კალათა

წინასწარმეტყველის საბანი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ალბათ ეს ამბავი ჩემს მოგზაურობაზე უფროა, ან ელენას გოგოს მოლოდინზე, შეიძლება ბებერ ჭერზეც, ყველაფერს რომ თვალს არიდებს, ან კიდევ იმპერატორის მკითხავზე. ან მხოლოდ იმაზე, რაც ელენასგან დარჩა.

ყველაფერი შემოდგომის წვიმიან დღეს დაიწყო იმ ოთახში, რომელშიც ადრე აფთიაქი იყო და მეტად უცნაური სუნი იდგა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს მსუქანი ქალის დამსახურება იყო, მთელი კვირა ჩემკენ რომ არ მოუხედავს და როდის როდის გავახსენდი.

არაფერიც არ იქნებოდა, კუდიანი ელენა დარბონაძე მატრაკვეცა რომ არ ყოფილიყო და შვილის ქორწილისთვის მეტისმეტად არ გამოედო თავი. სიძე არ მოსწონდა, მაგრამ რაღაცის იმედი მაინც ჰქონდა. სწორედ ამ იმედის გამო მოიფიქრა ჩემი განახლება და ამ მსუქანი და მოუვლელი ქალის ხელით გავიღვიძე, მეტისმეტად ჩვეულებრივად და ბანალურად. ის სახლი რომ ვნახე, სადაც უნდა მეცხოვრა, ერთი ვიფიქრე, მაგრად არ გამიმართლა-მეთქი, მერე კი ხელი ჩავიქნიე. უხეიროდ გარემონტებულ ოთახში მოვთავსდი, მეტად საპატიო ადგილას. ამაყად ვიწექი და ჩემს თავზე დაკიდებულ არც ისე ბებერ ჭერს ნიშნისმოგებით ვუყურებდი, ის კი თვალს მარიდებდა, მეგონა რომ ფანჯრიდან იყურებოდა, არა ნამდვილად ფანჯრიდან იყურებოდა.

ლანას გათხოვება უნდოდა და ამაზე მთელი უბანი ჭორაობდა.

— თუ მართლა მკითხავია, მაგის ფასი რა გაუჭირდა? — ქირქილებდნენ და იფხანდნენ უძვლო ენებს.

ერთ გაზაფხულზე, როცა ლანას ოცდარვა წელი შეუსრულდა, მოულოდნელად მთელი ორი კვირით სადღაც გაქრა. ელენას გოგოს ვეღარ მოუთმენიაო, იცინოდნენ მეზობლები. თუმცა, მათდა გასაკვირად, ორი კვირის თავზე ლანა გამოჩნდა, თან ის ექიმი ახლდა.

ციცინო ამბობდა ელენას კიდეც გაუხარდა და არც გახარებიაო.

— ტუჩები მოკუმა და არაფერი უთქვამს. ცოტა კი შემეცოდა ისე — ამატებდა ბოლოს

უბნის მღვდელს, მამა დოროთეს, სტიქაროსნებთან საუბარში წამოსცდენია, მუხლზე დაჩოქილი რომ მევედროს, ჯვარს მაინც არ დავწერო. ელენას გულისხმობდა ალბათ.

ყველაზე კარგად ქორწილის დღე მახსენდება. ნოემბრის ავდარში, იუსტიციის სახლიდან ახალხელმოწერილი წყვილი, მხოლოდ აცრემლებულმა ელენამ და ქმარგაშორებულმა ტასომ გამოაცილეს. მაინც იყო ამ წამში რაღაც ბედნიერი და ამაღელვებელი. სახლში შესვლისას თეფშიც კი გატეხეს, მე სულგანაბული ვუგდებდი ყურს რა მოხდებოდა, ვიცოდი რომ საზეიმო წუთის დადგომამდე სულ ცოტა რჩებოდა და ვეღარ ვითმენდი. ისეთი ამაღელვებელი იყო, ისე არაჩვეულებრივი, აღარ განმეორდება, ვიცი.

ელენა დროებით იმერეთში წავიდა, დასთან. ხელს არ შევუშლი, ფეხებში არ მოვედებიო, ამბობდა.

ელენას სიძე ექიმი იყო, გვარად მადრაცევი. თვითონ ამბობდა გერმანული ფესვები მაქვსო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ არც მის უბედურ ცოლსაც კი არ სჯეროდა ამის. უბედური იმიტომ იყო, რომ ქორწინებიდან ერთი კვირის თავზე, შინ უხასიათოდ დაბრუნებულმა ქმარმა გამეტებით გაარტყა ხელი. ვინ იცის, რას ელოდა ლანა ამ სამშოობლოდაკარგული კაცისგან, მაგრამ იმ დღის შემდეგ ქმრის შიში დასჩემდა. ცდილობდა არაფერი შეშლოდა. კარგად გარეცხა, სწორად დაეუთოვებინა. სულ დაძაბული იყო, ქმარს თვალებში უყურებდა. ქმარი მაინც სცემდა, ის კი ელენას არაფერს ეუბნებოდა, დალურჯებულ სახეს ტონალური კრემით იფარავდა ხოლმე.

როცა ექიმი ბინის კარს გაიხურავდა, ლანა ტირილს იწყებდა. საოცარი წუთები იყო, ჩემს მკერდზე იწვა და ტიროდა. ნაზი კანი ჰქონდა. ასეთი ღამეები იყო ყველაზე სანატრელი და იდუმალი. ჩამეხუტებოდა და ისე ეძინა.

სამი თვის თავზე ოლეგ მადრაცევი გერმანიას გაემგზავრა. თვითონ თქვა, შესანიშნავი შემოთავაზება მაქვს ბერლინის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაშიო. თანაცხოვრების პერიოდში მან ლომბარდში დააგირავა ელენას ძეწკვი და კულონი, ორი ბეჭედი და ტელევიზორი, რომელიც რომელიღაც კლიენტმა აჩუქა ელენას. გაემგზავრა და უბედური ლანას ყველა იმედი თან წაიყოლა. მეზობლებს ისევ მიეცათ სალაპარაკო.

— წავალ, დედა, იტალიაში. უფრო მოგეხმარები. სულს მოვითქვამთ. იმეორებდა ხოლმე, დისგან დაბრუნებული ელენა, რომელიც ციცინოს თქმით ვერ გამოიყურებოდა კარგად.

— ვის იმედად მტოვებ, ქალო? მეც წამოვალ მაშინ. ის არაა არაფრის ღირსი.

— ორივე ხომ არ გადავიხვეწებით? არ იქნება კარგი.

ელენა თავსაც იმშვიდებდა და შვილსაც ამშვიდებდა.

— მხოლოდ სამი დღე მომიწევს საბარგულში ყოფნა, ათენში კლარას გოგო დამხვდება და იქ მერე რაღაცას მოვახერხებ.

— რომ გიპოვონ? დაგაპატირმონ?

— კლარას გოგო მომხედავს, ნუ გეშინია. ადრე რომ გამერისკა, ახლა არ ვიქნებოდით ამ დღეში.

როცა ელენამ ძლივს მოაბა თავი წასვლის საქმეს, მაშინ ვნახე პირველად ის დაჩამიჩებული მოხუცი, რომელიც მსუბუქი ნაბიჯით შეცუხცუხდა ბინაში და ელენასა და მის ქალიშვილს მკაცრად შეხედა. ქალები შეშინდნენ და მუხლი მოეკვეთათ, ვერ გაიგეს რა ექნათ. ელენა უნებურად დაჯდა დივანზე.

სტუმარმა რიხიანად დაიწყო:

— 1902 წლის გაზაფხულზე პეტერბურგიდან ტფილისს გამოემგზავრა ვინმე მაჩხანელი ვახტანგი, რომელიც ოფიციალურად იქ სწავლობდა. მას შავი შარვალი და უბრალო გახამებული თეთრი პერანგი ეცვა. ის ავიდა კუპეში და თავისი ადგილი დაიკავა, მას ხელთ არც ისე პატარა ჩემოდანი ეჭირა. მატარებელი რომ დაძრულა, ბაქანზე ვიღაც ქალი მივარდნილა. ხელებს იქნევდა თურმე და მერე პოლიციელი მოუხმია, როგორც გარკვეულა, ვიღაც გერმანელი გრაფინიას მოახლე ყოფილა. ის გრაფინია ელიტარული წინასწარმეტყველი ყოფილა. წყაროები ამბობენ, თავად იმპერატრიცა დადიოდა მასთანო. სწორედ ის გრაფინია გაუქურდავთ იმ დილით. დანაშაული მეტისმეტად დელიკატურ ვითარებაში მომხდარა.

ელენამ ამასობაში სული მოითქვა, ფეხზე ადგა და სტუმარს შეუვალი ხმით უთხრა:

— ახლავე წადით აქედან!

ბერიკაცი დაფრთხა, რატომღაც ელოდა, რომ მსმენელებს დააინტერესებდა. ერთხანს ჩუმად იდგა, მერე ძლივს მოაგროვა მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები და წავიდა.

— მე ისევ გესტუმრებით, აუცილებლად. — თქვა კარის გახურვის წინ.

ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე.

 

ექიმის წასვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი დაიწყო. ლანა უჩემოდ აღარ იძინებდა. მკერდში ჩამიკრავდა ხოლმე. სწორედ იმ დაუვიწყარი ბედნიერების განცდისას გამახსენდა, რომ ოდესღაც წინასწარმეტყველების უნარი მქონდა. გადავწყვიტე შემემოწმებინა. მიუხედავად ცხადი მოგენებებისა, თავიდან ეს ყველაფერი სისულელედ მეჩვენებოდა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ მართალი ვიყავი, ნამდვილად მქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი. როცა ის მოხუცი კაცი პირველად გამოჩნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ ის ისევ დაბრუნდებოდა.

თავიდან მხოლოდ უბრალო წარმოდგენა მეგონა, მაგრამ ერთ დღესაც გონება დავძაბე და გადავწყვიტე მეთქვა, რა მოხდებოდა უახლოესი საათების განმავლობაში. დავიწყე. პირველი რაც მომაფიქრდა ის იყო, რომ ელენა უნებურად გატეხავდა თეფშს, ლანას ტელეფონზე დაურეკავდა ქმარი, რომელმაც აგერ უკვე მესამე თვეა მიატოვა და მისგან არაფერი ისმოდა, რომელზეც ჭორიკანა ციცინომ ჩააწვეთა დედა-შვილს — გერმანიაში კი არა ესპანეთშია და ვიღაც ჰყოლიაო. არ დაიჯერეს. ისიც ვთქვი, ლანა ამ საუბრის შემდეგ იტირებს და ელენა აუცილებლად წყევლას დაუწყებს სიძეს მეთქი. ყველაფერი ახდა. ახდა და მე თავადვე შემეშინდა. თეფშის ნატეხების აკრეფა არ ჰქონდა დასრულებული ლანას, რომ ტელეფონმა დარეკა. საუბარი რომ დაამთავრა, ლანას არაფერი უთქვამს უბრალოდ ტიროდა და ქმრის პერანგებს გულში იხუტებდა.

— რატომ გათენდა ის დღე ჩემს სახლში რომ ფეხი შემოდგა, რატომ გათენდა, რატომ? — სასოწარკვეთით იმეორებდა ელენა.

 

სანამ მოხუცი ისევ რომ გამოჩნდებოდა, ელენას რაღაც უცნაური სნეულება შეეყარა და გეგმები აურია. ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როცა იგი ისევ იტალიაში აპირებდა წასვლას. ის კაცი სახლში აღარ შემოსულა. კვერცხის და პურის საყიდლად მაღაზიაში ჩასული ლანა დაფეთებული ამოვარდა სახლში.

— დაბრუნდა — გავიფიქრე.

— დაბრუნდა, დედა, აქ არის! — დაიძახა აქოშინებულმა და ფანჯარას ეცა.

ლანა გაფითრებული. მართალია ქმართან დიდი ხნის წინ იჩხუბა მაგრამ ინსტიქტურად აიღო ყურმილი და დარეკვა დააპირა, მერე გადაიფიქრა და უღონოდ დაეშვა დივანზე. ის მოხუცი შუაღამემდე მდგარა იქ.

იმ ღამეს ლანას ყვირილმა გამაღვიძა. ის აცახცახებული იჯდა საწოლზე, ხელები ჩემთვის მოეხვია და მძიმედ სუნთქავდა. ელენა მეორე ოთახში იწვა.

— წყალს მოუყევი, დედა, წყალს. — დაუძახა შვილს.

ლანაც ადგა და სააბაზანოში გავიდა. მაგრამ რადგან ონკანში წყალი არ მოდიოდა ტაშტი და წყლის ბოთლები მოიტანა. საწოლზე დაჯდა, ვიდრე რამეს იზამდა, უნებურად გადაიწერა პირჯვარი. მერე კი ტაშტზე წყლის დასხმა დაიწყო, თან სიზმარს ჰყვებოდა, ჩურჩულით.

— ვახტანგ მაჩხანელი იყო. მატარებელი სწრაფად მიდიოდა. მას რაღაც ჰქონდა ჩემოდანში, არ ვიცი რა. მცხეთამდე მშვიდობიანად იმგზავრა. მერე უცნაური რაღაც მოხდა — ეტლი, რომელშიც მაჩხანელი იჯდა გადაბრუნდა, უფრო სწორად ხრამში გადავარდა. თითქოს ვიღაცის უჩინარმა ხელმა აიღო და გზაზე მიმსრბოლი ეტლი წყალში გადააგდო. წყალი პატარა იყო. ვხედავდი მეეტლეს, რომელიც უგონოდ ეგდო, ვახტანგი არ ჩანდა.

ელენა გაჭირვებით წამომდგარიყო და კარებს მიყუდებული უყურებდა შვილს.

— ხვალ მამა დოროთეს მოვიყვანთ, სახლს ვაკურთხებინებთ, არ გვეტყვის უარს.

— გინდა ისევ დაიმცირო თავი ხომ? გინდა ისევ სასაცილოდ აგვიგდოს, გაგვამასხარაოს?

— არ იზამს მაგას, დამიჯერე.

ლანას არ უპასუხია, წყლით სავსე ტაშტი აივნიდან დაცალა და დაწვა.

 

მამა დოროთე არ მოსულა. მოიმიზეზა ავად ვარო, წირვაზეც ვერ ვდგებიო. ამან ელენა ძალიან დააღონა. სადღაც ძველი „დავითნი“ იპოვა და მთელი დღე იმეორებდა: „უფალო, საჯენ მავნებელნი ჩემნი და ბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა“.

ციცინომ იმ საღამოსვე შეაპარა დედა-შვილს:

— ტყუილია მისი ავადმყოფობის ამბავი. არ დაიჯეროთ.

— რას ამბობ, გავიკითხე და კვირასაც არ ყოფილა წირვაზე. — აშკარა წყენით თქვა ელენამ.

— ხო, არ ყოფილა. მე თვითონ ვიყავი ტაძარში და ვნახე, სხვა წირავდა.

— აბა რას ვამბობ? — ელენამ ცხვირი მოიხოცა, ლანამ კი ყავა შემოიტანა.

ციცინოს სახეზე გამარჯვება შევნიშნე. აშკარად რაღაცის თქმას აპირებდა და განგებ აგვიანებდა. ყავა რომ მოსვა, ჭიქა დემონსტრაციულად დადგა და თქვა:

— კვირას ზუგდიდში იყო, იქ იდგა წირვაზე.

ელენა გაფითრდა.

— საიდან იცი?

— აგიმ მითხრა, აგი ჯიქია ხომ იცი, ჩემი მამიდაშვილი.

ელენამ ტუჩზე იკბინა.

— იმასაც ამბობენ, დოროთე შეშინებულია და ქორეპისკოპოსის ნახვა უნდოდაო.

ამან მთლად დააბნია ელენა. ლანაც იქვე იყო და ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არ იმჩნევდა ხელში ტელეფონი ეჭირა და თექვსმეტჯერ დათვალიერებულ ფოტოებს მეჩვიდმეტეჯერ ათვალიერებდა.

— ტყუილი იქნება, ციცინო, ყველაფრის დაჯერება არ შეიძლება.

ციცინოს ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებში ისეთი სხივი უთამაშებდა, ჩანდა კიდევ იცოდა რაღაც.

 

ამ ამბიდან მესამე დღეს ისევ გამოჩნდა მოხუცი კაცი. სხვაც ახლდა, ძველ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი, უზარმაზარი სათვალით. ლანა ლამის ჭკუიდან გადავიდა, როცა ისევ დაინახა.

— თქვენ ვალდებული ხართ მომისმინოთ. — სასაცილო ხმაზე დაიწყო მან — საქმე ეხება უაღრესად მნიშვნელოვან არტეფაქტს, რომელიც ძალიან ბევრ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს.

მისმა თანხმლებმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ და თავის დაკვრით მიესალმა ლანას.

— ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა გითხრათ. ჩვენ ცარიზმის რუსეთის მეხოტბენი და მკვლევარები ვართ. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ საქმეს შევალიეთ. თქვენ გაგებით უნდა მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას. გვსურს, გადმოგვცეთ ის, რაც ამჟამად თქვენთან ინახება. იგი ნათელს მოჰფენს ერთობ ინტიმურ, მაგრამ მეტისმეტად მნიშვნელოვან დეტალებს ძლევამოსილი რუსეთის უკანაკნელი იმპერატორის ოჯახის ცხოვრების შესახებ. პირობას ვდებთ, აუცილებლად მადლობით მოგიხსენიებთ იმ ერთობ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ გამოკვლევაში, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება დასაბეჭდად.

პირდაღებული ლანა კედელს მიეყრდნო.

— ვინ გგონიათ თავი, გაეთრიეთ აქედან. დედა მიშველე!

სტუმრები ერთხანს ჩუმად იდგნენ. მერე ერთმანეთს გადაულაპარაკეს და წავიდნენ.

— რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე. — ჩაილაპარაკა ლანამ.

იმ საღამოს კიდევ ორი ადამიანი ესტუმრათ. პირველი ყოფილი პოლკოვნიკის ქალიშვილი იყო, უიმედოდ შეყვარებული. ლანას ეხვეწებოდა, ეგებ დედაშენმა კარტი გამიშალოს, დანარჩენი მე ვიციო. ელენამ კატეგორიული უარი თქვა. როცა გულგატეხილი გოგო წავიდა, ჩაილაპარაკა:

— დავიღალე.

იმ საღამოს უბნის რწმუნებულიც მოვიდა და დედა-შვილს უცნაური კითხვების დასმა დაუწყო.

— ღამე ხედავენ, რომ თქვენი სახლიდან ვიღაც გადის ხოლმე.

დედა-შვილს ენა ჩაუვარდა.

— სტუმრებს ხშირად იღებთ?

— როგორც წესი იშვიათად — ამოღერღა ლანამ.

— თქვენი ქმარი სად არის? — ორაზროვნად ჰკითხა მან ლანას.

ლანა აცახცახდა. როგორ უნდოდა ეთქვა, აქვეა, მეორე ოთახში სძინავსო, მაგრამ იქ მხოლოდ მე ვიყავი.

— მუშაობს.

— ქალაქშია?

— არა, საზღვარგარეთ.

— მე თქვენი შეშინება აზრად არ მქონია — უადგილოდ გაიღიმა ინსპექტორმა — უბრალოდ კარგად გამიგეთ, თქვენ გარდა ამ კორპუსში სხვებიც ცხოვრობენ, შეიძლება ცოტას აჭარბებდნენ კიდეც, მაგრამ, ხომ გესმით, მე ვალდებული ვარ.

 

დილითვე ვიფიქრე, რომ იმ საღამოს მეორედ დარეკავდა ექიმი. უნდა ვაღიარო, როცა ზარის ხმა გაისმა საღამო აღარ იყო. ლანა ერთსა და იმავეს იმეორებდა:

— მალე ჩამოდი, მალე ჩამოდი, მენატრები.

არ ისმოდა ის რას ეუბნებოდა, მაგრამ კარგა ხანს ილაპარაკეს. ლანას ხან ცრემლები მოსდიოდა, ხან იცინოდა.

გახარებულმა იმ საღამოს ქმრის პერანგების დაუთოვება დაიწყო.

— ჩამოვალო, ასე თქვა, მომენატრეო. არ ვიცოდი სიშორე რა იყოო. ახლა გამოვცადე და მივხვდი როგორ მიყვარხარო. დემნა ადგილს დამპირდა თავისთან კლინიკაშიო. ელენას მე მივხედავო, გესმის დედა? რა თქმა უნდა გესმის. მაინც ჩემია და მომენატრა. რა ვქნა. ჩამოვა და ახლიდან დავიწყებთ. ბინა გავარემონტოთო, ბავშვი გავაჩინოთო, შენ ექთნად მოგაწყობო. როგორ მიხარია. ერთად ყველაფერს შევძლებთო, რაც ლომბარდმა გაყიდა, იმაზე ბოდიში მომიხადა, აღარ გავიმეორებო.

დაუთოვებას რომ მორჩა, ელენას დახედა. ქალს სიცხე ჰქონდა.

— ვაიმე — წამოიყვირა მან და ტელეფონს ეცა — სასწრაფოში დავრეკავ.

ელენამ მხოლოდ ორი კვირა იცოცხლა. სიკვდილის წინ მღვდელს ნატრობდა. ზოგი ამბობდა, ლანამ თქვა უარიო მღვდლის მოყვანაზეო, ზოგიც მამა დოროთეს ადანაშაულებდა, არ მივიდაო. ორი კვირის თავზე აღესრულა, ბევრი არ უწვალია.

— რამოდენა ნუგეშია, ლანა, რამოდენა ნუგეშია, რომ არ იტანჯა. — იმეორებდა ციცინო და ქარისგან აცრემლებულ თვალებს იწმენდდა.

წესაუგებლად დამარხეს, ბევრი არც არავინ მისულა. უხმაუროდ ჩაიარა ყველაფერმა. ლანამ იმ ღამესაც იტირა, ხან დედას ეძახდა, ხან ქმარს.

იმ ღამეს ვიღაცამ ქვები დაუშინა მათ სახლს და მთელი ხმით ყვიროდა:

— კუდიანი მოკვდა! კუდიანი ჩაძაღლდა!

გარეთ არავის გამოუხედავს.

 

1902 წელს წამომიყვანეს პეტერბურგიდან. ვახტანგ მაჩხანელი გაქნილი აფერისტი იყო. მან მოხერხებულად გააცურა გერმანელი გრაფინია, რომელიც რატომღაც სწყალობდა და ხშირად პატიჟებდა თავისთან. იმ დილით საწოლზე ვიწექი, მან მომხვია თავისი ქალივით ნაზი ხელები და მწვანე ჩემოდანში მიკრა თავი. გრაფინიაზე გული არ დამწყვეტია, რადგან ერთი ბინძური კატა ჰყავდა, რომელიც მუდამ ზურგზე მაწვა და იზმორებოდა. ვახტანგ მაჩხანელი იმ ავარიასაც გადარჩა, რომელიც ტფილისთან მოხდა, ეტლიდან გადმოხტომა მოასწრო. რევოლუციის დროს მოკლეს, მეტად გაურკვეველ ვითარებაში და ჩემი ცხოვრების ყველაზე უბედური დღეებიც მაშინ დაიწყო. ჯერ ვიღაც მოხუცთან მოვხვდი, რომელიც თვეში ერთხელ იბანდა ტანს. ის მოხუცი მალე დახვრიტეს და მთელი ათი წელი დალუქულ ბინაში გავატარე. მერე ვიღაც ბიბლიოთეკარმა მიმითვისა, რომელთანაც მთელი ნახევარი საუკუნე გავატარე. ძველებურ კარადაში ვცხოვრობდი, ლამაზად დაკეცილი. სიძველის სუნი მქონდა. ჩემი თავი ელენას მისცა, დაჭერილი შვილიშვილის ამბავი აინტერესებდა. ამასობაში დავძველდი, დავიცრიცე, დავილიე. მერე თვალები დავხუჭე და მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ელენამ თქვა:

— ეს საბანი უნდა გავაახლოთ, ძალიან ძვირფასია.

 

ექიმი მადრაცევი ელენას წლისთავზე დაბრუნდა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება