კალათა

ოთხჯერ მკვდარი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
გაბრიელი სიკვდილს ვერ ახერხებს, მას მკვდრები არ იღებენ. მოთხრობა აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ვერ აღწევს გარკვეულ მიზანს და იწყებს წარუმატებლობის მიზეზის ძიებას, მაგრამ მის კითხვებზე არც თავად და არც სხვებს პასუხი არა აქვთ.

გაბრიელი შაბათს დამარხეს, მაგრამ უკვე კვირას სახლის წინ, სკამზე იჯდა და სახე ჩამოსტიროდა.

- ისევ არ მიგიღეს, ბიჭო? - თავზე წამოადგა სოფლის მღვდელი.

- არა, მამაო.

- რათაო?

- ისევ იგივე, მამაო, გაიხსენეო.

- იქნებ, მოგაგონდეს, ჰა?

- თუ ღმერთი შემეწევა.

გაბრიელისთვის ეს რიგით მეოთხე სიკვდილი იყო. პირველად რომ მოკვდა და პირველად რომ გაცოცხლდა, ერთი ამბავი შეიქმნა სოფელში, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ამასაც შეეჩვივნენ. ამბობდა, საიქიოში მკვდრები არ მიღებენ, მეუბნებიან, დიდი ცოდვა გაქვს და სანამ არ მოინანიებ, ვერ გაგიკარებთო. ასეთი რა ცოდვა ჰქონდა არც თვითონ იცოდა, არც იქ უთქვამთ. მთელი დღეები გზის პირას იჯდა და თუ ვინმეს დაინახავდა, ეკითხებოდა, შენთვის რამე ხომ არ დამიშავებიაო.

- შენთვის რამე ხომ არ დამიშავებია, მარინე?

- ისევ გაცოცხლდი, შე საწყალო?

- ისევ.

- აბა, რა დაგიშავებია?! ვერ ვიხსენებ.

- რა ვიცი, მარინე.

- ღმერთი გიშველის.

 

***

- გიორგი, გამოიხედე, ერთი წუთით.

- რაო, რამე ხომ არ დაგაბარა ცხონებულმა მამაჩემმა?

- ტყვილად კი არ გეძახიან ავგიორგის.

- არ დაგიშავებია-მეთქი არაფერი, რამდენჯერ უნდა გითხრა.

- დაფიქრდი. იქნებ, გაიხსენო რამე.

- ცოლი რომ მომყავდა მაშინ არ მიფიქრია, შენს გამო ვიფიქრო?

- აბა შენა ხარ, რა.

 

***

- ნეტავ, ძილში ხომ არ წამოვდექი, ძილში ხომ არ მოვკალი ვინმე?

- ჩვენ აქ მკვდარი არ გვინახავს.

- გაგონილა, გააკეთო და არ გახსოვდეს?! ინანეო, რაც არ ვიცი, რა ვინანო?!

- პაპაჩემი პავლე ამბობდა, ადრე ცაზე კიბე იყო მიდგმულიო. ხან ხალხი ადიოდა ზევით, ხან ღმერთი ჩამოდიოდაო. მერე ერთ ოჯახს ყაჩაღები დასცემიან და ამოუწყვიტავთ, მარტო პატარა ბავშვი გადარჩენილა. დილით გამოცოცდა თურმე ეს ბავშვი გზაზე სისხლიანი, გაუბედურებული... ხალხს უთქვამს, ეს თუ ცაში ავიდა, ღმერთი არც ერთს აღარ გვაცოცხლებსო და დაუმალავთ კიბე. იმის მერე ვერც ჩვენ ავდივართ ზეცაში, ვეღარც ღმერთი ჩამოდის და ვართ ასე გზაკვალაბნეულები. შენ კიდევ გიკვირს, მიწა რატომ ვერ მიღებსო.

- სხვებს ხომ იღებს!

- აბა, რა გითხრა.

 

***

- გაბრიელ, სულ გადაირიე, ბიჭო?! რას შვრები?

- შეშას ვაგროვებ, კიდევ რომ მოვკვდები, დამწვით.

- დაგწვათ, რა, ბურვაკი ხარ?

- მიწა ვერ მიჩერებს და იქნებ, ამან გაჭრას.

- შენც იცოცხლე, რა გენაღვლება.

- როდემდე, ბიჭო, ცოდვა ვარ!

- ცოდვა კი ხარ!

 

***

- კარგად გაიხსენე, ალექსანდრე, რამე ხომ არ მიწყენინებია?

- მე არაფერი მახსოვს და იქნებ, ისევ საიქიოში გამოტეხო ვინმე.

- არ ამბობენ. სიკვდილიც კი ვნახე, არ მითხრა.

- სიკვდილიო?

- თან ცოცხალმა. სოფელში იყო მოსული, კარდაკარ დადიოდა. თქვენ ყურადღება არ მიგიქცევიათ, მე კიდევ უცებ ვიცანი, ოთხჯერ მყავს ნანახი.

- რა ჭირი უნდოდა?

- თამარს ეძებდა. მისი სიკვდილის დრო მოვიდა, უნდა წავიყვანოო. დაიარა მთელი სოფელი. მერე მე ვუთხარი, მოკვდა თამარი რა ხანია-მეთქი.

- არ იცოდა?

- მე არ მომიკლავსო, თქვა. შეყვარებული იქნებოდაო. ხანდახან სიყვარულიც ჩამოივლის და იმასაც მიჰყავს ხალხიო.

- საწყალი გოგო!

- ჰოდა, ვემუდარე, ნუ წახვალ ცარიელი, მე წამიყვანე-მეთქი და არაო, შენ არაო.

- რატომო?

- არ უთქვამს რატომ, არც მაგას არ უთქვამს.

 

***

- გაბრიელ, ჩემი მურა ხომ არ გინახავს საიქიოში?

- ნეტავი, შენ!

- მითხარი, ნუ დამამადლი.

- არ მინახავს.

- შენ გაიხარე, გაბრიელ. მოვა, აბა, სახლში ერთხელაც.

- ძაღლი უნდა ელოდოს პატრონს, პირიქით კი არა.

- მადლობა, გაბრიელ!

- ბიჭო!

- ჰა?

- რამე ხომ არ დამიშავებია შენთვის?

- ისეთი არაფერი მახსენდება, გაბრიელ.

 

***

- მამაო, გუშინ ისევ ავად გავხდი.

- ახლა როგორ ხარ?

- უკეთ, მაგრამ, კიდევ რომ მოვკვდე, რა მეშველება. ხომ დამწვავთ?

- დაწვა რას გიშველის, თორემ დაგწვავდით, ჰა.

- აბა, რა მიშველის, მამაო?

- უნდა გაიხსენო როგორმე.

- ვერ ვიხსენებ.

- მაშინ ისე ქენი თითქოს გაიხსენე, თითქოს ინანე, თითქოს სხვა ადამიანი ხარ.

- ეგ როგორ, აბა?

- ცხოვრება შეიყვარე, ხალხი შეიყვარე. სიყვარულს დიდი ძალა აქვს.

- სიყვარულის არაფერი მინდა, მამაო, როგორი კარგი გოგო მოკლა.

- რაღაც უნდა მოიფიქრო.

 

***

- საით გაგიწევიათ ყველას ერთად?

- ქორწილში, შოთას ბიჭმა ცოლი მოიყვანა.

- მოიცათ, რაღაც უნდა გითხრათ.

- მიდი, აბა.

- მაპატიეთ, ხალხნო!

- რა გაპატიოთ?

- არ ვიცი, მაგრამ მაპატიეთ.

- რაც არ ვიცით, როგორ გაპატიოთ?

- როგორმე, რამენაირად.

- აჰა, გვიპატიებია.

- გეხვეწებით, ხალხნო!

- რა დაგვიშავე, ადამიანო?

- არ ვიცი, მაგრამ მაპატიეთ, რა იქნება.

- გვიპატიებია.

- ეგრე ამბობთ და მერე ისევ ცოცხალი ვარ.

- ჩვენ რა ვქნათ, გაბრიელ?!

- მაპატიეთ, ხალხნო!..

- როგორ?

- როგორმე, რამენაირად...


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება