კალათა

ანტილოპა

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
სიყვარულის ამბავი ჩრდილოეთის ქვეყანაში არ დაწყებულა. არც ერესუნის სრუტის მოვერცხლისფრო წყალი მოჩანს იმდენად მაცდუნებლად, რომ ამბის მოყოლის სურვილს ვერ გაუძლო. მთავარზე ერთი სიტყვაც არ უნდა ითქვას. მიუხედავად ამისა, მაინც ამბობ - წყლის წარმოსახვით ზედაპირს თვალს ვერ წყვეტ, სიტყვების ადგილას გაჩენილ სიცარიელეს აკვირდები.

ეს არ არის სიყვარული.

ამ წყალში ფეხებს ვერ ჩავყოფთ - მაშინვე მოგვეყინება. არც იფიქრო, რომ გრძელთმიანი, ყურებაქცვეტილი არსებები ამოვლენ ერესუნის სრუტიდან, ნელსურნელებით გაგვაბრუებენ და გალურჯებულ ტერფებს დაგვიზელენ ნატიფი თითებით. ცივა. ჩრდილოეთის ქვეყანაა. ზღაპრები ბავშვებისთვის შეინახე - შენი კონტინენტის მზიან დღეებსა თუ ღამეულ წყვდიადში გამართული მხიარული წარმოდგენებისთვის. აქ სხვა სიბნელეა - ბევრად უფრო მძიმე და დამთრგუნველი.

 

*

კენია დავარქვი. ისე ჯეიმსი ერქვა. თოჯინების თეატრის რეჟისორი იყო. რატომღაც ხისგან სახელდახელოდ გამოთლილი თოჯინები წარმოვიდგინე, ზედ შემოხვეული ჭრელაჭრულა ნაჭრებით, გულუბრყვილო მზერითა და ჭერმისფერი ტუჩებით. და ანტილოპა? როგორი უნდა ყოფილიყო ხისგან გამოთლილი ანტილოპა? აფრიკული ზღაპრებისთხელყდიან წიგნში ნანახი ნახატები გამახსენდა. არადა, რატომ უნდა დაედგა ნაირობის თოჯინების თეატრს ზუსტად ის ზღაპარი, შვიდი წლისამ რომ წავიკითხე გართულებული ვირუსული ინფექციის დროს? მაღალი სიცხე, დამძიმებული ქუთუთოები, გამომშრალი პირი და ანტილოპა - თითქმის ცოცხალი, თითქმის ჩემთან მოლაპარაკე.

როგორც კი კენია დავარქვი, მაშინვე წარმოუდგენელი მოძრაობები გააკეთა: მინის თასიდან ორი თითით ამოიღო ტკბილ წვენში ჩამბალი ჟოლო, არაჟნიან კოვზზე დადო და კოვზი გულმოდგინედ გალოკა. მომდევნო წუთებიც ამ საქმიანობას შესწირა. ფრთხილი, მოზომილი მოძრაობები ჰქონდა. ჟოლო თითებში არ ეჭყლიტებოდა, არც მოწითალო წვენი ჩამოსდიოდა ვიწრო მაჯაზე. ისე ჭამდა, როგორც მოსწონდა - რა მეთქმოდა?!

ჭამდა და გულდასმით მაკვირდებოდა.

თვალი ავარიდე, მოძრავი სტრიქონის კითხვას შევუდექი სასტუმროს კაფეტერიის კედელზე მიმაგრებულ ვეება ეკრანზე. ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი ალპების თავზე გაუჩინარებულიყო. პასუხისმგებელი პირები ახლაც უპასუხისმგებლოდ დუმდნენ.

 

*

უცნაური ფორმის შენობისკენ - ცნობილი მეცენატის მონდომებით აშენებული კულტურის სახლისკენ მივდიოდით. ზოგადი ფრაზები უკვე შემოგვლეოდა და უაზრო შეკითხვებს ვუსვამდით ერთმანეთს - თითქოს სიჩუმეზე საზარელი ვერაფერი იქნებოდა გრძელ, თითქმის ცარიელ ქუჩაზე.

ცრიდა. არ ციოდა. ერესუნის წყალი ვერცხლისფრად ლივლივებდა.

- არაფერი ვიცი შენს ქვეყანაზე, - მითხრა კენიამ.

კავკასიონით უნდა დამეწყო. შავი ზღვით. რუსეთი და თურქეთი უნდა მეხსენებინა - სასახელო მეზობლები. სტალინის ომი. სტალინის ქალაქი. დამწერლობა? რა დამწერლობა...

- მეც არაფერი ვიცი შენს ქვეყანაზე.

მძულს ტყუილი. მძულს.

რუკები და ატლასები ყოველთვის თავს მავიწყებდა. ისევე, როგორც გეოგრაფიული ენციკლოპედიები, ამერიკული ჯაშუშური სერიალები, წიგნების მაღაზიები, ქუდების მაღაზიები, საბანზე მოკუნტული კატები და სათვალიანი ბავშვები საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

არც კენიას გამოუდვია თავი. მშობლიური ქვეყნის აღწერა არ დაუწყია. არც ის უთქვამს, როგორ წარმოდგენებს დგამდნენ ნაირობიში, რა უხარებდა გულს იქაურ ბავშვებს და დანარჩენებს.

თბილად ეცვა. როგორც ჩანს, ვიღაცას ჩრდილოეთის ამინდით დაეშინებინა. ერთხელ მეც შემაშინეს პოლარული ღამეებით, ლარს ფონ ტრიერის გმირების დეპრესიით, წინასაშობაო ბაზრობის შავი სამშვენისებითა და თქმულებით ბალტიის ზღვის კუნძულზე, რომელსაც ყოველ ღამით წყალი მთლიანად ფარავდა.

კულტურის სახლში ადგილობრივი ახალგაზრდული დასის ნამუშევარი უნდა გვენახა - მუსიკალური წარმოდგენა სიტყვების გარეშე. დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები. დაუჯერებლად მოქნილი მსახიობების მოძრაობები. გულისცემის ამაჩქარებელი რიტმი.

ვერ დავინახე, სად დაჯდა. გვერდით ჯგუფის სხვა წევრები მომისხდნენ - სარა და ფეიზანი.

- მოგეწონა? - ვკითხე იმ საღამოს სასტუმროს შუშის კართან.

პასუხად სწორედ ისე წაიცეკვა, როგორც წარმოდგენის მონაწილეები ცეკვავდნენ ფინალურ ნაწილში.

მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ამბავს მოვუყვებოდი - ჩემი დაბნეულობის, მუდმივი მერყეობის, სიყვარულზე საუბრის დაწყებისა და სიყვარულის დაკარგვის შიშის ამბავს. მხოლოდ უცხოს შეიძლება გადაუშალო გული, შენგან ყოველმხრივ განსხვავებულს, არა? და ერთი დღის გაცნობილზე უკეთესად ვინ შეაფასებს შენს უთავბოლო მონათხრობს? სხვა ვინ გეტყვის სიმართლეს, რომლის მოსმენაც გინდა და არც გინდა?

 

*

მისმინე, ანტილოპა. თავი ჩემკენ მოაბრუნე. იმ ზღაპარში რომელიღაც მცენარის ტკბილი ღეროების ხრამუნი გიყვარდა და ნუ დავმალავთ - ხარბი და ღორმუცელაც იყავი. აღარ გახსოვს. რა თქმა უნდა, თავს არიდებ იმის გახსენებას, რაც ხელისგულებს აგიწვავს - იმ მცენარის ღეროებს ხომ სხვა ცხოველებს პარავდი. არ გინდა, გაიგონო, რასაც წარსულის ხმა ჯიუტად მოგძახის. კარგი, დავივიწყოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩემი მეგობარი გახდი, დიდი ხნის წინ სიცხით გათანგულმა გულში ჩაგიკარი და ალბათ დიდი საიდუმლოც გაგიმხილე. რა საიდუმლო? ახლა კი მომიწევს გაჩუმება და თავის გვერდზე მიბრუნება - არ მინდა ძველი სურვილების, სამარცხვინო ჩვევებისა და ისეთი ცოდვების გახსენება, შუა საუკუნეების პოეტებს რომ არც დასიზმრებიათ. ჰო, კარგი, ვაზვიადებ. ისე კი მართლა აღარ მინდა არაფრის გახსენება.

 

*

ვეგეტარიანული ბარი. ჩრდილოეთის ქალაქი. ჩრდილოეთის ქვეყანა.

ხის დახლთან უცნობები ირეოდნენ. უცებ ვიღაცამ ხელი ჩამავლო, ჩემივე სახელი და გვარი მითხრა და დარბაზის ბნელი კუთხისკენ წამიყვანა. წვრილი წითელი მძივების ფარდის იქით ნაცნობები დავინახე: მსახიობები, რეჟისორები, ფესტივალის ორგანიზატორები, თეატრის კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვსვამდი და სწრაფად ვლაპარაკობდი.

ვსვამდი და ვცდილობდი, ყურადღება ყველასთვის მიმექცია. კატებზე ველაპარაკე გოგოს, რომელმაც ერთი თვით ადრე თვითმფრინავის ბილეთები მიყიდა, სასტუმრო შემირჩია და აუცილებლად სანახავი წარმოდგენების ჩამონათვალი გამომიგზავნა. იორან ტუნსტრიომზე - საყვარელ მწერალზე მოვუყევი შემთვრალ მსახიობ ქალს, რომელსაც ქალები უნდა ჰყვარებოდა - თვალებში მიყურებდა, მიღიმოდა და ყველაფერზე მეთანხმებოდა. აეროპორტიდან აფრენილ და გაუჩინარებულ თვითმფრინავზე ვილაპარაკეთ მე და ერიკამ თეატრის კავშირიდან. თან პერანგს ვუთვალიერებდი, რომელზეც სხვადასხვა ჯიშის ძაღლები ეხატა - ზოგი იჯდა, ზოგი იწვა, ზოგი სადღაც გარბოდა.

მაგიდებზე ბუტერბროდებით სავსე თეფშები ეწყო. ვეებერთელა თეფშები. კანიანად შემწვარ კარტოფილსაც მოვკარი თვალი. გულმა კი სოკოს სუფლესკენ გამიწია.

კენია კედელს აჰკვროდა და იქიდან გვაკვირდებოდა სანთლების შუქში მწერებივით მოფარფატეებს.

- არ გშია? - გავძახე.

თავი გააქნია.

ხუთი წუთის შემდეგ ორი ბუტერბროდი დავუდე თეფშზე და მივუახლოვდი. არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ მშიერი იყო.

თავი კიდევ ერთხელ გააქნია.

ცოტა ხნის შემდეგ წინ დამიდგა და მომაჩერდა - სწორედ იმ წამს სოკოს სუფლეს ბოლო ლუკმა წავიღე პირისკენ.

- სოკოა? მინდა... შენი კოვზი მათხოვე.

თვალები უციმციმებდა. ერესუნის ყურის ვერცხლისფერი წყალი გუგების ირგვლივ ჩაგუბებოდა. უკვე შემჩნეული მქონდა: უცებ მოდიოდა გუნებაზე, ხალისი წამში უბრუნდებოდა; და ასევე უცებ სევდიანდებოდა - ენა უვარდებოდა, სახე უქვავდებოდა. თითქოს რაღაც ისეთი ახსენდებოდა, რისი დავიწყებაც მხოლოდ დიდი ძალისხმევით მოეხერხებინა.

- ჩემი კოვზი?

- თუ აღარ გჭირდება...

მაგიდებს გადავხედე. სუფთა კოვზი აღარსად ჩანდა. წვრილი წითელი მძივების ფარდაში გაძრომა, უცნობებს შორის გზის გაკვალვა და ხის დახლთან მისვლა იოლი საქმე არ იყო, მაგრამ მაინც ვუთხარი:

- დამელოდე. მოგიტან.

მაჯაში წამწვდა, ხელიდან კოვზი წამგლიჯა და ხმამაღლა გაიცინა.

- აღარ გჭირდება და მათხოვე.

იმწამსვე გავეცალე. ისევ იცინოდა. ბოლომდე კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, თავისი მოხერხებულობით.

არ ვიცოდი, უნდა გამეღიმა თუ არა იმის საჩვენებლად, რომ მისი მესმოდა და სულაც არ ვუწყრებოდი. არადა, ვუწყრებოდი - არაფერიც არ მესმოდა. იქნებ თავიდანვე დაუფიქრებლად უნდა შემესრულებინა თხოვნა და მაგიდების თვალიერება არ უნდა დამეწყო? იქნებ შეურაცხყოფა მივაყენე უნებური უარით?

ანტილოპა. ჩვენს მეგობრობას დიდი დღე არ ეწერა. უნდა დამევიწყებინა, უხსოვარ დროს სიცხიანს საწოლზე რომ ჩამომიჯდა, აღმოსავლეთ აფრიკის პეიზაჟების აღწერით გამართო და ყველა საფრთხე მეტისმეტად სასაცილო გახადა. ვეღარაფერს მოვუყვებოდი. ვერ ვეტყოდი, რომ ახლაც სიცხიანივით ვწრიალებდი საწოლში, იმედდაკარგული, და ვიღაცას ვუხმობდი, ვინც ყურადღებას უცხო სურათებზე, გამოგონილ არსებებზე გადამატანინებდა. ისევ სიყვარულის სიცხე. ისევ სიყვარული.

- ეს ხორცია? - ცოტა ხანში მისი ხმა მომესმა. ხელში მოგრძო ჩხირი ეჭირა ზედ წამოცმული შემწვარი ფარშის ბურთულებით.

- არა. სოიო უნდა იყოს.

- ხორცს რომ ჰგავს...

- აქ ყველაფერი ვეგეტარიანულია. თვალებს ნუ ენდობი.

გამიღიმა და ერიკას ძაღლებიან პერანგს მიაშტერდა.

 

*

გაზაფხულზე ჯერ ატმის ხეები ყვაოდნენ ჩემს ბაღში, მერე - ვაშლის. შემოდგომით სამყაროს ყველა ფერი მოჩანდა ხის ღობის ორივე მხარეს. ორსართულიანი სახლი გვქონდა, ოღონდ ყოველმხრივ მოუწყობელი. ზამთარში შეშის ღუმელი გვათბობდა ხოლმე. ერთ ოთახში ვიკრიბებოდით და სველ სარეცხსაც იქვე ვკიდებდით გასაშრობად. ზაფხულს წიგნების კითხვაში ვატარებდი - არქტიკიდან ანტარქტიდამდე ვმოგზაურობდი.

მარწმუნებდნენ, რომ ვინც კარგად ისწავლიდა, ძალიან ბედნიერი იქნებოდა და ყველა წინაღობას ზღაპრის გმირივით მარტივად გადალახავდა; და როცა, ას წელს მიტანებული, შვილთაშვილებით გარშემორტმული, ბოლო სიტყვებს ამოიბუტბუტებდა, მისი სიბრძნე სამუდამოდ დარჩებოდა ამ სამყაროში. ჩემს მშობლებს სხვა უკვდავების არ სწამდათ. მე კარგად ვსწავლობდი და ჩემ წილ ნეტარებას ველოდი.

ლამაზი ქვეყანაა - სურათები დაათვალიერე და დარწმუნდები, რომ უფრო მშვენიერი არაფერი არსებობს წარმატების აჩრდილს გამოკიდებული, სიცოცხლემოძულებული, დარდით გულგამოხრული ადამიანების სამყაროში.

ერთხელ ერთმა უცხოელმა ღამით სეირნობისას მითხრა, აქ ცა, მთვარე, ვარსკვლავები უფრო ახლოსაა მიწასთან, ვიდრე ჩემს ქვეყანაშიო. ქარი ქროდა და ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა. მზად ვიყავი, ყველაფერი მერწმუნა, რაც კი იანვრის იმ ღამეს მოყინულ გზაზე სიარულს შემაძლებინებდა.

იმ კაცს ცოლად არ გავყევი. არ მიყვარდა.

სვანეთი უნდა ნახო. ამბობენ, იქაურობა ერთი ნახვით უყვარდებათო. მე არ მინახავს - წარმოსახვით მოგზაურობას მივეჩვიე და თან იმ დროს ვერ ვივიწყებ, როცა გზა ყველა შემთხვევაში ნიშნავდა წყევლას, დაღვრილ სისხლს, თავის დათმობას.

ბოლო ომი 2008 წლის აგვისტოში იყო. მაშინაც ზანზარებდა ჩემი სახლის ფანჯრები.

ბაკურიანი. გუდაური. ზღვისპირა ქალაქები და სოფლები. როგორც ხვდები, მეგზურად მე ვერ გამოგადგები - სხვა უნდა მოძებნო. უფრო გამბედავი, ნაკლების შემსწრე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში დახელოვნებული.

ლაგოდეხის ნაკრძალში მეგობარმა წამიყვანა. შუადღით მთის მდინარეში შევდიოდით და ცივ წყალში ვწვებოდით, საღამოობით კი პიტნის ჩაის ვსვამდით ხოლმე ხის აივანზე. წიგნებზე ვლაპარაკობდით. შეყვარებულებზე. ერთ საღამოს მეზობელმა შუშის ქილით თაფლი მოგვიტანა - თავისი ფუტკრების, სახელებით დამახსოვრებული ყვავილების.

ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ჩემი მეგობარი. საერთო შეფასებით, ბევრად უკეთეს ქვეყანაში.

აი, ჩემს სოფელში კი წაგიყვანდი, სადაც არც არაფერია სანახავი. სავსეა შიდა ქართლი, დიდი ლიახვის ხეობა ასეთი სოფლებით. თუ მოგინდებოდა, ჩვენს ახლად აშენებულ სახლს გაჩვენებდი - შეულესავს, შეუღებავს, ერთიანად ცარიელს - და მიწის ნაკვეთს, სადაც მე და ჩემმა ძმამ ერთად დავრგეთ ჟოლოს ნერგები.

წიგნებზე ლაპარაკი არ მწყინდება ხოლმე, არც - კაცზე, რომელიც მიყვარს.

არ ვიცი, რატომ წარმოვიდგინე, რომ ამ ქვეყნის ნახვა გინდა. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით, გარდაუვალი შეცდომებით აღფრთოვანება. ზღაპრებისა და თქმულებების მოსმენა. ჩვენი დამწერლობის...

თბილისში მეგზური არ დაგჭირდება. ზურგჩანთას მოიკიდებ და იქით წახვალ, საითაც გზა წაგიყვანს.

კარგი, გავჩუმდები. ისე მიყურებ, თითქოს ამ ბნელ წყალში შესვლას ვაპირებდე. თითქოს მჯეროდეს, რომ გრძელთმიანი, ყურებაცქვეტილი არსებები ამოვლენ ერესუნის სრუტიდან, ნელსურნელებით გაგვაბრუებენ და გალურჯებულ ტერფებს დაგვიზელენ ნატიფი თითებით.

გამოსავლის ძებნა დიდი ხნის წინ შევწყვიტე.

მე ლამაზ ქვეყანაში დავიბადე.

 

*

მომდევნო დღეს რასიზმისა და თანამედროვე თეატრის შესახებ გამართულ დისკუსიაზე კინაღამ ჩამეძინა. შესვლას არ ვაპირებდი, მაგრამ კულტურის სახლის კიბესთან სარასა და ფეიზანს გადავეყარე, რომლებიც ხმამაღლა კამათობდნენ იმაზე, რამდენად აუცილებელია რასიზმზე კამათი. ფეიზანი ამტკიცებდა, რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ მტკივნეულ საკითხებზე, მით უფრო დიდხანს დარჩება მოუგვარებელი - ჭრილობაში მუდმივად თითები თუ ატრიალე, ვერასდროს შეხორცდებაო. სარას მაგალითები მოჰყავდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უახლესი წარსულიდან - წუხდა, საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ რასიზმის პრობლემას, ერთხელ და სამუდამოდ ვერ გავეცით პასუხი ყველა კითხვას, აპარტეიდის საფუძვლიანი ანალიზი ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია და სწორედ ამის გამო უამრავი დანაშაული ხდება ჩვენთანაც და სხვაგანაცო.

თეთრკანიანი იყო - მაღალი და მოხდენილი, განსაცვიფრებლად ცეკვავდა.

ცნობისმოყვარეობამ მძლია და იმ ოთახში შევყევი, სადაც დისკუსიის მონაწილეები იკრიბებოდნენ.

კენია არსად ჩანდა.

წარმოვიდგინე, რომ დედის რძით მუცელგამობერილი ლეკვივით ტკბილად ეძინა სასტუმროს ნომერში.

ფეიზანი შავთვალა და შავთმიანი იყო. თურქი. ქმრისთვის საჩუქარს ეძებდა - რაღაც ისეთს, რაც იმას მოულოდნელი სიხარულით გულისცემას აუჩქარებდა.

 

*

ყველა ცეკვავდა ჩაბნელებულ დარბაზში - ვინც კი წინა დღეებში ვნახეთ სცენაზე, საორგანიზაციო კუთხესთან, სადისკუსიო სივრცეში, კულტურის სახლის კიბეებზე და დერეფნებში, შენობებში, სადაც საფესტივალო წარმოდგენები იმართებოდა. ფხიზელს ვეღარავის იპოვიდი. ხმას ვეღარავის მიაწვდენდი - ხელებითა და სახის გამომეტყველებით უნდა აგეხსნა, რისი თქმაც დააპირე ცოტა ხნის წინ. ერთ დიდ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები, ასისტენტები, მოხალისეები, სხვა ქვეყნებიდან მოწვეულები თუ დარბაზში შემთხვევით მოხვედრილები.

- არ გინდოდა ცეკვა? - ვკითხე კენიას იმ ღამეს, სანაპიროზე.

შემომხედა, დაიმანჭა და მკითხა:

- არ გინდოდა ცეკვა?

ვაშლის სამი მეოთხედი შეეჭამა და დარჩენილ ნაწილს თითებში ათამაშებდა. სწრაფ მოძრაობებს ასრულებდა - ხან სად ვხედავდი ვაშლის ყუნწს და ხანს - სად. ბოლოს სულაც ჰაერში, მის თავს ზემოთ მოვკარი თვალი.

- ბოდიშს გიხდი. გუშინწინ იმ ბარში... - დავიწყე და ვეღარ გავაგრძელე.

- ჰა?

- ისე გამოვიდა, თითქოს კოვზის თხოვება არ მინდოდა.

უცებ დასევდიანდა. ისეთი სახე მიიღო, იფიქრებდი, პირზე ღიმილი აღარასოდეს მოადგებაო. გაცნობისას ოცდახუთი წლის ბიჭი მეგონა, ახლა კი ორმოცდახუთი წლის კაცს ჰგავდა - მხრებში მოხრილი, შუბლშეჭმუხნილი, ქვად ქცეული.

სიყვარულზე რომ წამომეწყო ლაპარაკი, სწორად გაიგებდა? რჩევა რომ მეკითხა ან ანტილოპა რომ მეხსენებინა - ჩემი ძველი, ერთგული მეგობარი? ჩუმად ვიდექით და ბნელ წყალს მივშტერებოდით - თითქოს პირველ წინადადებებს ვაგებდით ხანგრძლივი, ნამდვილი საუბრის დასაწყებად, თითოეულ სიტყვას სქელი, მოშავო ხავსისგან ვათავისუფლებდით, ხელისგულებით ვასუფთავებდით და მცირე ყოყმანის მერე ისევ წყვდიადს ვუბრუნებდით დაუნანებლად.

ერთმანეთზე საერთოდ არაფერი ვიცოდით.

არც გვეცოდინებოდა.

 

*

ვერ გამოვემშვიდობე. ბოლო წარმოდგენების ნახვაზე უარი ვთქვი. დილაადრიან ავდექი და ათ წუთში სასტუმროს შუშის კართან ვიდექი. ჩემთვის ფესტივალი წინა ღამით დამთავრდა - იმ დიდი წვეულებით, ღრიანცელით, ერესუნის სრუტიდან მონაბერ ცივ ქარში სეირნობით.

სიცილი. ლაპარაკი. ნანახის სახელდახელო შეფასება. სავიზიტო ბარათების გაცვლა. დაპირებები. ისევ სიცილი და პოლიტიკაზე ლაპარაკი. ქვეყნის ისტორია მერიის ვიტრაჟებში და მერის საჩუქარი - ალბომი, რომელიც ზოგიერთმა სასტუმროს ნომერშივე დატოვა. და კიდევ რა?

ალბათ ვთქვი, რომ საქართველოში გემრიელი ხილია.

ატამი. ვაშლი.

საქართველოში ცა უფრო ახლოსაა.

ღამით ხელს გაიწვდენ და ცხელი თითებით მთვარის გამომშრალ სახეს შეეხები.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება