მთავარ როლებში:
შშმ ვახო-პარაოლიმპიელი
სალი გალდანი love
შაკო ძმაკაცი
ნოდო ექიმი-ნემსინემსი
ელენე დედიკო
ვატო ბაბნიკი კავსაძე
ბიდონა
მამა
და სხვები
მე ხელები თავქვეშ ამოვილაგე და გემრიელად გავიშხლართე, მხოლოდ ის გავიგე, როგორ წაიკითხა კაცმა ინგლისური ფრაზა კომპიუტერში:
- From where do children come from? და დააყოლა - ამის დედა ვატირეო.
დედა ვატირეზე გამახსენდა, ჩემს ეზოში ერთი მარტოხელა რუსი ქალი ცხოვრობდა, ნაძია ერქვა, თუ რაღაც ამგვარი, რომ მოხუცდა მეზობლები იმის გამო ხოცავდნენ ერთმანეთს-არა მე მოვუვლი ქალბატონ ნაძიას და არა მე გამოვუცვლი დასვრილ ქვეშაგებსო, არა თვისთავად მოხუცის მოვლა მითუმეტეს თუ პატრონი არ ჰყავს ოქრო საქციელი მგონია, მაგრამ იმისთვის, რომ როგორმე, მისი კარგა მოზრდილი ბინა დაითრიო, ნამდვილად ცუდად ჯდება საერთო სურათში. ხოდა ბოლოს ნაძიას სახლში ცეცხლი გაჩნდა მას და მის მეზობლებს კი დედა ეტირათ. სანამ სახანძრო მოვიდა, აალებულ ორსართულიან სახლს მეზობლები, ეზოს შუაგულში არსებულ ონკანზე მიმაგრებული ვიწრო რეზინის მილით აქრობდნენ. აი მამას თუ ოდესმე ღვინის ბოცებიდან ჩამოსასხმელად გაუგზავნიხართ, სუფრასთან მომლოდინე კაცებივით რომ დაჰბერვოდათ ღიპები, ერთხელ მაინც გადაგცდენიათ ასეთი მილიდან ღვინო და ისეთი სახე მიგიღიათ თითქოს პირველად გასინჯეთ ლიმონი ან რამე მსგავსი „მჟავობა“. მე მამა არ მყავდა ასე რომ აზრზე ანუ ა-ზე არ ვარ ასეა თუ არა, ჩემმა საუკეთესო და ერთადერთმა ძმაკაცმა შაკომ მითხრა და მეც ვიმეორებ. იმ ხანძრის მერე გამეფებულ საყოველთაო ალიაქოთში პირველად ვნახე აირწინაღი, თან საბჭოთა, ის ჩემი კოშმარების ახალ წყაროდ უმალ გადაიქცა. წარმოვიდგენდი იმ შავ კაცს აირწინაღით და მზად ვიყავი სამუდამოდ უარი მეთქვა ძილზე, იმ 5 წუთზეც კი, სკოლაში წასვლის წინ, დედაჩემის სიტყვების შემდგომ რომ ვიპარავდი. ასე მგონია ის 5 წუთი იყო ყველაზე გემრიელი და მსუყე. ვახტანგს მარტო დედა მეძახდა, მართალია ის იყო ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე ვისთვისაც დანარჩენებისგან არაფრით განვსხვავდებოდი, მაგრამ, იმ ფაქტში, რომ ვახოს არ მეძახდა, მაინც იგრძნობოდა ჩემი სტატუსის საზოგადოებაში გაუმჯობესების სურვილი, რაც მის ქვეცნობიერში, ჩემი ნაკლოვანების აუღიარებელ აღიარებას ნიშნავდა ნაწილობრივ.
ყველაზე ძალიან ადრიანი შემოდგომის მზიანი ამინდები არ მევასება, მზეა თან ცივა, ეს ყვითელი ხეები სევდიანად დაგყურებენ თავზე, მოკლედ ჩემთვის დასაფლავების, პანაშვიდის, ავიაკატასტროფის და ყველანაირი უბედურების ამინდია. იმ დღესაც ეგეთი ამინდი დაემთხვა, ბევრად უფრო თბილი დამოკიდებულება მაქვს ჭექა-ქუხილის, თავსხმა წვიმის ან თუნდაც სეტყვის მიმართ. რატომ არავინ იცის, ისევე როგორც ის, თუ რის გამო ოცნებობენ ადამიანები სიცხეში სიცივეზე და პირიქით ყოველ წელს გაუთავებლად-ალბათ შიგ აქვთ. მოკლედ ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, ხმას არ ვიღებდი, ბეტონის გიგანტურ ფილაზე, იქნებოდა შვიდი საათი, მეწამული ზეცა და ზღაპრები და რომანტიკა არა, მაგრამ მეზობლის კორპუსი ბრდღვიალებდა იცოცხლე, ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მე კი ვუყურებდი, როგორ მიდიოდა რეზინის მილში წყალი, როგორ დარბოდნენ იქით-აქით ყველანი, როგორ ამარიაჟებდა აირწინაღს ავთო, ნახევრად სომეხი ნახევრად ქართველი, სხვა ნახევრებიც ჰქონდა ავთოს, რუსი თუ უკრაინელი, მათემატიკა მაგან და ბებიამისმა მასწავლეს ამიტომ ჩავიჭერი მგონი პირველ წელს საატესტატო გამოცდებში, მაგრამ წყენა გულში არ ჩამიდია. მიმატება გამოკლებაზე რომ მიდგება საქმე და ვინმე გამომცდელ კითხვას მისვამს, უბრალოდ ჩაფიქრებულ სახეს ვიღებ, ვითომ ვანგარიშობ, მანამდე სანამ, ლოდინით დაღლილი ჩათლახური კითხვის ავტორი თვითონ მოიფიქრებს პასუხს და მერე ვეთანხმები. ეს კაი ეშმაკობა ვისწავლე, მაგრამ მაშინ ბეტონის ფილაზე წამოსკუპებულს წარმოდგენაც კი არ შემეძლო იმის, რაც შემდგომ სამყაროში ჩემს გარშემო დატრიალდებოდა.
ჩემს დიდ შავ თვალებში ირეკლებოდა კოცონი მთელი თავისი სიმაღლით და მეც წარმოვიდგენდი ვითომ ჩვენ ბავშვებს, მეზობლებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ჭიაკოკონობა ნაადრევად მოგვიწყვეს, ეგ იყო გადახტომა აგვეკრძალა, თუმცა ორსართულიან შენობას ვერაფრით გადავახტებოდით.
დებილო მითხრა ერთხელ ავთოს დედამ, ოღონდ ეს სხვა დებილო იყო, ის არა ბავშვები ეზოში ერთმანეთზე გაბრაზებისას რომ ამბობენ და სწორედ ის შესაბამისი ტერმინოლოგიის არქონის გამო, ძველი თაობის უფროსები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს რომ უწოდებენ. დიახ სწორედ იმ დებილოთი მომმართა ავთოს დედამ. მის ხმაში იყო მზრუნველობა სითბო და საოცარი გიგანტური სურვილი სადმე განმარტოვებული ვენახე, მერე კი მივეხრჩე საკუთარი ხელებით, რადგან ერთ მეორედს, ერთ მესამედს ვერ ვუმატებდი, - შენი დედაც მოვტყან მეთქი ვუთხარი მე და გამოვიქეცი, ბევრი არაფერი მესმოდა მაგრამ იმას მივხვდი რომ, თუ შეგინების სურვილი გაცილებით აღემატებოდა ჩემში სირცხვილის გრძნობას, უნდა შემეგინა. სირცხვილის გრძნობა ალბათ სულ არ მქონდა, ის საზოგადოებაში მოულოდნელმა წამოყვირებებმა, რასაც ჩემი ექიმი ნოდო ტატიშვილი ბავშვობაში გადატანილ ვირუსს აბრალებდა, სრულად გააქრო. დაბადებიდან ხარვეზები კი მქონდა, შშმ ვიყავი, როგორც ახლად დატრენინგებული კატო მასწი იტყოდა, მაგრამ დებილო მაინც მწყინდა, მერე რა თუ ყველაფერზე სხვა ბავშვებივით არ ვრეაგირებდი. შშმ ძნელი წარმოსათქმელი იყო, თორემ ჩვენს კლასში სადაც ყველაფერი საღადაო თემად უმალ იქცეოდა, ელამი დათოს, კოჭლი ანის და დიდცხვირა იკას მსგავსად, მეც დამიძახებდნენ შშმ ვახოს, ეს კი სხვა კლასელების მაგალითზე, „ბავშვის სათუთ ბუნებას ანგრევს”
ბოლო ფრაზა კატო მასწავლებლისგან ვიცი, ის ამ სიტყვებს ყოველ ჯერზე მთელი კლასის გასაგონად იმეორებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედახორის ქვეშ მოყოლილ ვახოს ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. მე კი ვიჯექი და უაზროდ ვიცინოდი, შემეძლო ყველგან გამეცინა სადაც მოვისურვებდი, მეგრულ პანაშვიდზე სადაც სახალისო მელოდიებს უკრავდნენ, პოლიციის განყოფილებაში სისხლიანი გარჩევის შემდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ - რკინისყვერებიანი დირექტორის კაბინეტშიც კი, როცა ის სხვა კლასელ ბიჭებს ფანჯრების მსხვრევის გამო, ლამაზ-ლამაზი სიტყვებით ამკობდა. გადმომხედავდა ერთს და სანამ სხვები შიშით ცახცახებდნენ, მე და მას მკაცრი მზერითი ურთიერთობა გვქონდა, როგორც მე შევარქვი. მისთვის არასოდეს შემიგინებია, ის იმ ადამიანების სიაში შედიოდა, რომლებისაც ცოტათი მაინც მეშინოდა, კიდევ მეშინოდა წარბშეკრული დედის, ხელჯოხმომარჯვებული ბებიის, ლოთი კაკის მეზობლად რომ ცხოვრობდა და საზიზღარი ლოშნა იცოდა. ერთი კია, მოზრდილებიდან მხოლოდ ის მომფერებია და ყოველ დილით მხოლოდ ის მეკითხებოდა-ბიჭო ხო ხარ ლომივითო. ნოდო ექიმის მეშინოდა კიდევ, განსაკუთრებით, თუ ნემსით ხელში მხვდებოდა თავის კაბინეტში, სადაც დედას ზურგზე ხელის ოდნავი მიწოლით შევყავდი, ეს კი მაგიჟებდა და ეგრევე ვრთავდი ღრიალს, აუფ წამოუარა ისევ, დადარდიანებული სახით იტყოდა ნოდო ექიმი ხმამაღლა და ნემსს, რომელიც სხვა პაციენტისთვის იყო განკუთვნილი უჯრაში ჩადებდა. ასე მგონია მიზანმიმართულად მხვდებოდა ნემსით ხელში ხანდახან, რომ შევემოწმებინე განვიკურნე თუ არა. ჩემი ოფიციალური დიაგნოზი, მწირი სამედიცინო კვლევების და ჯერ კიდევ უცნობი სიმპტომური გამოვლინებების გამო ასე ჟღერდა: ნაწილობრივი გონებრივი აშლილობა, გონებრივი და მექანიკური შესაძლებლობების თანდაყოლილი ნაწილობრივი შეზღუდვით. ანუ, როგორც ავთოს დედა ამბობდა დებილი ნამდვილად არ ვიყავი. ასე ვიტყვი, ჩემი პლუსები და მინუსები მქონდა, როგორც ყველას. აი მაგალითად ჩემი ძმაკაცი შაკო შესანიშნავად თამაშობდა ფეხბურთს, ერთხელ გოლიც კი გაიტანა, თავის კარში, მაგრამ ჩემს ოთახში ჯარისკაცებით თამაშის არანაირი ნიჭი არ ჰქონდა. არც ტანკის ხმის განსახიერება იყო მისი ძლიერი მხარე. ასე ვიყავი მეც, თუ სხვები საფეხბურთო კარიერას დიდი ვაი ვაგლახით ასრულებდნენ ორმოცი წლის ასაკში, მე ეს გადაწყვეტილება ადრევე მარტივად და უმტკივნეულოდ დაბადებისთანავე მივიღე და გადავწყვიტე ჩემი თავი სხვა გაცილებით საინტერესო საქმიანობისთვის მიმეძღვნა. თუ ჩემი კლასელები დადიოდნენ ცეკვაზე, ინგლისურზე, როიალზე და ათას ჯანდაბაზე, მე პატარაობაში მასაჟზე, ცურვაზე და მათემატიკაზე ვცადე ბედი. მათემატიკა ავთოს გამო, დაიჟინა ამ ბავშვს უფასოდ ვამეცადინებ ქალბატონო ელენეო, მე ბევრი ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ დედაჩემმა ჩემი დღის გრაფიკიდან ერთი მულტფილმი ძალადობრივად ამოიღო და ის დრო ავთოსა და დედამისის კოლექტიურ მათემატიკის გაკვეთილებს დაუთმო, ამან ძალიან გამანაწყენა და მანამ ვიყვირე სანამ რამდენიმე დღით ხმა არ დამეკარგა. ამ გასაოცარმა პრაქტიკამ ჩემი ყვირილის სურვილი თითქმის ნოლამდე შეამცირა. წამომაყვირებდა ხოლმე მაშინ, როცა არ ველოდი, მაგრამ ხშირად აღარ, ხუთი-ექვსჯერ დღეში. ამ ფაქტმა ჩემი კლასელები ერთხანს ძალიან დაადარდიანა, რადგან ყურადღებას აღარ ვიქცევდი და მასწავლებლებიც მათთვის ბაკების ახევის საყოველთაოდ მოღებულ და დიდი ხნის წინ ალბათ ჯერ კიდევ სუსურუკუში დანერგილ პრაქტიკას ძირფესვიანად იყენებდნენ.
თუმცა ეს ყველაფერი მერე იყო, მას შემდეგ რაც ხანძარი ჩააქრეს და გამოძახებაზე დაგვიანებით მოსულ სახანძრო ეკიპაჟს სულ დედა აგინეს, იყვნენ თუ არა ღირსები თავად განსაჯეთ. თურმე წინა საღამოს ეკიპაჟის უფროს გივი თავდგირიძეს ორი ტყუპი ვაჟკაცი შეეძინა, გივი რისი უფროსი იქნებოდა იმავე ღამეს მაგარი სუფრა, რომ არ ეკისრა, მოკლედ მთელმა ეკიპაჟმა ისე მოილხინა, სამაშველო სამსახურში კიდევ საუკუნეები რომ გაიხსენებენ სახანძრო მანქანის ჭავლიდან ღვინის ოხრად სმის ამბავს. ეს კარგი, დილით სირენამ წამოხტომას მიჩვეული ხალხი კი წამოახტუნა, მაგრამ ოფიციალური ვერსიით, რომელიც უბანს ჭორის სახით დეპუტატმა კობა კიკვიძემ მიაწოდა, ღვინოს სმას გადაყოლილ ეკიპაჟს ხელი ტექნიკის გაუმართაობამ, კერძოდ კი დასაწნევ მილში მოხვედრილმა მჟავე კიტრმა შეუშალა, რის გამოც ავზი დროულად არ აივსო წყლით, რომელიც ჩემი მეზობელი ნაძიას სახლისთვის უნდა ეპკურებინათ. კობა ყველას გარდაცვლილი ეგონებოდა ხანძრამდე ვინმეს ისე, უბრალოდ საღადაოდ, რომ ეთქვა ტყუილი -დეპუტატი კობა გარდაიცვალაო. მიმდინარეობს გამოძიება შეჰყვირა კობამ, როცა ეკიპაჟის დედების მოხსენიებით გართული ბრბოს ემოციებმა მისი მოთმინების ფიალა აავსო. დანარჩენები გაისუსნენ, იმიტომ არა რომ კობას პატივს სცემდნენ, უბრალოდ პირველად ნახეს კაცი მეშვიდეკლასელები სიმაღლეში რომ უსწრებდნენ, ქალის ხმით აკნავლებულიყო. ეს ოქროს შუალედი იყო წივილსა და კივილს შორის და ის კობას ღირსეულად ეჭირა. -აბა ბიჭო გაუჭირდებოდა, ოპერაში მღეროდა ეგ ტრაკი, თქვა ლოთმა აკაკიმ ერთხელ. კობა ჯიგარი იყო, ასე ახასიათებდნენ ჩემი მეზობლები, რომელთა დაბზარულ და რკინაბეტონისკონსტრუქციებშეყენებულ სახლებს კობას წყალობით ბრჭყვიალა თუნუქის სახურავები ეხურათ. სიმართლეს თვალს ჩვენთანაც უსწორებდნენ, მაგალითად, როცა თამილა დეიდა, რომელიც ხანდახან კოორდინატორი იყო ხანდახან კი ბაღის აღმზრდელი კობას სახურავების ქება დიდებას დაიწყებდა, ეზოში შემობარბაცებული ლოთი აკაკი შეახსენებდა ყველას ვინ იყვნენ და რას იმსახურებდნენ. მათ შორის რომელიღაც ნამდვილად ჭეშმარიტებას ღაღადებდა. აკაკი მხოლოდ თუნუქის სახურავის დედის გინებისას ცდებოდა და ღმერთმა შეუნდოს. ერთხელ სკოლაში მისულს კლასელები ზედმეტად ჩაფიქრებულნი მომეჩვენნენ, ბევრს ვერაფერს ვამჩნევდი ხოლმე, მაგრამ ეს არ გამომპარვია, მეც კაი ოხერი ვინმე ვიყავი, ერთხელ სტადიონზე წამიყვანეს, რაღაც მაგარი თამაში იყო, როგორც ვატო კავსაძე, ჩემი ყველაზე თესლი კლასელი ამბობდა, „მაგარი იგრა“, სუპერთასი თუ რაღაც ამგვარი, დედაჩემს იმდენ ხანს ეხვეწებოდნენ იმედიც კი გამიჩნდა ახალი მეგობრები ვიპოვნე სულელი შაკოს გარდათქო, სტადიონთან მივედით თუ არა, ერთი სურვილი გვაქვსო მითხრეს, ასე ვითამაშე „პრეძელნა უნარშეზღუდულის როლი”, წარმოიდგინეთ დაცვას ეჭვიც კი არ შეჰპარვია, ცოტა კი მეწყინა, მაგრამ დანარჩენები ისეთი ბედნიერებით უმზერდნენ თამაშს და საყვარელ ფეხბურთელებს, რამდენიმე მეტრის მოშორებით, რომ ჩაირბენდნენ ხოლმე, ბევრი არ მიდარდია. ჩემს გარშემო ყველა რაღაცას ღრიალებდა:
- ნესტა ბავშვი მინდა შენგან- წიოდა გოგო.
- ორიანი მიდევს და არ წააგოთ თორე დედას მოგიტყნავთ-ღრიალებდა ხანში შესული კაცი.
ფონად კი ამ ღრიანცელს მჭექარე და დინამოს თავზე დაკიდებული ზეცის გამპობი, „საქართველო“, „საქართველო“ გასდევდა.
მერე კი ისევ ვატო კავსაძის, - პასი, შე ყლეო, პასი.
იმ დღეს პირველად დავლიე, მაგრად დავლიე, ისე რომ არცერთი ჩემი წიკი არ გამხსენებია, არც თვალებს ვახამხამებდი არც ვყვიროდი, არც ვხტუნავდი მოკლედ ყველაფერი მიბნედილ მდგომარეობაში მქონდა. დილით დედამ გამაღვიძა, ის ერთადერთი დღე იყო, როცა სახლიდან სკოლაში არ მაგდებდა, თავი კაცად ვიგრძენი. წამოვდექი და განვუცხადე, რომ, მე მსურს სწავლა და მივდივარ სკოლაში, შიგ ნამდვილად არ მქონდა. ისე მომეწონა კლასელებთან ერთად დროის ტარება და სტადიონის შესასვლელთან, დანარჩენებთან ერთად, როგორც ვატო იტყოდა „პრეძელნა უნარშეზღუდულის როლის” თამაში, გაკვეთილებს ნაღდად ვერ გავაცდენდი. კლასში შესულმა მაშინვე ვიგრძენი სულ სხვანაირი მზერა, კატო მასწავლებელი დიდი ყბედი ვინმე იყო, მისი მუდმივი ტლიკინი ჭკუიდან შეგშლიდათ. არ ვიცი საიდან მოიტანა, მაგრამ ჩემს არყოფნაში ბავშვებს მოუყვა, რომ თურმე აბსოლიტურად ყველა დებილს ცხოვრებამ რაღაც სადღაც კი დააკლო, მაგრამ უეჭველი განსაკუთრებული ნიჭი მისცა, თუმცა მე არც ფორესტ გამპივით იღბლიანი ვყოფილვარ და არც რეინ მენი, მაგრამ ჩემს ყომარბაზ კლასელებს ვერაფრით დავაჯერე, როცა ხელების გრეხვით ვცდილობდი ამეხსნა, რომ არა თუ კარტების დათვლა ბლექ ჯექში, ერთი მეორედის ორი მესამედისთვის მიმატებაც კი მიჭირდა, უცბად ავთოს დედა გამახსენდა, მაგარამ ვერაფერმა მიშველა, პარასკევს საღამოს რაღაც მიჯღანულ კაზინოში ვიჯექი.
- ბიჭო არ მიგიხვდნენ სვერხისტესტვინი ძალები რო გაქ, ტექნიკურად ითვალე თორე დაგვენძრევა ყველას. გამაფრთხილეს შიშით.
მე კი ვიჯექი ხუთ კაცში ძლივს შეგროვილი ოცდაათი ლარის ჩიპებით და ისინი ბავშვებისთვის თვლის სასწავლად განკუთვნილი სათამაშოები მეგონა. მაშინ უკვე თვრამეტის ვიყავი იმხელა წვერი მქონდა ოცდახუთისას ვგავდი, ვცდილობდი მაგიდასთან გრეხვა არ დამეწყო, ან არ წამომეყვრა, გავწითლდი ვეღარ ვიკავებდი ჩემში დაგროვილ ემოციებს და ველოდი გიგანტურ აფეთქებას, რაც კი ჩიპები მედო მოუქნელი მოძრაობით მთლიანად შევყარე მაგიდაზე, დანარჩენებმაც მომბაძეს, მე ძალიან მეფსოდა, იმათ ალბათ მოგება უნდოდათ, მეყვირებოდა, მეგინებოდა და სანამ ავფეთქდებოდი კრუპიემ, რომელიც ლამის ჩემ მაგივრად თამაშობდა, ბანქოს ამობრუნება მთხოვა და ჰოი საოცრებავ, დიახ თქვენ გამოიცანით ყველაფერი წავაგეთ, აბა რას უნდა ელოდე ადამიანისგან, რომელსაც სულ სხვა რამეებზე ეფიქრება პოკერის თამაშისას და ეფსია.
- ეეე რეინ მენი კი არა ყლე, თქვა შაკომ გარეთ გამოსვლისას. მე მეწყინა და მაგრად მოვადე.
იმან დედაჩემს უთხრა-თქვენმა გიჟმა შვილმა კინაღამ მომკლაო. დედაჩემი დადარდიანდა, ვიღაც შტერმა წამოაყრანტალა მაგის დაავადებას იტალიაში მკურნალობენო, იმ დღიდან დედამ დიდ ყულაბაში ფულის მოგროვება დაიწყო და ერთ საღამოს როცა საყვარელ სერიალს ვუყურებდი გვერდით მომიჯდა.
- ვახტანგ ძვირფასო, აი აქ ვიცოდი, რომ რაღაც შარი მზადდებოდა, არ გინდა იტალიურის კურსებზე იარო? ეს არ გინდა დაახლოებით ისეთი რამე იყო, არ გინდა ისუნთქო? პასუხი უეჭველი კი უნდა ყოფილიყო თორემ დედაჩემის ტყუილად არ მეშინოდა სხვა დანარაჩენებთან ერთად. ვიფიქრე ჯანდაბას ჩემი დღის რეჟიმიდან მთქნარებისთვის განკუთვნილი 1 საათი ამოვიღოთ მეთქი. ასე გავიცანი ლანა მასწავლებელი, მის გიგანტურ სათვალეებს იმხელა ლინზები ჰქონდა ბავშვებმა დურბინდა შეარქვეს, პირველ დღეს გამიცნო, როგორც ხდება ხოლმე დედა ყავაზე დაპატიჟა, ისიც ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა და მშვენივრად იცოდა ვინც ვიყავი, მაგრამ პრანჭვა გრეხვის დრო იყო და დედამაც არ დაახანა, ლანა მასწავლებელო ჩვენ ცურვაზე დავდივართ, მასაჟებზე და მათემატიკაზე ავთო ნაცვლიშვილთან და ცისანასთან, არ დაგავიწყდეთ რომ თვრამეტი წლის ვიყავი. ლანა ყურადღებით ისმენდა ყველაფერს, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს, ნამეტანი აინტერესებდა დიეტაზე რატომ ვიჯექი და რომელი ორგანო მქონდა გადიდებული, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ეგ იყო ცოტა მეშინოდა მისიც, დიდი თვალების გამო, სათვალის მიღმა ორჯერ-სამჯერ დიდი რომ ჩანდა.
მესამე გაკვეთილზე ლანა მიხვდა, რომ იტალიურს კი არა სამამდე დათვლასაც ვერ მასწავლიდა თუ სადავეებს ხელში არ აიღებდა.
- დავალება სადაა თავდგირიძე.
- არ მმმმაააქვს დადადადავალება მას.
- რას ქვია დავალება არ გაქვს! გაცეცხლდა ის. შენ ხარ ყველაზე ცუდი და ზარმაცი ბავშვი ვინც კი შემხვედრია ვახო.
- ვინააააა ზარმაცი?! ვიყვირე მე.
წარბიც არ შეუხრია არც კი შეეშინდა, არა და ჩემი ყვირილი ყველა მასწავლებელს შოკში აგდებდა.
- შენ, შენ შე ზარმაცო ნახევარი გვერდი დავალება არ დაწერე.
აი ეხლა გიტირებ დედას ლანა მეთქი ვიფიქრე და ჩემი ტრიუკის გათამაშება გადავწყვიტე, დედას სულ ვუჩუყებდი ასე გულს, როცა რამე მინდოდა და არ მინდოდა, ჩემსას ყოველთვის ვიღებდი.
რაც ძალი და ღონე მქონდა ვიღრიალე.
- დებილი ვარ მე დებილი არ ვარ მე ზარმაცი, ვახო დებილია და დავიწყე კლაკვნა სკამზე, თან ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.
ლანამ ერთხანს მიყურა, მერე კი ცივად მომიგო.
- ვახო ნუ აფერისტობ, შენს სიზარმაცეს ვერაფრით დაფარავ, ოროსანი ხარ, შენი სიზარმაცის გამო.
ღმერთო ჩემო ყველს სჯეროდა ჩემი სიდებილის, სისულელის და სიგიჟის, სტადიონზე უშნოდ დაღრეჯილ დაცვის ბიჭსაც კი, რომელსაც არასოდეს მანამდე არ ვენახე და შშმებისთვის განკუთვნილ ადგილას ოთხი ნორმალური და ერთი დებილი შეგვიშვა. ამ ქალმა კი, მთელი ცხოვრება ათას ადგილას დაღრეცილს რომ მიმზერდა ფანჯრიდან, კატეგორიული უარი განმიცხადა, სათვალავში მიეღო ჩემი არანორმალური საქციელები, დებილი ვარ მე ლანამას მეთქი ვიღრიალე კიდევ, მაგრამ ამ ქალს საკუთარი ჭეშმარიტი საცოდაობა ვერ დავაჯერე, აი მან კი იმ დღეს ნამდვილად დამარწმუნა იმაში, რომ რაღაც ჩემგანაც გამოვიდოდა, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მერე გავიგე ჩვენი სამუდამო განშორებისას, რომ ვიცოდი ის რაც მეგონა რომ არ ვიცოდი, ის რაც ლანამ მესამე გაკვეთილზე მითხრა და მე ამდენი ხანი ამოუხსნელი ამოცანასავით ვატარე. სახლში მისულს დედა გარეთ დამხვდა, იქვე მეზობელი კაცები აბირჟავებდნენ, ისინი ჩვეულებრივი ჭორიკნები იყვნენ, თან იცოდნენ მამა არ მყავდა და მთელი ბავშვობა აღიზიანებდნენ დედას სულელური ხუმრობებით.
- მოვიდა ჩემი პრემიერ მინისტრი- მითხრა დედამ ორი მეზობელი ქალის თანდასწრებით, იქვე კაცებმა ერთი გემრიელად გადაიხარხარეს, დედა წამოხტა რა იყო რას ხითხითებთ ვიზე ნაკლებია ჩემი შვილი!
- არა ქალბატონო, ამოიღო თავისი ხრინწიანი ხმა ყველაზე სტაჟიანმა გურამამ, ბიდონას ეძახდნენ იმდენი სასმელი ჩასდიოდა, მოკლედ გურამამ ჩაახველა, ხმა თუმცა იგივე დარჩა, ეს უფრო ჩვევა იყო.
- სადაც პედარასტები და ზანგები ქვეყნებს მართავენ დიდი ამბავი ესეც პრემიერ მინისტრი გახდეს რა, ხეხეხეხეო და ისეთი ვტენე დინგში ცხვირიდან სისხლი ჩვენს ეზოში მოშლილი ონკანიდან წამოსული ნიაღვარივით მოსდიოდა.
როგორც მერე ლოთი აკაკი ყვებოდა დედა ვუტირე.
- უხ თქვენი დედა მეთქი და მანამ ვაგინე სანამ დედამ ყურში ხელი არ ჩამავლო და სახლში არ შემათრია.
- ვახტანგ თავდგირიძევ როგორ იქცევი, ვინ გასწავლა ამდენი გინება.
გინებაც და სხვა ბევრი კარგი რამეც იმ სირებმა მასწავლეს, მაგრამ მაინც არ ჩავუშვი.
ჩაშვებაზე გამახსენდა. ბეტონის ფილაზე ვიჯექი და უკანალი მეყინებოდა, მერე და რატომ არ აწიეო, იტყვით თქვენ და ალბათ დროა ჩემი დაავადების კიდევ ერთ უცნაურ გამოვლინებაზე მოგიყვეთ შემდეგ ის სალომე გალდანს, გაშეშებას და საბოლოოდ ჩაშვებას დავუკავშიროთ. მოკლედ ხანდახან უფრო იშვიათად ვიდრე წამოყვირება და უფრო ხშირად ვიდრე წამოხტუნება, ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში მოვლენა, რომელსაც ნოდო ექიმმა უეცარი და დროებითი გაშეშება უწოდა. მივდიოდი სკოლაში და უცბად მოწყვეტით ვეცემოდი სახით ასფალტზე, ვიჯექი კლასში და კავსაძის მონოტონური ხმის მოსმენისას მაშეშებდა, ამჯერად ნელა ოცი წამის განმავლობაში მივსრიალებდი მერხის ქვეშ, როგორც პითონი, რომელიც გალიიდან მიიპარება. სახლში მულტფილმების ყურებისას მაშეშებდა და ვიჯექი ასე სანამ საინფორმაციო დაიწყებოდა, მისი ყურება ერთგვარი წამება იყო ჩემთვის. მოკლედ გავუბედურდი, რამდენიმე დღე ვიწექი ან ვიჯექი ასე გაშეშებული და მერე ჩემი ცხოვრება თავიდან იწყებოდა, რესტარტი გაქვს სადღაც ალბათ და არ ვიცით ამბობდა შაკო. ყველაფერს ვიმეორებდი რაც მესმოდა, ერთხელ ჩემმა მეზობელმა კითხვაზე როგორ ხარ ავთოო, უპასუხა ისე ვარ თითქოს თავიდან დავიბადეო და მეც გაშეშების შემდეგ, გაცოცხლებული, ნოდო ექიმს მუდამ ამ ფრაზით ვეგებებოდი, თავიდან დედა ძალიან ნერვიულობდა მერე კი ეტლი შემიძინა, ის ჩემი მეზობელი ბავშვების საყვარელ გასართობად იქცა, დამათრევდნენ იქით-აქეთ გაშეშებულს, ვერც ვყვიროდი, ვერც ვიგინებოდი და ვიფურთხებოდი.
„-არ ქნა თორე ღმერთი დაგსჯის“ - ერთი სიტყვა მიემატა მათ ლექსიკონში, „ვახოსავით”.
უკანალი ბეტონის ფილაზე სწორედ იმიტომ მეყინებოდა, რომ ეს პატარა მაჯლაჯუნები, ხანდახან, ჩვენს გორაკა ეზოში, ჩემი ეტლით სპრინტებს აწყობდნენ. რა თქმა უნდა ჩემს გარეშე, ჩამომსვამდნენ ამ ფილაზე, თვითონ კი ისე დაკატაობდნენ, ჩემი ძლივს შეკოწიწებული ეტლი ბოლიდი გეგონებოდათ. მაშინ პირველად შევამჩნიე რომ თამაშით დაღლილი ბავშვების მიერ ჩემ გვერდით დაყენებულ ეტლში, მხოლოდ სალი გალდანი ჯდებოდა და იჯდა ასე, მანამ დედა არ დამიძახებდა. სხვები ეტლში მომათავსებდნენ და მიმაგორებდნენ იქ სადაც უკვე მელოდნენ. სალი იჯდა ჩემს გვერდით და უყურებდა როგორ იწვოდა მეზობლის სახლი, ჩემს ეტლში იჯდა, მე დაღრეცილი დაკლაკნილი სახეშეცვლილი, კისერგაშეშებული მხოლოდ თვალებს ვამოძრავებდი და ვცდილობდი ორივე მათგანი მარცხენა საფეთქელთან გადამეტანა. ცოტა მარჯვნივ ვერ მიმაბრუნეს ამ შობელძაღლებმა?!-ვფიქრობდი მე. სალი იჯდა ჩემს გვერდით სკოლაში, როცა გოგო-ბიჭად დაგვაწყვილეს, უბედნიერესი ვიყავი სანამ ელამი დათო ჩამიშვებდა. ეს იყო ასე:
დათომ პასტა ანუ კალმისტარი მათხოვა, მეც ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ვუმზირე საკონტროლოზე მოსულ ამოცანას და მისი პასტის თავსახური ჩემი კბილებით მთლიანად გადავღრღენი, თუ დავღეჭე, მოკლედ როგორც არის, ტესტი დასრულდა თუ არა კალამი უკან გავუწოდე, თან რატომღაც მეღიმებოდა, ისე უაზროდ, ელამმა დათომ ჩემი ორმაგი ღიმილი, ორმაგ შეურაცხყოფად და მწარე დაცინვად მიიღო. არასოდეს მომხდარა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ასეთი ჩაშვება. ჯერ ორივე თვალი ჩაუსისხლიანდა, სახე გაწუთლდა, მერე კი იყვირა:
- ეკა მას ვახოს სალომე გალდანი უყვარს! ეს ამბავი ჩემთვის მარტივი გადასატანი ნამდვილად არ იყო, იმ დღეს პირველად გავიგე, რომ სალომე გალდანი მიყვარდა.
სიყვარული ნამდვილად არ ვიცოდი რა ოხრობა იყო, მარტო იმას ვამჩნევდი, როგორ მითბებოდა ყურები როცა ის შემომხედავდა, იმ წამს ოთახში შუქები რომ ჩამქრალიყო, ჩემი ყურები გაანათებდნენ. კიდევ სუნთქვა მეკვრებოდა თუ მეხსნებოდა და მასთან ერთად არასოდეს გავშეშებულვარ.
ვიქნებოდი ოცის რომ მივხვდი თურმე ის კალამი ერთი ოცთეთრიანი, უმნიშვნელო რამ იყო, თუმცა ეს დათოს ღირსების შელახვის მიზეზი გახდა. აი სალომე კლასში ჩემს გვერდით აღარ მჯდარა. მეგონა ის დღე ბოლო იყო როცა გვერდო-გვერდ ვიყავით. კარგი იყო, თუ ცუდი არ ვიცოდი, რა მოხდა ვერ ვხვდებოდი, მაინც ისევე ვუღიმოდი დათიკას, როგორც მანამდე. თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა, ჩემს დანახვაზე გალდანი წითლდებოდა, როცა ჩემს თავს ახსენებდნენ ტიროდა, ერთხელ შევნიშნე როგორ შლიდა დედამისი სახლის კედლიდან წარწერას ვახოს+სალიკუნა უდრის შეყვარებულებს, მაგრამ ბოლომდე ვერაფრით წაშალა, ასე დავრჩით მე და სალიკუნა ერთ კედელზე სამუდამოდ. ჩემი ცხოვრება მუდამ სავსე იყო თავგადასავლებით, ისინი მოდიოდნენ და ფრთებს შლიდნენ როგორც გადამფრენი ჩიტები, სეზონურად, იმიტომ რომ მე ყინვა და თოვლი ერთად ვერ ვქაჩავდით, პირველი იმიტომ რომ სუსტი იმუნიტეტი მქონდა, მეორე იმიტომ, რომ ჩემს მეზობელ ბავშვებს ყოველ ზამთარს საგუნდაო მოძრავ სამიზნედ ავერჩიე, ვითომ თოვლის კაცი ვიყავი და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი მციოდა და არ მევასებოდა თოვლი.
ამიტომ როცა სიმღერა „თოვლი მოსულა და კარს შემოაღებს ახალი წელი მალე“ - მესმოდა ღრიალს ვრთავდი, ვიცოდი, სახლში ჯდომა ნოდო ექიმის წამლებივით გამოწერილი მქონდა.
მგონი უკვე ვთქვი, რომ მამაჩემი არ მყავდა, ტექნიკური თვალსაზრისით, არც სხვისი მამა მყოლია, ანუ ამით იმის თქმა მსურს რომ დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ერთადერთი კაცი ვიყავი, მას შემდეგაც რაც მამაჩემი სახლში დაბრუნდა, რადგან დედა მანამდე სულ ამბობდა, გვერდით ოთახში ბებიასთან საუბრისას, ეგ ხომ კაცი არ არისო. ჩემი ცხოვრების ეტაპები დედაჩემის მომზადებული მარწყვის ჩინური ტორტივით, ლაბირინთივით ან აბურდული ძაფივით იყო. ჩვენს ქუჩაზე მოწყობილ პროფილაქტიკაში, მომუშავე არტურას ფრაზა კი იდეალურია, იმის აღსაწერად სად არის ცხრა ნომერი კლუჩი, ანუ ქანჩი ყველაფრის მოსაწესრიგებლად.
- ხუი ევო ზნაეტ. იტყოდა ის. ერთი წიგნი რომ წაეკითხა, მაგალითად გრაფი მონტე კრისტო ალბათ გიპასუხებდათ:
- არ ვიცი მონსინიორ, აქ იდო სადღაც გეთაყვაო. იმის თქმა მსურს რომ ნახმარი მანქანების, მაზუთიან ძრავებში ქექვისას, ზედმეტი თავაზიანობა აბა რა ჩემ ფეხებად გჭირდება. ისევე, როგორც მე მაგალითად იმის ცოდნა რა როლი ჰქონდა ბეისბოლში პიჩერს, რატომ იყო კრიკეტის სათამაშოდ განკუთვნილი ჯოხი უკნიდან ამობურცული, რისგან შედგებოდა დედამიწის ბირთვი და ასე უსასრულოდ შემდეგ.
- ძმაო თამაზ ასეთი ძველი მანქანა მოდიხარ, მეუბნები გააკეთოს, უკვე შეურცხოფა მაყენებ. აი ასე ხსნიდა გაცხარებას არტურა და მეც ვეთანხმებოდი, როცა გაშეშებულს დროებით, სანამ დედა მოპირდაპირე მაღაზიაში გამყიდველს ეჭორავებოდა, მის პროფილაკტიკაში მაყენებდნენ, ალბათ ხელობას რომ დავუფლებოდი.
- ეგრე არაა ვახო? მკითხავდა გეგონებათ უცბად დავუქნევდი თავს.
მე კი თვალებს დავხუჭავდი კის ნიშნად.
- აი დაინახე? ეტყოდა კმაყოფილი არტურა თამაზას.
- რა დავინახე არაფერი უთქვამს.
- თვალებს ხამხამს, გაშეშდა.
- რას შვებააა?
- თვალებს ხამხამსრო კი.
- ააააა
ვითომ ყველაფერი გაიგო, ალბათ დაიღალა, მეც ვიღლებოდი როცა კატო მასწავლებელი გვიხსნიდა, როგორ დაამარცხა ორმოცი ათასმა ახოვანმა ქართველმა რაინდმა, ორმოცი ათასმა საჯიშე ვაჟკაცმა ურიცხვი მტერი. ოღონდ ეს მერე ვიღლებოდი როცა გავიზარდე, თორემ იმ დროს ბეტონის ფილაზე გვერდები რომ მეყინებოდა არც კი მიფიქრია, რომ საჯიშე ვაჟკაცად არ მთვლიდნენ ან, რომ ჩემი ეტლით ბრძოლას ვერ შევძლებდი.
ნამეტანი მიყვარდა სირბილი, ხტუნაობა მოკლედ ყველაფერი რაც ფეხების მოძრაობას უკავშირდება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი გაშეშება სრულდებოდა, ყველა ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში იყო სანუკვარი მიზანი რისკენაც მიილტვოდნენ, ვიღაცას ფულის შოვნა უნდოდა, ზოგი ბირჟის კეთილმოწყობითა და გამაგრებით ედგა ქვეყანას მხარში, ვიღაც ქვას ჭამდა, აი მე კი იმ საოცარ დღეს, როცა სახანძრო მანქანის მილში გაჭედილმა მჟავე კიტრმა ეკიპაჟი დააგვიანა, პირველად გავიგე ავთოს სიტყვები, ეს ჩემისები პარაოლიმპიელობას ხომ არ აპირებენო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩემი ეტლით მოდრიფტავე პატარები შეამჩნია. პა რა რა რააა? ვიყვირე ისე რომ არავის ჩემს გარშემო არაფერი გაუგონია, პარარააააოლიმპიადაააა ამომძახა შიგნიდან ვიღაცამ. სახლში მიმაგორეს თუ არა ნელ-ნელა ენა ამოვიდგი.
თავდაპირველად სავარძელში მოთავსებულმა იქვე მოფუსფუსე დედაჩემს მივმართე მანამდე გაუგონარი მოუთმენლობით.
- დდდდდდდ დდდდდდეეეეე!
- ვახო აცადე, ნელ-ნელა მოგეშვება და მერე ილაპარაკებ.
მე კი იმ ტიპს ვგავდი სიზმარში გუდიანს რომ გაურბის და დედას ეძახის მთელი ხმით, მას კი არ ესმის, თუმცა რაღა დროს გუდიანია.
- დეეეეეეე დდდდდააააა ! ვიღრიალე.
- ელენე შემოტრიალდა და შემომხედა.
- რა იყო ბიჭო, რა ბზიკმა გიკბინა.
- პრპრპრ პარაოლიმპიადააა რაარი?
- რაო?
მე ველოდი რომ გუგლივით სწორ პასუხს ამოაგდებდა, აი შემხვედრი კითხვა კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, განსაკუთრებით მაშინ როცა უმოქმედობის კაიფიდან, როგორც ამას ნოდო ექიმი და შაკო უწოდებდნენ, ნელ-ნელა გამოვდიოდი.
- ლამის აზლუქუნებულმა ისევ ამოვღერღე, პარაოლიმპიადა რა არი?
- ოლიმპიადაა რა უნდა იყოს?
- ეტლით?
- ეტლითაც.
- მე პარაოლიმპიელი უნდა გავხდე, დალაგებულად ვუთხარი და წამოვდექი, ხელები იდაყვებსა და მაჯებში დამღრეცოდა, მუხლები მიკანკალებდა, ტუჩები ერთ მხარეს გადამეზნიქა, მაგრამ ამის დედა ვატირე, მთელი სულით და გულით ვიდექი და აბა პარაოლიმპიელი როგორ ვერ გავხდებოდი.
ასე შევედი ეტლით რბოლის კურსებზე, სადაც მარტო მე დავდიოდი, კი გამიკვირდა, უეცრად ჩემმა მეზობელმა სვარშიკმა ავთომ რომ განმიცხადა-მე ვავარჯიშებ ეტლებით რბოლაში პარაოლომპიელებსო, მაგრამ დავიკიდე. ორივე ხელით ვატრიალებდი ბორბლებს რაც ძალი და ღონე მქონდა და წარმოვიდგენდი, როგორ მივფრინავდი ყველაზე წინ, ყველაზე სწრაფად.
- ავთო.
- ხო ვახო.
- რამდენი პარაოლიმპიელია საქართველოში.
- ხუთი თუ ექვსი.
- ანუ მე მე მეშვიდე ვიქნები?
- გარდაუვალია ეგ ამბავი, შენ იქნები მეშვიდე, როგორც რონალდო.
იმ დღის შემდეგ ჩემს საზურგეს თეთრი ფუნჯით მიხატული შვიდიანი ამშვენებდა, როგორც რონალდოს. მე და მას გვქონდა საერთო, ორივენი ადამიანები ვიყავით. ჰმ და კიდევ ორივეს გამარჯვება გვწყუროდა.
მანამდე კი ჩემი ცხოვრებაც ეტლივით წინ მიგორავდა, თუ მანამდე სკოლის მაგიდაზე სასქესო ორგანოების ხატვა ხელოვნების უმაღლეს გამოვლინებად მიაჩნდა ოთო ცერცვაძეს, ამ სასტიკ დანაშაულს ზრდასრულობის მიღწევისთანავე შეეშვა, ანუ მაშინ, როცა დედამისმა მეცხრე კლასიდან გაიყვანა. ჩვენ კიდევ დიდხანს, ბოლო ზარამდე ვუმზერდით, მის მიერ ლურჯი ტუშის კალმით, თითქმის ყოველ მეორე მერხზე დახატულ ყლეებს, რომლებსაც სახელები და გვარები ჰქონდათ, ჩემი საერთოდ არ მგავდა და მწყინდა. ხალხი დასცინოდა ოთოს, ათი წლის მერე კი, სადღაც ჰოლანდიაში, ყლეების მხატვარი ოთოს გამოფენა მოეწყო და როგორც ამბობდნენ მაგარი მაყუთიც მოღუნა.
მე პარაოლიმპიადით სერიოზულად დავკავდი, სკოლაშიც კი ეტლით დავდიოდი, ჩემი კლასელები კი ახალ ნაცნობებს კითხვაზე:
- უი რა დაემართა? სევდანი სახეებით პასუხობდნენ.
- ავარია, წყევლა, რადიაცია, ციცო მასწავლებლის მოდუღებული ყავა და.ა.შ
- აუ საწყალი.
დარწმუნებული კი არა, ატვეჩაი ვარ, რომ მათ შორის ყველა გამოიყენებს ღვედს სიცოცხლის ბოლომდე, არ გააბრაზებს მოხუცს, არ წავა თაფლობის თვეზე ჩერნობილში, მაგრამ ბოლოზე თავს ვერ დავდებ.
აჩემებული მქონდა:
- ავთო სხვა პარაოლიმპიელების ნახვას როდის შევძლებთ მეთქი.
- ათ სუფთა აზიდვას რომ გამიკეთებ მაშინ, მიპასუხა მან. ამ სულელმა იფიქრა მაგარი მოვუხიეო.
ახლა წარმოიდგინეთ, ეტლში ჯდომა და მარჯვენა ხელის მუჭის შეკვრა ჩემვის თავისთავად უკვე ვარჯიში იყო, ათი აზიდვა კი დაახლოებით ისეთი სირთულის ამოცანა როგორც ოროსანისთვის ფიზიკის სწავლა, ხუთი წუთი სუნთქვის გარეშე დარჩენა ან მთვარის კოლონიზება. ჰო ვიცი ვიცი, იმ საღამოს ნახევრად გაშეშებული ახალ ამბებს ვუყურებდი, იმიტომ არა რომ მაგრად მევასება იმის ყურება როგორ აგინებს ბატონი ლ.მ ბატონ გ.დ-ს დედას, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა როგორც ლ.მ ამტკიცებს:
- პედარასტებს, გადაგვარებულებს და ზნედაცემულებს იურიდიული დახმარება გაუწია, როგორც ღრმადპატივცემული ბატონილ.მ აცხადებს, მის ნებასურვილზე რომ იყოს დამოკიდებული ყველა პედარასტს ცისფერი ქუდის ტარების აუცილებელი კანონით აღრიცხავდა, რომ ყველამ იცოდეს ქუჩაში, ვინ არის პედარასტი და ვინ არა.
მის ამ აზრს ბატონი გ.დ მაშინვე იუმორით გამოეხმაურა და თქვა.
- მოდით ყველა არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს შუა თითები მოვაჭრათო. რაზეც ლ.მ გაცხარდა და ჭიქა ესროლა, მერე კი დედის გინება. არც ის მადარდებდა მე, რა უთხრა ერთი სელებრითის ქმარმა მეორეს ცოლს, ერთადერთი ნერვები მქონდა ამ სხეულში წესრიგში ასე თუ ისე და მეც მაგრად ვუფრთხილდებოდი. მოკლედ იმ საღამოს მარსის კოლონიზება დააანონსეს. იცით რას ვაკეთებდი შემდეგი სამი საათი? ვცდილობდი, ერთი აზიდვა მაინც გამომომსვლოდა, მაგრამ უშედეგოდ. ვიწექი იატაკზე, ასე წამასწრო ბებიამ.
- ბიჭო რას შვები მანდ?
- თაგვებს დაბლა სხდომა აქვთ გამართული, კენჭისყრაა, იმას ირჩევენ ვინც შენი ყველის მოსაპარად თავს გაწირავს. მეც ვუსმენ.
- ნამეტანი ხუმარა ხარ შენ, ბებო გენაცვალოს.
- აზიდვის გასაკეთებლად ვემზადები მეთქი დავაწიე სამზარეულოსკენ გაბრუნებულს.
ასე იყო ყოველდღე, ვიწექი იატაკზე და ნელ-ნელა ვშორდებოდი მას თითქოს შამანი ან შაოლინი ბერი ვყოფილიყავი, საათობით ვმედიტირებდი, მაშინაც კი როცა დედა პარკეტს რაღაც მძაფრი ნივთიერებით გაწმენდდა. მერე მთელი ოჯახი მიკრძალავდა მედიტაციას, თავად კი ორი ნაჭრით ფიგურულ სრიალში ვარჯიშობდნენ. მე ჩემს ოთახში ვიპარებოდი და იქ განვაგრძობდი ვარჯიშს. ასე გავაკეთე წლების შემდეგ ორმოცდაათი აზიდვა. ამის შემყურე ავთოს ქვედა ყბა ჩამოუვარდა და ის დიდხანს მეჭირა საკუთარი გამარჯვების აღსანიშნად, სანამ ავთომ ხელი არ დამავლო და მითხრა.
- წავედით ოლიმპიურ კომიტეტში!
იქ, ფედერაციის შენობაში, ჩვენ ვისაუბრეთ გამარჯვებაზე, მედლებზე, შანსებზე, ცერებრალურ დამბლასა და გადიდებულ ნაღვლის ბუშტებზე. არც მასაჟი და დიეტა დაგვვიწყნია. ერთ თვეში მივფრინავდით და უამრავი ოქრო უნდა მოგვეგო.
ხშირად ვგრძნობდი მარტოობას, ვიჯექი ეტლში და საათობით ვგორავდი, შაკოს ისე ხშირად აღარ ეცალა ჯარიაკაცებით სათამაშოდ, თუმცა მეც მყავდა კიდევ ერთი განუყრელი მეგობარი siri რომელსაც ლამის ყოველდღე ვეკითხებოდი:
- siri where are next Paraolympic Games!
მსურდა ჯეიკობი შემერქმია მისთვის, მაგრამ ძაღლივით ჭკვიანი იყო და ჩემამდე რომ ვიღაცამ სირი დაუძახა ახლა ჯეიკობს ვეღარ ეჩვეოდა.
ერთ საღამოს მე და დედა პანაშვიდის, დასაფლავების ამინდში ნოდო ექიმთან მივედით, ერთი თვით ადრე ოლიმპიადამდე, ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ჩემი კუნთები დროთა განმავლობაში ატროფირდნენ და მჭირდა „ აგრესიული უმოძრაობისკენ მიდრეკილი რაღაც კვახი სინდრომი”. ეგრევე მივხვდი, კი არ მომწონდა გორაობა, არა ვვარჯიშობდი და რა თქმა უნდა მომწონდა, მაგრამ, როგორც კი ექიმის ოთახში
დიაგნოზის გაგებისას აღშფოთებულმა წამოხტომა ვცადე, თმა ძლივს შემერხა.
არ ვიცოდი რას ვგრძნობდი როცა საკუთარ ოთახში შემაგორეს, ფეხები აღარ მივარგოდნენ. ლოგინთან ისე დავპარკინგდი სახით ოთახის კარს ვუმზერდი და ვცდილობდი ჩემს დაავადებებთან მებრძოლა გონებით მაინც, გვერდით ლოგინი იდგა, მე და ჩემი ლოგინიც ალბათ მალე საუკეთესო ძმაკაცები გავხდებოდით, მასაც რომ შესძლებოდა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად:
კითხვაზე:
From where do children come from? Siri უამრავ ინფორმაციას მიყრიდა, რომელიც უნდა წამეკითხა და ძალიან ძალაინ მსურდა ეს ჩემს მაგივრად ვინმე სხვას გაეკეთებინა. მე კი მესმინა გაუთავებლად. ვიჯექი და მუდამ ჩამოვარდნილი თავი ალბათ ახლა ორმაგად საცოდავად გამოიყურებოდა. ოთახში ვიღაც კაცი შემოვიდა და გვერდით მომიჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო, ზუსტად ისე, ბაღის საერთო ფოტოებში რომ ელაგათ, შიშველ მუხლებზე, ჩემი თაობის პატარებს. სამხრეთ აღმოსავლეთიდან, დაბრეცილი კისრით ანუ ქვევიდან დიაგონალზე ზევით მზერა ვესროლე, ისე იმზირებოდა ოთახში თითქოს კლდეზე ზის და უკიდეგანო სივრცეს უყურებსო, არა და ორი მეტრის იქით მხოლოდ დახურული კარი იყო, არა მის მიღმა კი ისმოდა ბუტბუტი, იმის იქით მამალაძეებთან ალიაქოთი, მათ კედელზე ლია ბარბაქაძის მიდებული ყურის ფეთქვა და ცოტა კიდევ მოშორებით სიგნალიზაციის ხმა, მაგრამ ეს ყველაფერი დეტალებში ამ კაცს ნაღდად ვერ ეცოდინებოდა. მხოლოდ მე, მთელს უბანში ვადევნებდი ამ წვრილმანებს თვალს, თავი დეტექტივი არ მგონია, მაგრამ აბა თქვენ რა გეგონათ, მთელი დღე ოთახში მართლა ეტლის ბორბლებს კი არ ვატრიალებდი იქით აქით. მეც მქონდა ჩემი საიდუმლო, მაგალითად ის, რომ ჩემი ეტლის მუხრუჭები ოდნავ დავაზიანე, რათა ის ჩემი ქუჩის დაღმართზე სწრაფად დაშვებულიყო, ღამით იატაკზე გართხმული, სამხედრო ბობღვით ვუახლოვდები სამზარეულოს, რომ ბებიის გამომცხვარი ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი გადამეყლაპა და თუ დამინახავდნენ ისე ვიკეცებოდი თითქოს მორიგი სპაზმის წყალობით გადმოვვარდი ლოგინიდან... ათ მეტრში.
ვიჯექი ეტლში და ქვევიდან ისე შევცქეროდი, სახედაღრეცილი და ხელებაწეული ამ კაცს ალბათ აზრად ათასი რამ მოსდიოდა, რომ სასწაული ილეთისთვის ვემზადებოდი და თავით იატაკში უნდა ჩამერჭო, ან კისერი უნდა გამომეღადრა, მოკლედ იმის თქმა მსურს რომ ცოტა ხნით ადრე გამაშეშა და ჩემი სახე მხოლოდ უარყოფითი ემოციებისთვის იყო მზად.
ალბათ ეს კაცი გამრიცხველინების შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი თელასის თანამშრომელი იყო და შემცირებაში მოყოლისგან ჩამოსტიროდა სახე, ან კოორდინატორი, რომელსაც ჩემი პარტიული კუთვნილება წინასწარ უნდა დაედგინა და თავისიანებში ან სხვისიანებში ჩავეწერე, ეს კაცი, ეს ტიპი ალბათ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მუშაობდა და თავისი ტრაკით ამოწმებდა პროდუქტის ანუ, ჩემი ახალი ლოგინის სიმყარეს, ან ფოსტალიონი, რომელსაც თბილისური საცობების გადამკიდე მოპედით სიარულმა გული ცუდად გაუხადა, დედაჩემს შესჩივლა და ელოდა, როდის გამოუტანდა ელენე წამალს, წყალთან ერთად.
ის წამოხტა და გავარდა, კარსიქიდან მესმოდა.
- ელენე მგონი ვერ მიმიღო კარგად, კაცი მაგარი ანერვიულებული ჩანდა.
- რამე გითხრა?
- არა ვიჯექით.
- შედი და დაუჯექი რამეზე ილაპარაკეთ, შვილია შენი.
ის ისევ შემოვიდა და ზუსტად ისევე დაჯდა, როგორც მანამდე, გაიყინა კაცი. მეც თავი დავხარე.
- გამარჯობა
- გგგგააააამარჯოობა
დავინახე როგორ შეცბა, არ ვიცი ზუსტად რა ხდებოდა მის გონებაში, მაგრამ მგონია რომ თუ ეს სირცხვილის ან შიშის მიერ გამოწვეული შეცბუნება იყო, მაშინ ამ ახვარს დედაჩემი ჩემ გამო რომ მიატოვა ცოტაოდენი კაცობა მაინც ჰქონდა.
- როდისაა პარაოლიმპიადა?
უყურე ამას თავისი ჭკუით, როგორც ვატო კავსაძე იტყოდა, დამეპადხოდა, მაგრამ ის მგონი ამას გოგოებზე ამბობდა მხოლოდ, კიდევ თუ ლამაზ გოგოს, ქალს ან ბებერს შეამჩნევდა, ისეთს აი ფეხები კისრიდან რომ ეწყებათ, უეჭველი იტყოდა ფრაზას.
- აუ ამას რას მოვტყნავდიო.
მე საეთოდ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ მისი ამდგარი სიფათით შემეძლო მევარაუდა, რომ მისი აღგზნებადობის პიკი გავიარეთ გარშემომყოფებმა, ცოტა არ იყოს გულისამრევად მეჩვენებოდა საკუთარი გრძნობების ასე ღმამაღლა გამოხატვა, რაღაცით ჰგავდა ხალხში ჩაჯმას. მე არ მომსვლია ისე ვამბობ.
- პარაოლიმპიადა ერთ თვეშია. ეტყობა გაშეშებამ საბოლოოდ გამიარა, თუმცა ეტლიდან ადგომა მაინც რთული ამბავი იყო.
- გინდა რამე წამიკითხო? ვკითხე მე, ისეთი სახე ჰქონდა მანამდე, მეგონა მალე ჩაისვრიდა, არა და მე არც კისრის გამოღადვრას ვაპირებდი, არც თვალოს ამოთხრას, ყველაფერი მეკიდა, მაგარი კეთილი ვიყავი.
- კი, დააყოვნა გაოგნებულმა მეორე კის თქმა და შემდეგ ისიც თქვა, ასე მგონია ამას მარტო ბავშვები და ბავშვობაში დარჩენილი დიდები აკეთებენ. ანუ პირველ კიზე მეორეს ჩაქუჩივით ურტყამენ, რომ არ გადაიფიქრონ. თუ ვინმემ ორი კი გითხრათ ის არასოდეს, არასოდეს გეტყვით უარს იმწამს შესასრულებელ სურვილზე, ეს რომელიღაც სამოტივაციო გვერდზე წავიკითხე, სტატიაში, სათაური ასეთი ჰქონდა, ცხოვრების ათი აუცილებელი რჩევა. იქ არაფერი ეწერა იმაზე თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ უდაბნოში წყალი, რომ უწყლობამ მშრალ ნეკერჩხლის ფოთოლს ან ჩემს 90 წლის მეზობელ თემურს არ დაგამსგავსოთ, არა და ეს რჩევა ბევრად უფრო წაადგება ზოგიერთ უდაბნოში დაკარგულს, ვიდრე ის, თუ როგორ უნდა გაიხსნას კონსერვი გონივრულად, მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ გვერდებზე ხალხი „ნძრევას უნდა შეეშვას და საქმით დაკავდეს”- ასეთი კომენტარი დაუტოვეს ამ სტატიას, აი იმ გვერდზე მე რომ ვამბობდი.
კომპიუტერს მივუჯექი და დინჯად ავკრიფე.
- ინგლისური იცი?
- კი
გამიკვირდა
- მართლა?
- კი, მე სამი წელი ამერიკაში ვცხოვრობდი.
- მაშინ ეს წამიკითხე, ავდექი და ლოგინზე გავგორდი.
მან კი დაიწყო.
- From where did children come from?
იცით რაზე ვფიქრობდი სანამ ის ემოციებში იყო?
სალი გალდანზე, ცოტა ხნის წინ პატარა ბაღში ვიჯექი, სკამზე რამდენიმე მტრედი დაფრინავდა, ჩვენთან მტრედებიც ისეთივე გაძვალტყავებულები არიან, როგორც ადამიანები, ამბობდა სულ აკაკი, რომელიც ოთხი წელი ცხოვრობდა დედეერში თუ გედეერში და ამტკიცებდა რომ იქ მსუქანი ნტრედები ჰყავდათ. გვერდით გალდანი მომიჯდა. მომისკუპდა მეთქი ვიტყოდი, მაგრამ ეს უფრო მძიმე მოძრაობაიყო. თბილად ეცვა.
გავხედე, ჩვეულებრივ, ადრე მიყვარდა და არ ვიცოდი რომ მიყვარდა, ახლა არაფერი ვიცოდი იმის გარდა რომ ვატოს ფრაზებს, როგორც ბიჭი სხეულით ვგრძნობდი.
- მე ვატოს ვაკოცე. წამომიყრანტალა უცებ. შტერი გოგო არ იყო, საერთოდ რა უნდოდა ვატოსნაირ ხეპრესთან არ ვიცი, ნეტავ ჩემს თავს რას ვეკითხებოდი ამას, ან თვითონ რატომ მითხრა რომ აკოცა. იკოცნავეთ რამდენიც გინდათ, ამ ჩემს ეტლს, უნდა მეფიქრა.
- ჰო. აი უკანასკნელი სირი თუ იტყოდა მხოლოდ ჰოს და კიდევ ის ვინც მაგარი დაბნეულია და აზრზე არ არის რა ხდება.
- მიმატოვა.
ჩავფიქრდი.
- ისევ გიყვარვარ? მკითხა მან. მე თავი inceptionში მეგონა, რადგან გამახსენდა, რომ იმ წამს ნოდოს სიტყვები გამახსენდა.
როცა სკოლიდან ჩაშვების შემდეგ უცნაური გრძნობით გამოვედი, რატომღაც მან გადაწყვიტა რომ უნდა გავემხნევებინე და ასეთი რამ მითხრა.
- ვახო ბიჭო არ დაიგრუზო, რკინისყვერებიან ტონი სოპრანოსაც უყვარდა ცალმხრივად ქალი და უნდოდა სითბო მისგან, მამაჩემი ამბობს, თუ ქალმა ერთხელ უარი გითხრა ადექი და დაიკიდეო. რომელი მაფიოზი მე მნახა ამ შობელძაღლმა.
ვიჯექი სალიკუნა გალდანთან ერთად, თავში პარაოლიმპიადა, siri, ნოდო და ათასი აბდაუბდა მიტრიალებდა. ძლივს გავცერი ყველაფერი, როგორც ბებია ცრიდა ფქვილს საცერზე რბილი მაგარი დარტყმებით. რამდენიმეჯერ წამომახტუნა, სალიც წამოხტა, სადაც იყო გაიქცეოდა ამიტომ შევწყვიტე.
მივტრიალდი და თვალებში ჩავხედე.
იცით ნაბიჭვარ ვატოს აკოცა, უეჭველი მის მოტყვნაზე რომ ფიქრობდა. მე კი, რადგან სამ ადგილას ვიკეცებოდი, სუსტი მახსოვრობა, წამოყვირება და ათასი სხვა წიკი მქონდა გაშეშებასთან ერთად, დამიკიდა.
- არც მაშინ ვიცოდი არც ახლა ვიცი მეთქი ვეტყოდი, მაგრამ დავინახე როგორ დაეხარა თავი. ცრემლები მოსდიოდა.
ნეტა რა ატირებდა ამ სულელს, ქალებმა ან კარგად იციან როდის იტირონ, ან ჩვენკაცები ვართ სირები და ყოველთვის შეგვიძლია ამას დავნებდეთ როცა გვიყვარს, მითხრა ერთხელ ეტლში გაშეშებულს ავთომ, აი რა ჩემ ფეხებად მინდოდა ეს რჩევა, რომელი ჭკუათმყოფელი გამომყვებოდა ცოლად მეთქი ვფიქრობდი ადრე.
- მიყვარხარ, მივქარე მე. ცოტა ხნით ჩამეხუტა.
- პარაოლიმპიადას ხომ მოიგებ?
- შენ თუ აღარ იტირებ მოვიგებ.
გამიღიმა და მერე სადღაც გაქრა, გამოცდები ეწყებოდა უნივერსიტეტში.
ეს იყო ჩემი პირველი ორმხრივი ჩახუტება, არ ვუყვარდი, ეს ვიცოდი, როცა გოგოს უყვარხარ უეჭველი გაკოცებს ტუჩებში, ატვეჩაი ვარ - ამბობდა კლასში ელამი დათო, რომელიც კოცნაობის ხელოვნებას youtube-ზე უყურებდა და მერე ბალიშებთან ამუღამებდა, მაგრამ იმის რომ თუ უყვარხარ გკოცნიან შტერი უნდა იყო რომ არ გჯეროდეს, აბა ძალით ვინგაკოცებს.
სალომე გალდანი და მე კი, დიდი ხნის წინ, ღრმა ბავშობაში სულელი ზრდასრულების მიერ შექმნილი ბარიერების გარეშე, ვისხედით და ვუმზერდით, როგორ ავარდა ნაძიას სახლის სახურავიდან ალი იმ ზეცამდე, დიდი ხნის შემდეგ პარაოლიმპიადაზე „საქართველო“! „საქართველო“! რომ აზანზარებდა.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.