კალათა

სალფეთქის ბრალია

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ყველაფერი სალფეთქის ბრალია.

ღამის ცვლაში მორიგეობას ერთი პლუსი აქვს, – შეგიძლია საათობით, მშვიდად იკითხო წიგნი, მაგრამ ჩემმა მეწყვილე ბაჩომ კარი ზუსტად იმ დროს შემოხსნა, როცა ჩიტად ქცეული მის პერეგრინი ამაოდ ცდილობდა ადამიანის სხეულში დაბრუნებას. ხმაურზე დაფეთებულმა წიგნი სასწრაფოდ დავხურე და მაგიდის კუთხეში მექანიკურად მოვისროლე. მოკლედ, ისე მოვიქეცი, როგორც თინეიჯერი, რომელსაც ნძრევისას შეუსწრეს. ბაჩომ ჯერ ალმაცერად შემომხედა, შემდეგ დინჯად მომიახლოვდა და მიგდებული წიგნის ყდას საზეიმოდ დახედა “playboy”-ის გაცრეცილ ნომერს თუ ელოდა).

ბაჩო მოწესრიგებული ბიჭია. საკუთარი მორიგეობის დაწყებამდე მუდამ 15 წუთით ადრე მოდის, მუდამ წვერგაპარსული. 06:50-ზე Mccofee-ს ერთჯერადი რძიანი ყავის ერთადერთ პაკეტს დუტის კურტკის ჯიბიდან იღებს და , მიუხედავად იმისა, რომ მეტი არასდროს აქვს, მაინც ჯიუტად მთავაზობს. მე უარსა და მადლობას ერთდროულად ვეუბნები და 07:00-მდე გატრუნული ვუსმენ მის ხაოიან ხმას და ყავის ფრთხილ, ოდნავ გამაღიზიანებელ ხვრეპას. (ასე მხოლოდ მაშინ ხვრეპენ, როცა რამე ძალიან ცხელს სვამენ). ეს ალბათ ერთადერთი სიტუაციაა, სადაც ბაჩო საკუთარ თავს უფლებას აძლევს, იყოს სულსწრაფი, ანუ, წარმოიდგინეთ კორპორატიული ღირებულებების მატარებელი ერთგული მუშაკი, ლოყაპრიალა და პირდაფუფქული, რომელსაც უყვარს ჩოგბურთი და ბლოგების კითხვა, (თვითონ თქვა ასე: „ბლოგების კითხვა მიყვარსო“).

– ასეთია ჩემი მეწყვილე.

ხასიათისა და გემოვნების მსგავსი ამბივალენტურობა მის პიროვნებას გარკვეული ტიპის კოლორიტულობას სძენს, რის გამოც მისი სასაუბრო თემები ყოველთვის ზომიერად მოსაწყენია, რაც ხვრეპის მონოტონურ ხმაურსა და პატარა ქალაქის რიჟრაჟს მაგრად უხდება.

დღეს ახალი საკითხავით მოვიდა, „სახალისო ერუდიცია“ - თეთრზე შავით ეწერა წიგნს.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მომწონს ბაჩო. უფრო მეტიც, მოუთმენლად ველოდები ხოლმე დილის ამ რიტუალს, რომ მის კარაქივით ტემბრში მოჯადოებულივით გავირინდო. ამ დროს მთელი სხეული მიბუჟდება და მინდა, ეს გარინდება სამუდამოდ გაგრძელდეს, თითქოს ჩემი უსაფუძვლო აღფრთოვანება პირდაპირპროპორციულ კავშირში იყოს მის ეგზოტიკურობასთან. ისიც ბუბუნებს, ხვრეპს, ხვრეპს, ბუბუნებს, პატარა სოფლის დიაკვანივით, დაუდევრად, მოგუდულად, თითქოს არ უნდა, ქალაქი გააღვიძოსო და მეც ისღა მევალება, არსებობის დასადასტურებლად შიგადაშიგ შორისდებულები მაინც ამოვღერღო ხოლმე, რა დროსაც ბაჩოსთავიანი თეთრი კოლიბრების შრიალს „ვხედავ“.


მაგრამ 07:00-ის შესრულებისთანავე ბაჩო თავისი მექანიკურად მორაკრაკე სამეტყველო აპარატიდან წარმოუდგენლად უხეშ ხმას უშვებს: – აპა ჰაააა ! - ღრიალებს, ხელისგულებს ერთმანეთს ჯერ მჭახედ ურტყამს და შემდეგ, – თითქოს გათბობის მიზნით, – ისრესს. ხმაურზე კოლიბრები ფრთხებიან, მე კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემთვის, ოთახის დატოვების შესახებ უკანასკნელი მინიშნებაა.

ჩვენი სამორიგეო ჯიხური ქარხნის უმაღლეს წერტილშია მოთავსებული, ასფალტის დონიდან 13 მეტრზე. რიტუალი მაქვს ასეთი, – გამოსვლისას რამდენიმე წუთით მოაჯირს უნდა დავეყრდნო და თანამშრომლებს დავაკვირდე. ზემოდან დავყურებ მათ და „ხუევოზნაიეტ“ მერამდენედ ვაფიქსირებ, რომ სიმაღლიდან არც ისეთი სულელები ჩანან. როგორც ჩანს, სივრცე შთაგონების უპირობო წყაროა, რადგან ყოველ ჯერზე, მოაჯირზე გადმომდგარს, ქარხნის ფარჩაკი პანორამაც კი ჩემს დასამთავრებელ ლექსებს მახსენებს. გახედავ ჰორიზონტს და თითქოს ვალდებული ხარ, რამე ჭკვიანურზე, მარადიულზე ჩაფიქრდე.

ბლოკნოტი ამოვიღე და ჩემს ბოლო ლექსს მივუბრუნდი: „ არც ანკესია და არც ბადეა, რაც დღეს ვიგრძენი, ჩემო მედეა, თუ ის ნაღდია . – მე მაქვს იდეა“ რაღაც არ მომწონდა. გაუპატიურებულ ტანკას ჰგავდა. ბლოკნოტი გულის ჯიბეში ჩავიდე და გავარვარებულ, მოწითალო მილებს გავხედე. ნეტავ რას ჰგავდნენ ეს მილები? ძალიან მომინდა ზუსტი მეტაფორის მოძებნა. ჩავფიქრდი. რამდენიმე წუთი დურაკი ესთეტივით ვიდექი. გავბრაზდი. – ნეტავ ვის რა ჯანდაბად აინტერესებდა, რას ჰგვანან მილსაგლინავი საამქროს მილები? – არც არავის.

მამენტ სიუჟეტსაც გააკეთებენ მილების იმპორტიორ ფირმაზე, „ფრაიმთაიმში“, ათასი კაცის ინტერვიუს ჩაწერენ, მაგრამ შენ რომ სადმე წამოგცდეს: ეს მილები ჩემი ბავშვობისდროინდელ თურქულ, დროჟისგემოიან საკნაწუნო ჩხირებს ჰგავსო, ისე გაგრიყავენ, როგორც კეთროვანს.


უცნაური რამეა პოეტობა. თითქოს ერთი დიდი სისუსტის, დიდი ნაკლის შედარებით მცირეთი შენიღბვაა, უსარგებლო გულუბრყვილობა, გულჩვილობის ვერმოუსვლელში გადამისამართება. მე ვიცი, რომ ბევრი კითხვა პასუხებზე მეტ კითხვასაც აჩენს. ისიც ვიცი, რომ ერუდიცია სულაც არაა სახალისო, მაგრამ ვერ ვხვდები, ამის ცოდნა რას მაძლევს. აი, ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 70% წყალია, სისხლის შემცველობაშიც ნახევარზე მეტი წყალია, თუმცა ადამიანს რომ დანა დაარტყა, ის წყლისგან მაინც არ დაიცლება ! - რაშვები, პავლოვიჩ, აღარ მიგესვლება სახლში ხომ?! – ჩვეული უტაქტობითა და სიზუსტის გასაოცარი გრძნობით გამომაფხიზლა ამ ფიქრებიდან ელექტრიკმა გოგამ. კიბეებზე დავეშვი.

დაცვის თანამშრომლების მთავარ სამორიგეოშიც სმენის გადაბარების დრო იყო და პატარა ჯიხურში ერთდროულად 4 კაცი კონსერვის ქილაში ჩალაგებულ ქაშაყებს ჰგავდნენ. უკვე თენდებოდა, ამიტომ – დილა მშვიდობისა- მეთქი, --მივაძახე მექანიკურად. დამშვიდობება/მისალმების ასეთი დახვეწილი ფორმა ბიჭებს ალბათ არ მოეწონათ, რადგან ხელი მხოლოდ გელამ ამიწია და „შლაგბაუმის ოპერატორს“ თავით რაღაც ანიშნა.

„შლაგბაუმის ოპერატორი“ თათია ეფექტური გოგო იყო, მისი ღრმა რწმენით, საკუთარი ინტელექტის შეუსაბამო მამაკაცების ყურადღებისგან გაბეზრებული. სამსახურში სულ წიგნებით დადიოდა და ცვაიგს აღმერთებდა. ჯერ ნამძინარევი სახით ამომხედა, მერე ღილაკს ხელი დააჭირა და შლაგბაუმი მართლაც დაუჯერებელი ოპერატიულობით აწია ზემოთ. „ფორთოჩკაში“ მისი ამღვრეული თვალები დავინახე. ერთმანეთს ნაძალადევად გავუღიმეთ. ისეთი სევდიანი ნაშა იყო, თვალზე თესლი მომადგა.

სამსახურთან ახლოს ერთი უცნაური მაღაზია იყო – „996 წვრილმანი“. მარკეტინგული ორიგინალურობის მკვდრადშობილი პირმშო, – დამფუძნებლები ყოველ წელს თითო წვრილმანს აკლებდნენ მაღაზიის სახელწოდებას და ამაში 100 ლარს იხდიდნენ. აქ ხშირად შემოვდიოდი. წარმოვიდგენდი, როგორ დამჭირდებოდა ოდესმე ჰარმონიული და უდარდელი ცხოვრებისთვის განკუთვნილი ყველა ეს ნივთი კეთილშობილური ზრახვებისთვის, ჩემი ცხოვრების რომელიღაც საარაკო განზომილებაში და ვკაიფობდი.

ვკაიფობდი სიტუაციით, რომელიც კოშმარულ სიზმარს უფრო ჰგავდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე უდიდესი არჩევანია, მაგრამ არაფერია ისეთი, რაც გჭირდებათ.

თითქოს მოსისხლე მტრის მიერ სიმულირებულ თამაშში იყო, - უყურებ არსებობის 996 შანსს და არაფერია საშენო. თან შიგადაშიგ მოსვენებას გიკარგავს განცდა, რომ აქედან რაღაც შენც შეიძლება გამოგდგომოდა, მაგრამ, რადგან არჩევა ერთხელ შეგეძლო , ვერ გარისკე.

უშუალო, მყუდრო გარემო და 996 რამის სპეციფიკური სუნი ყოველთვის პაპისეულ სოფლის სახლს მახსენებდა. ახლაც ზღურბლზე შევაბიჯე და ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, თითქოს აფთიაქში შევსულიყავი. ვინ იცის, მერამდენედ ჩამოვიღე თაროდან ბრტყელტუჩა, ხელებში ნერვულად შევათამაშე და რიგში ჩავდექი. ჩემს წინ მდგომ ინტელიგენტური შესახედაობის მქონე 60 წლამდე მამაკაცს გაცრეცილ პიჯაკზე ქერტლი ისე წვრილად ეყარა, იფიქრებდით, საცერით დაასკლინტესო. ფიქრებში გართულმა შემთხვევით მარცხენა ხელის ცერა თითის ფრჩხილი ვიტკინე. გამყიდველს მოვუბოდიშე, ეჭვმიტანილი „პლოსკო“ თავის ადგილას დავაბრუნე და მაღაზიიდან გამოვედი.

ესღა მაკლდა- მეთქი, -- გავიფიქრე, მაგრამ არ მითქვამს და ხელდასისხლიანებული უახლოეს აფთიაქში შევედი, სადაც შედარებით მოკლე რიგი იდგა.

შუახნის, მსხვილი და უფორმო ქალბატონი (სავარაუდოდ პედაგოგი) 5-6 წლის ბიჭის თვის კბილის ჯაგრისს ყიდულობდა და თან პირობას უყენებდა: – ბაკუნა, დილა-საღამოს! იცოდე, დღეში ორჯერ გამოხეხვა ამიერიდან სავალდებულოა!

გამახსენდა, რომ ბავშვობაში კბილებს მეც მხოლოდ დილაობით ვიხეხავდი. რატომ?

ალბათ იმიტომ, რომ სიზმარში მაინც ყველა გოგო ჩემი იყო და არავისთან გაპრანჭვა არ მჭირდებოდა. ბაკუნას მოტივაციაზე დავფიქრდი, რადგან მართლა არ ვიცი, რა ესიზმრებათ ჩვენი დროის ბავშვებს, ალბათ მომავლის პლანშეტები, ან, უკეთეს შემთხვევაში, კომიქსების არც თუ ისე კეთილი სუპერგმირები.

ჩემი რიგიც მოვიდა. – რა გნებავთ ? – დიდძუძუებიანი აფთიაქარი მაია გაღიზიანებული ჩანდა. რადგან ჯერ ისევ კომიქსებზე ვფიქრობდი, პასუხი დავუგვიანე. – უკვე მეორედ გეკითხებით, რა გნებავთ? აქ ხალხი იცდის. ხალხზე აპელირებამ, როგორც ყოველთვის, აქაც გაჭრა. სანტავიკი-მეთქი, – მოკლედ ვუპასუხე, ბლოკნოტი ამოვიღე და ჩავწერე : „შეუვალია მისი ვუალი და, როგორც ფილტრი, ისე ხვდება ჩემს ღვარჭნილ მზერას“. სანტავიკი თითზე გადავიკარი და ქუჩაში გამოვედი. წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა ჩამიქროლა. რა მაგარია, რომ ჩემთან არანაირი საქმე არ აქვთ-მეთქი , --გავიფიქრე და ვიგრძენი, რომ სამყაროში ყველაზე პატიოსანი ტიპი ვიყავი. მერე მწვანეებში გამოწყობილ ველოსიპედისტს სიგარეტი ვთხოვე. თავისი გრანდიოზული ეკიპირებით „pixar-ის“ „one man band-ის“მთავარ პერსონაჟს ჰგავდა. სიგარეტი, რა თქმა უნდა, ჰქონდა. მანამ სიგარეტს მომცემდა, მაგრად გაიტანჯა.ზედმეტი აქსესუარები ხელს უშლიდა. ნეტავ , რა ძალა აჯერებს, ასე ვარჯიში რომ კარგი ჰგონია-მეთქი, -- გავიფიქრე, გაჩერებასთან სკამზე ჩამოვჯექი და გულის ჯიბიდან ზებრას ასანთი ამოვიღე.

ჩემს პირდაპირ მაღაზიის ერთ-ერთი ვიტრინის ადგილას, სახელდახელო სამლოცველო იყო მოწყობილი, სადაც გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგი იყო გამოსახული, ასე 30-40-ზე.

პირველი ორი ნაფაზი სასწრაფოდ დავარტყი და თავი უკან გადავწიე. შთამბეჭდავ მოშენებაზე ეგრევე მივხვდი, ვისაც ეკუთვნოდა სამლოცველოს იდეა, – გარდა იმისა, რომ მეორე მოწვევის ღვაწლმოსილი პარლამენტარი იყო, დავით ფარულავა ქალაქის ჩოხოსანთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. მერე წინ მამაკაცების უცნაურმა ჯგუფმა ჩამიარა. წვერი ჰქონდათ მოშვებული და საქართველოს ძველ დროშას აფრიალებდნენ. ხატის წინ რამდენიმე წამით შეჩერდნენ და მერე გინებითა და პირჯვრის წერით გააგრძელეს გზა.

ისე, ძველი დროშა მეც მომწონს, შინდისფერი, რაღაც პონტში, ასწორებს, არც მთლად სისხლი და „დიშოვი“ კაშკაშაა და არც მთლად ბრიყვული მეწამული.

რადგან იშვიათად ვეწევი, მესამე-მეოთხე ნაფაზმა მუხლებამდე გამაბუჟა. კაიფს შევყევი და ყველაფერს ისე დავუწყე დაკვირვება, თითქოს ვაბშე არ ვარსებობდი. ასე 20-25 წლის გოგომ ჩაიარა, გაშტერებული მზერით. ბავშვი მარჯვენა იღლიაში „კლეჩატი“

სუმკასავით ამოეჩარა. მიდიოდა და შემთხვევით დედათა მრავალრიცხოვან არმიას უერთდებოდა. ბლოკნოტი კიდევ ერთხელ ამოვიღე და ჩავწერე : „სევდა, რომელმაც დამამძიმა, მოგონილს ჰგავდა, ჩაბჟირებული, ურჩი ბავშვის ხელოვნურ მოთქმას“.

პირში ქაღალდის გემოზე მივხვდი, რომ სიგარეტი ბოლომდე ჩამწყვარიყო. ნამწვი ურნაში მოვისროლე და „მარშრუტკა“, რომელსაც „პირდაპირ“ ეწერა და მაინც შინ მივყავდი , გავაჩერე. „სიდენიები“ ჭუჭყისა და ცვეთისგან ბზინავდა. ფეხები დემონსტრაციულად გავშალე და ვეცადე, სხეულის მაქსიმალურად მეტი ნაწილით შევხებოდი ამ მშობლიურ სიბინძურეს.

როგორც ელექტრიკმა გოგამ ივარაუდა, სახლში არ მიმესვლებოდა, ამიტომ სოფოსთან წავედი.

იქ ჩემი მეორე სახლი იყო-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო-- ბუნაგი, ადგილი, სადაც არაფერს მეკითხებოდნენ და არაფერს მთხოვდნენ, ადგილი, სადაც სულ მართალი ვიყავი.

დაუკაკუნებლად შევედი.

დაქალები ჰყავდა სტუმრად. ერთმანეთს ისე ჰგავდნენ, ვიფიქრე, რამე ჩაგრულ ქალთა ასოციაცია ხომ არ დააფუძნეს- მეთქი. (თან ურთიერთობაში ოფიციალური სტატუსის არქონის გამო ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა). სასტავს მივესალმე და ტუალეტში შევედი, მაგრად მეფსოდა. როგორც ჩანს, ვცდებოდი, – კუჭაშლილზე უნიტაზის დანახვას ტრაკი განსაკუთრებულად გრძნობს. ვარესი ჩავიდინე. მაგრად გამიკვირდა, მეთქი, ამდენი რა ვჭამე? რამდენიმე წუთში აივანზე გმირულად გამოვედი და სიგარეტს გავუკიდე.

სოფოს დაქალები უკვე წასვლაზე ლაპარაკობდნენ. ფეხზე რაღაც მომედო. მეთქი ლეკვია. არადა სოფოს არ ჰყავდა ლეკვი. თურმე ნიავმა ფარდა გამოატყნაურა. ნერვები მომეშალა.

ზალაში შევბრუნდი და – „რატო მიდიხართ, ჩემი მოსვლა ხომ არ გეწყინათ-მეთქი?“ – ვიკითხე. – არა, ისედაც მივდიოდით, ქეთას ბავშვს სიცხე აქო.

ბავშვის ხსენებამ ცოტა დამაბნია, მარა მალევე მივხვდი, რო ემოციებზე თამაშობდნენ და --„სალფეთქებს ჰგავხართ“ მეთქი, – ვიღრიალე. დურაკულად მოვიქეცი. აბა, რომელ სალფეთქებსო, --მკითხეს. --აი, დიდ და დეკორატიულ სალფეთქებს, ძღრენის მოხოცვაც რომ არ შეუძლიათ და და პატრონებივით გამოუსადეგარები არიან-მეთქი. ვაღიარებ, ეს ტექსი „playback-ით“ ჩავრთე. პატერნი იყო, რაღაც სისუსტის გამპრავებელი ყალიბი. ნეტავ ამათ რას ვერჩოდი? ეგრევე წამოდგნენ. დელიკატურად დაგვემშვიდობნენ. სოფო ისეთი გაღიზიანებული იყო, რომ მგონი ცხოვრებაში პირველად მისაყვედურა. – არ შეგიძლია, ჩვენი პრობლემა სხვებსაც რომ არ გადასდოო? -, მიყვირა. – ხო იცი, ამ ღიპიანი მენეჯერების გამპრავებელ ნაშებს ვერ ვიტან-მეთქი! – ვუღრიალე და ვიგრძენი, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უტიფარ ადამიანს ვემსგავსებოდი. – ქეთა, კიდე ჰო, ლამაზია და უტვინო, მაგრამ ნინის რატომ უღრიალე, ხომ იცი, როგორი კეთილიაო ? – მკითხა. – ვახ, ამ შეუხედავ ტიპებს ეს სიკეთე გამოსავალივით რომ აქვთ, როგორ ვერ ამჩნევ- მეთქი. – რას გულისხმობო ? – იმას, რო ნინი ისეთი მახინჯია, ისღა დარჩენია, კეთილი იყოს-მეთქი. შეუბრალებლად გაისმა ეს სიტყვები. ისე დავიბენი, ვერ ვხვდებოდი, ბოდიში უნდა მომეხადა თუ ჩემს აზრს ბოლომდე უნდა მივწოლოდი. – ნუ ამბობ ეგრე, ნიკა, – მითხრა სოფომ. მის ხმაში შვილმკვდარი დედის სიმშვიდე ვიგრძენი. – კაი, მაპატიე-მეთქი, – ალალად ვუთხარი და ორივეს სიცილი აგვიტყდა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება