კალათა

შიოს ღმერთი პანსიონში ცხოვრობს

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
თუ ჩემს მეგობარს დავუჯერებთ, შურისძიება უნდა იყოს უხმაურო.

ასეთი ამბავია, გადაწყვეტილებას რომ იღებ, მერე მარტივია. ჰოდა ავდექი და წავედი. ინგლისურის სერტიფიკატი მქონდა, ის რაღაც საკვალიფიკაციო გამოცდა მარტივად ჩავაბარე. ხელფასი კარგი იყო, პროგრამის ფარგლებში გამიშვეს მაღალმთიან სოფელში და ჩვეულებრივ, მასწავლებლებს რომ უხდიან, იმაზე სამჯერ მეტი გამომდის . ცოტა უხერხულობა მქონდა თავიდან, მაინც, რაღაც მოაქტივისტო ტიპი რომ ხარ და ფეისბუქზე ერთი ორი სტატუსიც გაქვს დაწერილი სოციალურ უსამართლობაზე და შრომის უფლებებზე, გიღიტინებს. მარა ეგეც მალევე გაქრა. თავის დამშვიდებას რა უნდა - მე სახლს და მეგობრებს მოვწყდი, მიყრუებულ მხარეში გადმოვსახლდი, მასწავლებლების დეფიციტი რომ იყო, მაგიტომ გახდა ეს სპეციალური პროგრამები საჭირო, თან ძაღლებისაც მაგრად მეშინია. აქ კიდევ ყველა სახლში ჰყავთ დიდები და ავები. ამათი პატრონები კი ამბობენ, არაო, კარგები არიანო. მე ვერ ვენდობი ოღონდ. მაგის გამო ანამ მითხრა ერთხელ, როგორ არ უნდა გიყვარდეს ცხოველები, ძაღლების ასე რომ გეშინიაო. ხო არალოგიკური ბრალდებაა, მაგრამ გავბრაზდი, მთელი კვირა გაბრაზებული ვიყავი და მაგ სისულელეზე ვფიქრობდი. ერთი კვირის თავზე განვაცხადე ვეგეტარიანელი ვხდები-მეთქი. ოთხი წელია არ მიჭამია ხორცი.

აქ ორნი ვართ სხვა ადგილიდან მოსულები - მე და მუსიკის მასწავლებელი. სკოლის გვერდზე დიდი ორსართულიანი სახლი დგას. დირექტორისაა და მგონი, სკოლას დაუთმო, ზუსტად არ ვიცი ოღონდ. მაგ სახლში ვცხოვრობთ ჩვენ და სხვა სოფლებიდან ჩამოსული ექვსი ბავშვი. მაგათთან სკოლა არაა და სახლებიდანაც ვერ ივლიან ყოველდღე. შორია. ჰოდა აქ ვცხოვრობთ ერთად. ზოგი ბრუნდება ხოლმე შაბათ-კვირას სახლში, მაგრამ მერე დიდი თოვლი მოვაო და მგონი მაგასაც ვერ შეძლებენ.

რომ ჩამოვედით, ერთი კვირა იყოს გასული, სწავლა ახალი დაწყებული და რაღაც დასვენების დღე გამოაცხადეს. წესით არ უნდა ყოფილიყო. ბავშვებმა მითხრეს გაკვეთილზე და მეგონა, მატყუებდნენ. მერე სხვა მასწავლებელმაც, კიო. ცოტა უცნაური ამბავია, ბავშვების მონაყოლზე გამეცინა, მეთქი იგონებენ, ხო ყველას მოგვწონდა მაგ ასაკში მაგიური რაღაცები. ჰოდა არ დავიჯერე. მერე დიდებმაც რომ თქვეს და მზადება დაიწყეს დღისთვის, სახლში დარეჯანს მოვაყოლე ზუსტად რა ამბავი იყო. ადრე, ძალიან ადრე მომხდარა. სოფელში ხევია დიდი, ღრმა და საშიში. რომ ჩავხედე პირველად, ის მდინარე პატარა და ვიწრო ზოლად ჩანდა, ჰოდა მეგონა ნაკადული იყო. მერე სოფელს რომ გვათვალიერებინებდნენ ახალჩამოსულებს, ჩავედით და აქეთ ნაპირიდან, მეორე ნაპირს ძლივს ვხედავდი. მგონი პირველად შემეშინდა წყლის. ხოდა, ეგ ხევი და მდინარე, სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს. ერთ მხარეს სახლებია, გაღმა კიდე საძოვრები და სახნავი მიწები. დიდი ხნის წინო, ყვებოდა დარეჯანი, აი, შემოსასვლელში ძველი სახლი რომ დგასო, ხელით მანიშნებდა თან, ლურჯი და ლამაზი, მაგ და კიდევ რამდენიმე სახლი ჩამოთვალა და თან ცდილობდა მიეხვედრებინა, სად იდგა ეს სახლები, მაგ სახლებში ბატონები ცხოვრობდნენო. ერთ დღესაც, დაღლილმა გლეხებმა, გამოათრიეს ეგ ბატონები სახლებიდან, თავები გაუჩეჩქვეს და აი, ხევში გადაყარესო. ოჯახის წევრებს მიცვალებულების ამოყვანის და დამარხვის უფლებაც არ მისცეს. თან მაშინ მდინარეც არ ყოფილა. გაწვიმდაო, დარეჯანმა, მთელი ღამე წვიმდაო, ამოვსებულა ის ხევი წყლით. გამეცინა. ისე, დარეჯანსაც ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა და ისეთი ხმა, როგორიც ბავშვებს, გაკვეთილზე რომ მიყვებოდნენ ამ ამბავს. აღარ გამიჩერებია. გააგრძელა. გადმოსულა წყალი იმ ხევიდან და დახოცილი ბატონები სხვის ეზოებში შეუცურებია. იმდენი წყალი გადმოვიდაო, მოსავალი სულ გააფუჭა და საქონელი დაახრჩოო. გჯერა-მეთქი, ვკითხე. გაჩუმდა. იმის მერე საკლავს ვწირავთო. რატომ გავრისკოთო, უხერხულად გაეცინა და შეიშმუშნა. აღარაფერი მითქვამს, კი ვფიქრობდი, რამდენ ხანს უნდა ეწვიმა, იმხელა ხევი რომ წყლით ამოევსო მეთქი, მაგრამ არც გამცინებია, არც გადარწმუნება დამიწყია. სჯეროდეთ.

ყველამ თითო ცხვარი გამოიყვანა დასაკლავად. რიტუალს არ დავსწრებივარ, ვიცოდი რა სანახავიც იქნებოდა და სახლში დავრჩი. მთელი სოფელი იქ ყოფილა. საღამოს დიდი სუფრა გაშალეს და დამიძახეს. ვიცოდი, ვერ დავიძვრენდი თავს და არ მიყვარს დიდად გაწევ-გამოწევები, სულ მგონია, რომ ფიქრობენ თავს ვიფასებ ეგეთ დროს. ჰოდა, წავედი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩემს სიგამხდრეს და იმას, რომ უჭმელი ვიყავი. მერე ვიღაც გაიწია და ხორცის დიდი ნაჭერიც გადმომიდო თეფშზე. ხორცს არ ვჭამ-მეთქი, რომ ვთქვი, მარხვაზე ხარო, დაბნეულმა მკითხა ჩემს გვერდით მჯდომმა. არა, ვეგეტარიანელი მეთქი და უხერხულად დავიწყე ხაჭაპურის ძიძგვნა. გემრიელია-მეთქი, მარტო იმიტომ ვთქვი, რომ სიჩუმე დამერღვია. აბა, შენ რა იციო, ჩაიცინეს. გავბრაზდი

იმ დღის მერე, დარეჯანმა სია ჩამომიწერე, რა გეჭმევა და რა არაო. საჭმელს გვიმზადებს და სახლის საქმეებში გვეხმარება. არ შეწუხდეთ, მივხედავ-მეთქი ჩემს თავს, რაც შემეძლო თავაზიანად ვუთხარი. მგონი არ გამომივიდა, იმიტომ რომ მერე მთელი დღე რაღაც ცხვირაბზუებული დადიოდა და ხმა არ გაუცია ჩემთვის. არ მიყვარს კონფლიქტები. თან დარეჯანი საყვარელი ქალია. სულ კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ. მაგისი შვილი ჩემს კლასშია და ზოგჯერ, გაკვეთილების მერე, დედამისს რომ აკითხავს ხოლმე, ჩვენს ბავშვებთან ერთად დავალებების მომზადებაში ვეხმარები.

სანამ წამოვიდოდი, ექიმთან ვიყავი. ვეგეტო-ნევროზიო, დიაგნოზი დამისვა, თან მიხსნიდა, ორი სახის ნერვული სისტემა არსებოსო, მგონი ასე თქვა, ერთი რომელიც შენს ბრძანებებს ასრულებს, მეორე ავტონომიური, რომელიც თვითონ წვეტს, როგორ იმუშაოს ამ დამპალმა ორგანიზმმა. ხოდა ჩემმა ავტონომიურმა აურია. არ მძინავს, სულ დაღლილი ვარ. მუდმივად მტკივა გული. დამცინოდნენ, არ შეიძლება გული გტკიოდეს გაუჩერებლადო. მტკივა და ჰა. სულ მაღიზიანებდა ეგ დამოკიდებულება. გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც სამედიცინო კანონზომიერებაში ვერ ვჯდებოდე, მაგრამ ხომ არ ვტყუი, მტკივა და ჰა. ჰოდა, მოკლედ, მაგის ბრალია ყველაფერიო, ექიმმა. წამლები გამომიწერა და ვმკურნალობ. დიდად შედეგი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ისე, მეგონა აქეთ რომ გადმოვედი, მეშველებოდა. არადა, ისევ არც მძინავს და რომ ვგდივარ ლოგინში, მგონია გასკდება ეს გული. გულის გასკდომას რომ წარმოვიდგენ ხოლმე, სულ მგონია, რომ ნეილონის ბუშტივით სკდება. და როცა ღამე ლოგინში ვგდივარ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ თუ გული გამისკდება, ექნება ძალიან დიდი ხმა და გვერდით ოთახებში ბავშვებს რომ სძინავთ, გაეღვიძებათ. რა სისულელეა არა? მაგრამ მაგის გამო ზოგჯერ მგონია ხოლმე, რომ ღამე არ გავფშეკ ფეხებს. აქ მაინც.

 

ჩვენ, მასწავლებლებს, სახლის მარცხენა მხარეს ოთახები დაგვითმეს, მარჯვნივ ბავშვების საძინებლებია. ექვსნი არინ სულ. ლევანი, ნატა, შიო, გიორგი, ნათია და მარი. შუაში დიდი სასადილო ოთახია. დილაობით, სანამ სკოლაში გადავირბენთ, ერთად ვსაუზმობთ ხოლმე. დარეჯანი საოცარ საჭმელს აკეთებს. ხოდა, აი, დილით, ახალგაღვიძებულები ცოტა გაშტერებული სახეებით რომ ვსხედვართ ამ მაგიდასთან და დარეჯანის გამომცხვარ ხაჭაპურს ვჭამთ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ, აი, რა მარტივად წამოვედი. განსაკუთრებული ემოციური კავშირი არავისთან მქონია. ოჯახის წევრებთან უკვე ძალიან დიდი ხანია საშინელი გაუცხოვება მაქვს. ხან არც მახსოვდა ხოლმე, რომ ერთ ჭერ ქვეშ ვცხოვრობდით და საერთოდაც, არც ასე გვისაუზმია დიდი ხანია ერთად. მეგობრები მიყვარს, მაგრამ რაღაც ავირიეთ. ყველა თავის ნაჭუჭში შეიკეტა. მგონი ერთმანეთი დავღალეთ და ცოტა ხანი, ისე, ხმისამოუღებლად გამოვუცხადეთ ერთმანეთს, რომ პარასკევობით რომელიმე ჯურღმულ ბარში გართობა საკმარისზე მეტია. რომ თუ თითო ამბავს გადავუგდებთ ერთმანეთს, მორჩა. ვალი მოხდილია. არ მაშინებს ეგ ამბავი, დროებითია, ზუსტად ვიცი. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ აქ წამოსვლით, თითქოს არაფერ განსაკუთრებულზე უარი არ მითქვამს. და მაინც, ზოგჯერ საშინლად მარტოსულად ვგრძნობ თავს და ძალიან მინდა ჩემი სახლის სამზარეულოს მაგიდიდან, ჩაის ჭიქის აღებისას, მაგიდაზე დარჩენილი ლაქა მოუწმენდელი დავტოვო, რომ მერე დედაჩემმა იჩხუბოს, როგორ ფეხებზე გვკიდია მისი შრომა. ანა მეტყოდა, სენტიმენტალური გახდიო და დამცინებდა. ჰოდა, მაგაზე რომ ვფიქრობ, ამ ბავშვების ამბები კიდევ უფრო მასევდიანებს. სულ ვფიქრობ, როგორ არ უყვართ თოვლი იმიტომ, რომ გზებს ჩაკეტავს და სახლებში შაბათობითაც ვეღარ წავლენ.

 

სამი დღის წინ ლამბა მკვდარი იპოვეს. ჩვენი ეზოს ძაღლი იყო. კოჭლი, გაქუცული კუდით. ეგეთი საწყალი ცხოვრებაში არავინ მინახავს. ერთადერთი ძაღლი იყო, რომლისაც არ მეშინოდა. ანუ, მოფერებით არასდროს მოვეფერებოდი და სკოლის შესასვლელთან, პირველ კიბეზე რომ იწვა ხოლმე მოკეცილი, მაინც გვერდს ვუვლიდი, მაგრამ არ მეშინოდა, მართლა. ბავშვები აჭმევდნენ. სამი წლის წინ მოსულა. საიდან, კაცმა არ იცის. სხვა სოფლები ახლოს არაა. მაგრამ, ალბათ, მაინც სხვა სოფლიდან უნდა იყოს მოსული. პატრონმა გამოაგდო ეტყობა. ხოდა იმის მერე აქაა. ჰოდა, ბავშვებმა რომ იპოვეს მკვდარი, ტიროდნენ. დაგლეჯილი იყო. პანიკა ატყდა, მგელიაო ამბობდნენ. ხოდა, შეგვეშინდა ყველას.

 

გუშინწინ დირექტორი შემოვიდა ოთახში და შიო მჭირდებაო. წერილებს ვწერდით ინგლისურად. ვისაც ვინ უნდოდა, იმას სწერდა. ხოდა, ვუთხარი, მერჩივნა არ გასულიყო. არა, სასწრაფო საქმეაო. მერე სახლშიც არ მინახავს. დარეჯანმა წერილი დაგვიტოვა, დღეს ვერ დაგეხმარებითო, ბოდიშს იხდიდა. გეცოდინებათ რატომაცო. ვერაფერიც ვერ გავიგე.

დილით უკვე ყველა მაგაზე ლაპარაკობდა. შიოს ბრალია ყველაფერიო. შემოიკრიბა კლასელებიო, ამბობდნენ. ლამბა, ძაღლი, მოუკლავთ, ჯერ უწამებიათ და მერე. სხვებიც დაისაჯნენ, მაგრამ უფრო შიოს ბრალი იყოო. მაგას დაადეს თითი. მაგან გვითხრაო. ღმერთს თუ შევწირავთ, რაც გვინდა ყველაფერი აგვისრულდებაო. ვერ წარმომედგინა, მეოთხეკლასელი ბავშვი, როგორ ჩაუდგა რელიგიურ გაერთიანებას სათავეში.

 

ჩემს გაკვეთილზე ბავშვები ყვებოდნენ, დინარამ, ქართულის მასწავლებელმა, ბიბლია მოიტანა და ხმამაღლა გვაკითხებდაო. ასე თქვა, შიო ეშმაკმა შეაცდინაო. იმიტომ, რომ მისი ჯერი რომ მოვიდა წაკითხვის, ასე უთხრა, არ შეიძლება შენ რომ წაიკითხოო. გავშრი. შიოც გაკვეთილზე იყო-მეთქი და კიო. ამდგარა და გავარდნილა ოთახიდან. მერე დიდხანს ულაპარაკია დინარას, როგორი გზასაცდენილი ყოფილა და რომ სულ იცოდა და ამჩნევდა მაგ ბავშვის თვალებში ცუდს. ბოროტებას. ყლექალა.

 

ინგლისურზეც აღარ შემოსულა. სახლში რომ გადავედით, არც ვახშამზე გამოვიდა ოთახიდან. დარეჯანმა მაგრად ამიშალა ნერვები. მაგის შვილიც გარეული ყოფილა ამ საქმეში. ხოდა დაქოთქოთებდა მთელი დღე. რაღაც სისულელეებს იძახდა. ზუსტად ვიცი, შიოც გაიგონებდა ოთახში. არა, ჩემს შვილსაც არ ვამართლებ, დაისაჯაო ეგეცო. საწყალი.

 

საღამოს, კარზე მივუკაკუნე შიოს. ზოგადად, არასდროს გამოცდილება არ მქონია, ეგეთი ამბავში და მეშინოდა, რამე ისეთი არ მეთქვა. არ მიპასუხა, ხოდა შევაღე კარი. იწვა. არ ეძინა. მეთქი, წამო წერილი დავასრულოთ. ვიდექი და ვუცდიდი. ადგა. ჯერ საწოლზე იყო ჩამომჯდარი, თავჩაღუნული, მერე წამოდგა და გამომყვა. დიდ ოთახში დავსხედით მაგიდასთან. მერე ჩაი დავლიოთ მეთქი და სამზარეულოში გადავედით. ჯერ იმან მკითხა, ხორცს რატომ არ ჭამო. მოვუყევი ჩემი ამბავი. არ გინდებაო და მეთქი, კი, ხინკალი მიყვარდა ძალიან და ახლა სულ ნერწყვი მადგება-თქო. რატომ არ ჭამო და აი, ანასთვის რომ დამემტკიცებინა, ცდებოდა-თქო და მერე კი მივხვდი, ასე უფრო სწორია-თქო, ვეცადე რაც შეიძლება დელიკატურად მეთქვა. იმიტომ, რომ სულ მაღიზიანებდნენ ის ტიპები, შე რეგვენო, თვითონ რატომ ვერ ხვდები ტონით რომ ხსნიდნენ საკუთარ მოტივაციებს. ცოტა ხანი ვისხედით ისე. ვის მიწერდი წერილს-თქო, ვკითხე. მთავრობასო. დავიბენი. რას მიწერდი-თქო, ვკითხე. ისევ თავჩაღუნული იჯდა და მერე, ინგლისურად მითხრა

“Dear MR. President,
My village does not have school. Please build us school. Very important
Thank you.”

დარეჯანს ვთხოვე დამხმარებოდა. ხორცი მოვიტანე. ის ცომს ზელდა. მე შევთაზავებ მეთქი. კარგად დავკეპე და ბევრი სუნელი შევურიე. დარეჯანმა, რად უნდა მაგდენიო. მეთქი ასე უფრო გემრიელია, ჩემი რეცეპტით უნდა გაგასინჯოთ-თქო. გაეცინა. ნეტა შენ რა იციო. მთელი ღამე ვახვევდით. ბოლოს უკვე დათვლის თავიც აღარ გვქონდა. სასადილო ოთახის დიდი მაგიდა სულ სავსე იყო, კიდე ორ სკამზე გადებული სამი განიერი ფიცარი და ფანჯრის რაფებზე დაწყობილი ხის დაფები. რამ გადაგრიაო, დარეჯანმა. მთელი სოფელი უნდა დავპატიჟო მეთქი. დავიმსახურეთ.

დილით ბავშვებს ვთხოვე, მაგიდების მოზიდვაში დამხმარებოდნენ. მერე შუაცეცხლზე რამდენიმე დიდი ქვაბი შემოვდგით და ნაწილ-ნაწილ ვხარშეთ ხინკალი. როგორ მოასწრო დარეჯანმა მთელი სოფლისთვის გაეგებინებინა ეს ამბავი, არ ვიცი, მაგრამ მართლა ყველა აქ იყო. პირველი ხინკალი მე შევჭამე. ვიღაცებმა შემომცინეს, აბა ხორცს არ ვჭამო. გავუღიმე, მეთქი ხინკალზე უარი როგორ უნდა თქვა-თქო და წვენი მოვხრუპე. არ ვიცი მოეწონათ თუ ზრდილობის გამო, მაგრამ მართლა ყველამ გასინჯა. აღარც ერთი ცალი არ დარჩენილა.

 

დირექტორთან შევედი და განცხადება დავწერე. უნდა წავიდე. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვეღარ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. როდიდანო. ხვალვე მეთქი. ბარგი საღამოსვე ჩავალაგე. რაღა გამაჩერებდა აქ. ვფიქრობდი ისე, მეთქი შიოსაც წავიყვან და აი, დინარას, გაკვეთილის დროს, ფანჯარაზე მივუკაკუნებთ და შუა თითებს ვაჩვენებთ-თქო. რას წავიყვანდი. თან არც უნდოდა. სახლში უნდოდა.

ვწევარ ახლა. ისევ არ მძინავს. გული მტკივა და მგონია რომ გასკდება. წარმოვიდგენ, ბუშტივით სკდება და დიდი ხმა აქვს. მარტო სახლში კი არა, მთელ სოფელში აღვიძებს ყველას. ძაანაც კარგი. სათითაოდ მივიდოდი ყველასთან და ვეტყოდი, რომ ნაბიჭვრები არიან.

 

მეგობრები მომენატრნენ. კვირის ბოლოს ბარში დასხდომა და დალევაც. რაღაც სისულელეებზე ლაპარაკი - იმედგაცრუებულ სიყვარულებზე და სამსახურების დრამებზე. რომ ჩავალ აქაურ ამბებს მოვყვები. ანას სახე მაინტერესებს, როცა ვეტყვი, როგორ ვიძიე შური ყველაზე; რომ ძაღლის ხორცის ხინკალი ვჭამე და სხვებსაც ვაჭამე; მთელ სოფელს. მერე მთვრალი ფეისბუქს გავხსნი და სტატუსს დავწერ - Dear MR. President, You are A Dick!


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება