კალათა

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ეს არის ამბავი თოვლზე, ბევრ თოვლზე და ძალიან ბევრ და საშინლად ბევრ და სასტიკად ბევრ და სასტიკ თოვლზე, და ირმებზე.

თოვლი მოვიდა, თოვლი, თოვლი, - ძილში ჩამესმის მისი ყვირილი. - ადექი, ეი, თოვლი მოვიდა, - ყვირის და დახტის.

საწოლზე დახტის, საბანი ძირს მოუსროლია, იატაკზე. ფანჯრიდან თეთრი შუქი შემოდის, კედელზე გაკრულ ფარდაგზე წითელი ძაფით ამოყვანილ ირემს ანათებს, ზუსტად მის თავზე, ის კი დახტის და წვრილ კანჭებზე უფერული ღინღლი უბრწყინავს, დაბურძგლულ კანჭებზე, თითქოს თოვლში ჩაყოფილი ფეხებით გაიღვიძა, სიზმრიდან პირდაპირ თოვლზე გადმოალაგა შიშველი ტერფები.

ასე როგორ ჩამეძინა. ან როგორ არ გამაღვიძეს. როგორ დამასწრო. სწრაფად გადავიცვი კაბა. მოუთოვია შემოდგომის ბოლო ბალახზე. შეშის გორა, კუნძი, ზედ ცულით, თითქოს ზედ შერჩენია ცულის ტარს მკლავი, კაცის მკლავი, მთავარი კაცის, ჩვენი კაცის ღონიერი მკლავი, და სისხლის წვეთები თოვლზე, ქათამი დაკლეს, დაუკლავს მამაჩემს, იქვე გდია, აღარ ფართხალებს, მისი ფართხალი წითელ შხეფებად ემჩნევა თოვლზე.

დახტის საწოლზე და ეს მკვდარი ქათამი სწრაფად უნდა ვდურთო მდუღარეში, სანამ დაინახავს. წყალი ადუღებულა და სად წავიდა დედაჩემი, ხომ იცის, რომ არ უნდა დაინახოს, ცუდად გახდება და მამაჩემი ისევ იჩხუბებს, - ბიჭებს სისხლის და მკვდარი ქათმების არ უნდა ეშინოდეთ. ვედროში ჩავყოფ, დავმდუღრავ და ბუმბულს გავაცლი, და მოედება ყველაფერს დაფუფქული ქათმის სუნი, გადაეფინება ეზოებს, და მეზობლები ფანჯრებს მიკეტავენ, თუმცა ისედაც დაკეტილი ექნებათ ფანჯრები, ცივა, უკვე ზამთარია.

ვერ მოვასწარი: დაინახა. რომ მოვიხედე, მისი გაჩეჩილი ცეცხლისფერი თავი და ჩიტის კვერცხივით დაჭორფლილი პატარა ცხვირპირი დავინახე ღია კარში, გაფითრებული იდგა ზღურბლზე, ფეხაკეცილი, ცალი წინდა ამოეცვა, მეორე ხელში ეჭირა, და სანამ ვუყვირე, სახლში შედი-მეთქი, იქვე ჩაიკეცა.

მერე, როცა სანადიროდ წავა, ამ დღეს გავიხსენებ.

რომ დაიბადა, მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ ქალები დიდ კვერცხებს დებენ და ასე იჩეკებიან ბავშვები. ასეთი კვერცხი იზრდებოდა დედაჩემის მუცელში და როცა ჯდებოდა ან გვერდს მოიქცევდა საწოლში, ჩემ გვერდით, - მაშინ გვერდზე მედგა მისი საწოლი, ერთ ოთახში გვეძინა ყველას, - მესმოდა, ნამდვილად მესმოდა, როგორ ჭრიალებდა და ტკაცუნობდა კვერცხი მის მუცელში, და სულ მეშინოდა, რომ ჩატყდებოდა, ჩაილეწებოდა ის კვერცხი, სანამ გააჩენდა. მეშინოდა მამაჩემის ხელის, მუცელზე რომ დაადებდა ხოლმე, თითქოს იკუმშებოდა კვერცხი მისი ხელის ქვეშ, იკუნტებოდა, და კიდევ უფრო ხმამაღლა ტკაცუნობდა, როგორც ცეცხლში შეყრილი ხმელი მუხის ტოტები.

ისე მინდოდა მენახა, ეს როგორ ხდება. მაგრამ როცა კვერცხის დადების დრო დაუდგა, სასწაულად აკივლდა დედაჩემი. გარეცხილი კარტოფილით სავსე ჯამი ეჭირა ხელში, გაუვარდა და იატაკზე დაგორდნენ სველი კარტოფილები. იდგა სამზარეულოში, მაგიდას დაყრდნობილი, ფეხებზე წყალი ჩამოსდიოდა და კიოდა.

ისე გავიქეცი, უკან არ მომიხედავს. ისე გადავახტი ღობეს და მეზობლის ეზოში ვაშლის ხეზე ისე ავძვერი, უკან არ მომიხედავს. მერე იქიდან ვუყურებდი, როგორ დარბოდნენ ქალები წინ და უკან ჩვენს ეზოში. როგორ მოიყვანა მამაჩემმა ჩვენი ექიმი. კაცი, რომელიც სინამდვილეში კბილის ექიმი იყო და შიგადაშიგ ყველაფრის ექიმობა უწევდა, კაცი, რომელიც ჯერ შვილებს აჩენინებდა ქალებს, როცა შორეულ საავადმყოფოში წასვლას ვერ ასწრებდნენ, მერე კი ნელ-ნელა კბილებს აძრობდა, სათითაოდ, წლიდან წლამდე, კარგად რომ დაეტყობოდათ ცხოვრება.

დედაჩემი ისევ კიოდა და ჩემი ხე ირწეოდა ნელა, ზედ შემორჩენილი უკანასკნელი ვაშლები შობის ღამის ზანზალაკებივით წკრიალებდნენ, აი, გადმოაგორეს ალბათ კვერცხი, მოიხსნა ჩვენმა ექიმმა კისერზე ჩამოკიდებული ფონენდოსკოპი, დაადო კვერცხს, უსმენს, კვერცხი შეკრთება, ფონენდოსკოპი მუდამ ცივია, მე ეს მახსოვს, ბეჭებით მახსოვს, ორჯერ მქონდა ფილტვების ანთება და თაფლიანი კომბოსტოს ფურცლები დამაფინეს მერე ბეჭებზე, და ვგრძნობ, ახლაც ვგრძნობ, როგორი ცივია, და არ ვიცი, ვინ გატეხავს კვერცხს. ის რომ ვერ გატეხავს შიგნიდან, ვიცი: ბავშვებს ნისკარტები არ აქვთ, წიწილებისგან განსხვავებით.

მერე ყველაფერი დამთავრდა და სახლში დავბრუნდი. სამზარეულოში ისევ ძირს ეყარა კარტოფილი, და მითხრეს, რომ მე ახლა ძმა მყავს.

არსად იყო კვერცხის ნაჭუჭების კვალი.

მერე, როცა ნადირობიდან დაბრუნდება, ამ დღესაც გავიხსენებ.

....

ყველა დღეს გავიხსენებ.

შეხედე, თოვლი, - ვეუბნები, - თოვლი მოვიდა. აბა თქვი: თოვლი. იცინის. ლაპარაკი არ უნდა. ამბობენ, რომ ეზარება, ზოგი ბავშვი უბრალოდ ზარმაცია და გვიან იწყებს ლაპარაკს. იცინის და ცხვირი ეჭმუხნება სიცილის დროს, და ეს მიყვარს. წვეტიან წინა კბილებს გამოაჩენს - ღრრრ - ასე მიღრენს, თან იცინის, და ეს მიყვარს. ჩემი პატარა მხეცია. გარეთ უნდა, თოვლში, ცმუკავს, ვეღარ ისვენებს. კარგად შევფუთე ნაქსოვებში, თავზე ქუდიც ჩამოვაფხატე, შარფი მოვახვიე და მაგრად შევუკარი. თოვლში უნდა გავიყვანო.

დგას თავგადაგდებული და ენაგადმოყოფილი. თვალები მაგრად ჩაუხუჭავს და ფიფქებისთვის ენა მიუშვერია. ყველაფერს გემოს უსინჯავს, რომ ვეუბნები, მაკოცე-მეთქი, ენას ამისვამს ხოლმე ლოყაზე. მკვრივი, მშრალი ფანტელები ცვივა. თვალები გაახილე და დაინახავ, რომ მივფრინავთ, - ვეუბნები მე. თოვა მატულობს, ვდგავართ და ქვემოდან შევყურებთ. თანდათან გვიახლოვდება ცა. მთელი ძალით მებღაუჭება ხელზე. მივფრინავთ.

ამბობენ, რომ გოგოსავით ლამაზია, გაიზრდება და გადაირევიან მასზე ქალები.

მთავარია, კაცი გამოვიდეს, ამბობს მამაჩემი.

წარმოვიდგენ, როგორ უყვარდებათ ქალებს ჩემი ძმა. სადღაც, შორ ქვეყნებში, ყველაზე ლამაზ ქალებს ჩემი ძმა უყვარდებათ და თმებს იჭრიან და მდინარეს გამოაყოლებენ ხოლმე ოქროსფერ კულულებს ცხრამთასიქითელი მზეთუნახავები. ის კი იზრდება და დედაჩემს ემსგავსება, ცისფერი ძარღვები ეტყობა ყელზე და საფეთქლებზე. მკლავებს ფრთებივით დაიქნევს ხოლმე, ქარი რომ წამოუბერავს, ფეხისწვერებზე აიწევა და თვალებს ხუჭავს, გეგონება რომელიმე მზეთუნახავისკენ უნდა გაფრინდეს.

მე წავუკითხე პირველი ზღაპრები.

მე ვასწავლე კითხვაც. ყველაფერს მე ვასწავლი. საშინაო დავალებებს რომ ვამთავრებთ, ჩვენი სამეცადინო მაგიდა ქაღალდის ჩიტებით არის დაფარული: ხელებს ვერ აჩერებს, ზის და ჩიტებს აკეთებს რვეულებიდან ამოხეული ფურცლებისგან.

...

დიდი ხანია, აქ ირმები გადაშენდნენ. მხოლოდ თვალებდაბინდული ბებრებიღა თუ მოყვებიან რომელიმე ასი წლის წინ მოკლული ირმის ამბავს. ჩვენს სახლში კი კიდია ფარდაგი, ჩვენს ოთახში, სადაც ჯერაც ყველას ერთად გვძინავს, ჩემი ძმის საწოლის თავზე გაკრულია ძველი, ჩრჩილის მატლებისგან დახვრეტილი, დაფხავებული ფარდაგი, და ზედ წითელი ირემია გაყუჩებული. გავწვებით ხოლმე ჩემს საწოლზე, გულაღმა დავეყრებით და ირემს შევყურებთ მოპირდაპირე კედელზე, დიდი ეკრანივით გადაჭიმულ ძველ ფარდაგზე.

მერე ერთხელაც თქვა: ირემი მინდა მყავდეს.

და დაიბადა ყველაზე ლამაზი ხბო, მთელ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი. დაიბადა ადრე გაზაფხულზე, ეს-ესაა ყვავდებოდნენ ტყემლები. რუხ ფერდებზე ჟანგისფერი ზოლები დაუყვებოდა და საშიშად აბრიალებდა დიდ, მუქლურჯ თვალებს. მამაჩემმა თქვა, რომ მის სახელზე გაზრდის, და რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს ძმას ხარი ეყოლება.

ასე გაუჩნდა ჩემს ძმას საკუთარი ირემი.

დედის ძუძუს მალევე მოსწყვიტეს, და თვითონ აჭმევდა რძეს ბოთლიდან. ისიც უცებ მიეჩვია. ბალახი რომ წამოიზარდა, თოკჩაბმულს დაატარებდა აქეთ-იქით, ყველაზე კარგი ბალახი რომ მოეძოვებინა. ჩემი აზრით ბალახი ყველგან ერთნაირი იყო, ჩემი ძმა და მისი ირემი კი საქმიანად დაადგებოდნენ ხოლმე ბილიკს ახალი საძოვრების აღმოსაჩენად. ხევს გაღმა იწყებოდა მათი ახალი მიწები. მალე თოკიც აღარ სჭირდებოდა: ლეკვივით დაჰყვებოდა უკან ხბო. წავიდოდა მდინარეზე, წაიყოლებდა. ხბო რომ წყალს სვამდა, ესეც მუცელზე გაწვებოდა მდინარის პირას და ერთნაირად ჩაყოფდნენ ხოლმე დრუნჩებს წყალში. ერთნაირად ფრუტუნებდნენ. ერთნაირად გორავდნენ ბალახზე.

ერთხელაც მოიფიქრა და დიდი ტოტები დაამტვრია, მავთულით შეკრა ძირზე და გვირგვინივით დაადგა. სულ გადაირია ხბო, ვერ მოიხდინა ეს ამოდენა ფიჩხი თავზე და იქვე ხეს მიალეწა ის თავისი რქები. კიდევ დაადგა, მერე კიდევ, და ერთ დღესაც მთელი სოფელი შემოატარა კისერგამართულს, თავზე დადგმული ვაშლის ტოტებით.

ჩემს ძმას ნამდვილი ირემი ჰყავს, რქებდაბარჯღული.

ჩვენ ვიცინით, ყველა იცინის, მამაჩემი თვალებს აბრიალებს.

...

ტყე იწყება ღობის იქით. თოვლის წინ ნისლი ჩამოდგება ხოლმე, თითქოს ტყიდან მოედინება სქელი, ბნელი ნისლი, ნელა გადმოაფოფხდება ღობეს და ჩვენს ეზოში შემოდის. ვდგავარ ღობესთან და ტყეს ვუყურებ. აქ ვყრით ნაგავს, ეზოს ბოლოში. თუ რამე ისეთია, რაც შეიძლება დაიწვას, ცეცხლს უკიდებს ხოლმე დედაჩემი. თოვლის წინ ყველა ეზოში ჩაღდება ასეთი კოცონი - ნაგავი იწვის, გამკვირვებულ ცაში კვამლად აედინება, რაც ნაგვად მოგვრჩა მთელი ამ წლის ნაცხოვრებიდან. სულ გადავქექე მაშინ ეს სანაგვე, ჯოხი ავიღე და ისე ვქექე, მისი კვერცხის ნაჭუჭები რომ მეპოვა. სხვაგან სად უნდა გადაეყარათ. რომ ვერაფერს მივაგენი, მივხვდი: ალბათ ღორებმა შეჭამეს, დღედაღამ ამ ნაგავში აქვთ წარგული დინგები.

თავზარი დამეცა: ჩემი ძმის კვერცხის ნაჭუჭები ღორებმა შეჭამეს.

ვდაგავრ ახლა ამ დამწვარ ნაგავში, ტყიდან ჩქამიც არ ისმის და მალე თოვლად ჩამოიშლება ეს ნისლი. ვდგავარ და არ ვიცი, რა ვქნა, ტყეში რომ გავიქცეთ სამივენი, რომ გამოვაღო საძროხის კარი, ჩუმად გამოვიყვანო, ვინ დაინახავს, დავადგეთ იმ ბილიკს და ვიაროთ, ვიაროთ, სანამ თოვას დაიწყებს, და მერე ჩვენს კვალზე დაეფინება თოვლი, გადაშლის, და ვეღარავინ გვიპოვის.

უკან დარჩება ყველაფერი.

ის კი დგას და დანებს დაჰყურებს. დასაკლავი დანა. გასატყავებელი დანა. ხორცის ასაქნელი დანა. საგულდაგულოდ გალესილი, დაპრიალებული დანები. სადაცაა მოვა ის კაცი, ხუცესი, წვერზე ხელს ჩამოისვამს, გაძვალტყავებული მაჯით გადაიწმენდს თამბაქოსგან დაყვითლებულ ულვაშებს, დაგვლოცავს, ლოცვებს იბუტბუტებს წაღმა და უკუღმა, ღმერთო მაღალო, იტყვის, და ცა შეტყდება, გადმოგვხედავს ჩვენი მწყალობელი, მიიღებს, შეიწირავს, გაძღება და დადგება მშვიდობა ჩვენს სახლში, გაინათლება ჩვენი სახლი, გავიმართებით წელში, გაუმაგრდება ჩემს ძმას ფილტვები, რადგანაც მისთვის კეთდება ყველაფერი, მისთვის იღვრება ეს სისხლი და მისთვის შეიჭმება ეს ხორცი, და გაუმაგრდება მკლავები, გაუხშირდება და გაუწითლდება უფერული სისხლი, დაუბოხდება ხმა, დაიძახებს და ზარივით აგუგუნდება მისი ხმა მთელ ხეობაში, და კაცად იქცევა და ბოძებივით გადგამს ფეხებს, ბეჭებს შეუყუდებს ჩვენი სახლის ჭერს და ასწევს მაღლა, ხვავი და ბარაქა, სიკეთე და სიხარული, უკეთესი მომავალი და კარგი ცხოვრება, და ცრემლი ჩაუდგება მამაჩემს თვალებში, ცრემლი ჩაუდგება დედაჩემს თვალებში, სიხარულის ცრემლი ჩაგვიდგება და თავაწეულები ვივლით, თვალს ფრთხილად გავაყოლებთ ჩემი ძმის ზურგს, და ლოცვასაც გავაყოლებთ, რომ ავი თვალი არავინ, შავი სიტყვა არავინ დააწიოს.

ის კი დგას, წვრილი ხელები უკანკალებს, და დანებს დაჰყურებს.

არაყი ჩამოასხეს და პურიც იყო ახალი გამომცხვარი. სქელ ნაჭრებად დავჭერი ყველი. ხის ლანგარზე დავალაგე ყველაფერი. ჯამით ერბო. ჭიქები. სანთლები. ჯერ სანთელს აანთებენ და რქაზე დააკრავენ.

მალე მოგროვდნენ კაცები. მაღალი ჩექმები ეცვათ და დათბილული ქურთუკები. დააბოტებდნენ ეზოში, იცინოდნენ და ორთქლი ამოსდიოდათ პირებიდან. იფშვნეტდნენ ხელებს.

მერე მამაჩემმა უთხრა: წადი, გამოიყვანე.

ღია ფანჯარაში ვდგავარ და ვუყურებ, როგორ მიდის და როგორ ეხლართება ფეხები. მაღალი ჩექმები აცვია მასაც, გვარიანად დიდი ზომისა, და ვხედავ, როგორ უყანყალებს ამ მაღალყელიან, კაცურ ჩექმებში ჩაყუდებული წვრილი კანჭები. როდის ამოავსებს ამ ჩექმის ყელებს. მიდის, მისრუტუნებს, სიცივისგან სრუტუნებს ასე, ცივი ქარი უსველებს თვალებს, ჰაერში პირველი ფიფქები ტრიალებენ, მკრვივი, ტყვიებივით მძიმე, ბურთად შეკრული პირველი ფიფქები და სახეში ეყრებიან.

დედაჩემი წინსაფარზე იმშრალებს ხელებს. წვრილი კარტოფილები შევყარე ღუმელში, პურს და ყველს რომ მიატანონ, სანამ ხორცი იქნება, და ღია ფანჯარაში ვდგავარ, კარტოფილის დარაჯად ვდგავარ, რომ არ დაიწვას, და იქიდან ვუყურებ, როგორ მოდიან.

გვერდიგვერდ მოდიან. არა ისე, როგორც ადრე, ეს წინ და ის უკან. არა ისე, როგორც ადრე, თოკი რომ მოხსნა და ისიც ბეჯითად აედევნა ახალი საძოვრებისკენ. არა ისე, როგორც მაშინ, პირველად რომ შეაბა გუთანში და თან კოცნიდა და ეუბნებოდა, რომ მალე დაამთავრებენ ამ საკარტოფილე მინდორს და მდინარეზე წავლენ. ვხედავ, ვხედავ როგორ მოდიან, და მოდიან ხელგადახვეულები, მკლავგადაჭდობილები - მაღალი, მძიმე, განიერი ხარი, რუხ ფერდებზე ჟანგისფერი ზოლებით, მძიმე თავზე მსხვილი, მაღალი რქებით, შავი დრუნჩიდან სქელი ნისლივით რომ გამოსდის ორთქლი, მძიმედ მოადგამს ბოძებივით ფეხებს გაყინულ მიწაზე, და მისი ფეხების ქვეშ ზანზარებს მიწა, და ჩემი ძმა, წვრილი და თეთრი, ამ ბოლო ზაფხულს გამაღლებული და უფრო კი წაგრძელებული და ძველებურად გამჭვირვალე, ძველებურად წითელი თავით, ხარის ფერდზე მიყუდებული წითელი თავით, მის ფერდზე მიყუდებული ბედნიერი ბავშვობით, მის ფერდზე მიყუდებული კაცად ქცევით, და მათ უკან რჩება ნახნავივით კვალი, თითქოს გუთანმა გაიარა, უშველებელმა გუთანმა და უზარმაზარ ბელტებად ამოაბრუნა მიწა, ამოაბრუნა ყველაფერი, ჰაერში აუშვერიათ ფესვები ხეებს, ჰაერში ირწევა ჩვენი სახლის საძირკველი, ძირიანად ამობრუნებული სახლის შიშველი საძირკველი, ჰაერში ვასავსავებთ ფეხებს და ერთმანეთს ვეხეთქებით ყველანი, და ისინი მოდიან ჩვენს შორის, უსასრულოდ გრძელ დერეფანში, უსასრულოდ გრძელ ხეივანში, ათოვთ მხრებზე და არ იბერტყავენ მხრებს, ათოვთ შუბლებზე და თვალებში ჩასდით თოვლი, ღია, განიერ თვალებში, გაზაფხულის ტბებივით თვალებში, ფეხს რომ ვეღარ მოიკიდებს ყინული, ჩიტები რომ დაფრინავენ, მთელი სამყაროს გადამფრენი ფრინველები, მთელი სამყაროს ფრთები ამ ტბების თავზე დაფრინავენ, ამ თვალებში დაფრინავენ ყველანი, და ცეცხლის სუნი და კვამლი ეფინება მთელ ქვეყანას, ორი ძმის თავზე, ორი ლამაზი ძმის თავზე ტრიალებს ერთად შეკრული თოვლი, თითქოს არ იცის, სად ჩამოჯდეს, რომლის ზურგზე ჩამოასვენოს ფეხები, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, სად დაიბუდოს, - რომელი გააგრძელებს გზას ამ ორიდან, რომელი გაივლის ბოლომდე ამ დერეფანს, რომელი გავა ცოცხალი ამ წრიდან, ისინი კი უახლოვდებიან ნელ-ნელა, დაუმძიმებიათ ფეხები და ჩაუყვიათ მიწაში, ვხედავ, ყველა კაცი მუხლამდე მიწაში დგას, მუხლამდე ჩაუტენიათ ფეხები, და შემოეხვივნენ გარშემო, უხმოდ, უსიტყვოდ, და უხმოდ და უსიტყვოდ გაჩერდნენ ისინი.

ჩემი კარტოფილი დაიწვა და ისინი გაჩერდნენ და ამ დღეს არ გავიხსენებ. გაიბზარა კვერცხის ნაჭუჭი და იქიდან სისხლმა გამოჟონა. და თქვა იმ კაცმა: ღმერთო მაღალო. ღმერთო მაღალო, გავიმეორეთ ჩვენ, დიდება შენდა, მწყალობელო.

გვერდზე გადაიხარა რქაზე დაკრული სანთელი და მაღალი ალი ავარდა. განიერი თასები მიუმარჯვეს ყელთან. სქელ ნაკადად ჩამოდიოდა სისხლი და ივსებოდა თასები. შემოიტანეს და სამზარეულოს იატაკზე დაამწკრივეს. მაღალ ქვაბში ჩაასხამს დედაჩემი და ცეცხლზე შემოდგამს. სისხლი მოიხარშება და შეკოშტდება, ამოიღებს და ცომში გამოკრავს, გამოაცხობს და იმასაც სანთელს დაარჭობენ და დაუდგამენ წინ ჩემს ძმას.

ყველა კარის სახელურზე დააკრეს სანთლები. სისხლის ჯვრები ყველა ოთახის თითო კედელზე. და მის შუბლზეც: სანამ ჯერ კიდევ კანკალებდა მის ფეხებთან მისი ხარი, ცხელ სისხლში ჩააწო თითი, შუბლზე ჩამოუსვა და ასე დალოცა: გწყალობდეს. მერე შარვალზე შეიწმინდა სისხლიანი ხელი და დაყვითლებულ წვერზე ჩამოისვა.

...

ერთ ოთახში აღარ გვძინავს. მარტომ გაათრია თავისი საწოლი. მის ადგილას ტელევიზორი დავდგით, ირმიანი ფარდაგის ქვეშ.

საღამოობით ტელევიზორის წინ ვსხდებით სამნი.

ჩემი ძმა გვიან ბრუნდება და აქ არც შემოიხედავს, ჩუმად მიიხურავს ხოლმე თავისი ოთახის კარს.

რამე ჭამე-მეთქი, ისე არ დაიძინო, მივუკაკუნე. არ მშიაო, ხმადაბლა ამბობს, მარტო მე რომ გავიგონო. დილას რამეს გამოგიცხობ, ვეუბნები. კარს ოდნავ აღებს, მოკლედ გადაკრეჭილ წითელ თავს გამოყოფს. კარგი, - ამბობს, - სოდიანი პური გამომიცხვე.

ყველაფერს ენით რომ სინჯავდა ხოლმე. იჯდა ერთხელ ცეცხლთან ენაგადმოყოფილი და მითხრა, რომ სითბოს პურის გემო აქვს, ჩვენს სახლს კი ტყის.

...

ამაღამ თოვლი იქნება, - თქვა მამაჩემმა.

ბიჭებმა იყაყანეს და თქვეს, რომ თენებისასვე წავლენ, როგორც კი ცა გატყდება.

დიდი ამბავია. ჩვენს ტყეში ირემი გამოჩნდა და ყველა ამაზე ლაპარაკობს. ყველამ იცის, რომ ირმები დიდი ხანია, გადაშენდნენ, და საიდანღაც ჩვენს ტყეში ერთი ირემი შემოეხეტა.

ჩვენს ტყეში ირემი გამოჩნდა და ხვალ დილას, როგორც კი გათენდება, ბიჭები სანადიროდ წავლენ.

მამაჩემმა თოფი გამოიტანა და გაუწოდა. შეხედა იმან და გამოართვა.

იჯდა იმ საღამოს და თოფს წმენდდა მშვიდად. მშვიდად უსტვენდა რაღაც რბილ, შორ სიმღერას, და წმენდდა და აპრიალებდა თოფის ლულას, გარედან და შიგნიდან. მე ვუთხარი, რომ რადგან არ იშლის, საგზალს გავუმზადებ. ვინ იცის, რამდენ ხანს იბოდიალებენ ტყეში. ვინ იცის, საერთოდ არ არსებობს ის ირემი. მშვიდად ამომხედა და თუ ჩამეძინა, გამაღვიძეო, მითხრა.

ჯერ კიდევ ბნელოდა, ფრთხილად მივაკაკუნე მისი ოთახის კარზე.

- გაიღვიძე. - ვუთხარი ჩურჩულით. - თოვლი მოვიდა. - მესმის, ჰო, - ჩურჩულითვე მიპასუხა, - გავიგონე, როგორ თოვდა.

ეზოს კარამდე გავაცილე. გაჩერდა. მხარზე თოფაკიდებული იდგა და ტყისკენ იყურებოდა.

იცოდე არ მოკლა, - ვუთხარი უცებ. - იცოდე, მოგკლავ, ის ირემი რომ მოკლა.

გაიცინა, თოვლი მობღუჯა და მომაყარა. სახლში შედი, ცივაო, მითხრა, და სანადიროდ წავიდა.

სავარცხელი გადააგდე, - უნდა მეყვირა მე.

...

სავარცხელი გადააგდეთ და გაიქეცით, - უნდა მეყვირა მე, და ყველა დღე გავიხსენე.

ხომ ყველამ იცის, რომ ირმები გადაშენდნენ. რა ხანია, ამ ტყეში ირემი არ გამოჩენილა, და რაც ირმები გადაშენდნენ, მას შემდეგ დაიწყეს მგლებმა ჩვენი საქონლის ჭამა, მას შემდეგ დაიწყეს კაცებმა მგლების ხოცვა და ირმის რქების ნაცვლად მგლის ტყავების გაკვრა კედლებზე და მგლის კბილებსაც ჰკიდებდნენ კისერზე თავიანთ შვილებს, თავის ბიჭებს, მემკვიდრეებს, მგლისმუხლები და მგლისგულები რომ დაზრდილიყვნენ, კაცები რომ დაზრდილიყვნენ, სისხლის დანახვაზე ნესტოები ათრთოლებოდათ და დაეცვათ თავისი მიწა და სახლები და მოდგმა და შეეწირათ შესაწირი, სისხლის ჯვრებით დაებეჭდათ ყველაფერი, ამოებრუნებინათ აყვავებული მინდვრები და დაეთესათ თავისი ცხოვრება, ბეჭზე მოგდებული ნანადირევი დაეხეთქებინათ თავიანთი ქალების ფეხებთან და ცხოვრებაც დაეხეთქებინათ, ყელგამოჭრილი ხარივით დაეხეთქებინათ ბეჭებზე და ემღერათ მერე, ხმა აეყოლებინათ ერთმანეთისთვის და ემღერათ ისე, როგორც ღრიალებენ ჩვენ წინ კედელივით აყუდებული ჩავლილი საუკუნეები, და მეტირა მე, როგორც ვტიროდი ყოველთვის, როცა ცრემლებს ვწმენდდი, რადგანაც სკოლაში და მთელ სოფელში ყველა ბიჭი მასზე ღონიერია და ისევ გვარიანად მოხვდა დღესაც, რადგანაც ისევ წითელი თმები აქვს და გოგოსავით შეუღინღლავი თეთრი ღაწვები, რადგანაც ისევ გული წაუვიდა მკვდარი ქათმის დანახვისას და ისევ უღრიალა მამაჩემმა, რადგანაც სასაცილოა აყვავებულ მინდორში ბიჭი, ყვავილების გვირგვინი რომ დაუდგამს და უკან ხბო მისდევს თავზე მავთულით დამაგრებული ვაშლის ტოტებით; სასაცილოა, რომ სანამ სხვა ბიჭები შურდულით ჩიტებს ხოცავენ, ქაღალდის ჩიტებს აკეთებს და სულს უბერავს და სჯერა, რომ ეს ჩიტები ერთხელაც იქნება, გაცოცხლდებიან; სასაცილოა, ლამის ყოველღამე ჩემს ლოგინში რომ მოძვრება მორიგი კოშმარისგან გულგახეთქილი, ამხელა ბიჭი, და სასაცილოა, კედელზე გაკრულ ირემს რომ შეჰყურებს და სჯერა, რომ ირმად იქცევა.

ხომ ყველამ იცის, რომ ტყეში უბრალოდ რაღაცამ გაიფაჩუნა, უბრალოდ ჩხიკვმა დაიჩხავლა, უბრალოდ ყვავი აფრინდა და უბრალოდ მელამ გაიქნია კუდი, ის კი იდგა და უყურებდა, როგორ შეირხა ტოტები მის წინ, როგორ გამოეყო ხეებს ჩრდილი, თავზე მაღალი, დაგრეხილი რქებით, და როცა იმათაც დაინახეს, ცალკე, ჯგუფად მომავლებმა, და თოფები შემართეს და სროლა დაიწყეს, თოფი დააგდო და მისკენ გაიქცა. მკლავებს ფრთებივით მიაფართხუნებდა ტყეში, დათოვლილი ხეების ქვეშ, სანამ ისროდნენ, სანამ თავზე ეყრებოდა ტყვიებისგან დალეწილი თეთრი ტოტები, და მოასწრო და გადაეფარა.

გაიქეცი, უნდა მეყვირა მე, მაგრამ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ იწვა და მოდიოდა.

მშვიდად იწვა, ირემივით ყელგადაგდებული იწვა თხილის ტოტებისგან შეკრულ საკაცეზე და სისხლი ჩამოსდიოდათ მხრებზე კაცებს, მხრებზე შეედგათ საკაცე და ისე მოჰყავდათ, თეთრი ტახტრევანი, მაღალი ტახტი, ყინულის სასახლე, თოვლი იყავ და თოვლად იქეც, მშვიდად იწვე და მშვიდად კვდებოდე. მშვიდად იწვა და მშვიდად კვდებოდა.

ყველაფერი შემთხვევით ხდება, შემთხვევით გამოვიგონეთ თოფები. შემთხვევით გამოვიგონეთ ნაჯახები. შემთხვევით ვესროლეთ ყველაზე ლამაზებს, და ულამაზოებსაც, რადგანაც ვდგავარ ულამაზო და გულში ტყვია მაქვს გაჩხერილი, ცივია ტყვია, თოვს და უცებ ცივდებიან ტყვიები, და დგას მამაჩემი ყველას მამასავით და დგას დედაჩემი, როგორც ყველას და ყველაფრის დედა და ისე კივის, თითქოს სწორედ ახლა უნდა იმშობიაროს, სადაცაა გამოგორდება დიდი, ცეცხლისფერი კვერცხი, ყველაზე წითელი კვერცხი, ხელებს იქნევს ყველაფრის ექიმი, მთლად დამჭკნარი, როგორც იქნა, დაბერებულა, თოვლში უვარდება ცხვირზე ჩამოცურებული სველი სათვალე, ვფიქრობ, რომ ახლა მე მომიბრუნდება, ფონენდოსკოპს ამოაძრობს, დამადებს მკერდზე, და მოუსმენს, როგორ ცახცახებს ჩემს გულში ტყვია, რომელმაც ჩემს ძმაში გაიარა და მე მომკლა, ის კი ადგება იმ საკაციდან, წამოდგება, კისერს გაიქნევს, ჩვენი ფეხების ნაზელ ტალახს ჩამოიბერტავს ფერდებიდან, და თავს ასწევს და დაიყვირებს, და შეზანზარდებიან მთები და მინდვრები, და მერე მომხედავს, ერთს მომხედავს, მაღალ რქებს შეარხევს, და სამუდამოდ გაუჩინარდება დათოვლილ ტყეში.

თოვლი მოვიდა. აბა თქვი: თოვლი. - ვიმეორებ, და თოვს ირიბად.

ჩვენს ზურგს უკან მშვიდად დგას სახლი, ისე მშვიდად, როგორც ყველა პირველ თოვლში, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

და იმ ოთახში, სადაც ერთად გვეძინა ყველას, კედელზე გაკრულ ჩრჩილიან ფარდაგს ისევ ადგება თეთრი შუქი.

მაგრამ მისკენ არ გავიხედავ.

არ გავიხედავ, ისედაც ვიცი: იქ ირემი აღარ დამხვდება.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება