ძველის დანგრევა და გარდაცვალება, თითქოს რაღაც ახლისა და კარგის დასაწყისია, თუმცა ჯერ არასდროს მინახავს რა სიკეთისა და ბედნიერების მომტანია სიკვდილი, ნგრევა და ტკივილი?! სამწუხაროდ ყოველთვის არ გახლავთ ისე, რომ დანაკარგი ახალი შენაძენით უნდა ანაზღაურდეს, მაინცდამაინც! განა, შვილმოკლულ დედას ახალი ბავშვის გაჩენით, დაკარგული შვილის არ ყოფნა, ოდესმე აუნაზღაურდება?! სულში გაჩენილი ყორანივით შავი ხვრელი როდესმე შეძლეს ამოვსებას?!.. ხუთსართულიანი "ხრუშჩოვკა" პატარ-პატარა ნაწილაკებად და მტვერის გროვად იქცეოდა... რუხი ფერის მტვერით გაჟღენთილი ჰაერი კი ის ტკბილი და ამავე დროს მომწამლავი ჟანგბადი გახლდათ, რომელიც ჩემს ფილტვებს ოცდაერთი წლის მანძილზე ავსებდა. პატარა, მყუდრო სახლი, რომელიც ოდითგანვე სიკვდილივით მეჯავრებოდა, ჩემი სული და ხორცი გამხდარიყო... ყოველი კიბე, კედელი, მასზე გაკრული საბჭოეთის დროინდელი, ყვავილიანი შპალერი თუ ცისფერი მეტლახის ფილა უდარდელ ბავშვობას მაგონებდა. დროს, როდესაც არ არსებობდა ის ყორანივით ბნელი ხვრელი, სიკვდილის სუნი და გაყინული სასაფლაოები. ამ სახლში ჩემი ხანმოკლე ცხოვრების მთელი უსასრულო ისტორია იდო. ათასობით კილომეტრი მაშორებდა იმ სანუკვარ კედლებს, რომლებშიც დავიბადე და ფეხი ავიდგი. მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ იქ ჩემი პირველი, დიდი ბედნიერება ვიპოვე და მას იქვე დავმარხავდი.
ჩაბნელებული სანაპიროდან ზღვას ვუცქერდი. ღამით რთული გახლდათ იმის გარჩევა, თუ სად იწყებოდა ზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის. წინ მხოლოდ უზარმაზარი, ბნელი ხვრელი მოჩანდა. ზღვა იმდენად დიადი, შავი და ბობოქარი გამხდარიყო, თითქოს სრულიად მსოფლიოს შთანთქმისთვის ემზადებოდა. უეცრად, სიკვდილივით ცივმა ქარმა დაუბერა და ჩემს ზურგს მწარედ შეეხეთქა. ქარი ზღვისკენ გამალებით ქროდა, ყურთასმენამდე კი ერთი ფრაზა მოჰქონდა - "სუნთქვა, ძილი და არსებობა სხვაგვარი გახდება... საჭმელსაც სულ სხვა გემო მიეცემა, მაგრამ შენ ისუნთქებ! ისუნთქებ, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ გექნება!" ჰაერში უეცრად რკინის მძიმე სუნი ვიგრძენი, დედამიწა, თითქოს კვლავ გაჩერდა და ჩემს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა ისევ შეწყდა... კვლავ გაყინული საავადმყოფოს დერეფანში აღვმოჩნდი. ერთი წელი, თითქოს არც კი გასულა. ფეხზე ჯერ კიდევ მყარად ვიდექი. აღარ მახსოვს ვინ, როდის ან როგორ წარმოთქვა ის საბედისწერო სიტყვები, საერთოდაც არ ვიყავი იმაში დარწმუნებული, რომ ჩემთვის რამე ეთქვათ. ერთი რამ ვიცოდი მხოლოდ, ის უბრალოდ აღარ სუნთქავდა... ფილტვები ჰაერით აღარ ევსებოდა, აღარც ჩასუნთქვისას ებერებოდა სასაცილოდ მუცელი. მაქსიმე აღარ ჰყავდა დედამისს, მსოფლიოს და ბოლოს - ის მე აღარ მყავდა! წინ მდგარი მშობელი დედა მხარზე ხელს ნაზად მიჭერდა, მაგრამ თითქოს იქ არ ვიყავი. ყურთასმენა სრულად დამკარგვოდა. ვსუნთქავდი... ჯერ კიდევ ვსუნთქავდი! იმდენად ხმამაღლა, რომ საკუთარი სუნთქვის ხმაც კი მაღიზიანებდა. მსურდა ფილტვების დახეთქვამდე მეკივლა... პირი დამეღო და უაზროდ მეკივლა, მაგრამ არ შემეძლო! ენას ვამოძრავებდი, პირი ნერწყვით მევსებოდა, თუმცა ყრუ ღმუილის გარდა არაფერი მესმოდა. მხოლოდ მოგვიანებით, დერეფანში მოჩურჩულე მედდებისგან შევიტყვე, რომ თხუთმეტი წუთის მანძილზე გაუჩერებლად ვკიოდი. ერთ-ერთმა მეორეს გადაუჩურჩულა - "ასეთი ჯოჯოხეთური ხმა ცხოვრებაში არ გამიგონია! ისე კიოდა, მთელი ტანი მიცახცახებდა... უბრალოდ ტყავის გაძრობა და ძალიან შორს გაქცევა მინდოდა!" იმ თხუთმეტი წუთის მანძილზე, სინამდვილეში სიჩუმის გარდა არაფერი მესმოდა. რამოდენიმე დღე ხმის ამოღება მიჭირდა, ჩაგლეჯილი ყელი ჯოჯოხეთურად მტკიოდა, თუმცა იმ საღამოდან მოყოლებული, ისედაც დავმუნჯდი. ენა გადავყლაპე და მხოლოდ ვსუნთქავდი. ვსუნთქავდი, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. იმის გამბედაობა კი არ შემწვედა, რომ ჩემი ორგანიზმი ჟანგბადის ახალი დოზის გარეშე დამეტოვებინა.
მთელი ცხოვრება პატარა, მშიშარა ადამიანი ვიყავი. ერთი შეხედვით ყველას ძალიან გაბედული და უბრალოდ მაგარი გოგო ვეგონე, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცოდი, როგორ ძალიან მეშინოდა ღამით ჩამოწოლილი სიბნელის, მოჩხუბარე ადამიანებისა და ზოგადად ცხოვრების. არადა, ნაცნობებისთვის ყოველთვის მაგარი, მიმწოლი გოგო ვიყავი. უკან, რომ არაფერზე დაიხევდა. "ჯიგარი ბავშვია, ათინა!" - იტყოდა ხოლმე ჩემი მეზობელი სანდრო. შესაძლოა, მართლაც "ჯიგარი" ვიყავი, ან რიგ შემთხვევებში თავზეხელაღებულიც, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენილს ყველაფრის მეშინოდა... ყველაფრის - გარეთ გასვლის, ადამიანების გაცნობისა თუ ზოგადად ახალი დღის შეხვედრის... ალბათ, ყოველ ჩვენგანში იმალება ის პატარა ჭია, რომელიც გამალებით გვღრღნის და მოსვენებას არ გვაძლევს. ის რაღაც გაუგებარი არსება, რომელიც ყოველ დღე, ყოველ წამს იმას გვეჩიჩინება, რომ ეს ცხოვრება დიდი, დაუძლეველი ძალაა, რომელიც საბოლოოდ მაინც გაგვთელავს და რა აზრი აქვს მაშინ სახლიდან წასვლას, ქუჩაში გასვლას?! რა აზრი აქვს?! თუმცა, ერთხელაც გამოჩნდება ადამიანი, პირობითად, სახელად მაქსიმე, რომელიც ჩვენს სრულიად არსებობას ძირფესვიანად შეცვლის. რომელიც უბრალოდ გვეტყვის, რომ ყველაფერი ბევრად მარტივია და არ არის საჭირო ამდენი ფიქრი. საერთოდაც რიგ შემთხვევებში ფიქრი სრულიად უაზროა... უბრალოდ უნდა ისუნთქო, იქამდე სანამ ეს ცხოვრება შენს წილ ჟანგბადს გჩუქნის! ასეთი მაქსიმე, უთუოდ ყველას გვყავს ან გვყოლია ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ასაკის ან სქესის იქნება ასეთი მაქსიმე, ის უბრალოდ ხელს მოგვკიდებს და გვეტყვის -"ჩვენ ყველაფერს ერთად გადავაგორებთ!" ასეთ მაქსიმეს - სასწაულს, ცხოვრების თანამგზავრს, გნებავთ მფარველ ანგელოზს ან უფრო ზუსტად სასიცოცხლო ჰაერს ეძახიან, რომლის ჩვენს სისტემაში არსებობამდე ნორმალურად ფუნქციონირება გვიჭირდა, მისი გაქრობის შემდგომ კი სისტემა სრულიად მოიშლება და არსებობაზე უარს განაცხადებს.
ხშირად მსმენია, რომ რისიც ყველაზე მეტად გეშინია, ოდესმე მაინც აუცილებლად გადაგხდება თავს. უამრავი შიშის გარდა, ყველაზე მეტად მაინც სიკვდილის მეშინოდა, უფრო მეტიც ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა მზარავდა, რომ მაინცდამაინცდ ახალ წელს, წელიწადის ამ ყველაზე ლამაზ და უდარდელ დროს ვინმე ხელიდან გამომეცლებოდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავის ვეუბნებოდი, რადგან უთუოდ ყველა ერთხმად იმას მომაძახებდა, რომ სადარდებელი გამომელია და სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. ადამიანები, ხომ უთავბოლო ეგოისტები ვართ! სიკვდილის გვეშინია, მაგრამ რიგ შემთხვევაში არა თავად ამ ფაქტის, არამედ მას მოყოლილი ტკივილისა და მწუხარების გადატანა გვძაგს. მეც, როგორც ერთ რიგით სულიერ არსებას, სრულიად ეგოისტური მიზეზები მამოძრავებდა. უბრალოდ არ მინდოდა ჩემი საახალწლო იდილია, გემრიელი სუნი, სითბო და სიტკბო, როდესმე აღუწერელ მწუხარებას გაექრო. თავისთავად, ბედის ირონიამ, თავი მაინც იჩინა...
არ ვიცი ოდესმე, რომელიმე თქვენგანს ღამე სასაფლაოზე თუ გაუთევია. ყოველთვის მეგონა, რომ ვერასდროს გავბედავდი, გარშემო არსებული სიკვდილი დამაფრთხობდა, თუმცა იქ დიდი ხნის განმავლობაში პირველად ვგრძნობდი თავს ისე მშვიდად. მაქსიმეს წასვლიდან ერთი კვირის თავზე პირველად შევიგრძენი მისი სიახლოვე. არასდროს მეგონა შობის დილას სასაფლაოზე თუ შევხვდებოდი. ოცდაერთწლიანი არსებობის მანძილზე შობას, ახალ წელსა და თავად ზამთარს სიკვდილისა და დამჭკნარი ყვავილების სუნი უდიოდა. სამუდამოდ დაკარგულიყო ის თბილი და ტკბილი სურნელი, რომელიც ახალ წელს თან მოაქვს. მანდარინებისა და "დათუნიას" შოკოლადის ბავშვობის დროინდელი, დაუვიწყარი გემო, იმედგაცრუებისა და პირში სამუდამო სიმწარის შეგრძნებამ ჩაანაცვლა. ხელები სულ მთლად გამყინვოდა... სიცივისგან ფეხები დამისივდა, ჩაცმული ფეხსაცმელი კი საშინლად მიჭერდა. სამწუხაროდ, შეგრძნებები ჯერ კიდევ შემრჩენოდა. გაყინული მაჯის საათი დილის ექვსს უჩვენებდა, თუმცა გარეთ ჯერაც წყვდიადი იდგა. თოვლი ფარნების შუქზე მოვარდისფროდ ქცეულიყო და გარდაცვალებისათვის გამზადებულ მთვარის შუქს საუცხოოდ ირეკლავდა. დახეთქილი და სისხლამდე მრავალგზის გადაკბეჩილი ტუჩები უგრძნობ ლოლოებად გადამქცეოდნენ. ყინვისგან გაწითლებულ და გაუხეშებულ ლოყებზე კი მთელი ღამის მუხთალი ცრემლები მიმყინვოდა. ცრემლთა დინებას უკვე დიდი ხანია, რაც ვეღარ ვამჩნევდი. ნიაღვარი დინებას დაუსრულებლად აგრძელებდა და ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ვიღაცას პატარა ონკანი მოეშვა, რომელიც შეუსვენებლად წვეთავდა. მარილიანი წყლის ამ ნაკადულებს, იმდენად შევგუებოდი, რომ აღარც კი ვამჩნევდი. საერთოდაც, ორგანული არსებობის აღქმას ვკარგავდი. უეცრად, მხარზე ვიღაცის მძიმე ხელის შეხება ვიგრძენი. წამით ვიფიქრე, რომ ალბათ, როგორც იქნა, სუნთქვა შევწყვიტე და ზურგს უკან ჩემი ჯალათი მელოდა, თუმცა მაინც კვლავინდებურად ვისუნთქავდი გაყინულ ჰაერს. ზურგს უკან კი მხოლოდ ბებერი მესაფლავე მედგა.
- გოგო, აქ ასეთ დროს ყოფნა არ შეიძლება! რამდენჯერ გაგაფრთხილო? - წარმოთქვა ძალიან დაბოხებული, ღრმა, მაგრამ ტკბილი ხმით. მესაფლავე კარგად მიცნობდა. ირგვლივ მას თან მოყოლილი, მძიმე თუთუნის სუნი დატრიალდა. კაცი გვერდით მომიჯდა, გახუნებული, უხეში პალტოს ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და ოდნავ გამდნარი "დათუნია" გამომიწოდა. წყეული კანფეტი გამოვართვი, წამოვდექი, კაცს გავუღიმე და სასაფლაოს გასასვლელისკენ მიმავალ გზას გავუდექი. იმ დღის შემდეგ იქ აღარ გამოვჩენილვარ. იმ დღის შემდეგ მივხვდი, რომ მაქსიმე ჩემი არსებიდან უნდა ამომეძირკვა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მის გარეშე არსებობა შემძლებოდა. ახლა, ხომ აღარავინ ჩამავლებდა ხელს და მეტყოდა - "ამას ერთად გადავაგორებთ!" ყველაფრის "გადაგორება" ახლა სრულიად მარტოს მომიწევდა და ამას უნდა შევგუებოდი. იქამდეც ვახსენე, რომ ადამიანი საოცრად ეგოისტური არსებაა და რამდენად დრამატული და სასოწარკვეთილიც არ უნდა იყოს, ბოლოს მაინც იქამდე მიდის, რომ საკუთარი თავის გვემა უბრალოდ აღარ სიამოვნებს. თავიდან არსებული ადრენალინი ნელ-ნელა იკლებს, ტკივილისაგან ადუღებული სისხლი მაინც მშვიდდება და ადრე თუ გვიან ხვდები, რომ კედელზე თავის რტყმევა აღარანაირ შვებას აღარ განიჭებს. საერთოდაც, ერთი ადგილის ტკეპნა აღარც წარსულში გაბრუნებას და არც წინ წასვლის საშუალებას გაძლევს. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ ასე მარტივად, სულ რაღაც ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალის გაქრობა უბრალოდ დავივიწყე და წინ "ჰერი-ჰერი"-ს ძახილით, სულ ასკინკილით გავეშურე! არა! ის, რაც ოცდაცხრა დეკემბრის საღამოს ვიხილე, აღარასდროს, დამავიწყდება. ეს სურათი სამუდამოდ გაიყინა ჩემს მახსოვრობაში და მისი თავიდან მოშორება ალბათ სიკვდილის დღემდე არ გამომივა. წარმოდგენა არ მაქვს ოდესმე მორგის კედლებს შიგნით თუ ამოგიყვიათ თავი, უფრო სწორად, იმედი მაქვს, რომ იქ არც არაფერი გესაქმებოდათ და არც არასდროს გაგიჩნდებათ იმის საჭიროება, რომ ამ დაწესებულებაში მიხვიდეთ. ხომ ვამბობდი, საშინელი მშიშარა ვარ თქო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არც ისეთი ქვეშაფსია ვყოფილვარ, როგორც იქამდე წარმომედგინა. ოცდაცხრა დეკემბრის, თბილისისთვის უჩვეულოდ ცივ საღამოს, მაქსიმეს ძმამ, გეგამ ხელი წამავლო და იქ წამიყვანა, სადაც ყოფნასა და დგომას არავის ვუსურვებდი. გეგას ადგილზე ასე არასდროს მოვიქცეოდი, მაგრამ მასაც სჭირდებოდა თავისი წილი მაქსიმე, რომელიც ხელს წაავლებდა და ეტყოდა, რომ "ამას ერთად გადავაგორებთ!" გეგა და მაქსიმე მთელი ცხოვრება ასე ხელჩაკიდებულები დადიოდნენ. მაშინაც ერთად იყვნენ, ღრმა ბავშვობაში დედას ოქროს სამკაულები, რომ მოპარეს და ორ უზარმაზარ საზამთროზე გადაცვალეს. იმ ღამით სახლში არ მისულან მაქსი და გეგა. მთელი ღამე, რომელიღაც კორპუსის სახურავზე გაატარეს, მუცელი საზამთროთი ამოიყორეს და მეორე დღის გათენებას შიშით ელოდნენ, იცოდნენ რა შარშიც გაყვეს თავი. არადა, მაქსიმე გეგაზე ხუთი წლით უფროსი იყო და ექვსი წლის ძმისგან განსხვავებით, ჭკუა ნამდვილად მოეკითხებოდა, მაგრამ გეგამ დაიჩემა და აბა პატარა ძმას უარს როგორ ეტყოდა?! მეორე დღეს სახლში მისულებს გულგახეთქილმა დედამ არაფერი უთხრა, თუმცა მოგვიანებით საღამოს შავი დღე დააყარა. მაქსიმემ ყველაფერი თვითონ დაიბრალა და შედეგად ის მიიღო, რომ მთელი წელი სამხედრო სასწავლებელში გაატარა. იქ მიღებული გამოცდილება მაქსიმეს სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა, მაგრამ რა ექნა, პატარა, სულელ ძმას დასასჯელად, როგორ გაიმეტებდა?!
მორგის გაყინულ, აყროლებულ დერეფანში ვიდექი და ვაცნობიერებდი, რომ საერთოდ არ მესმოდა რა საჭირო იყო ადამიანის გვამის ამოცნობაზე ახლობლების "დაპატიჟება", თუ იმ აწ გარდაცვლილ ადამიანს ჯიბეში მშვენივრად შენახული პირადობის მოწმობა უდევს, თუ ის ადამიანი ზუსტად ჰგავს პიროვნებას პირადობის მოწმობიდან. ღმერთო!!! თითქოს, ამ ყველაფრის გაკეთება სხვაგვარად არ არის შესაძლებელი! თითქოს აუცილებელი იყოს, მაინცდამაინც, გაყინული, აყროლებული და დაჟანგებული დერეფნის გავლა, დაჟანგებული კარების წინ ატუზვა და შემდეგ ნახვა... ხილვა იმისა, რისი დანახვაც არც ამ და არც იმ ცხოვრებაში, არასდროს, არასდროს არ გსურს! მაქსიმეს უმოძრაო, გაყინული სხეული სრულიად რეალისტურად გამოიყურებოდა და რამდენიც არ უნდა მეჩიჩინა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, უბრალოდ სიზმარი და ხვალ დილას ყველაფერი ისევ ძველებურად იქნებოდა, გონების სიღრმეში მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ჩემს წინ დასვენებული ადამიანი უბრალოდ ამ სამყაროში აღარ არსებობდა და ამას უნდა შევგუებოდი. შევგუებოდი, რადგან არ იყო სხვა გზა. მაქსიმე ყოველთვის იმას მეჩიჩინებოდა, რომ ასეთ შემთხვევებში არც ერთი ადამიანი არ იყო ვალდებული, მეტიც არც ერთ სულიერს არ უნდოდა და გულის სიღრმეში არ შესწევდა იმის ძალა და გამბედაობა, რომ დაკარგულ ადამიანს თან მიჰყოლოდა. მაქსს ზოგადად საეჭვო მოსაზრებები ჰქონდა ამ ცხოვრებაზე და მასში გამეფებულ წესებზე, მაგრამ ზუსტად ამ "საეჭვო" მოსაზრებებმა უფსკრულის კიდეს სამუდამოდ დამაშორეს.
ერთი წლის მანძილზე, იმ ოცდაცხრა დეკემბრის სუსხიანი საღამოს მერე მოყოლებული, გზას ვეძებდი. იმ გზას, ადგილს, რომელიც ადრე თუ გვიან დამეხმარებოდა იმ აღუწერელი გრძნობებისა და ემოციების უკან მოტოვებასა და ახალი ჰაერის ჩასუნთქვაში. მაქსიმეს წასვლასთან ერთად დავკარგე ერთადერთი, მშობლიური სახლიც, რომლის დანგრევაც და ახლით ჩანაცვლებაც ასე დაჟინებით გადაწყვიტა ზემდგომმა ხელისუფლებამ. ადრე ალბათ გამეხარდებოდა კიდეც, მაგრამ იმ მომენტში საერთოდ არ მესმოდა რა საჭირო იყო ძველის და კარგად შეგუებულის, გამოცდილისა და შეყვარებულის ახლით ჩანაცვლება. არ მესმოდა ისედაც უჰაეროდ დარჩენილს, როგორღა უნდა მესუნთქა, ახლა, როდესაც მშობლიური სურნელისა და ჰაერის გარეშე მტოვებდნენ. მშიშარა გოგო ვიყავი და ცვლილებებს ყოველთვის რთულად ვეგუებოდი. თუმცა, ამჯერად მშობლიური სახლის გარეშე დარჩენილ მშიშარა გოგოს, მხოლოდ და მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ გაქცეოდა ყველაფერ შეჩვეულს, გამოცდილსა და ახლობელს, იმისთვის, რომ ესუნთქა. დიდხანს ვეძებდი იმ გზას, რომელიც კათარზისამდე მიმიყვანდა. ერთი ქალაქი გამახსენდა... მაქსიმეს წასვლის შემდგომ, თბილისის ნაცრისფერ ქუჩებში სეირნობისას ერთხელაც, ერთი ძალიან ნაცნობი სურნელი კვლავინდებურად შევიგრძენი. სურნელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთ ქალაქში იცის. ხშირად მიფიქრია იმაზე, როდის ან როგორ ჩაისახა მისდამი ეს გახელებული სიყვარული. ყოველთვის მჯეროდა, რომ სანუკვარი ზღვისპირა ქალაქი ნებისმიერ წამს ხელგაშლილი, თბილი ბებიასავით შემომეგებებოდა და გულში მაგრად ჩამიკრავდა, ხოდა მეც გავიქეცი და მის მკლავებში თვალდახუჭული გადავეშვი.
კვლავ ჩაბნელებულ სანაპიროზე ვიდექი. დეკემბრის ბათუმს ჯერაც არ ეძინა და ჩემს ზურგს უკან ნაირგვარი ფერებით ანათებდა. იმის შემდეგ, რაც მაქსიმე წავიდა, სულ ის გრძნობა მაწუხებდა, რომ თითქოს სიკვდილი ზურგზე მოკიდებული დამქონდა. დავდიოდი ქუჩებში, შევდიოდი მაღაზიებში და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან ჩემი წილი სიკვდილი მიმქონდა. აღარ შემეძლო მეგობრების ნახვისას, მხოლოდ სიბრალულით აღსავსე, დიდრონი თვალების ხილვა, ხოდა მეც გავიქეცი... ხომ გითხარით, მაქსიმეს ამოძირკვა მომიწია. იქამდე ვეცადე, რომ ნელ-ნელა ვივიწყებდი მის სუნს, მის თვალებს, ხმის ტემბრს... მაქსიმესგან მილიარდობით საინტერესო ფრაზა მქონდა მოსმენილი, მაგრამ ბოლო დროს, რატომღაც თავში მხოლოდ მისი ეს სიტყვები მიტრიალებდა - "ასეთი უნდა იყო- გამტანი! თუ არასოდეს მოგბეზრდება შენი კეთილდღეობისა და იდეებისთვის ბრძოლა მუდამ გამარჯვებული იქნები! თუნდაც წააგო, შენს თავთან მაინც მოგებული დარჩები!" მე არ ვიცი, რომელი ომი მოვიგე, თუმცა ერთში კინაღამ დავმარცხდი და ამ ომს სიცოცხლე ჰქვია. მან გამტეხა, ხერხემალში გადამამტვრია და სამუდამოდ ხეიბრად დამტოვა, თუმცა იქამდე სანამ ჩემს სხეულს ძალუძს ჟანგბადის ახალი დოზის მიღება, ჯერ კიდევ შემიძლია ვიბრძოლო. ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩემში არსებული მაქსიმე არასდროს მოკვდეს. ვისუნთქო იქამდე, სანამ შევძლებ სხვებისთვის ვიყო ის მაქსიმე, რომელიც მე ასე ძალიან მჭირდებოდა... რომელმაც ივლისის ერთ ჯოჯოხეთურად ცხელ და ჩახუთულ საღამოს, ერთი პატარა, ძველი თბილისური ბარის კუთხეში ჩემი წილი სასიცოცხლო ჰაერი მაჩუქა.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.