კალათა

ცისფერი პერანგი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
მოთხრობა

ხელი დავავლე სკამზე გადაკიდულ ცისფერ პერანგს, შავი თავად ჩავიცვი, ბოლო ღილამდე შეკრული. იმ ღამეს ჩემს სახლში ვერ დავრჩებოდი ამიტომაც დავადექი მისი სახლისკენ მიმავალ გზას. კარი - მუდამ ჩემს მოლოდინში - ღია დამხვდა, თვითონ კი ეძინა, აივნის ღია კარიდან აღწევდა ლამპიონის ყვითელი შუქი და მის შიშველ სხეულს სულ ოდნავ ანათებდა. (მიყვარს ყელი, მხრები, ნეკნები) არ მინდოდა გაღვიძებოდა, ჩუმად მივუწექი გვერდით, ჯერ ჭერზე დავიწყე მოძრავი შუქების თვალიერება, მერე ოთახს მოვავლე თვალი, მასსავით სადა და გემოვნებიანი იყო, წიგნები ფერების და ტომეულების მიხედვით ქონდა თაროზე განლაგებული რაც ცოტა ნერვებს მიშლიდა, ქვედა თაროზე ალბათ მამამისის მოგროვილი ვინილის ფირფიტები ელაგა (მაგ თაობის ყველა მამა აგროვებდა ფირფიტებს). კუთხეში პატარა მაგიდა (ესეც გამაღიზიანებლად მოწესრიგებული), მაგიდაზე ლეპტოპი და ლეპტოპში ცოტა ხნის წინ ჩემი დალინკული Ali Azimi - Pishdaramad loop-ზე ჩართული. საწოლის პირდაპირ ჩემი გადაღებული ფოტო ეკიდა, (ალბათ ერთადერთი კედელია სადაც ჩემი გადაღებული ფოტო კიდია). პირველად რაღაც გადაღებაზე შევხვდი სადაც მეგობარ ფოტოგრაფს ასისტენტად ვახლდი, მაშინ ხმა არ გამიცია, უბრალოდ მომეწონა (არა უბრალოდ არა, ძალიან მომეწონა) განათებაზე როგორც ბრწყინავდა მისი დიდი თვალები. რამდენიმე დღის შემდეგ მივწერე მინდა გადაგიღოთქო, ცოტა იყოყმანა მაგრამ დამთანხმდა, ფოტოზე ზურგი აქვს შიშველი, ყველა ნეკნის და მალის დათვლა შეიძლება ისეთი გამხდარია. (და ხალი ფრთის ქვეშ) ჩარჩო ცოტა ცერად ეკიდა და მიკვირდა როგორ დაუშვა ამისთანა პერფექციონისტმა მსგავსი დარღვევა, თან მეღიმებოდა ჩემთვის, არ მინდოდა გაღვიძებოდა.. - მოხვედი? - ძილბურანში ჩაილაპარაკა, გადმობრუნდა, თავი მხარზე დამადო ხელი კი მკერდზე - ეს რა გიჭირავს? - პერანგი მოგიტანე - არ მინდოდა გაღვიძებოდა.. - უი, რომელი? ცისფერი? - უცბად გამოფხიზლდა, წამოჯდა მუხლებზე, პერანგი გადაიცვა, შეიკრა ბოლო ღილამდე (როგორც მე) - აუ რა კაია, მიხდება? - იკრიჭებოდა ბოლო კბილამდე.. მე ლაპარაკის თავი არ მქონდა და მხოლოდ გავუღიმე, ისე როგორც იღიმიან დაღლილი შეყვარებული კაცები, გულში კი ვფიქრობდი ღმერთო როგორ უხდება ცისფერი პერანგი. - მიდი რა ჩაი გააკეთე - ძალიანაც არ მინდოდა ჩაი, უბრალოდ მიყვარდა როგორ სასაცილოდაც დაჰქონდა გამხდარი ფეხები, მუხლები ოდნავ შიგნით ებრიცებოდა და თითქოს ცეკვავდა ისე ირწეოდა. თმა გადაიყარა ზურგზე, სწრაფი ნაბიჯით გაქანდა სამზარეულოში, ფეხის ხმაზე მივხვდი შესასვლელში აღმართულ უზარმაზარ და უშნო სარკეში როგორ შეათვალიერა საკუთარი თავი და ცისფერი პერანგი. მე დროის გასაყვანად ტუმბოზე დადებულ წიგნს გადავწვდი, ჰერმან ჰესეს ზიდჰარტჰას უკირკიტებდა, “ზიდჰარტჰა” ადამიანს, რომელმაც მიზანს მიაღწია - გამაჟრჟოლა და დავაბრუნე თავის ადგილზე. - რომელი ჩაი გინდა შავი, მწვანე, კარკადეს თუ პიტნის? - (ღმერთო ჩემი რამხელა ხმაზე ყვირის), ყველა მათგანი სხვა გოგოებს მახსენებდა და არცერთის მასთან ერთად დალევა არ მინდოდა. - ხილის თუ გაქვს - ორ წუთში, ორი ფინჯანი ჩაით, შემობრაცუნდა, და ახლა ის მომიწვა გვერდით, თავი მკერდზე დამადო - ხო ძალიან მიხდება? - კი - როგორ ხარ? გაწუხებს რამე? - მე საუბრის თავი არ მქონდა და გავუღიმე ისევ, ის კი თვალებში მომშტერებოდა და ცდილობდა რამეს მიმხვდარიყო. მალევე დანებდა, თავი ისევ მკერდზე დადო და რაღაც ამბების მოყოლა დაიწყო, ცოტ-ცოტა მეც გავურევდი რამდენიმე სიტყვას. (არც ვეწეოდით, არც ვსვამდით, არაფრით გავდა ფრანგულ ფილმს) , კარგად ვიყავი, ის ჩემი ბილეთი იყო სამყაროს მიღმა, ვსაუბრობდით დიდხანს და ვფიქრობდი ამ ღამის გაფუჭება მხოლოდ მზეს თუ შეეძლო, ოთახში კი ისევ Ali Azimi ისმოდა. სადღაც შავ და ლურჯ ცას შორის მიგვეძინა. - ნიკა გაიღვიძე, გაიღვიძე რაღაც მინდა გითხრა - ჯერ მზე არ ჩანდა, Ali Azimi-ს მაგივრად ახლა ოთახში მეეზოვის ცოცხის ხმა ისმოდა - ძალიან კარგად ვარ შენთან, ძალიან კარგად, ასე თავი არასდროს მიგრძვნია, მაგრამ (ჯადოსნური მაგრამ) შენი ნიჰილიზმი, პესიმიზმი, აპათიურობა (კიდევ რაღაც სიტყვებს აბრახუნებდა მსგავსს) გადამდებია, ვხვდები რომ მეც შენნაირი ვხდები, ფასს კარგავს სამყაროში ყველაფერი, ჩემი მიზანი კი იურისტის კარიერაა, დიდი ხანია ვშრომობ ამისთვის და - ნამდვილად აღარ მინდოდა აღარაფრის გაგონება, ისედაც გასაგები იყო ყველაფერი, ჯერ კიდევ მაშ როცა ყვითელი ლამპიონი ანათებდა მის სხეულს, ხელი პირზე ავაფარე, შუბლზე ვაკოცე და წამოვედი. ეს რომ ფრანგული ფილმი ყოფილიყო აუცილებლად ჩავიცვამდი გრძელ პალტოს, საყელოს წამოვიკეცავდი და უფილტრო სიგარეტს მოვუკიდებდი, გავუყვებოდი სუსხიან ქუჩებს, გზად აუცილებლად ხიდი მექნებოდა გასავლელი და ალბათ რომელიმე სარდაფის რესტორანშიც დავლევდი ღვინოს. მაგრამ (ჯადოსნური მაგრამ) უსახური ქალაქის უსახურ ქუჩას მივყვებოდი სახლამდე რომელშიც ღამის გათენება არ მინდოდა და ვფიქრობდი: ღმერთო როგორ უხდებოდა ცისფერი პერანგი.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება