ეპიზოდი პირველი:
გოგო, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, საუცხოოა. მშვენიერი ხუჭუჭა თმითა და თაფლისფერი თვალებით. პატარა, მაგრამ უნაკლო სხეულით. მისი ხმა ისეთი მკაცრი, მკაფიო და მრავლისმთქმელია. ერთხელ მაინც რომ მოუსმინოთ, კიდევ და კიდევ მოგინდებათ. პატარა ცხვირი; მრგვალი, უმანკო სახე; საშუალო ზომის, მარწყვისფერი ტუჩები; პატარა ყურები; თხელი და გრძელი წარბები და ლამაზი წამწამები, ვერც კი გაფიქრებინებთ, თუ რამხელა ძალის პატრონია ის. საკმარისია მისი გამჭოლი მზერა, მისი სულისშემძვრელი გამოხედვა, იმისთვის, რომ შეგეშინდეთ. იმისთვის, რომ მიხვდეთ, მისი ღირსი არ ხართ. არავინ არის ამხელა ნეტარების ღირსი. მხოლოდ მისი ყურებაა ერთი სიამოვნება. მოსმენა-მეორე. თუ გაგიმართლებთ და კულულებს შეეხებით, ხელის გაშვება გაგიჭირდებათ. წაბლისფერი თმა აქვს, და მუდამ გადაღლილი სახე. თუმცა მაინც იღიმის. ამ დროს ტუჩებს ცალ მხარეს სწევს და ირონიულად გიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ შენზე დაბალია, ყოველთვის ზემოდან გიყურებს. მხოლოდ მას შეუძლია ასე... იყოს მეგობრული და დამცინავი ერთად. სწორედ ამის გამო გიზიდავს. იმიტომ, რომ გამორჩეულია ამდენ ერთნაირ ადამიანში. მაგრამ ვერ ხვდები გაქვს თუ არა შანსი. ყველა მხრივ ამოუცნობია, და თავისებური. ვერასოდეს გაიცნობ. არ იცი რა უნდა, რა სწყინს, რა უხარია. არ იცი რა გამოიარა; როგორი ტკივილი განიცადა... თვალებში მხოლოდ სევდასა და ეშმაკობას ხედავ.
ის ისეთი ტკბილია. განა შეიძლება უარი თქვა ამ გოგოზე? თუმცა თანხმობაც ძნელია. შეძლებ კი თავი შეაყვარო ისე, რომ ეს გრძნობა არ გაუნელდეს? მისგან გულცივობას ვერ აიტან. ამიტომ, გირჩევნია ოდნავ მოშორებით უყურო და დატკბე. ვიდრე სამუდამოდ გაქრეს შენი ხედვის არეალიდან.
უბრალოდ ეცადე შეიგრძნო მასთან ყოფნის ყოველი წუთი. ნუ ეცდები თავის დამკვიდრებას მის გულსა და გონებაში, რადგან ეს შეუძლებელია. ეს თავისით უნდა მოხდეს, ბუნებრივად. თუმცა ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნის და ბედის შეცვლა ყოველთვის შეიძლება. მაგრამ, რატომღაც, მიუწვდომელ არსებებთან იშვიათად თუ ხდება გამონაკლისი.
შენ ზიხარ და უყურებ როგორ მოდის სწრაფი ნაბიჯებით. თავდაჯერებული, თავი მაღლა აწეული, წელში გამართული და სერიოზული. ერთი შეხედვით სასტიკი. მაგრამ როდესაც გიახლოვდება, ეღიმება, და ყველაფერი აზრს კარგავს. გინდა, რომ ეს პატარა, ირონიით სავსე, ულამაზესი გოგონა ხელში აიყვანო. გინდა, რომ ჩაეხუტო. გინდა, რომ აკოცო. გინდა, რომ მოეფერო... თუმცა ის შენთან მოდის და შენ მხოლოდ გამარჯობას ეუბნები. თითქოს ეს ერთი რიგითი მისალმება ყოფილიყოს, რიგითი ადამიანისათვის.
როდესაც მიდის, გულზე რაღაც გაწვება. იმ წამსვე ფიქრობ, თუ როდის ნახავ ისევ. ნახავ ისევ?
ეპიზოდი მეორე:
ჭკვიანია. კეთილი ნამდვილად არ არის, ალბათ, ბანალურობა ჰგონია, მაგრამ არც ბოროტია. ზედმეტად კარგი ბიჭია იმისთვის, რომ ცუდად მოიხსენიო, მაგრამ ისეთი ცუდი, რომ კარგსაც ვერ იტყვი. განსხვავებული და განსაკუთრებულია.
ვფიქრობ, რომ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რათა ცხოვრების გამოწვევებს გაუძლოს, მაგრამ არც იმდენად, როგორც თავს გაჩვენებს. მატყუარაა და ყველაფერში ვერ ენდობი; მაგრამ არც იმდენად, რომ მისმა ტყუილმა გავნოს. უწყინარი, საყვარელი ბიჭია. მაგრამ ზედმეტად ეშმაკი იმისთვის, რომ ასე უწოდო. ვერ აფასებ, რადგან შეუფასებელია. მერყევი პირად ცხოვრებაში, და ურყევი კარიერაში. ვერ გაიგებ, სინამდვილეში როგორია. ვერ გაიგებ რა უნდა. თითქოს რიგითი თინეიჯერი, მაგრამ არც იმდენად, რომ სხვებში გაერიოს.
პირდაპირი და გამბედავია, მაგრამ არც იმდენად, რომ სრული სიმართლე გითხრას. ზომიერად თავხედია, და ზომიერად ზრდილობიანი. მგონია, რომ საღად აზროვნებს. რთულია რამე გადააფიქრებინო. ამასთან, ეჭვიანი. შეიძლება გენდობოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოლომდე. სულ რაღაც ეჭვი აქვს, რომ ატყუებ, რადგან თავად არის ტყუილების მოყვარული. თუმცა არც ისე კარგი მატყუარა, რომ დაუჯერო.
მოდის, მაღალი, მოსული, ნელი ნაბიჯებით, თეთრი პერანგით და ეშმაკური გამოხედვით. იქნებ ფიქრობს, რომ სამყაროს ცენტრია, არ ვიცი. მაგრამ ეს მომწონს.
ეპიზოდი მესამე:
- შეიძლება, შენ საკმარისად ძლიერი ხარ იმისთვის, რომ ჩემს გარეშე იცხოვრო. მაგრამ შენ ზედმეტად სუსტი ხარ ჩემთან ერთად ცხოვრებისთვის.
მძულს სისუსტე! გაბედულ ქცევაზე უფრო რთული არაფერია. გამბედაობა იშვიათი და საოცარი თვისებაა, რომელიც ყველას არ გააჩნია. გამბედავია ადამიანი, რომელიც შეეცდება იყოს შენთან ერთად, მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომელიც შეგხვდებათ. სიძლიერე არ არის ის, რომ იცხოვრო საყვარელი ადამიანის გარეშე. სიძლიერე არის გაუმკლავდე დაბრკოლებებს მის გამო.
ძლიერება იმაში არ გამოიხატება, რომ უარყო გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ. ძლიერი მაშინ ხარ, როდესაც აღიარებ ამ გრძნობას! როცა არ გერიდება, და არ გეშინია ხალხის აზრის. როცა უარს ამბობ სხვა რამეზე, მის გამო.
შენ ვერასდროს იქნები საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაიმსახურო ეს უდიდესი გრძნობა, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აბედნიერებს. შენ არ ხარ საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ გიყვარდეს. იმისთვის, რომ დაიმსახურო სიყვარული! დიახ, მას დამსახურება სჭირდება. ხოლო მას, ვისაც შანსი ეძლევა გამოსცადოს ეს სიხარული და ყველაზე უფრო ლამაზი სევდა, უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა! წინააღმდეგ შემთხვევაში არ ყოფილა მისი ღირსი.
გამართლების და ბედის იმედად მხოლოდ სუსტები არიან. ძლიერები ცდილობენ თვითონ იყვნენ შემოქმედნი საკუთარი ბედისა. ბედი ის არის, რაც შენს ნებისყოფასა და თავდადებას მოჰყვება. „ჩვენს ბედს თვითონ ვქმნით“.
ეპიზოდი მეოთხე:
ყოველ დილით იღვიძებ და აანალიზებ, რომ საწოლიდან უნდა ადგე. აანალიზებ, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმი შენს გუნება–განწყობას არად დაგიდევს. იაზრებ, თუ რამხელა ენერგიაა საჭირო ამ უბრალო, ნორმალური ქცევისათვის. თუმცა არ გრძნობ თავს ნორმალურად. თუმცა ძალიან გადაიღალე. მაგრამ არავის აინტერესებს ეს ფაქტი. უბრალოდ ვალდებული ხარ გაიღვიძო; ვალდებული ხარ ადგე; ვალდებული ხარ გაიხეხო კბილები; ვალდებული ხარ იბანაო; ვალდებული ხარ ჩაიცვა... ცხოვრების ჩვეული რიტმი გავალდებულებს, რომ თავს ძალა დაატანო და გახვიდე სახლიდან.
კარგად რომ დავუფიქრდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ყოველ ადამიანში არის სიძლიერის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საწოლიდან ადგომა სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა თითოეული ადამიანისათვის, ის სულაც არ არის იოლი. ის ძალისხმევას მოითხოვს. ყოველი დაფიქრებისას ვიაზრებ, რომ ადამიანი უნიკალური არსებაა. ზოგჯერ არაამქვეყნიურად მინდა ვანუგეშო თითოეული მათგანი. მინდა, რომ ჩავეხუტო. მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის. რომ მეც ისევე მტკივა მისი ტკივილი. რომ ერთად გადავიტანთ ყოველივე საშინელს და კარგად ვიქნებით.
...მაგრამ რეალურად ვიცი, რომ არასდროს ვაჩვენებ ხალხს ამ ემოციებს. რეალობა ხომ ვერასდროს გახდება ისეთი გულახდილი, როგორიც ჩემი ტექსტებია. რეალურად ჩვენ სიყალბის განსახიერება ვართ. რეალურად ისეთი ადამიანიც კი, რომელიც თითქოსდა სააშკარაოზე იტანს მის ყველა განცდას, ძალიან ბევრ რამეს მალავს. რადგან შეუძლებელია ბოლომდე გაიხსნა. შეუძლებელია ადამიანი რეალურად იყოს ის, ვინც საკუთარ ფიქრებშია.
ეპიზოდი მეხუთე:
ირგვლივ ქაოსია. ვერ გაიგებ ვის რა უნდა, ვინ რას ფიქრობს, ვინ რას გრძნობს... უკვე სინამდვილესაც ძლივს არჩევ საკუთარი ფიქრებისგან, რადგან შენს გონებაში სამყარო სულ სხვანაირია, ხოლო რეალურად,–უფრო ამოუცნობი. სწორედ ეს არის, რაც გვაშინებს, რაც გვაფრთხობს. ჩვენ გავურბივართ რეალობას და ვიძირებით ფანტაზიაში. თუმცა ვინ იცის, რომელი მათგანია ჩვენთვის უკეთესი? სასტიკი და ამაზრზენი რეალობა, სადაც ვერაფერს მივაღწიეთ; სადაც დავნებდით; თუ უსაზღვრო და უკიდეგანო ფანტაზია, რომელშიც საუკეთესოები ვართ; რომელშიც ყოველთვის არის ჩვენი ადგილი; რომელშიც სამყაროს ცენტრს წარმოადგენ?!
...ისინი სულაც არ არიან გულგრილნი ერთმანეთის მიმართ. ჩუმ–ჩუმად აღფრთოვანდებიან ერთმანეთით, და აზრადაც არ მოუვათ, რომ ხმა აიმაღლონ. მათ გაუგებრობა და ქაოსი ურჩევნიათ. ასე მეტი საფიქრალი აქვთ. ამგვარად „აუტკივარ თავს იტკიებენ“. საბოლოოდ კი გამოდის, რომ მათ მოსწონთ ტკივილი. ბუნდოვანი ფიქრები ურჩევნიათ იმის ცოდნას, თუ როგორია სინამდვილე. იმის გაგებას, თუ როგორია ერთმანეთის გადმოსახედი. „შიში ოხერია“.
ეპიზოდი მეექვსე:
– გამარჯობა!
– როგორ ხარ?
– ნორმალურად შენ?
– მეც.
– გამიხარდა შენი ნახვა.
– დროებით.
შორდებიან ერთმანეთს და თან მიჰყვებათ ყოველივე საუკეთესო, რის თქმაც, რის გაკეთებაც სურთ. ისინი მხოლოდ საკუთარ ოცნებებში არიან ერთად. მაგრამ ვერცერთი ბედავს ოცნება რეალობად აქციოს. არცერთს სურს ნეტარების განცდა. მათ ურჩევნიათ იტანჯონ. ურჩევნიათ, რომ არ იცოდნენ ერთმანეთის აზრები, ვიდრე გარისკონ; ვიდრე ბედი მოსინჯონ. მათ ეშინიათ, რომ უარყოფით პასუხს მიიღებენ, და ეშინიათ იმის წარმოდგენა, რაც დადებით პასუხს მოჰყვება. აბა, როგორ? უფრო რთულია გადაიტანო ამხელა ემოციური და მორალური ტრავმა, ვიდრე უბრალოდ მიესალმო, ვიდრე უბრალოდ გაუღიმო ყოველ ჯერზე.
ეპიზოდი მეშვიდე:
უსმენ ბეთჰოვენს. უსმენ მოცარტს. სევდა გაწვება. სასოწარკვეთა აუტანელია, მაგრამ გიწევს ატანა. წლების მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა ადამიანთა ყოფა ადვილად ასატანი. სიმარტივე ადამიანის ბუნებაში ჩადებულ ყოველივე გენიალურს გააუფასურებდა. სიმარტივე არ არის ჩვენი ხვედრი. სირთულეები გვაშინებს და გვთრგუნავს, მაგრამ სიმარტივე მაინც არ არის ის, რაც გვსურს. ის, რაც გვიზიდავს.
ჩვენი სურვილები, ამბიციები და მისწრაფებები სირთულეებზე გადის. ხოლო თუკი მისწრაფებები არ გააჩნია ადამიანს, შეიძლება კი საერთოდ ადამიანი ვუწოდოთ მას?
ეპიზოდი მერვე:
ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს. უბრალოდ ვესალმებით ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ისე ვიქცევით, როგორც სხვები, თუმცა ამ მზერის მიღმა ფარული ზრახვები გვაქვს. ფარული ემოციები.
...და ეს ყველაფერი სულაც არ არის ისეთი უბრალო ჩვენთვის, როგორც სხვა დანარჩენი. ვერავინ გაიგებს ამ ფიქრებს. ჩვენც კი არ გვესმის ერთმანეთის აზრები.
...და ეს საოცარი განცდები უბრალოებით იფარება. უბრალო ქცევით, უბრალო ყურებითა და უბრალო სიტყვებით. შენთვის კი, ეს უმნიშვნელო წვრილმანები, ყველაზე უფრო მშვენიერი რამ არის, რაც კი ოდესმე გიგრძვნია.
ადამიანად ყოფნა იმით არის გამორჩეული და განსაკუთრებული, რომ ყველა მათგანი ინდივიდუალურია, და მაინც, თითოეული ერთმანეთის მსგავსია. ადამიანები დაუნდობლები, ბოროტები, ემოციურები, სიკეთით აღსავსენი არიან. ყოველ მათგანში რომელიღაც თვისება არის ზედმეტი დოზით, თუმცა ყოველ მათგანს გააჩნია გრძნობები, და სიყვარულის უნარი.
ჩვენ განვიცდით; ჩვენ ვგრძნობთ; ჩვენ გვიყვარს. ხოლო ყოველი მცდელობა იმისა, რომ შენში საბოლოოდ ჩაკლა ემოციები,– უშედეგოა. ეს ადამიანობის თანმდევი რამაა. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საშინელი უბრალოებით დაფარონ ყოველივე საოცარი, რაც მათშია, უფრო მეტ ტკივილს იტანენ, ვიდრე სხვები. ადამიანი არის ის, ვისაც „ვინ“ კითხვა დაესმის. პიროვნება მაშინ ხარ, როდესაც უბრალოებით ფარავ ამ ტკივილს. ტანჯვას, რომელსაც შიგნიდან გრძნობ. რომელიც ცდილობს მოგერიოს, მაგრამ შენს სიძლიერეს უჩვენებ... და უკან იხევს.
ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს. შენ მიღიმი, და მეც მეღიმება.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.