კალათა

ჩემი კბილები

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ნაწარმოები სიყვარულზეა, მისი პერსონაჟები სიყვარულით გამსჭვალული თქვენი საყვარელი მწერლები და პოეტები არიან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქართველიშვილს შეუყვარდა თეატრალური სარდაფის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი. თეატრალურმა სარდაფმა და დათო ქართველიშვილის სიყვარულმა ჩემი კბილები შეცვალეს, ამიტომ ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ - ქართველიშვილს ნამეტნავად შეუყვარდა. ეს იმას გულისხმობს, რომ ქართველიშვილი შიგადაშიგ ოხრავდა, მერე ჩაიცინებდა და ბოლოს მიაყოლებდა - ძალიან მაგრად მევასება, ტო. ამ „მევასებას“ და „ტოს“ ქართველიშვილი მხოლოდ იმიტომ ამბობდა, რომ არ დაგვეცინა. ჩვენ მაინც სულ დავცინოდით, მაგრამ ქართველიშვილი თავისას არ ეშვებოდა და ყოველი ჭიქის მერე „ძალიან მევასებას“ ამოიოხრებდა ჩაცინებული, წვერებიანი, სათვალიანი, გაბურძგნული ფიზიონომიით. მე და ხვედელიძეს ეგ ქალი ნანახიც არ გვყავდა, ბესო კი ამტკიცებდა - მახსოვს, ვიცი ვიზეც ბაზრობსო, მაგრამ მაგას ამ ამბავში არაყი და ღადაობა უფრო აინტერესებდა. არადა ქართველიშვილმა დანერგა სპრაიტიანი არყის სმის დროებითი ტრადიცია. ვყიდულობდით ლიტრანახევრიან სპრაიტს და ბოთლ არაყს, მერე ნახევარ ლიტრ სპრაიტს ვღვრიდით და მის ნაცვლად ბოთლში არაყს ვასხამდით. მერე ბოთლს პალტოს ქვეშ ვმალავდით და შეგვქონდა თეატრალური სარდაფის კაფეში, სადაც ამ არყიან სპრაიტს ვსვამდით, ვთვრებოდით, ნაშებს ვუყურებდით და ქართველიშვილი ელოდა თავისი ეკა ანდრონიკაშვილის გამოჩენას. როგორც ამბობს, უყვარდა, მაგრამ ნანახი სულ ორნახევარჯერ ჰყავდა. თუ არ ჩავთვლით იმ ნახევარს, როდესაც გაპობილი მთვრალი ქართველიშვილი ეკა ანდრონიკაშვილის დანახვაზე ფეხზეც ვერ წამოდგა და მე გავეკიდე მის შეყვარებულს, გავეკიდე როგორ, უბრალოდ დავეწიე და შევხედე, დავბრუნდი და ეგრევე პირში ვაჯახე - ე, შენ ხომ არ გაგიჟდი, ეგ გოგო მე მიყვარს-მეთქი. ქართველიშვილმა სისხლით მოთხვრილი ცხვირ-პირი მაგიდიდან აწია და წარბშეუხრელად მითხრა - გიყვარს კი არა, სარკეში ჩაიხედე, რას გავხარო. გავიხედ-გამოვიხედე, მთელი იქაურობა მე მიყურებდა. ტანზე დავიხედე, წელს ზემოთ შიშველი ვიყავი, ორივე ხელი სისხლიანი მქონდა. მაგიდასთანვე ახლოს ეგდო ხვედელიძე, იქვე ეგდო დამსხვრეული ჭიქა და აშკარად ხველედიძისავე ჯიბიდან ამოვარდნილი წიგნი „ზაზა სუმოძე - ორი კონფეტი, ანუ ზვიადიმ გასცა ხურდა“. ძნელია ყოველივე ამის სიცილის გარეშე გახსენება, ამიტომ ნებას ვითხოვ, ახლა ცოტა ვიცინო...

დიდი ამბები დატრიალდა იმ ღამეს. გამოცხადებული იყო თოვლი, რომელიც არ მოვიდა. გამოცხადებული მქონდა, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ დავუკრავდი თეატრალური სარდაფის კაფეში მდგარ პიანინოზე, სადაც უკვე ერთი თვეა, რაც დავლოთაობთ და ნებისმიერი დათრობის შემდეგ ვჯდები პიანინოსთან და ვიწყებ ერთი და იგივეს დაკვრას. ბესოს გამოცხადებული ჰქონდა, რომ აღარასოდეს გვიჩქმეტდა ძუძუებზე, რადგან ზაზა ბურჭულაძის გაცნობის შემდეგ ერთადერთი, რაც შემატა საკუთარ ინეტელექტუალურ არსენალს, ეს იყო ძუძუებზე ჩქმეტის ჩვევა. გამოცხადებული ჰქონდა ქართველიშვილს, რომ რეზოა, და თუ კიდევ დაიწყებს სიყვარულზე ოხვრას, მუხიანელი რეზო იქნება. მაგრამ სად იყო და სად არა, კაფეში შოთა იათაშვილი შემოვიდა. ჩემდა სამწუხაროდ და, მართლაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მე არ მახსოვს, რა ეცვა შოთა იათაშვილს, მაგრამ შემიძლია თვალები დავხუჭო და წარმოვიდგინო. თქვენთვის თვალდახუჭვა აუცილებელი არაა. თქვენთვის არც იმის ცოდნაა აუცილებელი, რამ მოიყვანა ეგ მადლიანი იქ, მაგრამ ბესოს თავში ეჭვმა გაიელვა, სრულიად სამართლიანმა ეჭვმა - სასმელი ისედაც ცოტა გვქონდა, ჯიბეში თეთრიც არ გვეგდო და მაშინ დაგვამშვიდა ქართველიშვილმა - ეგ, შანსი არაა, ჩვენთან დაჯდეს, წავა, თავის სვეტებთან მოჯდებაო. ვარაუდი თან გამართლდა, თან - არა. შოთა თავიდანვე ჩვენთან მოვიდა, არაყი სასწრაფოდ დაგვილია და ვიღაც მსახიობებთან გადაჯდა.

აი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, მერე რა მოხდა. მგონი, ბესოს რომელიღაც ვაკელმა ძმაკაცებმა არაყზე დაგვპატიჟეს. ჰო, რაღაც ეგეთი უნდა მომხდარიყო, იმიტომ, რომ მე და ქართველიშვილს ძალიან ბევრი ბლატავი მოგვიხდა ვიღაც კარგ ტიპებთან. ქართველიშვილს ეგეთი ბაზარი მაგრად გამოსდიოდა, ჩემგან განსხვავებით. საერთოდ, მე შალვა ვარ, ესენი ხან შაკოს მეძახიან ხან კიდე ათას სიბრძნეს. ბავშვობიდანვე ისე გავიზარდე, რომ წამითაც არასოდეს შემპარვია ეჭვი ღმერთი რომ ვიყავი, ჰოდა ეს ღმერთი სასტიკად ვერ იტანდა ძველ ბიჭებს, უფრო სწორად, ეს ღმერთი სიმთვრალეში არასოდეს უშვებდა ხელიდან შანსს, ძველი ბიჭებისთვის ეთქვა რამე, აპოკალიფსური. კაციშვილმა არ იცის, რა და როგორ ვილაპარაკე, მაგრამ ერთი მახსოვს - რამდენჯერმე კინაღამ კბილები მომძვრა. პირველად ენით და ზედა ტუჩით შევიკავე, მეორეჯერ ხელისგული ავიფარე და ჩავაბრუნე. არა, ყბაში არავის მოუდია, შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ ყბაში არ მოუდიათ. ბავშვობიდან ტეტრაციკლინის სინდრომი მაქვს. ეს არის უიშვიათესი დაავადება და გადაშენდა მას შემდეგ, რაც გადააშენეს წამალი „ტეტრაციკლინი“. თუ რამე იმსახურებს კრულვას, ტეტრაციკლინია და ამიტომაც გადაშენდა. პირველად ტეტრაციკლინი დედაჩემმა დაწყევლა, როდესაც მოცვლილი სარძევე კბილის ნაცვლად, ყვითელი და მახინჯი კბილი ამომივიდა. გამაქანეს სტომატოლოგთან, იმანაც ჩამხედა თუ არა პირში, სათვალე მოიხსნა და ჩაიბუტბუტა „ტეტ-რა-ციკ-ლინ“. დროთა განმავლობაში ყველა მოცვლილი კბილის ნაცვლად მინიატურული, ყვითელი სვანური კოშკი ამომივიდა. ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკისთვის ღიმილი უკვე შეუძლებელი იყო და თუ შემთხვევით სახალხოდ გავიღიმებდი, ყველა იცინოდა. მაგ ასაკშივე დავიწყე სევდიანი ლექსების წერა, რამაც საბოლოოდ შეარყია ჩემი მერყევი ფსიქიკა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მშობლებს არ გამოპარვიათ და თვრამეტი წლის შაკო მოსკოვში წაიყვანეს კბილების სამკურნალოდ. აკადემიკოსმა დიანა ნიკოლაევნა პაპავამ, გამიხსნა თუ არა პირის ღრუ, ეგრევე იკივლა - ტეტრაციკლინ! და ნახევარ საათში ჩემს კბილებს უკვე მთელი საბჭოთა სტომატოლოგიის ელიტა ათვალიერებდა. ამიღეს თაბაშირის ყალიბი და „ცენტრალნი ნაუჩნი ისლედოვატელსკი ცენტრ სტომატოლოგიის“ მუზეუმში განათავსეს, მერე ზოგიერთი კბილი ამომიღეს, გადარჩენილებს მეტალის ბრეკეტები მიაწებეს, ბრეკეტები ერთმანეთთან მავთულხლართებით გადააჭდეს, ზედ ზამბარებიც შეაბეს და სუპებზე და ფაფებზე შევჯექი. უბნელი ბიჭები და უნივერსიტეტის გოგოები არ დამცინოდნენ, უბრალოდ ყველას ძალიან აინტერესებდა, როგორ ვუძლებდი პირში ამხელა ფაბრიკის არსებობას. მერე ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სოხუმში ომი დაიწყო და ვეღარაფრით ჩავაღწიე უკან, მოსკოვში. წავედი ომში და მთელი ეს საამქროც თან გავიყოლე. ომშიც არავინ დამცონოდა, ყოველი შემთხვევისთვის, კბილებზე მიკრული ჯართისთვის არავინ დამცინოდა. ასე გავიდა ერთი წელი. მერე ომი წავაგეთ და ძველი დიდების რამდენიმე ნაშთი ძვირფასი მეტალი თბილისში ჩამოვიყოლე. თბილისში, როგორც ომის გმირს, უფასოდ ჩამიყენეს პლასტმასის ახალი კბილები, რომლებიც სამ დღეში მომძვრა და მას შემდეგ, სულ იმის დარდში ვარ, სადმე არ ამომივარდეს და სულ უკბილოდ არ დავრჩე.

 

აშკარა იყო, იმ ღამეს მე და ქართველიშვილი ვიღაცას ვეჩხუბეთ. დათომ იმ ვიღაცას ჭიქა შეუჭამა და მე, ჩემი კბილების გადამკიდე, რადგან იგივეს ვერ გავიმეორებდი, გამოვართვი მეგობარს მოკბეჩილი ჭიქა და იმ ვიღაცას თავში ჩავსცხე. ჭიქა თავს, მისდა საბედნიეროდ, ბლაგვი მხრიდან მოხვდა. ამას მოწმობდნენ ჩემი, დაღრღნილ ჭიქაზე გადაჭრილი თითები. ქართველიშვილი შუშის ღეჭვას განაგრძობდა, ტუჩებიდან სისხლი გამაძღარი ვამპირივით უწვეთავდა. ხვედელიძე გულამოსკვნილი ხითხითებდა, შოთას თავზე თმა ამოუვიდა. მე სიმწრისგან წელს ზემოთ გავიხადე, შვარცენეგერივით გადავფარჩხე მკლავები და მთელი მთვრალი ძალით ვიღრიალე: ვინც მომეკარება მოვკლავ, მეთქი. კბილები ისევ კინაღამ მომძვრა. სისხლიანი ხელიგული ტუჩებზე ავიფარე და ტარანტინოსავით ქართველიშვილმა თითითა და ბუტბუტით მანიშნა -ეგე ჩემი შეყვარებულიო, ბოლო მარცვალზე ტუჩთან სისხლი საპნის ბუშტივით გაებერა და როცა ბუშტი გასკდა, მისი თითის მიმართულებით გავიხედე. სწორედ მაშინ მიჩქმიტა ბესომ ძუძუზე. :) ეს ეკა ანდრონიკაშვილი ისეთი ლამაზი არსება აღმოჩნდა, რომ გონება დავკარგე და პირველი რაც ჩავიდინე, ხვედელიძეს ამოვდე აპერკოტი, ორივე ხელით. ის ხომ დაეცა, მაგრამ ქართველიშვილის შეყვარებულიც ამის შემხედვარე მოტრიალდა და გასასვლელისკენ გაიქცა, მაშინვე გავეკიდე და დავეწიე. ის გაჩერდა, შემომხედა და იქვე გავშეშდი. თვალი გამისწორა და გულისცემაც დამიმშვიდდა, თვალები ჩამიქრა. ერთხანს კიდე ვუყურე, მერე კაფეში შემოვბრუნდი, დავჯექი პიანინოსთან და ახალგაჩენილი სიყვარულის სახელით, პინქ ფლოიდის ენიმალზის ფონზე, სულ სისხლისფრად ვაცვი ჯვარზე შავთეთრი კლავიშები. ქართველიშვილი მოლასლასდა, ხელი მკლავში წამავლო და გარეთ გავიდეთ, შენთან საქმე მაქვსო, წამომაყენა. რას გავდა უნდა გენახათ.

ღამის 2 საათი იქნებოდა. ჩაბნელებულ თბილისში ციოდა. ჯერ დავლიოთ და მერე ვიკამათოთ მეთქი, შევთავაზე ჩემი შეყვარებულის შეყვარებულს. მოსულაო. და მარჯანიშვილზე რომ ცხოვრობს შენი მძრეველი ძმაკაცი მაგასთან ჩავიდეთო. მოსულა მეთქი. ფანჯარაში შუქი ენთო, სულში არყის იმედი გაჩნდა. ჩვენი ძმა ამ დროს ფხიზელი მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნებოდა, ან ანძრევდა და ან ქალი ჰყავდა. გადავხედეთ ერთმანეთს და მივხვდით, რომ ორივეს მოერე ვარიანტი მოგვწონდა. მეორე სართულის კარზე ჯერ დავაკაკუნეთ, მერე ზარი მივეცით. ბინაში კვნესა-ვედრების ხმები შეწყდა. დავაკაკუნეთ კიდევ ერთხელ და ვაზარუნეთ. ბინიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. ქართველიშვილმა ისევ მკლავზე მომქაჩა და წამო, ხომ იცი მაგის პორნო ხასიათიო და სადარბაზოს გასასვლელამდე ჩამათრია. იქ მაინც ვერ მოვითმინე და მთელი მთვრალი ძალით ვიყვირე: ბარდღუუუუუუ, შენი პირში შევეციიიიიი და მაშინ კი გადმოფრინდნენ ჩემი კბილები ტუჩთა ჩემთაგან და გადაცვივდნენ სადარბაზოს სარდაფში, რომელის გისოსებიანი კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. როგორც ყველაზე დიდი მოსალოდნელი მოულოდნელობა, ვთქვათ, როგორც სიკვდილი ან გადარჩენა. დასპირტულ ძარღვებში მწერებმა დამირბინეს. საბოლოოდ ეს მაინც მოხდა, მაინც უკბილოდ დავრჩი, გავიფიქრე და ქართველიშვილის გასაგონად ვთქვი: თაფოლოოთ ეთ მაინთ მოჰთა, დათოს ნაიარები ტუჩები გაებადრა, რა გჭირს შე ჩემაო- კვილევი თაფკარგე, მეთქი-ვუპასუხე და თავადაც გამეცინა. ქართველიშვილმა უკბილო რომ დამინახა სიცილს უმატა და ბოლოს უკვე ორივე ვხარხარებდით. გასაღები ექნებაო ვინმე მეზობელს, გამოვართვათ, დავიბრუნოთ შენი კბილებიო.

ღამის 2 საათი იქნებოდა. როგორ გინდა გააღვიძო ამ დროს ადამიანი და უთხრა, იცი მე თქვენს სარდაფში კბილები ჩამივარდა და თუ შეგიძლიათ დამეხმარეთო, თუმცა იღბალმა ჩემს მხარეს გადმოინაცვლა. მესამე სართულზე ბინის კარი ღია დაგვხვდა. დათო მოურიდებლად შევიდა და მეც შევყევი. ოთახები განათებული და ავეჯისგან დაცლილი იყო. ზალაში იდგა ცარიელი სკამებით გარშემორტყმული კუბო. ჩვენ კუბოსთან ახლოსვე შევჩერდით. ქართველიშვილმა სათვალიანი სიფათით შემომხედა და ირონიული ღიმილით მომაძახა - გამარჯობა შენი! ლოჯიდან ჭირისუფლები გამოვიდნენ და თვალცრემლიანი სახით მიიღეს სამძიმარი ჩვენსგან, ვინც მიცვალებულს ცხოვრებაში და ახლაც შენობით მივმართავდით. გულმა ვერ მომითმინა და ეგრევე ვუთხარი: კვილევი თამივართა თართაფთი გათაგევი ქომ არ ქაქვთ. ჭირისუფალი გამგებიანი და მარავალჭირნახული აღმოჩნდა. გასაღებიც ჰქონდათ, ფარნებით სარდაფშიც ჩამოგვყვნენ, მერე დიდხანს ვეძებეთ ჩემი კბილები. ბოლოს ვიღაცამ ფეხი დაადგა და-ეს ხომ არაააო-იკითხა, ჩემი კბილები აღმოჩნდა. გამოვართვი, ავირბინე მიცვალებულიან ბინაში, ონკანში გავრეცხე და მშობლიურ ყბას დავუბრუნე. ყველა კმაყოფილი იყო. ქართველიშვილმა მხარზე ხელი დამადო, მითხრა კაი, კაი, დღეს არ დაგცინებ, ხვალისთვის მოემზადეო.

მეორე დღე იმით დაიწყო, რომ ეკა ანდრონიკაშვილი ქმარს გაშორდა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება