიზმრებსაც, დაპირებებსაც და ნეტარების ოფლში გასაწურად თავს არ ვზოგავდი.

მნიშვნელოვანი საქმეები ჩამაბარეს. ხამალისთვის მიცემული პირობა არ დამვიწყებია, მაგრამ ფეხს ვითრევდი. ზოგჯერ შორიდან ვუყურებდი ისევ იმ ხესთან როგორ მოდიოდა. დაჯდებოდა. გაქვავდებოდა. არც წვიმის ეშინოდა. არც ქარის. რამდენჯერაც დავგეგმავდი, რომ მოდი ხვალ ხამალთან მივალ-მეთქი, გათენდებოდა დილა და სურვილი მიქრებოდა. ერთხელ დავინახე, მუსაიფი რომ გაება ჩვენს პოლკოვნიკთან. პოლკოვნიკი ხელების მოძრაობით და ემოციებით რაღაცას უყვებოდა, ხამალი კი გულიანად იცინოდა.

- უჩემოდ არ იწყენ აქ, როგორც ვხედავ - არც შევხედე, ისე ვუთხარი ირონიულად.

- ეგრე ფიქრობ?

- ჰო. დაგინახეთ შენ და პოლკოვნიკი.

- აჰ, ეგ? - ხარხარი აუტყდა - რას ამბობ ბიჭო, სულ რომ კაცი გაწყდეს, ცოლიან კაცებს როგორ გავეკარები?

- ჰო, რა ვიცი.

- არაფერი არ მინდა გასაყოფი. მესაკუთრე ვარ. თუ ჩემია ჩემია, ერთი წუთიც რომ იყოს, იმ ერთ წუთშიც მარტო ჩემი უნდა იყოს.

ვიცოდი, რომ ჩემზე უფრო ამბობდა, ვიდრე სხვა დანარჩენებზე. რომ შევხედე, ისეთი თვალებით მიყურებდა, სახე ავარიდე. ფიქრებში ჩაფლულმა გავაბოლე.

- კიდევ მესიზმრე.

- მომიყევი.

- ქალაქში ვიყავით. თუნუქის სახურავებიან სახლებზე მივდიოდით. მე პერანგიანი მოგყვებოდი, მშიშარა ლეკვივით, შენი ჩექმები მეცვა და ვხმაურობდი, შენ კიდევ მიბრაზდებოდი, გაგვიგებენო. მერე ცივ ოთახში ვიყავით. შენ მიყვებოდი ამბებს, კანქვეშ ჭიანჭველები დამიდიოდნენ და ვფიქრობდი, დალახვროს ვისაც ევალება, ამაზე მაგარი შეგრძნებები თუ არსებობდეს-მეთქი.

- მერე ?

- რომ გამეღვიძა. ჯერ ისევ არ იყო გათენებული. შენ გეძინებოდა, ვიცი და მომინდა მძინარესთვის მეკოცნა.

- აუცილებლად გამეღვიძებოდა.

- არა, არ გაგეღვიძებოდა - ძალიან ჩუმად თქვა, თითქოს გაიფიქრა და შემთხვევით ხმას ამოაყოლაო. წასვლისას კაბა კარგად შეისწორა. არ უნდოდა წასვლა. ვეღარ ჩერდებოდა. ხან თმა აიჩეჩა. ხან გაისწორა. კიდევ უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ სათქმელს თავს ვერ აბამდა.

- როდის მოხვალ ? - შორიდან მკითხა.

- სად?

- ჩემთან.

- მოვალ.- ისეთი მკაცრი ხმით გამომივიდა ნათქვამი, ვიგრძენი, როგორ შეცბა.

მერე სხვა ნაწილში გადამიყვანეს. ბოლო საათებს ვითვლიდი წასვლამდე. ყველა პირადი ნივთი ჩალაგებული და გაგზავნილი მქონდა. მხოლოდ ზურგჩანთა დავიტოვე. გამოსამშვიდობებელი ცერემონიები არ მიყვარდა, ერთი ეგ იყო, საბოლოოდ უნდა მენახა იქაურობა.

ხამალი ხესთან დამხვდა.

- მიდიხარ? - მკითხა.

- ხომ არ გამიბრაზდები? - კითხვითვე ვუპასუხე.

- რატომ უნდა გაგიბრაზდე?

- რომ არ მოვედი.

- არა, არ გიბრაზდები. ვიცოდი, რომ არ მოხვიდოდი.

- საიდან იცოდი?

- ასეთი ხარ.

- მაშინ რატომ მელოდი?

- სხვანაირად არ შემეძლო.

- რას აპირებ ?

- არაფერს.

- სხვა გამოჩნდება. შეგიყვარებს და გიპატრონებს. - მოვეხვიე და შუბლზე ვაკოცე.

- მე სხვა არ მინდა. - ჩამეხუტა.

- დამპირდი, რომ თუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, გაგიხარდება ჩემი ნახვა.

- გპირდები.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ერთხელაც არ მინახავს. ზოგჯერ გამახსენდებოდა ხოლმე ხამალი და რომ გადავწყვეტდი მასთან წასვლას, მალევე გადავიფიქრებდი. მერე ხელს ჩავიქნევდი. ალბათ გამოჩნდებოდა ვინმე, ისე ხომ არ დარჩებოდა-მეთქი. მერე, იმასაც ვფიქრობდი, იქნებ დღემდე მელოდება და მართლა ისაა, ვისაც ცხოვრება მეგზურად მიმზადებდა. ასე იყო თუ ისე, ხამალი, რომელზეც ვერასოდეს იტყოდით, რომ ლამაზი იყო, ყოველთვის გამორჩეულად დარჩა ჩემს მოგონებებში. პატარა, ოდნავ მხრებში მოხრილი გოგო, დიდი თვალებით და ჟღალი თმით. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა, რომ ერთხელაც არ დამსიზმრებია.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება