კალათა

უთავო ქვეითი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
ტიპს გვამი აღვიძებს, სიმღერით, რომელსაც მისთვის ნაცნობი მელოდია აქვს. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება.

ეძღვნება ქალს, რომელიც 1985 წელს, მამაჩემმა ტრამვაით გაიტანა, რისთვისაც მან სამ-ნახევარი წელი მოიხადა შრომა-გასწორების კოლონიაში და რის გამოც მე დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა არის მამა.

 

 

 

1

 

საქმე იმაშია, რომ ერთხელ, მსუქანი ტრუპი წამადგა თავზე, მძინარეს. საკუთარი მოჭრილი თავი ხელებში ეჭირა და რაღაცას მღეროდა. მისი მკვდარი თვალები მე მომშტერებოდნენ. ცოტა დავიბენი, თუმცა არ შემშინებია. ტრუპმა ვის რა უნდა გადაუღუნოს, თანაც უთავომ. ალბათ კარი დამრჩა ღია-თქო, ვიფიქრე.

 

- აბა ნახუი ახლა აქედან და აქ აღარ დაგინახო მეორედ, დროზე! - ვუყვირე მე. მას სიმღერაც კი არ შეუწყვეტია, მაგარი ნაგლი ვიღაც გამოდგა. მელოდია ძალიან მეცნობოდა, თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი, საიდან. არც მის სიტყვები მესმოდა. ენა და ტუჩები ისეთი დამპალი ჰქონდა ასო “ჰ”-საც ვერ იტყოდა ნორმალურად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასოს წარმოთქმას არც ტუჩები ჭირდება და არც ენა. მხოლოდ სასუნთქ მილზე მიბმული ხახაც საკმარისია. უბრალოდ ეს დამპალი და ერთმანეთში შეზელილი ზედა და ქვედა ტუჩი ასო “ჰ”-ს, რაღაც სტვენის ჟღერადობას აძლევდა. იტოგში, ამ ხმას ვერ აღგიწერთ, იქ უნდა ყოფილიყავით.

 

ჩვენ დროში ტრუპებს ყველგან შეხვდები, ყველგან ეგენი დაძრწიან. გზააბნეული ტურისტებივით დაეხეტებიან ქუჩებში, სრულიად უმიზნოდ. ყოველდღიურად მრავლდებიან და მრავლდებიან. როგორც წესი, ადამიანების მაგრად ეშინიათ. თუ დაგინახეს გერიდებიან. ალბათ, რაღაც კოლექტიური მეხსიერების მაგვარი აქვთ და იციან, რომ ადამიანი ბუნებით მოძალადეა და სადაც დაიჭერენ იქ აწამებენ. ზოგჯერ სხეულის ნაწილებს აჭრიან და ამ ნაწილებისგან სუვენირებს აკეთბენ. სხვათა შორის, ტრუპის ჯგუფური გაუპატიურების არაერთი და მასზე ქორწინების ერთი შემთხვევაც გავიგე. რამდენიმე ორგანიზაცია აპროტესტებს კიდეც ამ არსებებზე ძალადობას, მაგრამ მთავრობა უბრალოდ ამთქნარებს, როცა ამ თემაზე იწყებს ვინმე საუბარს.

 

ამბავს დავუბრუნდები. ჰოდა, მკვდარს თავისი თავი ხელებში ეჭირა, გამარჯვების თასივით ზემოთ აღეპყრო და სიმღერას აგრძელებდა.

 

- ეს კერძო საკუთრებაა, ქალბატონო, თქვენ აქ არ უნდა იყოთ… - შევცვალე საუბრის ტონი. ყურიც არ შეუბერტყია. ყლეზე ეკიდა. სიმღერას აგრძელებდა.

 

- არა, ეს არ უნდა შემოვიჩვიო, თორე ვეღარ მოვიშორებ. რამე უნდა ვქნა. -ვუთხარი ჩემს თავს. გვამს თავი ხელიდან გამოვტაცე და ფანჯრიდან ვისროლე.

 

- ეს ჩემი სახლია და არა საკონცერტო დარბაზი, ნახუი აქედან! -ვუყვირე მე.

 

ტანი დაიბნა. აშკარად შოკირებული იყო. ადგილზე ტრიალებდა. აღარ იცოდა რა ექნა და საით წასულიყო. ეტყობოდა მოვლენების ასეთ განვითარებას აშკარად არ ელოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დარეტიანებულივით დაეცა. უცებ დავინტერესდი, თავბრუ ადგილზე ტრიალის გამო დაეხვა თუ იმის გამო, რომ ჩემს მიერ ფანჯრიდან გადაგდებული მისი თავი ასფალტს დაენარცხა და სავარაუდოდ, კაი ორმოცდაათი მეტრი იკოტრიალა. ალბათ თავის გორაობის გამო-თქო ვიფიქრე, მაინც “თავბრუა” და არა - “ტანბრუ”.

 

ფეხზე წამოდგა. ბარბაცით კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და კედელს შეასკდა. იმ კალიას ჰგავდა თავს რომ დაესხმები და აქეთ-იქით დახტის, როგორმე სადმე ნაპრალი რომ იპოვოს შენი ოთახიდან გასაღწევად. კიდევ ერთხელ წამოდგა და ჩემკენ გამოქანდა. აშკარად ვერ მხედავდა, უბრალოდ სახლიდან გაღწევა უნდოდა. მე სასწრაფოდ გავეცალე და ამჯერად კედელს შეასკდა. ისევ ძირს გაიშხლართა. კედელი შეზანზარდა, საიდანაც მამაჩემის ფოტო ჩამოვარდა და გვამს ზედ დაეცა. ამან კიდევ უფრო დააფრთხო, ალბათ იფიქრა, რომ მე დავუწყე ცემა. ამათ, ყველაზე მეტად მაგის ეშინოდათ. ეს ვიცოდი და მივხვდი, რომ პანიკის ახალი სტადია დაეწყებოდა. ასეც მოხდა. კიდევ უფრო ჩქარ და დაბნეულ სირბილს მოჰყვა მთელ სახლში. რამე უნდა მეღონა, სასწრაფოდ. ხოდა, მეც ავდექი და კარი გავუღე. ღია კართან დავდექი და ფეხები დავაბაკუნე. თუმცა ხმა არ გაუგია. ანდა როგორ გაიგებდა, ყურები არ ჰქონდა. მისი ყურები ხომ იმ თავს ება, მე რომ ფანჯრიდან მოვისროლე. ვერც მივეკარებოდი, თორე შეიძლებოდა პანიკისა და შიშისგან რეალურად ყელში მწვდომოდა და დავეხრჩე. არანაირად არ მინდოდა ტრუპს მოვეკალი, ასეთ მშვენიერ დღეს, თანაც ახალი გაღვიძებული. მივხვდი, ვერაფრით დავეხმარებოდი. როგორმე თვითონ უნდა გაეგნო გზა ჩემი სახლიდან.

 

- კარი ღიაა, გააჯვი რა, მეძინება! - ვუყვირე მთელი ხმით და საწოლში შევწექი. ტანმა თითქოს ჩემი ხმა გაიგოო, შეჩერდა. შეიძლება გაიგო კიდეც. ოღონდ იმ თავის მეშვეობით, ჩემი ფანჯრის მოშორებით რომ ეგდო, სადღაც. თითქოს კარს ხელების ფათურით დაუწყო ძებნა. კედელ-კედელ დადიოდა ოთახების გარშემო. მე საწოლიდან ვუყურებდი და ვუცდიდი როდის გააღწევდა სახლიდან, რომ ძილი შემებრუნებინა. რამდენიმე საათში სამსახურში უნდა წავსულიყავი და გამოძინება მაკლდა. იარა, იარა, იარა, იარა და დავიღალე. ვიფიქრე დავიძინებ და როგორმე გააღწევს-თქო. და გადავბრუნდი. ისიც ვიფიქრე, იმედია ახლა ნაკლებად ემღერება ამ ვიღაც ვიგინდარას მოგლეჯილ თავს-თქო და ჩამეცინა კმაყოფილს.

 

თვალები დავხუჭე.

 

- აბა შენ დახუჭე თვალები, თუ ტრაკი გაქვს, მძორო. - ჩავილაპარაკე. მისი ბაჯბაჯის ხმა სულ უფრო შორეული ხდებოდა. ძილს ვიბრუნებდი და სხვა აღარაფერი მადარდებდა.

 

 

 

2

 

სამსახურში მისულს უფროსი მოშნად აღადავებული დამხვდა. მთელი ოფისი გარეთ იყო გამოშლილი. მზეს ეფიცხებოდნენ. რაც კლიმატი აირია, სავალდებულო ერთსაათიანი შესვენებები სამსახურებში, მცოცავი გახდა. თუ უცებ დათბა დღის მონაკვეთში, ეგრევე შესვენება ცხადდება.

 

- გავიგე ტრუპ ნაშებში მაგარი პოპულარული ყოფილხარ. წაგვიყვანე ერთხელ ჩვენც. -მითხრა უფროსმა და ახითხითდა. სახის მიმიკით დანარჩენებს ჰკითხა, ხო თესლად ვიხუმრეო. ეს დანარჩენი დაყლევებული ოფისის ვირთხებიც აყვნენ სიცილში, რა თქმა უნდა.

 

- ვინ ტრუპ ნაშებში? -ვერ მივხვდი მე. უფროსმა გვერდით გაიხედა და იქვე ჩამომჯდარ უთავო ტრუპზე მანიშნა. ტრუპი იჯდა თავისთვის, მშვიდად, თავი კალთაში ედო და მიყურებდა.

 

- ვახ, ამის დედას შევეცი, ეს ვინ ავიკიდე. - ვთქვი მე.

 

- მანდ რაღაც ამბავია, დამიჯერე, შენც კარგად იცი ტრუპები ადამიანებს არ ეკიდებიან, გაურბიან, ვაბშე. - მითხრა უფროსმა.

 

- ვიცი.

 

- ხოდა, მიხედე ამ საქმეს, თორე ერთმანეთს დავემშვიდობებით. შენი ნეკროფილობაღა მაკლდა ახლა, ჯერ მარტო დაგვიანებებისთვის მყავხარ გასაგდები და გინდობ.

 

- რა ნეკროფილია, რის ნეკრო… -შევეცადე ახსნას.

 

- მორჩი ახლა და მიხედე საქმეს!

 

მოკლედ ეს ჩემი უფროსი ყლეა. მაგრამ, ამ სამსახურის გარეშე კიდე უფრო დამენძრეოდა. ხოდა, რა თქმა უნდა, ვიტანდი რა. უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა.

 

მთელი დღის ნაპახავები ოფისიდან ოფისიდან და ქუჩა საგულდაგულოდ მოვათვალიერე. თავმოჭრილი ტრუპი ქალი არსად ჩანდა. ავტობუსის გაჩერებისკენ დავიძარი. სახლში ავტობუსით წავედი. გზადაგზა გაჭყლეტილი ტრუპები ეყარა. სულ ამ დღეშია ქალაქი, რას ანძრევს ამდენს ეს დასუფთავების სამსახური. რა უნდა ტრუპებს ტრასაზე. ფუ თქვენი.

 

სახლში დაბრუნებულს ახალი სურპრიზი დამხვდა: უბნის მაღაზიის გამყიდველი გამომეგება და მახარა, აქ თქვენი ნათესავი გვამი იყო მოსული და თქვენს სახელზე საჭმელი აიღო ვალადო. ძალიან გავბრაზდი. გამყიდველს ავუხსენი, რომ ის ჩემი არავინ არაა და რომ საერთოდ არც კი ჭამენ ტრუპები და ა.შ... არავითარ ახსნას აზრი არ ჰქონდა. ამათ ოღონდ რამე შეგტენონ.

 

სახლში შევედი. მაგიდაზე დედაჩემის წერილი დამხვდა:

 

„შვილო, მე შენ იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ეს საზიზღრობა მოგეთრია სახლში, ცოლად. შეგიძლია დაივიწყო ჩემი სახელი.“

 

- როგორც ჩანს, ეს ნაბიჭვარი ქალი ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით მეგონა. აშკარად სტრატეგიულად მოქმედებს. რაღაც უნდა მოვიმოქმედო, - ვფიქრობდი მე.

 

ფიქრებს შევყევი, თავში არაფერი მომდიოდა. ცოტა ხანში კარის ხმა გავიგე. გავიხედე და ისაა. პირდაპირ სამზარეულოში შეგაზა და იქ დაიწყო რაღაც ფუსფუსი. თან ისევ რაღაცას ღიღინებდა. ისევ იგივე ნაცნობ მელოდიას.

 

დივანზე ჩამეძინა. ძილში მამაჩემი მესიზმრა. რაღაცის თქმას ცდილობდა და ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა. ვერ ვხვდებოდი ეს კარგი სიზმარი იყო თუ ცუდი. იდეაში ცუდ ხასიათზე მაყენებდა ეგ სცენა, თავად ძილში. გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ საწოლში ვიწექი. ვერაფრით მივხვდი, როგორ მოვხვდი საწოლში. საბანი გადავიხადე და რას ვხედავ, ტრუპის თავი ტუჩებით მყავს მოკრული მუცელზე. ფუ შენი-თქო, ვიყვირე და საწოლიდან მოვისროლე. თავის იატაკზე დაცემისთანავე, დივანზე წამოგორებული ტანი ფეხზე წამოხტა და პანიკას მოყვა. მე სააბაზანოში გავქანდი და შხაპი მივიღე. წყლის ჭავლში შემდგარი თავს ვირწმუნებდი, რომ წუხელ ის არ მოხდა, რაც პირველივე გავიფიქრე, როცა თავი ჩემს საწოლში დავინახე.

 

სააბაზანოდან გამოსულს, საწოლზე ჩემი ტანსაცმელი დამხვდა გაშლილი. ანუ, ტიპშამ დამახვედრა, ჩაიცვიო. ჯიბრზე, სხვა რამე ჩავიცვი და სამსახურში წასასვლელად მზად მყოფი გარეთ გამოვედი. ისიც გამომყვა. მე თავი ხელებიდან გამოვტაცე, დაღმართზე დავუგორე და სამსახურისკენ გავგაზე. მოვუტყდი იდეაში, მარა რად გინდა. მაინც მშვენივრად იცის გზა.

 

სამსახურში უფროსმა ერთი ორჯერ კიდე დამცინა და გაგდებით დამემუქრა. დავიკიდე. ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებოდი. ფანჯარასთან მივედი და ქუჩაში გავიხედე. მინდოდა მზე გამოსულიყო, მაგრამ არ ჩანდა. ქუჩის კუთხეში ის დავინახე. ძალიან უცნაურად იდგა. უცებ სხვა გვამმა ჩაუარა, შეჩერდა შეათვალიერა და ტუჩები გაამოძრავა. ანუ რაღაც უთხრა. ამანაც მაშინვე რაღაც უპასუხა და ის მეორე გვამი, შეშინებულივით აითესა.

 

ჩემმა შეყვარებულმა დამირეკა, თუმცა ზარს არ ვუპაუხე. ვერ ვუპასუხებდი. რომ მეპასუხა შეხვედრას მთხოვდა, მე ვერ შევხდებოდი, რადგან ეს დეგენერატი გვამი დაგვადგებოდა და ამას ვერაფრით ავუხსნიდი. ისედაც ყველაფერზე ეჭვიანობდა.

 

ეს ერთი უთავო მძრორი, ყველაფერს მაკარვინებდა. დედაჩემს, სამსახურს, შეყვარებულს... პრინციპში მეტი არც არაფერი გამაჩნდა, ეგ სამი რამე იყო ჩემი ყველაფერი.

 

სახლში ამჯერად ფეხით წავედი. მთელი გზა ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდა უკან. ქუჩის სკანდალის თავი არ მქონდა. თავი ისე მეჭირა, თითქოს მე არ მომყვებოდა.

 

კარებში წერილი დამხვდა, რომელიც მატყობინებდა, რომ მეზობლების ინფორმაციით, მე სახლში გვამი უნდა მყოლოდა, რაც ახალი რეგულაციების მიხედვით, მის წამებად ითვლებოდა და ისჯებოდა ან ფულადი ჯარიმით ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით.

 

მოკლედ, გეგმა მჭირდებოდა. როგორმე უნდა მომეშორებინა ეს შავი ჭირი. პირველ რიგში უნდა გამეგო რას ითხოვდა ჩემგან და რატომ ითხოვა მაინცდამაინც ჩემგან. ამაზე ფიქრში ვიყავი, როცა დავინახე, კარი როგორ გაიღო და როგორ შემოვიდა ჩემ სახლში ეს მოძრავი ლეში. ისეთი თვალებით შევხედე, „დედას მოგიტყნავს“ რო ნიშნავს, მარა გაატარა. ისევ ძალიან მშვიდად გაგაზა სამზარეულოსკენ და ისევ რაღაც ფუსფუსს მოჰყვა.

 

ჰო, ძალიან აშკარა იყო, რომ გეგმა მჭირდებოდა.

 

ტუალეტში შევედი, უნიტაზზე დავჯექი და გეგმაზე ფიქრი დავიწყე. თავიდან არაფერი, მარა მერე, მოულოდნელად, თითქოს მოწმენდილ ცაზე იქუხაო, მაგარმა იდეამ მხია.

 

 

 

3

 

- მოკლედ, ამ ჩემისამ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, მიშველე რამე, თორე ყველაფერი დავკარგე, დედა და სამსახური და კიდევ შეყვარებულს გონია რო ვღალატობ, რახან არ ვნახულობ. სინამდვილეში ამის მრცხვენია... იქნე სხვა გვამთან დავაწყვილო? ან იქნებ თავი და ტანი ცალ-ცალკე დავმარხო? - ვუთხარი გვამების მომთვინიერებელს. ის არც კი მისმენდა. ქალს ათვალიერებდა. რაღაც უცნაურ ბგერებს გამოსცემდნენ ორივე, თითქოს რაღაცაზე საუბრობდნენ.

 

- თქვენ, გესმით ეს რასაც ამბობს? - ვკითხე მე. მან თითი აწია, შემეშვიო. ბოლოს მომიბრუნდა და მითხრა: -მამაშენი ტრამვაის მძღოლი იყო?

 

- კი... - ვპასუხობ მე დაბნეული.

 

- და რაღაც შეემთხვა და დააპატიმრეს?

 

- დიახ, მაგრამ რა შუაშია ეგ ამასთან?

 

- იცით, რის გამოც დააპატიმრეს?

 

- დედაჩემმა მითხრა, რომ რაღაც საგზაო შემთხვევის გამო... თან ნასვამი იჯდა ტრამვაის საჭესთან... თქვენ ეგ საიდან იცით?

 

- ამან მითხრა.

 

- ამ ტრუპმა?

 

- დიახ. ამბობს, რომ მამათქვენმა გაიტანა ის ტრამვაით.

 

- რა სისულელეა… და მასეც რომ იყოს მე რა შუაში ვარ? - ვთქვი მე.

 

ამ სიტყვებზე ტრუპი წამოხტა და ღრიალი დაიწყო. თავი ისევ ჰაერში ჰქონდა აზიდული. გვამების მომთვინიერებელმა თავისივე ენაზე უპასუხა რაღაც და ისიც დამშვიდდა. აშკარად თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო.

 

- მე რა ვქნა, მე… როგორ მოვიშორო ეს არსება?

 

-შეგიძლიათ ცოტა ხნით მარტო დაგვტოვოთ? -მითხრა გვამების მომთვინიერებელმა.

 

- მმ, რავიცი... - დავიბენი. თუმცა მაინც ავდექი და გარეთ გავედი.

 

ნახევარი საათი მაინც ვიცადე გარეთ, რის შემდეგაც ორივე გარეთ გამოლაგდა.

 

- მოკლედ, ეგეთი ამბავია. მას უნდა, რომ ზღვაზე წაიყვანო. ეს ქალი მამაშენმა მოკლა, ტრამვაი გაიტანა, არადა თურმე იმ დღეს ზღვაზე მიდიოდა. ცხოვრებაში პირველად უნდა ენახა ზღვა.

 

- ზღვაზე რანაირად წავიყვანო, საზღვაო ზონაში გვამების შეყვანა არ შეიძლება. დამიჭერენ. -ვთქვი მე და ხელი შუბლში შემოვირტყი.

 

- ეგ უკვე მე აღარ მეხება მეგობარო. - მითხრა გვამების მომთვინიერებელმა და მართალიც იყო. ეს მას აღარ ეხებოდა.

 

- ამის ოცნება ზღვის ნახვა იყო, მაგრამ მამაშენის გამო ვერ მოახერხა, ხოდა ან მიხედე ამ საქმეს ან გდიოს უკან. -დაამატა მან და ქვითარი გამომიწოდა. მე გადავიხადე და წამოვედი.

 

მოკლედ ან ტანჯვა და ციხე და ან ერთხელ გარისკვა - ეს ორი არჩევანი მქონდა.

 

 

 

4

 

საზღვაო ქალაქში ერთი კვირა ვიცხოვრეთ, ნაქირავებში. რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა ვასწავლე. მერე იაპონური ჯოკერიც დავამუღამებინე, რომ არ მოგვეწყინა. ერთხელ, ერთი ხელი მომიგო კიდეც. ამასობაში ის დღეს დადგა, როცა ჩვენი შეპარვა შესაძლებელი იყო. კვირის ამ კონკრეტულ დღეს, ლოთი დარაჯი მუშაობდა, რომელსაც სულ ეძინა. ფხიზელი ძილი კი ჰქონდა, მარა შეპარვა მაინც შესაძლებელი იყო. ვიცნობდი ამ დარაჯს, ადრე დასალევად დამპატიჟა და ერთი ჭიქა არყის მერე, ეგრევე დაეძინა. მამაჩემივით წამში თვრებოდა ეს ჩემისა.

 

ზღვის დამცავ კედელზე გადავძვერი. თენდებოდა. ზღვასთან მაქსიმალურად ახლოს მივედი. ჩანთა ქვებზე დავდე და შიგნიდან თავი ამოვიღე. ისე დავდე, რომ ზღვისკენ ჰქონოდა სახე. ერთი ცალი თავშიც წავუთაქე, აჰა შენ ზღვა და დატკბი მეთქი.

 

თავმა გამიღიმა. მე ზღვას გავხედე და წარმოვიდგინე მისი ტანი, რომელიც ალბათ ახლა ჩემს კაჩალკა-სკამში ირწეოდა და ამ სანახაობით ტკბებოდა.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება