აგვისტოს მიწურულის ცხელ შუადღეს პატარა ღელის პირას ბავშვების მოწყობილ კიდევ უფრო პატარა გუბურასთან მიეცნენ შვებას. წინა დღეებში ბევრი იარეს. შემდეგ დღეებში კიდევ მეტი ელოდათ და ეს ერთი დღე დაუთმეს არაფრის კეთებას, არსად წასვლას, ძალების აღდგენას, სხეულის მომაგრებას და ფიქრის დაწმენდას. უკვე ნანახის და განცდილის, უკვე გახარჯული ენერგიის დასალაგებლად, შესავსებად მიმოხეტიალობის შუა წელში სულზე მოუსწროთ ამ დღემ. მოგზაურობის დასაწყისში მეტნი იყვნენ. მოგვიანებით ნაწილი შემოეცალათ და სამნი დარჩნენ: თვითონ და კიდევ ორნი.
ღელესთან, ვიღაცის დაკეტილი სახლის ეზოში წინა დღეს დაიბანაკეს. გუბურას მაშინვე დაადგეს თვალი, თუმცა იქაური ბავშვები გრილდებოდნენ და არ შეეცილნენ. წაბოდიალდნენ. იარეს. ზედმეტად ბევრი იარეს. ბევრი აღმართი და დაღმართი აიარეს და დაიარეს. ერთად. მერე ახალგაცნობილ მწყემსთან ერთად. მერე ცალ-ცალკე. თვითონ ჩამორჩა და მარტომ იბოდიალა. ის ორი ერთად გაუშვა. რაღაცნაირ უხერხულობას გამოერიდა, რომ იმ ორს ჯერ ვერ გაერკვია და იქნებ როგორმე გაერკვია, ვინ იყვნენ და რანი ერთმანეთისთვის. იმათ აღმართები გააგრძელეს. ეს განზე წავიდა, ცერად. დასასვენებლად ბალახს ჩამოუჯდა. წინდები გაიძრო და დასიცხული ტერფების გაგრილება სცადა. ჰაერი შედედებულივით იდგა სიცხისგან. არ იძროდა. გაშეშებული ტაატით ერთ ადგილას ლივლივებდა. ბუზებმა და მზის სიმხურვალემ არ მოასვენეს. დაეშვა ფერდიდან ფერდზე, გორაკიდან გორაკზე. თან მხარზე გადაკიდებულ კამერას აჩხაკუნებდა. მობალახე ცხენებს გადააწყდა. მათთანაც ჩააჩხაკუნა რამდენიმე კადრი. ოჯახური პორტრეტები კვიცებთან ერთად. ქვემოთ ეშვებოდა, სოფლისკენ. მზე დასავლისკენ იხრებოდა. გუბურას რომ მოატანა, მზეგადასულის სასიამოვნო სიო აგრილებდა უკვე. გუბის ნაპირას, ქვაზე ჩამოჯდა და შიგ არეკლილმა ნიავშეპარულმა სიმწვანემ კიდევ ორი კადრი გამოსტაცა ფირიდან. საათზე მეტ ხანს იჯდა სიჩუმეში. თუმცა რაღა სიჩუმეში. წყალი განუწყვეტლივ მიჩხრიალებდა. ხეები ცოცხლებივით შრიალებდნენ. ბუჩქებშიც რაღაცა დაფაჩუნობდა. უკვე ბინდი წვებოდა, იმ ორის ფეხის ხმა რომ მოესმა. აღმართები აახლოვებს ხოლმე ადამიანებს. ისინი არ დააახლოვა. იმათ ვერაფერი გაირკვიეს აღმართებზე. მერე კარვებში ეძინათ. იმათ - გვერდით კარავში. ამას - მარტო. ასე განაწილდნენ თავიდანვე.
ახლა შუადღეა. მზე ძალას იკრებს. მხურვალედ აცხუნებს რიყეზე და მწველად წიწკნის სველ კანს. გუბურასთან ნეტარებენ. გუშინდელი შრიალა ხეები ყუჩად დგანან. მხოლოდ წყალის გაბმული ჩხრიალი ისმის და სოფლის ბუზი გაიბზუილებს
დრო და დრო. გუბურა არც ღრმაა და არც დიდია. სიგრძეში სულ რამდენიმე ხელის მოსმა იქნება და მკერდამდე გაჭირვებით წვდება. კრიალა ღელის წყალი გუბის შესართავში მდორდება და გასასვლელიდან ისევ ჩხრიალით ჩაედინება სოფლის შუაგულისკენ. რამდენჯერმე უკვე ჩახტა დგაფუნით. ტლანქად მოუსვა. მეორე ბოლოში გავიდა და წყლიდან ამოსულს სველ კანზე მზის სხივის მოხვედრამ სიამით გააჟრჟოლა. იქამდე იდგა ასე მიფიცხებული, სანამ წვეთები თავისთავად არ აშრა და ალაგდა. უკვე სამ-ოთხჯერ მოასწრო ასე გაშრობა. ახლა ნაპირთან მოჩოჩებულ პარალონზე წამოწოლილა და სოფლის იდილიით, არაფრის კეთების და არსად მოჩქარეობის სიმსუბუქით სავსედ ტკბება. სახეზე მაისური დაუფარებია და დარჩენილი ღრიჭოდან ალაპლაპებულ გუბეს გაბუნდოვანებული მზერით მისჩერებია. ამ წუთას იმ ორის ცალმხრივი განცდა, თუ ურთიერთობა ნაკლებად აფიქრებს. ისედაც არ ფიქრობს ხოლმე ბევრს. რა მისი საქმეა, ბიჭს თუ გოგო უყვარს, ყოველ შემთხვევაში, ასე უმტკიცებს და თუ გოგოს არ უყვარს, მაგრამ თანაუგრძნობს, მასთან მეგობრობა ეძვირფასება და ენანება და ამიტომ ცდილობს, შეინარჩუნოს, არ გაწყვიტოს, უხეშად და უდიერად არ მოიშოროს, არ ავნოს და ისეთ მანძილზე იყოლიოს, რომ არც ის გაიყინოს, არც თვითონ დაიწვას და დაიფერფლოს. რა ამის საქმეა, თუ ის ორი ჯერ ვერ ხვდება, რომ ეგეთი შუალედის პოვნა შეუძლებელია, ეგეთი შუალედი არ არსებობს. უყურებს ამათ ამბავს უკვე ნანახი ფილმივით და უკვე ხედავს, ისედაც იცის დასასრული. თითქოს თავიდან მეორდება მის წინის წინა ცხოვრებაში მომხდარი, ოღონდ სხვების ცხოვრებაში; და სევდიანი საყურებელია, როცა დასასრული იცის და დასასრული მეტისმეტად პროზაულია. გოგოს შემწყნარებელი, კეთილი ბუნება და ხასიათი ვერაფრით უწამლებს გრძნობას აყოლილი ბიჭის ყმაწვილურ დაჟინებას, სიჯიუტეს. სურვილი, რომ არ ევნოს, არ დაზიანდეს მათ შორის გაბმული წვრილი ძაფები, არ არის შედეგის მომტანი, სულაც არ არის სიკეთე. რაც მეტ ხანს გაიწელება, მით მეტად დაანგრევს ორივეს. მით მეტი ტკივილებით გაეთიშებიან, მაგრამ მანამდე.. რა ამისი საქმეა იმათი თავსატეხი. რა ამისი საფიქრალი და გადასაჭრელია იმათი გასარჩევი და დასალაგებელი განცდები.. და დღეს, ამ წამს, ამ მოცალეობის საათებში - მით უფრო.. ამისთვის უკვე ჩავლილი ამბავია.. წინის წინა ცხოვრების ამბავი.
ისინი მეორე ნაპირზე მიწოლილან. ერთმანეთისგან მოშორებით. პირსახოცები დაუფენიათ და მზის გულს მიფიცხებიან. ბიჭი უკვე გაგრილდა რამდენჯერმე, როცა ეს დგაფუნობდა და ახლა შრება. გოგო ჯერ არ ჩასულა გუბურაში, ნაპირიდან ეტრფის, ელოლიავება, თითქოს ჯერ ელის, რომ საკმარისად შემოეგზნოს სურვილის ალი. იცდის, იცდის, აჯანჯლებს წყალში ჩაფლვას, თითქოს სატრფოს მკლავებში უნდა ჩაიძიროს და მოლოდინით, გადავადებით, დაგვიანებით ვნების, შეხების
სურვილს იათკეცებს. შინაგან ღელვებს მინებებული გარეგნულად სრულიად მშვიდად მიწოლილა პირსახოცზე, ქვების რელიეფს მორგებია და თვალებზე მკლავი აუფარებია. მუხლამდე აკეცილი იისფერი შარვალი აცვია. მაისურის მკლავები მხრებამდე აქვს აწეული.
ასე გაფენილან გუბურის სხვადასხვა ნაპირზე სამივენი, ერთმანეთისგან დაშორებით და განმყუდროვებით. თითქოს ერთად არიან და თან არც იცნობენ ერთმანეთს. ამას ისევ მაისური აფარია სახეზე, მზეს ირიდებს და დატოვებული ნაპრალიდან გუბურის ზედაპირის ლიცლიცს მიშტერებია. ზედაპირი მოულოდნელად იმღვრევა, მინასავით იმსხვრევა და სიმშვიდედაკარგული ღელავს. მაისურს შუბლამდე იწევს და სიწითლეშეპარული წვივები ხვდება თვალში. როგორც იქნა, სიცხემ გოგოც აიძულა, განბანილიყო. ორიოდე ნაბიჯიც და წყალი მკერდამდე მისწვდა. გუბურის უღრმეს წერტილს მიაღწია. გარინდებული მისგან ზურგშექცევით დგას. წამი იჭიმება. თითქოს კიდევ ფიქრობს, კიდევ ვერ გადაუწყვეტია, დანებდეს ბოლომდე, თუ არა. ხელის მტევნები უღონოდ ჩამოუშვია, უკვე ჩაუძირია ანკარა სიგრილეში. გაშლილი, თხელი თმა მხარს ოდნავ ჩამოშორებია და მაისურზე აფენია. მხურვალედ ანათებს და მერქნისფრად ბზინავს. მოწყვეტით, მოცელილივით ეშვება, ეფლობა, ინთქმება სიღრმეში. ის უკვე წამომჯდარა და ისე უყურებს იმ ადგილს, სადაც გოგო გაუჩინარდა. ახლა ამოვა. ახლა.. აი, ახლა.. სითხეს პირი შეუკრია, თითქოს ამდენ ხანს უშფოთველად ედინოს. თითქოს წამის წინ არ გაეპოს ადამიანის სხეულს და არ ჩაკარგულიყოს მასში. წამი ისევ გაიწელა. აგვიანებს უკვე. აგვიანებსო, რომ გაუელვა ფიქრში, ზუსტად იმ წამს, ისევ მოულოდნელად, ზათქით ამოხეთქა ქვესკნელიდან ზესკნელში გოგომ. ერთდროულად, სავსედ ჩაისუნთქა და შუბლიდან კეფისკენ გადაიწურა თმები ორივე ხელით. ბიჭმაც შვებით ამოისუნთქა. გოგომ წამით დაახანა და ისევ წყლის ქვეშ გაუჩინარდა. კიდევ გაიმეორა.. კიდევ ორჯერ.. სამჯერ.. შუალედებში ისვენებდა, თითებით ეთამაშებოდა ლივლივა სითხეს, ქანაობდა, დინების რიტმს აყოლილი ირხეოდა, ადგილზე ტოკავდა და მერე ისევ ერწყმოდა, ეფლობოდა.
მორიგი ამოყვინთვა კამერის მიღმა ნახა. მოუნდა, რომ ეს წამი შეენახა. იქვე, პარალონზე მიგდებულ პირსახოცში გამოხვეულ კამერას დასწვდა და თვალთან მიბჯენილი საჭვრეტით სუნთქვაშეკრული დაელოდა. თვალს ვერ აცილებდა. შიშობდა, რომ ყურადღების მოდუნება, გაფანტვა წამის და მასთან ერთად ადამიანის დაკარგვას გამოიწვევდა, უფსკრულის სიმუქიდან ვეღარასდროს ამოაღწევდა. ამოყვინთა. ფოკუსი გაასწორა. გაიჩხაკუნა. გადაახვია. ისევ ჩაიძირა. სუნთქვა ორივემ შეიგუბა. იმან - იქ. ამან - აქ. ზედაპირი კვლავ გაიპო და ამოიმართა. თმა კეფისკენ გადაიწურა. კვლავ გაიჩხაკუნა. აღარ გადაიხვა. კამერა თვალიდან მოიცილა და ისე
ნახა ბოლო ამოტალღვა. ისევე ანაზდეულად გამოეცალა სისველეს, როგორ მოულოდნელადაც შეეჭრა წეღან. პირსახოცს დასწვდა და ვიღაცის დაკეტილ ეზოში გამართული ბანაკისკენ წავიდა გამოსაცვლელად.
ფირი შავთეთრი იყო. კადრები თითქმის ერთნაირია. უკან, ფონზე ჰორიზონტალურად დალაგებული ლოდები მოჩანს. წყალს აგუბებენ. იმის იქით ხეები და სახლის სახურავი სიკაშკაშეში იზილებიან, ბუნდოვანდებიან. ცენტრალურ ნაწილში გუბურიდან ამოზიდული გოგოს სხეული ზურგით დგას. წყალი წელზე რბილად ელამუნება. მუქი მაისური ტანზე მიკვრია. ხელები უკან გადმოხრილ თავზე აქვს შემოწყობილი. სველ თმას კეფისკენ იწურავს. თმის ბოლოებზე წვეთები წურწურით ეკიდება. თავის ირგვლივ შხეფებია ჰაერს შეყინული. სავსე, დაბერილი წვეთებითაა დანამული მკვეთრად მოხაზული მკლავები და მხრები. ჰაერს სიმხურვალის ალმური ასდის. მბზინავ კანს კი შეცივნების ბუსუსები დამჩნევია. გოგო სველი სამოსით ქანდაკებასავით ამოსვეტილა სამყაროს ანარეკლიდან. ეს აღწერა მეორე კადრს შეესაბამება. პირველ გაჩხაკუნებულში ქანდაკება ამოზრდის პროცესშია. უფრო სიღრმიდან მოდის. ჯერ არ დაბადებულა, ჯერ არ დალაგებულა და წყლის შხეფები და ნამსხვრევები შესაქმის ქაოსს უფრო გავს, ვიდრე მეშვიდე დღის გასრულებულ განსვენებას. დანამდვილებით ვეღარაფერს იტყვის, რადგან მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა უკვე. კადრები კი მეხსიერებამ ასე შემოინახა. გონებამ ასე ჩაიბეჭდა.
შემდეგ დღეებში მიმოხეტიალობა განაგრძეს. კიდევ ბევრი მდინარე გადალახეს და ბევრი აღმართი აიარეს. მოგზაურობის ბოლომდე კიდევ ერთი ფირი გადაიღო. მერე იმ ქალაქში დაბრუნების დროც მოვიდა, საერთოდ რომ არ უყვარდა. ფირები დიდი მოლოდინით გაამჟღავნებინა და გულაჩქროლებით დაათვალიერა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაახსენდა მოგზაურობის ყველა წუთი. ყველა კადრი ადგილზე იყო ორივე ფირზე. ყველა.. პირველიდან ბოლოს ჩათვლით.. იმ ორის გარდა. დღემდე ვერ აუხსნია, როგორ მოხდა. ტექნიკური პრობლემა იყო, თუ გამოგონილი ჩვენება. იქნებ უბრალოდ წარმოიდგინა.. არადა, ცხადად ახსოვს ორივე გაჩხაკუნება. ახლაც ჩაესმის სუნთქვის შეკვრისგან აჩქარებული გულისცემა და ფარდის გაფრთხიალების ხმა. ზოგჯერ აგონდება ხოლმე გუბურა.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.