კალათა

სულთა მეუფეო

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
სიკვდილზეა, თუ არ ვცდები.

სხვენზე, მიცვალებულის დასასვენებელ ტახტზე იჯდა ფეხმორთხმული და სახურავის ვიწრო სარკმლიდან ბნელში ჩამოჭრილ სინათლის სვეტში მორიალე მტვრის ნაწილაკებს ადევნებდა თვალს, თან ლობიანს ილუკმებოდა. მტვრით და ხარახურით სავსე სხვენის ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა, მაგრამ სიბნელე იდუმალი და უსაზღვრო სივრცის განცდას უტოვებდა სადღაც, ქვეცნობიერში, და ამიტომ აქეთ-იქით არ იხედებოდა, - სინათლის სვეტს მისჩერებოდა მონუსხული. თან, მარტო იყო, და საკუთარ თავსაც ცდიდა გამბედაობაში. ადრე, რომ ვეღარ უძლებდა შიშს, აქვე, ზედ მიცვალებულის ტახტზე იწყებდა მასტურბირებას, რაც მთელი ყურადღების და ფანტაზიის კონცენტრირებას მოითხოვდა, და ბოლოს, ორგაზმის შემდეგ, შიშიც სადღაც ქრებოდა, მაგრამ მოდიოდა დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნება, ჯერ თავისი სექსუალური ფანტაზიების მარადიული ობიექტის, მისი მეზობლის, ლეილა დეიდას წინაშე, და მერე საკუთარი, ახლადგაღვიძებული ლიბიდოს მიმართაც, რომელიც, ამავდროულად, აღიზიანებდა და აბრაზებდა კიდეც, თავისი გაურკვევლობით. მიცვალებულის ტახტს რაც შეეხება, წარმოდგენაც კი არ ქონდა მის საკრალურობაზე, - სხვენზე სხვა დასაჯდომი ადგილი არ იყო და ძალიან ლოგიკურად აღიქვამდა მას, როგორც ერთგვარ სკამს, თუ ჩამოსაჯდომს. უნახავს ამ ტახტზე დასვენებული მეზობელი კაცი, მარტო ცხვირი და ფეხისწვერები რომ მოუჩანდა, თეთრი ზეწრის ქვეშ ამოწვეტილი, - ისე იყო ლეიკემიისგან გამოჭმულ-დაჩიავებული. ესწრებოდა მის პანაშვიდებსაც, რადგან მეგობრის მამა იყო, მაგრამ ერთადერთი ასოციაციური რეფლექსი, რაც ტახტის დანახვისას ემართებოდა, იყო ერექცია; სულ ვერ აღიქვამდა მის ფუნქციას და პირველად დანიშნულებას... მაგრამ ახლა მასტურბაციაზე უკეთესი გასართობი ჰქონდა: ლობიანი შეჭამა, ტახტის ქვეშ შეყო ხელი, ცოტა ხანს იფათურა და ბოლოს პატარა, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი გამოათრია. წამოდგა, სინათლის სვეტში შევიდა და იარაღი სიყვარულით შეათვალიერა.

- ვინმე უნდა მოვკლა, - გაიფიქრა საქმიანად. სულ თავისუფლად.

 

* * *

- არც დედამ იცის, ვითომ? - ესმოდა შემპარავი, დათაფლული ხმა. - ნწუ, - ალეკსი გაუაზრებლად აქნევდა თავს და სიამაყით იყურებოდა გაჩერებული მანქანის ფანჯრიდან. მერე შუამდე აწეული შუშა სულ ბოლომდე დასწია გულმოდგინედ, ყველას რომ კარგად დაენახა, ვის გვერდით, ვის მანქანაში იმყოფებოდა. საჭესთან გამხდარი და შემელოტებული კაცი იჯდა, სიგარეტს ეწეოდა, ბიჭს უღიმოდა და როცა ბიჭი ფანჯრიდან გაიხედავდა, წამში ეცვლებოდა გრიმასა, ბოროტად და სიძულვილით ათვალიერებდა. ალეკსი ვერაფერს ამჩნევდა. - არც მამამ ? - მოთმინებით აგრძელებდა გამოკითხვას კაცი. ალეკსმა შეხედა და მშრალად მოუჭრა: - მამა კვდება. - აა, ხო. - თქვა ჯოიმ და თვითონაც ფანჯარაში გაიხედა. ერთხანს ორივე ჩუმად იყო. ბიჭი ნატრობდა, რომ მთელი მის სანაცნობოს ქუჩაზე ჩამოევლო და ამ მანქანაში დაენახათ, კაცი კიდევ ფიქრობდა, რომ კუს ტბაზე ასაყვანად და იარაღის ტარით დასაჩეჩქვად უკვე აღარ იყო ბიჭი ისეთი პატარა, პრინციპში. ამ დროს რაღაც აზრმა გაუელვა და თვალები გაუბრწყინდა. - ბარდაჩოკში სანთებელაა, მომაწოდე. - უთხრა. ალეკსმა სანივთე უჯრა გახსნა და ათას ხარახურაში სანთებელას ძებნა დაიწყო. უცებ ხელი გველნაკბენივით გამოსწია. - ნახე? - ჰკითხა კაცმა. - იარაღი დევს აქ! - დაიჩურჩულა ალეკსმა და კაცს პატივისცემით ახედა. - გამოიღე, დაათვალიერე, - შეაგულიანა ჯოიმ. ალეკსმა უჯრიდან პატარა, ბრაუნინგის სისტემის რევოლვერი ამოიღო ფრთხილად. - ბაბუაჩემსაც ჰქონდა ნაგანი, მაგრამ ის ამაზე მძიმე იყო, - თქვა სიხარულისგან სულშეგუბებულმა. კაცი კმაყოფილებით ადევნებდა თვალს. შემდეგ სიგარეტის ნამწვი ფანჯარაში მოისროლა და ისე, სასხვათაშორისოდ უთხრა: - თუ გინდა, გქონდეს. ალეკსმა ყურებს არ დაუჯერა და ჩაეკითხა: - იარაღს მჩუქნი? - თან თავისივე ნათქვამ სისულელეზე გაეცინა. - ჰო, რა იყო, რა მოხდა მერე, - დაღლილი ხმით თქვა ჯოიმ, - შენხელა რომ ვიყავი, მეც მქონდა უკვე იარაღი, - და მერე რობოტივით მოაყოლა დაზეპირებული, შესისხლხორცებული ძველბიჭური ფორმულა: - ყველა ქუჩის ბიჭს უნდა ჰქონდეს იარაღი... ხომ ხარ ქუჩის ბიჭი? ასე გიცნობ და რავი. ბიჭმა სიყვარულით შეხედა. ასე იცნობს ჯოი. დიდი ჯოი... - ეჭვი გეპარება? - მიაგება ასევე ძველბიჭური პასუხი, ხმის კანკალით, გაუბედავად, თან იმაზე ბრაზობდა, ასეთი წვრილი ხმა რომ ჰქონდა: ხომ იჯდა ხოლმე სხვენზე, მიცვალებულის ტახტზე და ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ხმა რომ ჩახრინწვოდა და დაბოხებოდა. კაცმა მოუთმენლად დაიხედა საათზე: - ჰე აბა, გაიქეცი ახლა და ეგ წაიღე. თან გამიგე, სად იმალება ერთი ეგ შენი ახვარი ძმა, - ბოროტად წამოცდა და ენაზე იკბინა, მაგრამ ალეკსი ისე იყო გახარებული, რომ არაფერი შეუმჩნევია. ერთი სული ჰქონდა სხვენზე ამძვრალიყო და თავისი მონაპოვარი კარგად შეეთვალიერებინა. მანქანიდან სწრაფად გადავიდა და უკანმოუხედავად თქვა: - აბა რას ვიზამ, ჯოი. უეჭველი. მერე სწრაფად გადაჭრა ქუჩა და თავის სადარბაზოში რომ შედიოდა, უკნიდან ჯოის ხმა მოესმა: - ალეკს! მოიცა ერთ წუთს! ბიჭი გაჩერდა და მხრები ჩამოეყარა. - ეგრეც ვიცოდი. მეკაიფა. - გაიფიქრა გულდაწყვეტილმა და უხალისოდ წავიდა მანქანისკენ, იარაღი ქუჩაშივე ამოიღო და ფანჯარაში შეაწოდა: - აჰა, წაიღე. - რა უნდა წავიღო, ბიჭო! - გაეცინა ჯოის. შემდეგ პისტოლეტი გამოართვა, სავაზნე სწრაფად გამოაძრო, ტყვიები ხელისგულზე გადმოიყარა და უკან დაუბრუნა. - ტყვიებს მერე მოგცემ, ალეკს, სხვა დროს. ალეკსმა ჯოის ხელისგულზე დაყრილ ტყვიებს დახედა და გაეღიმა. - კაი, მერე მომეცი, ჯოი.

 

* * *

სახლში შესვლის ეშინოდა, რადგან, თავის ოთახისკენ მიმავალს, გზად ის ოთახი უნდა გაევლო, სადაც საწოლზე ვიღაც კაცი იწვა და შარდის სუნით ყარდა. რაც არ უნდა ფეხაკრეფით შესულიყო, დღეღამის ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა შუქი იყო ჩამქრალი, ბიჭის მიახლოებისას საწოლი ჭრიალს და ხროტინს იწყებდა და ალეკსს ზიზღისაგან და შიშისაგან გულისცემა უხშირდებოდა. შემდეგ, უცებ საბნებიდან გამოეჩრებოდა დიდი, უშველებელი ხელი, ქათმის ფეხივით გაძვალებული და მოკრუნჩხული ხელი გამოეშვირებოდა შუა ოთახში და ბიჭი ამაოდ ცდილობდა დამალვას, - ხელი ყოველთვის წამში პოულობდა მის მაჯას, საწოლისკენ მიითრევდა და ჩამოსვამდა სასთუმალთან მიდგმულ პატარა სკამზე. მერე, მუდამ კედლისკენ მიტრიალებული, ჭაღარა თმა-წვერით გაბანჯგვლული გამხდარი სახეც მოტრიალდებოდა ბიჭისკენ და უყურებდა პირდაპირ თვალებში, მკაცრად და გამჭოლად, ხმაგაუღებლად, და ბიჭს სწამდა, რომ მარტო ეს ორი სხეულის ნაწილი, თავი და ცალი ხელიღა იყო შემორჩენილი საბნისქვეშ, და ბრაზობდა, რომ არ ქრებოდნენ ესენიც, როგორც სხვა დანარჩენი მამამისი გააქრო და მოკლა თავისთავში კაი ხნის წინ, - იმწამსვე, როცა გაიაზრა, რომ კიბოსაგან, ბოლო სტადიაში, თურმე ყველა კვდებოდა, გამონაკლისის გარეშე... სანამ ამას გაიაზრებდა, სულ არ ანაღვლებდა სახლში ექიმების თუ ექიმბაშების ფაციფუცი და დედამისის მოთქმა-გოდება. იქვე, მამამისის ცხვირწინ თამაშობდა უდარდელად კომპიუტერულ თამაშებს და მოთმინებით ელოდებოდა, და ზოგჯერ, ვინმე, ბიძია თუ დეიდა, მამას მეგობართაგანი თუ ნათესავი, ზოგი გაკვირვებით და ზოგი სიბრალულით რომ დახედავდა, საწოლის გვერდით, ტელევიზორის წინ, ხალიჩაზე ფეხმორთხმულს, ბიჭი მშვიდად და გამოკვეთილად ეუბნებოდა: - რას მიყურებთ, თქვე ჩემისებო, თქვე ყლეებო.

 

* * *

თავის ოთახში, საწოლზე იჯდა, პისტოლეტის სავაზნეში სანადირო თოფის - გეკოს ტყვიებს აწყობდა, რომელიც კლასელის ბაბუას მოეპოვებოდა უხვად კომოდის უჯრაში, და უკვირდა, იმსიგრძე თოფს და ამ ერთი ციცქნა პისტოლეტს ერთი და იგივე კალიბრის ვაზნა რომ ერგებოდა. აწყობდა ვაზნებს და მერე ისევ ყრიდა - სწავლობდა და ეჩვეოდა, რომ მერე მეგობრების წინაშე ჩვეული მოძრაობით გაემეორებინა იგივე, როდესაც პისტოლეტს წარუდგენდა, - ვარჯიშობდა და თან ყურს უგდებდა კედლის მიღმა, სამზარეულოში, გაბმით როგორ მოთქვამდა დედამისი, წამღერებით, მგლოვიარე ქალივით: - სულთა მეუფეეეო! სულთა მეუფეეო! და ბიჭმა იცოდა, რომ ამ დროს ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა და მეორე ხელით ლოყას იხოკავდა, წინ, მაგიდაზე კი ფურცლებდახვეული ოთხი ჩაის კოვზი ეწყო ერთმანეთისკენ პირით, ჯვრის ფორმა რომ გამოსულიყო. - სულთა მეუფეეო! ვიხმობ ცხონებული დედაჩემის, ბაბილინას სუულს! ცხონებულ ბაბის ვიხმობ, სულთა მეუფეეო! და ბიჭს სამზარეულოდანაც ეშინოდა სახლში შესვლის. თავიდან იუმორით და ინტერესითაც უყურებდა ამ ყველაფერს, - თავადაც კი სცადა გაემეორებინა იგივე, სხვენზე, მაგრამ გაშალა თუ არა მიცვალებულის ტახტზე კოვზები, რაღაცამ გაიბრაგუნა ზემოთ, სახურავზე, და ამის მერე უფრო ეშინოდა და უყვარდა ალეკსს სხვენში ასვლა. ინტერნეტში რომ იძრომიალა და სპირიტულ სეანსებში კარგად გაერკვა, ერთხელაც გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ გაუთავებელი მოთქმისთვის და ბებიამისის, ბაბილინას სულის ლოდინისთვის, - შუა სეანსის დროს, დედა რომ ტუალეტში გავიდა, ერთ კოვზს ზედ დახვეული ქაღალდი გააცალა, შუაზე გახია და ისევ შემოახვია. მერე თავის ოთახში გამოვიდა და კედელს მიადო ყური. ცოტა ხანში მოესმა ისტერიული კივილი, სწრაფად გავარდა და დაინახა სკამზე გადასვენებული დედამისი. ალეკსმა მაშინ გადაწყვიტა იმიერი სამყაროს საქმეებში აღარ ჩარეულიყო, დედამ კი, ახსოვს, ხელი როგორ ჩასჭიდა და ღიმილით, ჩურჩულით უთხრა: - სუუ, ალეკს! ის აქ არის! შემდეგ კი ჭერს მიაპყრო მზერა: - ბაბილინა, დედიკო, მანიშნე, ცოცხალია თუ არა ჩემი შვილი! სად არის ჩემი დიმა! ბიჭიც და დედაც გაჩუმდნენ და ჭერს ააჩერდნენ ხელიხელჩაკიდებულები. სიჩუმეს მარტო მომაკვდავი ხელის ხველება არღვევდა, გვერდით ოთახიდან. ბიჭს გული უჩქარდებოდა, დედა კი შეჩვეული იყო და ყურადღებას არ აქცევდა, პასუხს ელოდებოდა.

ალეკსი საწოლზე იჯდა და იარაღის სავაზნეში ტყვიებს ალაგებდა. კედლის მიღმა ისევ გაუთავებელი მოთქმა ესმოდა და შიგადაშიგ ხელიც წამოახველებდა ხოლმე.

 

* * *

- ვა, ჯოი. - გაუხარდა. მერე შეფიქრიანდა: - იმის წასაღებად ხო არ მოვიდა ნეტავ. სასტუმრო ოთახიდან, ხელის ოთახიდან ისმოდა ხმები. ბიჭი უხმაუროდ შევიდა სამზარეულოში და სკამზე ჩამოჯდა. აქედან, შუშაბანდიდან კარგად ჩანდნენ და ხმაც ეყურებოდა. ჯოი ოთახში მიდი-მოდიოდა წინ და უკან. მერე ძველ, გაუქმებულ ბუხართან აიტუზა და ბუხრისკიდეს ჩამოეყრდნო იდაყვით. - რა ვქნათ ახლა ჩვენ, ქალბატონო? როგორ მოვიქცეთ... - თან, საწოლს არიდებს თვალს. ხელს ალბათ სძინავს. - გაიფიქრა ბიჭმა და დედას შეხედა: სკამზე ზის, მუხლებზე ხელებდაკრეფილი და აქეთ-იქით ირწევა დედა. იატაკს ჩაჰყურებს. როგორ მოვიქცეთ-მეთქი, ქალბატონო! - ხმამაღლა გაიმეორა ჯოიმ, - ხომ იცით, რამხელა პატივს გცემთ, როგორც დიმას, თქვენს შვილს ვცემდი პატივს თავის დროზე, მაგრამ, ცოტა ფული ხომ არ არის, რომ სულ ეგრე ჩუმად ვიყო და გელოდოთ, ჰა? - გაღიზიანება ეტყობა ხმაში. დედამ ამოღერღა: - ეგ ყველაფერი გასაგებია და მესმის, შვილო, მაგრამ, ხო იმან აიღო ვალი, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ რა გვაქვს აბა მოსაცემი... - თან, ისევ იატაკს ჩაჰყურებს. საწოლზე, საბანი ოდნავ შეინძრა. ჯოიმ უცებ ბოლო ხმაზე დაიღრიალა: - რას ქვია რა შუაში ხართ, ამის დედაც მოვტყან! პრიუტიდან გამოიყვანეთ ეგ ჩათლახი? ხოა თქვენი სისხლი და ხორცი, ხო მშობლები ხართ! სხვა ვის უნდა მოვთხოვო აბა, იმ მნძრეველა ლაწირაკს? ბიჭს ოფლმა დაასხა და ყურები გაუხურდა. დედა სკამზე მოიკუნტა და ჩუმად თქვა: - მანქანა ხო გაუყიდეთ, შვილო, არ ეყო ის ფული? ჯოიმ შეხედა და გაეცინა: - მაშაყირებ, ქალო? მერე წამში ამოიღო საიდანღაც იარაღი, ბუხრის კიდეზე დადო და თქვა: - სხვანაირად მინდოდა მე ლაპარაკი, ქალბატონო, მაგრამ ახლა მომისმინე კარგად: ერთ კვირაში ამოვალ მე აქა და ან ფულს დამახვედრებთ და ან მეტყვით, სად იმალება ის განდონი! გასაგებია?! ეგ ნეტა ჩვენც ვიცოდეთ, შვილო! - დედას ამ დროს ტირილი აუვარდა. ბიჭი სკამიდან წამოდგა და დაინახა, როგორ აიგორგლა საწოლზე საბანი, მერე საბნიდან უცებ გამოძვრა ქათმის ფეხი, მეორეც მოჰყვა და, როგორც ძროხის მუცლიდან ხბო, ისე ჩამოცურდა იატაკზე ჩონჩხი, ცხოველივით ოთხზე დადგა და ბიჭმა გაიგონა ხავილი: - მაგ იარაღს უკან გაგიკეთებ, შე ნაბიჭვარო!

 

* * *

ბინიდან მთვარეულივით გამოვიდა, სხვენში ავიდა და ერთხანს მიცვალებულის ტახტზე იწვა გაშოტილი. კანკალებდა და უაზროდ იმეორებდა: - სულთა მეუფეო. სულთა მეუფეო. სულთა მეუფეო. მერე სინათლის სვეტს გახედა და იქ, მორიალე მტვრის ნაწილაკების ნაცვლად ბებიამისი დაინახა. - კოვზი არა, იხვი! - გაიფიქრა და დამშვიდდა. ნაკვთიც არ შერხევია, ისე აარიდა სვეტს თვალი და ტახტის ქვეშ ხელი შეყო. პისტოლეტი გამოიღო, შეამოწმა, დატენილი თუ იყო და შორტის ქამარში გაიჩარა. ეზოში ჩავიდა, სახლს სადარბაზოს მხრიდან მოუარა, აქეთ-იქით გაიხედა და სადარბაზოს გვერდით, ბუჩქებში ჩაიკუზა. ცოტა ხანში შეეჭვდა: - რო ავაცილო? - გაიფიქრა საქმიანად, სულ თავისუფლად. შემდეგ, ბუჩქებიდან გამოძვრა და პირდაპირ კარების კარის წინ დადგა. კიბეზე შემელოტებული, გამხდარი კაცი ჩამოდიოდა და პერანგს იფერთხავდა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება