17 აპრილი
“ორ ლოკაციას გაჩვენებ. რომელიმე აარჩიე“.. გაანათა ირინას აიფონმა. გზავნილის გახსნა აღარ იყო საჭირო, გასაგები იყო ბოლოში რაც ეწერა. ტუალეტის რიგის პარალელურ მწკრივში მდგომ ქალს მისნაირი კაბა ეცვა, რომელსაც შეძლებისდაგვარად თვალს არიდებდა. ზოგადად ასეთი რამეები არ აღელვებდა, მაგრამ ახლა რაღაც ძალიან მგრძნობიარედ დამამცირებლად აღიქვა, ის ქალიც აუტანელი გახდა იმ მომენტში, თითქოს საგანგებოდ ჩაეცვა მისი სოციალური სტატუსის დასათრგუნად. მუხედავად უამრავი ხალხისა, საჭმელი არ ილეოდა და ღვინოც სანდო ჩანდა... წვეულება იყო ვულგარულად გრანდიოზული და ქაოტური, უწყვეტი ნაკადით კიბეებზე, ჭრელი და მაინც ერთგვაროვანი ჯგუფებით. ორი, ერთმანეთს მიტყუპებული ტუალეტის კარების წინ გრძელი რიგი იდგა, ასევე დაძაბული შფოთვით. ერთი კარების გაღების მოლოდინი უკვე ამაოდ ეჩვენებოდათ რიგში მდგომებს, იქიდან თითქოს საგანგებოდ ხმამაღლა გამოდიოდა რწყევის ხმა. აქა-იქ გაბნეულ კომენტარებში ძალდატანებული სიმშვიდით გამოთქმული ყალბი თანაგრძნობა ისმოდა.. რამე ვქნათ? ვინმეს დავუძახოთ?... როცა იქიდან ძლივს გამოღწეული უცხოელი დაინახეს, - ფესტივალის თეორიული ნაწილის მონაწილე, ისევ ყალბი ზრუნვით მიაძახეს „are you ok?”. ლოკალური რესტორნის საკვებით მოწამლულმა არავის უპასუხა და კიბეებზე აირბინა, რიგიც შედარებით ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა. იმ საღამოს ირინამ უკონტროლოდ ჭამა და დალია, სრულიად მექანიკურად, ძალდატანებითაც, როგორც ბავშვობაში ჭამდა ხოლმე „სასარგებლო“ საკვებს. იცოდა, რომ საშიშროების ქვეშ იყო, შეიძლებოდა უცებ გულს ემტყუნა და საერთოდ მცენარედ გადაქცეულიყო. ყველი, ჩირები და თაფლი მისთვის სახასიათო გურმანული ტკბობის გარეშე გადაყლაპა, ახლა საყრდენი ჭირდებოდა, ეს კალორიები თითქოს შთანთქმული აგენტები იყვნენ, დავალებით გაგზავნილები, არაფერი ესაქმებოდათ გემოთი ტკბობასთან.... წვეულება ფსევდო კეთილდღეობის სასოწარკვეთილ დრამას აჩვენებდა. წარმატებულობისა და კმაყოფილების ამ ყალბი სურათის მალევეგარანტირებული მარცხით დასრულების წინასწარი შეგრძნების ფონზე გზავნილს უპასუხა: „ხვალ ათზე შევხვდეთ თუ გცალია, ორი სცენის გადაღება უნდა მოვასწრო ზეგამდე“.
„პარადოქსული ოპტიმიზმი“- ამოცურდა ძველი რვეულიდან, მერე მოყვა ერთი არტისტის სადღაც გათამაშებული - „ოპტიკ-მისტიკ“- „ოპტიმისტიკ“, პაუზის გარეშე მიება ნეონის სპირალი წარწერით: „ხელოვანი ხელს უწყობს მისტიკური ჭეშმარიტებების გამოვლენას“ და ასოციაციობანას თამაში დასრულდა ჯონ გილგუდის ხმით: words, words, words..
***
სამანქანო გზამდე პატარა და ჩახლართული ბილიკები ჩადიოდა.. „შუაში იარეთ, ამ სახლების სიახლოვეს ნუ გაჩერდებით, ყველა დანგრევის პირასაა,“ - ასე აფრთხილებდა თვითონ ქალაქის სტუმრებს, როცა დამატებითი გასამრჯელოსთვის გიდობდა ხოლმე.
„წამო, ჩვენ წაგიყვანთ,“ - ბილიკის დასაწყისში ნიკა ჯდებოდა თავის უზარმაზარ მანქანაში, რომელიც რაღაც უცნაური ხრიკებით აღმოჩენილს ჰგავდა ამ ვიწრო ქუჩაზე. მეორე კართან მდგომი პირსიანგიანი გოგო გრძელი შავი თმით ზრდილობიან-აგრესიულად იღიმებოდა.
„კონკურენტი ვგონივარ? დურა...“
ნიკა ძველებურად ბრუტალური ვეღარ იყო. ერთ დროს უცნობებს მხოლოდ მასიური ფიზიონომიით და ჰიპერმასკულინური ხმით აშინებდა.
„ეტყობა არ ფხიზლდება“..
-მომეწონა შენი ნამუშევარი, გულახდილად გეუბნები. მაგარი ვიდეოა. ის ტიპი ვინ არის, რაღაც რიტუალურს რომ ცეკვავს?
- ერთი აუტსაიდერი არტისტია, აღმოსავლური პრაქტიკებით შეპყრობილი..
- აქაურია?
- კი, ქართველია.
-აღარ მეგობრობ ჩემთან?
-კარგი რაა..
-მე და მორსკი გიხსენებდით იმ დღეს. მორსკიმ მგონი რაღაც ვაწყენინეო და აღარ ჩანსო.
- მაგისგან რა უნდა გეწყინოს.. მართლა აღარ მცალია საერთოდ.. სამსახური და კიდევ ქმარს დავუბრუნდისავით.
- ვა, მართლა? კარგია. მაინც შენი შვილის მამაა.
- ეგ გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, მაგრამ ელენეს გამო ვცდილობთ ვიმეგობროთ. არა მგონია რამე გამოვიდეს, მაგრამ მაინც..
- ელენე როგორ არის?
- თინეიჯერულად.. ღამის კლუბები აინტერესებს.
- მაგარ დღეში იქნები. მე გავიარე უკვე ეგ ამბები., თან წარმოიდგინე ტყუპი ბიჭის შემთხვევა...
პირსიანგიანი გოგოს ზურგი უკვე ნაკლებად მტრულად ვიბრირებდა
- აქ გამიჩერე, სიგარეტს ვიყიდი. - შენელებულად გადავიდა მანქანიდან.
- არ გახსოვს მარი? თავზე ტატუ რომ ჰქონდა.
- ვერ ვიცანი. თმებში აღარ ჩანს.
- პარიკია! ვეუბნები გადახოტრილი უფრო მაგარია მეთქი და არ მიჯერებს... ისე მოგეწონა ტუსოვკა? დიდი ფული კი დაუხარჯავთ.
- ვეღარ ვერთობი ეგეთ რამეებზე. ოთხმოცდაათიანებში სხვა არაფერი იყო და მეტი რა უნდა გვექნა. წავიდა ეგ დრო. თან პატარებიც ვეღარ არიან ისეთ დრაივზე მაგთი ყურება მაინც რომ გაგისწორდეს, რაღაც ძალიან უმოტივაციოები არიან. ჩემი ნამუშევარი რომ არ ყოფილიყო, არც მივიდოდი გახსნაზე.
- მე მაინც მომეწონა. მუსიკას არა უშავდა. სექსის დღე მაქვს თან.
- წარმატებებს გისურვებ!
- რას დამცინი..შენ ამაზე იფიქრე? - მაღაზიიდან გამოსული მარი მანქანისკენ მოდიოდა. - არ მიყვარს მე ასეთი აქტიური ქალები. არის ხალხი ვინც ჩვენ გვემსახურება და გამოვიძახებ დღეს.
- მოკითხვა ნატაშას.
- გადავცემ, ისე პირველი ქალია, ვისაც ორალი გავუკეთე.. და გოაზე მივდივარ კიდევ, ეგეც მიმყავს. ძველი დრო რომ იყოს, გეტყოდი წამოდი მეთქი. ახლა ვიცი, რომ არ წამოხვალ.
- ჰარდკორში გადავარდი? გოას ხასიათზე მართლა არ ვარ ახლა.
18 აპრილი
მეორე ლოკაცია ვარგოდა, ზუსტად იმას ჰგავდა, ვიღაც დეტროიტელმა ბლოგერმა ნანგრევების პორნო რომ უწოდა. ყოფილი ფაბრიკის მიგდებული სივრცე, დიდი, ჩარჩოებიანად ამოგლეჯილი ფანჯრების ღიობებით და მტვრით დაფარული იატაკით. აქ ერთი კადრი უნდა გადაეღოთ - სცენა აჩვენებდა თვითმფრინავის ინტერიერის ფრაგმენტს, რომელსაც ცალი მხარე გახსნილი ჰქონდა და სივრცეს უერთდებოდა. მთავარი პერსონაჟი სავარძელში იჯდა, ღვედი შეკრული ჰქონდა და თვალები დახუჭული, ფრენის დროს არსებული დაძაბულობა სახეზე ღიად ეწერა. მის გვერდით სავარძელში მაიოლიკის გაპრიალებულ სახიანი ქრისტეს ქანდაკება იჯდა. ერთ მომენტში მგზავრი თვალს ახელდა და ქანდაკებისკენ იყურებოდა, ქანდაკებაც მექანიკურად ატრიალებდა თავს, პირდაპირი მზერით შუშის თვალს თვალში უყრიდა. მსგავსი სცენა ირინას მართლა ჰქონდა ნანახი ბავშვობაში მგზავრობისას; მაშინ მშობლებთან ერთად აფრიკიდან ბრუნდებოდა, სადაც მამამისს საბჭოთა სისტემისთვის სახასიათო ხანგრძლივი მივლინება ჰქონდა. შეეწირა კიდეც უცხო კლიმატის მიუღებლობით შეძენილ გულის დაავადებას... ვიღაც უცნობს ადამიანის ზომის მსგავსი ქანდაკება მოჰქონდა და თავის გვერდითა სავარძელზე ჰქონდა ღვედით მიბმული. ხშირად ახსენდებოდა ეს სცენა, პერიოდულად ის იცვლებოდა, მექანიკური თოჯინა ხდებოდა, თვალებს ახელდა, ქრისტეს სახეს იღებდა...
- თერთმეტი წუთი გამოვიდა, -ოპერატორმა შტატივის დაკეცვა ნაჩქარევად დაიწყო. დიმა ერქვა და ნახევრად ეძინა.
- ჩემთან ცამეტია, - მეორე ოპერატორი ფხიზელი იყო, მაგრამ სრულიად გულგრილი. ირინა უღიმოდა და ცდილობდა მისი სახელი გაეხსენებინა.
- მალე გამომიგზავნეთ რაა, გვეჩქარება.
- კი, რა თქმა უნდა, მივალთ თუ არა სტუდიაში, გამოვაგზავნით, - თითქმის სინქრონულად თქვეს.
- საღამოს 9-ზე ისევ აქ მოდით, მანამდე პავილიონს მოვამზადებთ... თვის ბოლოს ჩაგვირიცხავენ თანხას და მაშინვე გადმოგირიცხავთ.
- კარგი, საღამომდე.
***
აბრეშუმის მუზეუმის სარდაფში ბულგარელი პერფორმერი თავის ენაზე კითხულობდა სავარაუდოდ სისტემის კრიტიკით გაჟღენთილ ტექსტს. აგრესიული ენერგია აშკარად ღალატობდა აუდიტორიის სკეფსისის ზრდის პარალელურად.
- მე ფული მიყვარს და ლუქს მანქანები, - სცადა პროვოცირება არაბმა კრიტიკოსმა. პერფორმერმა წაუყრუა.
დასასრული უფერული იყო, მაყურებლებმაც გულგრილად გააგრძელეს უფასო ღვინის სმა და ერთმანეთთან საუბარი.
- ნიკა, ხო გესმის ბულგარული, რაო, რა თქვა?
- მერე მოგიყვები, - მექანიკური პასუხი ვეტერანი არტისტის ‘ხუმრობაზე’.
- გუშინდელი გამოფენას კიდევ არაუშავდასავით. ირინას ვიდეო მომეწონა.
- კარგი რაა.. მეც ვუთხარი ზერელე კომპლიმენტი, დამეზარა მაგაზე ლაპარაკი... თან ის არტ დივა ედგა გვერდით ბოღმიანი სიფათით ამჯერად ბოიფრენდის გარეშე..
- ისევ გაექცა?
- რა ვიცი ერთი, სულ ეგრე არ დარბის?
- გავიგე თვითონ ლესბოსელი გახდაო..
- ასექსუალს უფრო გავს.
- დღეს არის კიდევ რამე თუ ვიშლებით უკვე?
- რაღაც ფართი არის, მაგრამ გაასაიდუმლოეს, მგონი მარტო უცხოელები მიჰყავთ, ჩვენზე ფული აღარ დარჩათ.
- შეიძლება ჩაგწეროთ? - შემოიჭრა ძალიან ახალგაზრდა მიკროფონიანი გოგო ოპერატორ ბიჭთან ერთად.
- ჯობს ლენა ჩაწეროთ, უკეთესად ილაპარაკებს, აი, ნეონებთან რომ დგას დიდი საყურეებით.
მიკროფონი და კამერა მომენტალურად აღმოჩნდა ლენასთან.
- კითხვები უნდა დამისვათ?
- არა, წარმოიდგინეთ თითქოს თქვენ აკეთებთ რეპორტაჟს, ილაპარაკეთ ყველაფერი იმის შესახებ, რაც აქ ხდება და მერე ჩვენ დავამონტაჟებთ..
- მიყვარს დავალებებს რომ მაძლევენ, - გაუღიმა ლენამ.
ლენას მონოლოგს მოთმინებით დაელოდა თავის კოლეგასთან ერთად მორიდებულად მდგომი თურქი პერფორმერი.
- სადმე ყავის დასალევად გვინდა წასვლა და იქნებ რამე ადგილი გვითხრათ..
ლენამ გუგლ მეფით მოუძებნა ტელეფონში მისამართი.
- კიდევ იცით რა მაინტერესებს? თქვენთან თურქულ ყავას რა ჰქვია?
- თურქული ყავა..
- საბერძნეთში ბერძნული ჰქვია და სომხეთში - სომხური და ვიფიქრე აქ ქართული ხომ არ არისთქო..
- არა, ნამდვილად თურქული ჰქვია. თამამად უთხარით.. მეც იქით მოვდივარ, ერთად გავიდეთ.
***
სალიჰა და დერია ფესტივალის მონაწილე სტამბოლელი სტუმრები იყვნენ. ლენასთან ერთად ნელა მიუყვებოდნენ გზას აბრეშუმის მუზეუმიდან ვაგზლის მოედნისკენ. რვა საათი ხდებოდა და ბაზრობის ტერიტორია ჯერ კიდევ არ დუმდა. თევდორე მღვდლის ქუჩის გადაკვეთასთან შეგროვილი მდუმარე ხალხი იდგა ასევე მდუმარე სასწრაფოს მანქანასთან ერთად. შუა ქუჩაში ძალიან მაღალი კაცი იწვა გაშავებული სახით, აღარ სუნთქავდა. ლენა და მისი თანამგზავრები ერთად გაშეშდნენ. უზარმაზარი სავსე მთვარე და შუა ქუჩაში დაწოლილი გვამი ლენას ბავშვობაში კინო გაზაფხულში ნანახი რომელიღაცა ფილმის მისტიურ კადრს ჰგავდა.
სალიჰა და დერია ყავაზე აღარ ფიქრობდნენ, მდუმარედ წავიდნენ სასტუმროსკენ. ლენა თავს ძალას ატანდა გახსენებოდა ვისთან შეიძლებოდა ახლა დარეკვა, რომ სადმე დასალევად წასულიყვნენ. ძალიან უნდოდა ბარმენისთვის რაც შეიძლება მალე ეთქვა რამე კოქტეილი მოემზადებინა რომით. მერე ირინას ვიდეოს გადაღებასაც უნდა დასწრებოდა, ბოლოსთვის მაინც უნდა მიესწრო.
***
მინი პავილიონი ისევ ნანგრევების პორნოს ტერიტორიის შიდა ეზოში ააგეს, რომელსაც მიწისქვეშა წყალგაყვანილობის ბინძური უბანი უნდა ეჩვენებინა. პერფორმერს, ანუ ირინას დაახლოებით ისე უნდა ეცოცა, როგორც ამას მეთიუ ბარნი აკეთებს ერთ-ერთ ქრემასთერში, ოღონდ კუნძული მენის ნაცვლად აეროპორტში უნდა ამოეყო თავი. ორი კვირა დიეტას იცავდა სრულიად იდიოტურ კომბინეზონში ქონებიანი რომ არ გამოჩენილიყო. ქალაქის კლოაკის გავლის მერე კიბით ადიოდა ზემოთ და საკანალიზაციო ჭის რკინის მრგვალი ხუფის ძლივს გადაწევის შემდეგ გააღწევდა ღია სივრცეში. იქ მოშორებით თვითმფრინავები ჩანდა, ერთი იმ მომენტში გადიოდა ასაფრენ ბილიკზე.
- მესამე კამერაც უნდა ჩაგვერთო, - ძალიან ზანტად თქვა მეორე ოპერატორმა.
- ახლა ცვლილებებს ვეღარ შევიტან, აღარც ფინანსებია ამისთვის.
- ძალიან მაგარია, მაგრამ თითქოს ბევრგან მაქვს ეს ყველაფერი ნანახი, - ძალიან ნეიტრალურად თქვა ლენამ.
- მეც.. დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა, ოცი წელია ამაზე ვფიქრობ. სულ არ მაღელვებს ვინმემ დამასწრო თუ არა.
19 აპრილი
სამონტაჟოს ერთი კედელი მთლიანად გაზეთებით იყო დაფარული. ისე ჩანდა, რომ აქ ადრე 1990-იანების პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილის ან გულშემატკივრების ოფისი იყო და კედელზე გაკრული გაზეთებით მთელი ეს ეპოქა შემოენახა თავისი ისტორიაში დაკარგულობითა და ფატალური ინფანტილიზმით. ირინა ამ ჩაბნელებული ფოტოების დანახვაზე სულ თავისი უიღბლო ახალგაზრდობის გლოვის ხასიათზე დგებოდა ხოლმე და მგრძნობიარედ ახსენდებოდა როგორ ერთნაირად ეზიზღებოდა ქალაქში მეომარი ორივე მხარე და VHS კასეტებზე ჩაწერილი მესამე სამყაროში გასასაღებელი ფილმები. „მაინც რა კარგია ის დრო რომ წავიდა და გაქრა,“ - სცადა აწმყო დაეფასებინა ფიქრებში და თან დიდხანს ერთ ადგილას ჯდომისთვის ემზადებოდა ძალიან პრეტენზიული კახას გაუთავებელი წუწუნის ფონზე.
- სულ რამდენი წუთი გვინდა?
- ოთხი და ოცდაცამეტი, - გაუღიმა ირინამ
- მართლა? - იუმორი აისხლიტა კახამ.
- სამი და თხუთმეტი უნდა იყოს იმ კონკურსის მოთხოვნით და ხვალ არის დედლაინი. საღამომდე უნდა ავტვირთო.
- ვასწრებთ უპრობლემოდ.
- ისე, დღეს თუ მოვასწარით, კარგი იქნება. ცხრამეტი რიცხვი კარგად მაქვს დაცდილი, ზოგადად ერთიანები და ცხრიანები ჩნდება ხოლმე ჩემი ცხოვრების სერიოზულ მომენტებში...
- რა პრობლემაა, გავაკეთოთ.
ჭიდან ამოძრომის კადრი ზუსტად ისეთი იყო, ირინას როგორიც უნდოდა. ვერც წარმოიდგენდა, რომ სიზმრის სურათს ასე კარგად გაიმეორებდა. თითქმის ოცი წელი ამ კადრის ზეწოლის ქვეშ იყო. სანამ კახა ვიდეოს ამ ფრაგმენტს ანელებდა და აჩქარებდა, შორს წაიღო ფიქრმა, - „როგორი წვალებით მივედი აეროპორტამდე. რომელი თვითმფრინავი იყო რომ გავუშვი? აქ არ უნდა დავრჩენილიყავი ალბათ... ეგ არის ჩემი შეცდომა...“
- საუნდის ფაილი სად გაქვს?
- მანდვეა. თვითმფრინავის ძრავის ხმაა. სიხშირეა ოდნავ შეცვლილი...
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.