კალათა

კოჭლა მახოს და ვალიკო ბარბაქაძის გასაოცარი, იდუმალებით მოცული ამბავი ჰაერით ვაჭრობასა და სხვა უცნაურობებზე

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ლოთი გუჯიკას მონათხრობზე დაყრდნობით დაწერილი გასაოცარი და იდუმალებით მოცული ამბავი ჰაერით ვაჭრობასა და სხვა უცნაურობებზე, რომელნიც კოჭლა მახოს და ვალერიან ბარბაქაძეს გადახდა.

“ეხლა მოგიყვე რა:

ამას, მახოს, კოჭლას რა, მაშინ კოჭლა კი არ იყო და კაი სახელი ჰქონდა, სახელი რა მამენტ, პროსტა მეტეოროლოგიური სადგურის უფროსი იყო და ამინდი, ჰაერის ტენიანობა, ქარი-შარი, ისა, ესა, მაგის სიტყვაზე იყო. იტყოდა, ხვალ დაგვენძრაო და გვენძრეოდა, იტყოდა ნახუი მზეო და მზე იყო, კაროჩე რაღაც პონტში ღმერთი იყო, ან კაკ მინიმუმ ღმერთის ნათქვამს იგებდა, მარა მაშინ მამენტ ღმერთი ვაფშე არ იყო აქეთ, რაღაც სტრანნი იყო, ათეიზმი, ტრადიციული ცრურწმენებით და პახოდუ აქაიქა ქრისტიანული შეხედულებებით, მარა რაც იყო იყო, კაროჩე გიყვები, რო ეს იყო ამის უფროსი რა, ჰოდა ეხლა ნახე, ეგეთი როჟა რო ხარ აი როგორ გინდა რო ფული გააკეთო ხო? ნუ აი რა, ამინდს მიყიდი ვიღაცას უფრო ადრე? რა ჩემყლედ უნდა შენი ამინდი ვიღაცას უფრო ადრე, კამუნისტიჩესკი პერიოდ სლუში, ვაფშე ყლეზე კიდია ყველას ამინდი, თქეშია - მუშაობ, მზეა - მუშაობ, ან არა და, თუ არ მუშაობ, ვაფშე არ მუშაობ, გინდ თქეში იყოს, გინდ მზე და გინდ გიტლერი ადგეს საფლავიდან.. ჰოდა რას იზამ რა, უნდა იყო ხელფასზე, მარა მახო იყო თესლისნაკრავი, ეხლა რა ქნა, ეგ იცნობდა ვალიკო ბარბაქაძეს, ერთ ამაზე ნაბოზარ კაცს, აი, ხო იცი ტიპები ჰაერსაც რო ფულად აქცევენ, ჰოდა ამ ვალიკომ კაროჩე პირდაპირი გაგებით ეგრე ქნა რა, იმენა ჰაერი ფულად აქცია, მამენტ მახომ და ვალიკომ ქნეს ერთად.. ეს ვალიკო ხო იცი, არ იცი ტო? ვალიკო რა.. აჩკარიკი რო იყო, სუ პალტო, შლაპა, მუშათა ინწილიგენცია, რამე.. კაი ხო, კაროჩე, ვალიკო იყო ნავთობბაზის დირექტორი, ეგრე კი არ იყო მაშინ ის კომპანია, ეს კომპანია, ერთი ბაზა იყო, ნავთობი მიდიოდა, ეს რაღაცას ეჩალიჩებოდა და ანაწილებდა მერე, ოღონდ ძაან მკაცრად მოწმდებოდა რა, ვერ მოიპარავდი, მოგდიოდა ასი ლიტრი, ირიცხებოდა და ვერსად ვერ წაიღებდი, ერთადერთი შემთხვევის გარდა.. კაროჩე ნახე ამ ნაბოზრებმა რა დამოზგეს და რა ბარბაქაძე-ხასაიას პაქტი გააფორმეს.. ეგეთი წესი იყო, ჰაერის ტემპერატურიდან გამომდინარე გამოითვლებოდა აორთქლების პროცენტი რა.. ანუ აემ დიდ რეზერვუარში რო იყო ნავთობი, რაღაცა, ძაან ცოტა, იმენა მინიმალური, იასნა, ორთქლდებოდა, ჰოდა ვალიკო გაურიგდა მახოს, მახო ისე შვებოდა რო ერთი 3-4 გრადუსით მეტს აცხადებდა, ძაან არ გაეგო ეხლა ვინმეს, ანდა დაბლა ვინმე თუ გაიგებდა, უცებ მიდგებოდა მოდგებოდა, სერველადი, სომხური კანიაკი, მთელი დახლქვეშეთი და ეგ იყო რა, ისეთი არაფერი კაროჩე.. ზატო ვალიკო ამ 3-4 გრადუსში რამდენ ნავთობს იგებდა იცი? თუ რეალნა ორთქლდებოდა 1 პროცენტი, მაგალითად, 4 გრადუს ნამატზე აორთქლებდა 2 პროცენტს, ჰოდა ამ ორიდან ერთს კაკრას რო აორთქლებდა შენი ვალიკო, არსად, ვსო, ფაფუ.. აორთქლდა რა, ტემპერატურა არი, ნორმა არი, ყველაფერი რიგზეა, ორი პროცენტი მოაკლდა.. ოღონდ რეალნა ერთი მოაკლდა და ერთი კიდე ვალიკოს ჯიბეში წავიდა, მახოს წილით.. ეხლა ისე გესმის, დიდი არაფერი, მარა რამხელა რეზერვუარი იყო იცი? იმის ერთი პროცენტი ყოველთვე იცი რა იყო? კაროჩე ჩათვალე, რო ეხლა ვაფშე ნესტავო ნესსივო ყოველთვე რო ერთი პიისიატ ტიში გქონდეს შემოსავალი რა.. ჰო კაი ცოტა ვამეტებ ეხლა, მაგდენიც არა, მარა ერთი სიტყვით, კარგად იჯდა ვალიკოც ამ აფიორაში და მახო ხო იჯდა და იჯდა, მახოს თან მაშინ ჯერ ის ამბავი არ მოსვლოდა და კოჭლაც არ იყო, კოჭლა მახო რო გახდა, მერე ვაფშე სხვა ამბები დატრიალდა მანდ..”

 

აი, სწორედ ასე მოუყვა ლოთმა გუჯიკამ კოჭლა მახოს ამბავი ფორტეპიანოს გაკვეთილზე მიმავალ თორნიკე ბარბაქაძეს, დიახ, სწორედ იმ ვალერიან ბარბაქაძის შვილიშვილს, რომელიც ზემორე მონათხრობში უკვე გავიცანით. თან სიგარეტი სთხოვა, თხრობის დაწყებამდეც (რაზეც პასუხად მიიღო “არა, ბიძია, არ ვეწევი”) და თხრობის დასრულების შემდეგაც (რაზეც პასუხად კვლავაც “არა, ბიძია, არ ვეწევი” მიიღო), ეეო, ხელი ჩაიქნია, რა სასტავი ხართო, ჩემ დროს თქვენხელები ვუქიშინებდით წარამარაო, კაი, კაი, მიდი, მიდიო და გაუშვა. 15 წლის თორნიკე ბარბაქაძე გამოყლევებული მიუყვებოდა სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზას და თან ფიქრობდა ოჯახისთვის ლამის ღმერთად შერაცხულ ბაბუამისზე, ცხონებულ ვალერიან ბარბაქაძეზე, სასიქადულო მამულიშვილზე, ერთგულ მეუღლეზე და ეროვნული მოძრაობისას დისიდენტთა გვერდით მდგომ კაცზე, სათვალეებიანზე, შლაპიანზე, დინჯად მოარულზე, ანუ ისეთზე, როგორ ვალერიანსაც იხსენებდნენ თორნიკეს ოჯახის წევრები, რადგან თორნიკეს დიდად არ ახსოვდა ბაბუა, თორნიკე 5 წლის იყო ბაბუა რომ გარდაიცვალა. თორნიკე 21-ე საუკუნის ბავშვია, ათასწლეულის გარიჟრაჟზე დაბადებული, წესიერი, უბანში ბირჟაობის მოძულე და ფორტეპიანოზე შეყვარებული, ყოველთვის რაციონალურად შთაგონებული დიდი კომპოზიტორების შემოქმედებით, დინჯი (რის გამოც ხშირად ეუბნებიან, ბაბუას ჰგავხარო), ზრდილობიანი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ტვინიკოსა და ამჟამად, სკოლისკენ გზაზე მიმავალი ლოთი გუჯიკას მონაყოლით უეცრად გამოყლევებული.

 

მარა მაგაზე არაა..

 

2006-ში, ვალერიან ბარბაქაძის გარდაცვალებისას მალხაზ ხასაია, ან გნებავთ, კოჭლა მახო, უკვე გაუბედურებულიყო, ძველი დიდებაც დაკარგული ჰქონდა, სახელიც, ქონება ხომ დაკარგული და დაკარგული, ერთი ეგაა ვალები არ ეყარა კისერზე, მაგრამ არც რამე ებადა სააწმყომომავლოდ, ერთ ოთახში ცხოვრობდა, კორპუსის მეზობლებისგან კარგა მოშორებით, უკანა ეზოს გადაღმა გაკეთებულ პატარა მიწურში. თავის დროზე ეგ მიწური საწყობად აიშენა მახომ, მერე ბინა დაკარგა, მერე ისა, ესა, ყველაფერი, ერთი სიტყვით, და დარჩა მიწური. გადავიდა იქ, საცხოვრებლად. მეზობლები შიგადაშიგ უმართავდნენ ხელს, მაგრამ დიდად არ ემჩნეოდა ეს დახმარება მახოს ყოფას. მახოს დაღმასვლა მაშინ დაიწყო, როცა დაკოჭლდა.

 

თორნიკე ბარბაქაძეს და სრულიად ბარბაქაძეების ოჯახს ჯერ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი, ერთი რამაა მნიშვნელოვანი: მოთხრობის ბოლოსკენ რაღაც მანქანებით ვალერიან ბარბაქაძე და მალხაზ ხასაია ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდება, თუმცა სანამ ამ იდუმალ და თბილისისთვის (და პრინციპში, სხვა ნებისმიერი ქალაქისთვისაც) უჩვეულო ამბავს ნათელი მოეფინება, მანამდე გუჯიკა კიდევ ერთხელ აჩერებს სამუსიკო სკოლიდან სახლისკენ მიმავალ თორნიკე ბარბაქაძეს და კიდევ ერთხელ სთხოვს სიგარეტს. უარზე, გუჯიკა ამბობს:

 

“შენა ის თუ იცი, არა მამენტ, რამდენი წლისა ხარ? 15 არა? რაჩემიყლე იცი შენა, ეხლა მოგიყვე რა:

ესა რა, ესა, მახო, კოჭლა, კაკრას სანამ დაკოჭლდებოდა, 80-იანებია რა, კაროჩე ზვიადი და მერაბი იცი შენა? რას მიყურებ შეჩემისა შენა შვილო, ზვიადი და მერაბი როგორ არ იცი ტო? იმას ხო არ გეკითხები არა, ლუიზა შაკიაშვილს ან კიდე ვახტანგ ბოჭორიშვილს, ზვიადი გამსახურდია რა, საქართველოს პრეზიდენტი, პირველი, ნაღდი ტო, ეროვნული.. ჰოდა, ჰო, ეგა, რო გაგინათდა სახე, მერაბიც ეგა, კოსტავა.. კაი, კაროჩე, ეგ პერიოდია, ავოეეე დაიძახებენ და მიდის მთელი საქართველო, ჯოს ჯოს ჯოს, ეროვნული იდეა, ჰერიო ბიჭებო, დაუკარით, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რამე, კაი პონტი რა, როგორც არი ხოლმე.. ჰოდა ეს მახო ეხლა, მთავარი სინოპტიკოსი რო იყო, ვდრუგ ადგა და კამუნისტების მხარეს იჭერს ტო, აზრზე ხარ შენა? თავისი ხალხის წინააღმდეგ მიდის რა, შიგ ხო არ გაქვს ტო, ეუბნებიან, რას შვები შეჩემისტრულაილა შენა, მარა არა, ეგო არეულობააო, დესტაბილიზაციააო, შემოგდებული ბაზარიაო და პროგრესის წინააღმდეგ მიდის რა, პერესტროიკას აჩერებს კოჭლა მახო ტო.. ოღონდ მაშინ კოჭლა არ იყო, იასნა, ბაზარი არაა, ჰოდა ვალიკო ხო იცი? ვალიკო რა, პალტო, შლაპა.. ხო, ხო, იცი.. ვალიკო კიდე იმენა ამათ გვერდით დგას რა, იმენა ზვიადის უდგას უკან, ის რო გამოდის და მუშტს იქნევს და ძაან ეშხშია და რამე ხანდახან უკან გაქნეული ვალიკოს ხვდება რა, მარა პატრიოტიზმია ეგეთი პონტი, უნდა აიტანო, კაროჩე, ვალიკო ეგრევე დააპაშოლეს კამუნისტებმა ყველაფრიდან, მარა თესლი აღმოჩნდა ტო, ეგრევე აუღო ალღო სიტუაციას და ამათი მხარე დაიჭირა.. ეგ ჯერ კიდე რა არი, მერე ედიკა რო მოვიდა, მერე იმისი მხარე დაიჭირა და ვაფშე ყლეობა გითხრა ეხლა, შენ მამენტ ეგ უნდა გახსოვდეს, თუ არა.. თუ როგორცაა, 2003-ში მიშისტი გახდა ტო, აზრზე ხარ ეგეთი რამე? 2002-ში მოქკავშირში იყო, ედიკას კისრის მასაჟებს უკეთებდა და 2003-ში წვიმაში დადგა, ახალგაზრდებო თქვენთან ვარო და წვიმაში დადგა, მერე მოკვდა თორე ეხლა ვაფშე სადმე იქნებოდა მმართველ პარტიაში.. კაროჩე ვალიკო ყლეზე დაიკიდე, მარა მახოზე გითხრა რა.. ჰოდა მახო კამუნისტებს მიემხრო, მარა მერე რო აირდაირია ყველაფერი ეგეთი ამბავი იყო, მომიტინგეებს მხედრიონელებმა და ვიღცებმა, ედიკას ხალხმა იტოკში, დაუშინეს რა, ვიღაცები მოკლეს, დაჭრეს, კაროჩე ცუდი ამბავი იყო, ჰოდა ამბობდნენ, რო გამსახურდია და კოსტავა აბა რაღანაირად, მარა ვიღაცები, ვინც იყვნენ მაგათი ნდობით აღჭურვილი პირები, მოშნად გაძუყნესო რა, ზოგს კოჭები დაუხვრიტეს და ზოგს კიდე სახე აახიესო.. ჰოდა ეგ იყო და ერთი კვირა მახო არ მინახავს, ერთი კვირის მერე გაიჩითა კოჭლობით კაროჩე, ჩემ ძმაკაცთან ვიყავი სოფელში წასული და თოფი მომარტყა შემთხვევითო, ტიპს დირკა ედო კოჭზე ტო, ვახ მეთქი, სიმონ, ეგ რანაირი მეგობარია სტუმრად ჩადიხარ - თოფს გესვრის, მარა ნიჩიო, გაატარა სასტავმა, ჰოდა მაგ დღიდან დაკოჭლდა მახო.. სტრანნად დაემთხვა, რო მაგავე დღიდან მახოს დეენძრა რა.. ვაფშე პირადში, ცხოვრებაში, სამსახურში, პროფესიაში, კარიერაში, ყველაფერში დეენძრა, ყველაფრიდან გამოაგდეს, კაროჩე ტიპს ბლოკავდნენ იავნად რა, არადა მახო ტო, ანტიზვიადისტი ტო, მამენტ ერთ დროს ედიკასთან შენახვედრი და ვაფშე ედიკას მხარეს მყოფი და აეგრე მოუტყნეს საქციელი.. ოღონდ პონტი ეხლა რა არი, მე ვიცი ეგ რა, ამათმა არ იციან, შპანამ, არც უთხრა, შენ რა გქვია გამახსენე? თორნიკე ხო, შემოგევლე, ბრატჯან, არ უთხრა არც სახლში, არც ეზოში, ესენი რა ყლენაროდაა მე ვიცი, შენ ეხლა გიყურებ, მომავალი ხარ რა, იმენა რო მიდიხარ მაშინაც მომავალი ხარ რა, მაგიტო გეუბნები, მემგონი კაროჩე ეს კოჭლა მახო და ეს ვალიკო ერთი და იგივე როჟაა, გამიგე? ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა ესჩემისა მგონი რა, სტოპერიოდს იჭერდა ყველაფერზე, იმ ჰაერსაც რო ყიდიდა, კაროჩე მთელ ფულს თვითონ აკეთებდა, სინოპტიკოსიც თვითონ იყო და ნავთობბაზის დირექტორიც, გეუბნები, რას მიყურებ პირდაღებული, შეჩემისა შვილო, გეუბნები, გუჯიკამ იცის ეგენი, ოღონდ როტ ნა ზამოკ ბრატჯან..”

 

ეს რომ მოუყვა, სიგარეტი აღარ უთხოვია. თორნიკე ორიოდე საათის წინ უკვე გამონაყლევები კიდევ ერთხელ გამოყლევდა და ისე გაუდგა სახლისკენ გზას, ინერციით, ბანცალ-ბანცალით. ის კი იცოდა, ოჯახისგან, რომ გუჯიკა ერთი დიდი მეზღაპრე იყო, ცოტას უბერავდა და ნასვამი თუ იყო, საერთოდ არაფერი დაეჯერებოდა, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურად ჟღერდა ეს ყველაფერი, მით უფრო ოჯახურ ტრადიციებზე შეყვარებული და იდეალურ გარემოში გაზრდილი თორნიკესთვის, რომელსაც ჯერ ბაბუის არაკეთილსინდისიერება ვერ მოენელებინა, ახლა უკვე მედროვე ვალერიანი უნდა მიეღო და მეტიც, სადღაც ისიც დაეშვა, რომ კოჭლა მახოც კი ბაბუამისი იყო. მოდი ეხლა, ვაღიაროთ, ყველანი გამოვყლევდებოდით ამ სიტუაციაში. ჰოდა, თორნიკე სახლში მიბანცალდა, ოთახში ჩაიკეტა და ყველაფრის გახსენება დაიწყო.

 

“ე, მახომ მაშინ რაღაც სხვანაირად შემომხედა”.

“ბაბუაჩემზე რო მოყვა დედამ, მივლინებებში მიდიოდა ხოლმე დიდი ხნითო”.

“მახოზე რო ლაპარაკობდნენ, ძაან უცნაური კაცია, არაბუნებრივიო”.

“არა, შანსი არაა”.

“ეს გუჯიკა ბაბუისტოლა კაცია და კიდე დებილია რა, მემგონი მოლანდებები დაეწყო”.

“მახო რო შემხვდა ორი თვის წინ და ვამაყობ შენითო, რო მითხრა”.

“ბაბუა ხო ნაღდად დაიხრჩო? სათევზაოდ იყო, ზღვაში შორს შევიდა და დაიხრჩო. ხო?”

“მახო უნდა ვნახო, უნდა ვკითხო”.

“რა უნდა ვკითხო, ბაბუაჩემი ხო არ ხარ-მეთქი? კოჭლა მახოს ვკითხო? სისულელე სრული”.

“საფლავი რო ვნახო? კაი, ფილმი ხო არაა, ხო არ ამოვთხრი, გიჟი ხო არ ვარ”.

 

- აეე, იუზგარ, ვინა ხარ მანდა! აიტ მეთქი! კიდე იპარავთ რაღაცებსა, თქვე ყურუმსაღებო თქვენა?! დავაი, ნახუი ეხლა აქედანა. - ყვირის სასაფლაოს დარაჯი.

 

ვიღაც თავქუდმოგლეჯილი გარბის სასაფლაოდან, დარაჯს იმის თავი არ აქვს, გამოეკიდოს, მაგრამ იმითიც კმაყოფილია, რომ ქურდბაცაცა დააფრთხო. წარამარა მოდიან ღვთისგან დავიწყებული ტიპები, უსახლკაროები, ისეთები, ასეთები, ხან დატოვებულ ყვავილებს იპარავენ და ყიდიან მერე, ხან საჭმელს, ხან რას და ხან რას. მარა თორნიკე ბარბაქაძე ნაღდად არაა ეგეთი. რო დაიჭირონ, სად გამოყოს მერე თავი? რა თქვას? რომ შუაღამისას ბაბუამისის საფლავს თხრიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად იქ წევს? დედამისი პანიკაში ჩავარდება, მამა გამოყლევდება, ნუ, პრინციპში ეგ არაფერი, გამოყლევდეს, მარა დედას პანიკის გაძლება შეუძლებელია. გარბის თორნიკე, მაგრამ.. ეგრე ხომ ვერ დატოვებს საფლავს, ნახევრად გადათხრილს.. კაი ხო, დატოვოს, ვიღაც ქურდებს დაბრალდებათ.. ჯანდაბას. სისულელე იყო ისედაც, ამაზე ფიქრი, თავიდან უნდა ამოიგდოს და აღარასოდეს გაივლოს აზრადაც კი. ვსიო. მორჩა.

 

ხვალ მიუბრუნდება რა.

 

მახო მოკვდა. მის მიწურს ხანძარი გაუჩნდა და მახოც შიგ ამოიბუგა. ასე თქვეს, ეტყობა კარი ჩაეკეტა იმ უბედურს, საკეტიც კი არ ჰქონდა ნორმალურიო. მეზობლებსაც არაფერი გაუგიათ, სანამ კვამლის სუნმა რომელიღაცა გიჟი არ შეაწუხა. გიჟი უნდა ყოფილიყო იმ სიცივეში ფანჯარა ღია დაეტოვებინა, მაგრამ ეგეთებიც ხომ არსებობენ, დატოვა და კვამლის სუნიც გაიგო. არ წვიმდა, არ თოვდა, მარა ქარი კი იყო საკმარისად, რომ ცეცხლი აეგიზგიზებინა და სუნიც მოეტანა. ამბავი ნელა გავრცელდა, რადგან კორპუსს არ ეხებოდა. ზოგმა თავი დაირწმუნა, მახო იქ არ იქნებოდაო და მიარხეინდა, ზოგმა - არაფერი გამიგია, ისეთი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარფანჯარა მაქვს სახლში, სუნის რეგულატორები, ცენტრალური გათბობა, უმაღლესი დონის კედლების თბოიზოლაცია და.. მოკლედ, ეს რა შუაშია ახლა, საქმე ისაა, რომ მეორე დილით, დადგინდა, მახოს ქარის გამო სანთელი წაექცა, ხანძარი გაჩნდა, კარი ჩაეკეტა და შიგ ამოიბუგაო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

 

ასეა თუ ისეა, ახლა უკვე ნაღდად მკვდარია ბაბუაჩემიო, გაიფიქრა თორნიკე ბარბაქაძემ და მახოს ამბის გამოგონემ სულ ცოტა ხნით შეწყვიტა ფრენკ უაილდჰორნის პირველი და ყველაზე ცნობილი მიუზიკლის პარტიტურის გარჩევა (უცნაურია, მაგრამ, თორნიკეს ფორტეპიანოს მასწავლებელმა, თქვენმა მონა-მორჩილმა, უკვე 3 წელია ეს პრაქტიკა დავნერგე, ძველი, კლასიკური ნაწარმოებების პარალელურად მოწაფეებმა თანამედროვე ცნობილი საფორტეპიანო თხზულებებიც შეისწავლონ, რათა არასოდეს ჩამორჩნენ უახლესი მუსიკალური სამყაროს მაჯისცემას. ავტ. შენ.), თუმცა თორნიკეს იდეალური სმენისა და კარგად ნაწრთობი ყურისთვის რთული იყო დომინანტურ აკორდზე გაჩერება, რადგან ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ ითხოვდა გადაწყვეტას ტონიკაში, ამიტომ თორნიკემ დაკვრა განაგრძო.

 


- თქვენ, ელგუჯა ელგუჯას ძე ცაძე.. ჰმ.. რა გვარია, საერთოდ, ეს ცაძე, არ მსმენია არასოდეს.. სადაურები ხართ?

- გრაჟდანინ მირა..

- ამ უბანში 2006 წელს გადმოსულხართ საცხოვრებლად, მანამდე სად იყავით, სად მოღვაწეობდით?

- ვა, გრაჟდანინ მირა-მეთქი, არ გესმის შენა?

- მოკლედ როგორცაა.. თქვენ, ელგუჯა ელგუჯას ძე აცხადებთ, რომ პირველმა იგრძენით კვამლის სუნი, რომელიც უცნაურად გეჩვენათ, მაგრამ თავდაპირველად ყურადღება არ გამოიჩინეთ, რამეთუ ჭარბი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდით. ასეა?

- ზაპოი მქონდა, ბრატჯან, რა მეკვამლებოდა ტო.

- გასაგებია. ამის შემდეგ, კვამლი იმდენად გაძლიერდა, რომ თავს ძალა დაატანეთ, გარეთ გამოხვედით და მალევე შეამჩნიეთ, რომ კვამლი ეზოს გადაღმიდან მოდიოდა, ანუ იმ ადგილიდან, სადაც მალხაზ ვალერიანის ძე ხასაია ცხოვრობდა, თავისი ხელით აშენებულ მიწურში. ასეა?

- არა, ძმაკაც.

- უკაცრავად?

- თავისი ხელით არ აუშენებია მახოს ის მიწური, ეგ მუშებს ააშენებინა, მაშინ გავლენიანი ტიპი იყო მახო ტო, საწყობად აიშენა რა, პროსტა მერე დაენძრა და მანდ გადავიდა საცხოვრებლად.

- გასაგებია. როგორღაც შევიტანთ ოქმში ამ შესწორებას. მოკლედ, ამის შემდეგ კორპუსი არ შეაწუხეთ და თავად წახვედით მალხაზ ვალერიანის ძე ხასაიას მიწურისკენ, თუმცა მალევე მიხვდით, რომ მიწური ცეცხლის ალში იყო გახვეული, მობრუნდით და ყვირილი დაიწყეთ, რაზეც 1-2 წუთი არავინ გამოგხმაურებიათ, რატომ?

- ვინ გამომეხმაურებოდა ჯიგაროჯან, მე ისედაც არავინ მეხმაურება, ტიპებს გამარჯობას ვეუბნები და ალთა-ალთა მივლიან გვერდს, კეთროვანივით, ამ სიცივეში კიდე ვაფშე ყლეზე არ ვკიდივარ მთელ კორპუსს? კოჭლა მახო კიდე თვითონ გავიდა ალთას მაგ კორპუსიდან და იასნია, იცოდა ესენი რა ჩიტებიც იყვნენ ტო.

- ანუ თქვენ ყვიროდით 1-2 წუთი და ამაოდ?

- ამაოდ თუ მამაოდ, არ ვიცი, მარა ერთი პაპიროსი მომაწეინე რა.. ვაა.. ჯიგარი ხარ ჯიგარი.. - გაუკიდა ლოთმა გუჯიკამ, - მისმინე ეხლა რა მოგიყვე..

 

გუჯიკა კარგად მოემზადა, სკამი მოუხერხებელი იყო და კომფორტულად ვერ გადაწვა, მაგრამ ერთი ყურადღებიანი მსმენელიც საკმარისი იყო სრული სიამოვნებისთვის:

 

“ეგ მახო კაროჩე, პატარა რო იყო, მამამ მიატოვა რა.. ბატონმა ვალერიანმა.. ინწილიგენტი კაცი იყო, სუ ისე დადიოდა რა, გაპიწკინებული, პალტო, რამე, შლაპა, იქითური, აქეთური, სტალინთან იყო შენახვედრი ტო, იმჩემისსამოცდათვრამეტიანს ამ ვალერიანასთვის ლექსი წაუკითხებია, აბა როგორიაო, ამას კიდე უთქვამს, არც ისე კაია ამხანაგო იოსებ, რაღა დაგიმალოთ, უნიჭო ნაწერიაო.. ეგ ლექსი სტალინის ლექსი ყოფილა, ბავშვობაში დაწერილი რა, სხვამ რო არ იცოდა ისეთი, ჰოდა ეგ რო გაუგია ვალერიანს კუჭში ჩაუფსამს ტო, მარა რაღას იზამდა.. სტალინი კიდე ამდგარა და ხელი ჩამოურთმევია, საღოლ ჯიგაროჯანო, ნუ თავისი სიტყვებით რა, შენ ხარ მართალი კაცი, იმიტო რო ეს ლექსი მართლა ყლეობაა, ბავშვის ნაბოდვარია და მართლა კარგი ლექსი კიდე გალაკტიონ ტაბიძის “დროშები ჩქარა” არისო, ვალერიანს დაუძახია, რა თქმა უნდა, ამხანაგო იოსებ, “დროშები ჩქარა” უდავოდ გენიალური ლექსიაო.. მაგის მერე აღარ უნახავს სტალინი და თურმე მთელი ცხოვრება ყოველ დაძახებაზე, დარეკვაზე, მეზობლის სტუმრობაზე და გაფაჩუნებაზე შიში ჰქონია, ან ეხლა დამადგებიან, ან ეხლაო.. სტალინი რო დაიბრიდა, ესეც ადგა და ოჯახი მიატოვა, სადღაც წავიდა, არავინ იცის სად, მარა მახოს მაგრად გაუტყდა.. იმენა სტრესი ჰქონდა, თურმე ძალიან უყვარდა და ძალიან ვერ უპატიებია, ვერ გადაუტანია ასეთი რამე, მთელი ცხოვრება თავის თავს ადანაშაულებდა, მერეც კი, როცა მიხვდა რო რა სისულელეა ტო, თვითონ რა შუაში იყო, მაინც თავის თავს ადანაშულებდა და ეგრე რა.. მარა პახოდუ თვითონაც ისეთი კაი ნაბოზარი გაიზარდა, რო მერე ოჯახი რო იყოლია.. მაიცა მაიცა, ჯიგაროჯან, ნუ მაწყვეტინებ, არ დამიწყო ეხლა არ ყოლია მალხაზს ოჯახი და რაღაცები, გეუბნები ყავდა და გეუბნები, რო როცა ყავდა, იმენა იდეალური მამა გაეძრო რა, ოჯახის თავი, შემომტანი, შვილების ფეხზე დამყენებელი და ა.შ. რაღაც პონტში მამამისის ვალი გამოისყიდა, თუ გაექცა შიშს თუ რა ყლეობა ქნა, ხუივოზნაეტ, მარა ქნა რა.. ტიპი იყო იდეალური, იმენა სიტყვა არ ეშლებოდა რა, აი ხო მიყურებ ეხლა მეც, ამხელა კაცი ვარ და ეს გინება და ესეთი სიტყვები და სირობები არ მიხდება ხო ვიცი, მარა წარმოიდგინე ეხლა რო ვაფშე ეგეთი ტრაკობა სიტყვა არ წამოგცდეს კაცს ცხოვრებაში ტო, გაბრაზებული რო ხარ მაშინაც კი არ შეიგინო.. კაროჩე რა, სად გავჩერდი?”

 

უტყუარი ფაქტი იყო. მალხაზ ვალერიანის ძე ხასაიას ოჯახი არ ჰყოლია. შესაბამისად გამომძიებელმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა გუჯიკას მონათხრობის მოსმენა, მოწმეს მადლობა გადაუხადა, ოქმში მიუთითა მისი მონაყოლის არადამაჯერებლობის შესახებ და წერტილი დასვა. თუმცა სხვა ხელჩასაჭიდიც არაფერი იყო, მახოს კი მომკითხავიც არავინ ყავდა, ამიტომ საქმეც დაიხურა, ისევ და ისევ მოწმე ელგუჯა ელგუჯას ძე ცაძეს ჩვენებაზე დაყრდნობით.

 

ეხლა აწმყო:

- მოიცა, თუ მასეა, მართლა რო მიუბრუნდეს თორნიკე, ამოთხაროს და ნახოს, რომ კუბოში არავინ წევს, მერე?

- მაიცა რა, მუზიკანტ, შენ ცოტა ალაოდ ხო არა ხარ, მე, სიმონ, იმიტო ვუთხარი მაგ ბიჭს ეგ ამბავი, რო სცოდნოდა მაინც რა, თორე რისი ამომთხრელი ეგ არი, შავი მარტო კლავიშის არ ეშინია..

- ჰო, მაგრამ, როგორც მინიმუმ შეაწუხებს კოჭლა მახოს გარდაცვალების ამბავი, ეჭვი თუ შეუჩნდა, არა?

- შეაწუხებს და შეაწუხოს, გაარკვიოს, თხაროს და იყოს, თუ რამეს მიაგნებს, ალალია, გაიზრდება, დავაჟკაცდება.

- ანუ მახოს სიკვდილიც მართლა შემთხვევითობაა?

- შემთხვევითობა რა.. მაიტა პაპიროსი მომაწეინე.. ვაა, ეს მევასება.. ჯიგარი ხარ, ჯიგარი.. ჰოდა რაო, რა გინდა?

- მახოს სიკვდილზე..

- რაში გაინტერესებს შენ ეხლა მახოს სიკვდილი, რამე მუზიკალნი არ უნდა გაინტერესებდეს? შენც ეხლა მახოს სიკვდილზე უცებ როკ-ოპერა არ დაწერო რა..

- იქნებ და დავწერო კიდეც..

- კოჭლა მახო? ეგ ვოდევილის სახელია ტო, ანდა თბილისური ლეგენდის, როკ-ოპერას რამე გმირები სჭირდება, გიჟები ტო, ლამაზები, ძგაფ, ძგუფ, ავოე, რამე.. სუპერსტარები რა..

- მე რო სხვა ეჭვები მაქვს?

- ჰეჰე.. შერლოკ ხოლმსი ხარ ტო? რამე სკანდალი გინდა ბოგემიაში? თბილისია ეს ძმაკაც, სკანდალი-შანდალი ადანდალი-დანდალამდე დადის ყოველთვის, დაიკიდე რა..

- კაი ერთი მითხარი, კოჭლობა როგორ აიხსნება?

- სხვა ყველაფერი ახსენი უკვე? მიდი აბა სიყვარული ახსენი ერთი.. ჰეჰ.. ხიტრი მალჩუგან! მაიტა, მაიტა მომიკიდე რა, კაცი არა ხარ, პაპიროსგაჩრილი გელოდები ამდენი ხანია.. მიდი შენც გაუკიდე ერთი, დამეწვიე, ბოლო გზაზე გავაცილეთ მალხაზა.. დავრჩი მარტო.. ჰა, დეტეკტივ, რამე კი არა, ელემენტარნა, უბნის პონტში რა.. ჰეჰე..

 

წვიმას იწყებს, ქელეხიც არ იქნება, გადაწყდა. მალე მაგრად აცივდება და სახლისკენ გზას გავუყვებით. მანამდე კოჭლა მახოს საფლავთან ვდგავართ და სიგარეტს ვეწევით, მე და გუჯიკა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება