კალათა

ჩაყოლა

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
აქ დაცული არავინაა. უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. შეუძლებელია, ყველაფერი გათვალო, ყველაფერი აწონ-დაწონო, გამოიცნო. რუტინიდან გაქცევა, ერთი სიყვარული, ერთი შვებულება თუ გზაზე ერთხელ თვალდახუჭული გადასვლა, შესაძლოა, ყველაფრის ფასად დაგიჯდეს. ილუზიაა, რომ საკუთარი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. მარტოხელა ადამიანებიც კი, რომლებიც გიჟებზე ნაკლებად არ არიან თავის უფლები, ზოგჯერ თვალის დახამხამებაში კარგავენ ყველაფერს. სისტემა წყვეტს ასე. წესრიგს სჭირდება ასე.

მტკვრის პირას ვიყავი, რომ დამირეკა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი სანაპირო შარდით არის დალაქავებული, ჩამოსაჯდომ ადგილს მაინც ყოველთვის ვპოულობ. მიყვარს აქაურობა. აქ მხოლოდ გაჭირვებულები მოდიან. ჩემნაირები. გეფსია თუ ცხოვრება გაქვს მოსანელებელი, რა მნიშვნელობა აქვს? სიარულში ხელს ორივე ერთნაირად გიშლის. გცალიაო, მკითხა. გარეთ ვარ-მეთქი, ვუპასუხე. არ მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ უკვე იმდენჯერ მყავდა გადაგდებული, კიდევ ერთხელ თავიდან მოშორება ვეღარ ვიკადრე. მოკლედ, ვუთხარი, სადაც ვიყავი.

სოსო ჰქვია. უფრო სწორედ, იოსები. თავს დავდებ, პაპამისმა დაარქვა. ალბათ, ფიქრობდა, სტალინივით შვილიშვილი გამეზრდებაო. ერთხელ გავეხუმრე მაგაზე, და ნეტა, მაგის კარგიც მოვტყანო, გადაიკურთხა. გადარჩა, რომ არ შემიყვარდა. მაგაზე ხუმრობით, სულს ამოვხდიდი. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. ჩემ სკოლაში სწავლობდა. მათ კლასთან ერთად ფიზკულტურა გვიტარდებოდა. ჩემზე 3 წლით უფროსია. მწვანე თვალები და მუქი წაბლისფერი თმა აქვს. ჰო, კარგი. ვიცი, ასე დიდი ამბით არაფრის მთქმელ დეტალებს რომ ვყვები. უბრალოდ, რამე ხომ უნდა ვთქვა? მიტყდება, რომ მკიდია. თვითონ გაიძახის, მიყვარხარო. მაგიტომ მიტყდება. თან მაგის “მიყვარხარ” რაღაცნაირად, საიმედოდ ჟღერს. მით უმეტესს ახლა, როცა ცხოვრება, გაზეთისგან გაკეთებული სამკუთხა ქუდივით, მაქვს თავზე ჩამომხობილი. ვტყდები, ის თევზი ვარ, ნემსკავზე წამოცმულ ჭიაყელას რომ ეთამაშება. ჭიაყელა კიდევ თვითონ არის, თავის სიყვარულიანად.

ისე, ერთი ხელის მოსმით მოსაქნევი კაცი ნაღდად არ არის. მით უმეტეს, ახლა მაგის ფუფუნება არ მაქვს. ციხიდან გამოსულს, ძველებურად, მხოლოდ ეგ დამხვდა - დანარჩენები სამსახურში დაწინაურების პერპექტივასავით შემომეცალნენ. არავის ვამტყუნებ. სხვებზე ზრუნვა კი არა, ფიქრიც ჭირს ამ ცხოვრებაში. არადა, დაწინაურება მაგრად დამხატავდა. ბანკში ვმუშაობდი, მოლარე ოპერატორად. ორ თვეში ჩემს უფროსს ცინცხალ სადოქტორო ნაშრომს რომ დავუდებდი ცხვირწინ, ეგრევე დაფაცურდებოდა. ისედაც, სულ მაქებდა, სხარტი გონება გაქვსო. საზღვარგარეთ წავიდა, თორემ ეგ ახლაც წამიკრავდა ხელს. სხვანაირი ქალი იყო. პირად ცხოვრებაში არავის გვიძვრებოდა. მხოლოდ საქმე აინტერესებდა. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, დაწინაურების გარეშეც, მშვენივრად ვიყავი. ხელფასი მყოფნიდა კი არა, თავზე გადამდიოდა. ჩემი ნება არ იყო, რამდენს დავხარჯავდი? მარტოხელა ხალხი გიჟებზე ნაკლებად კი არ არიან თავის უფლები.

სოსოს არ მოსწონს, მაგას რომ ვამბობ. მარტოობის გეშინია და აღიარეო, დამიხეთქებს ხოლმე. არადა, მე კი არა, თვითონ ეშინია. დათვრება თუ არა, მაგაზე მოთქვამს. ნეტა შენ, ქალი რომ ხარ. შეგიძლია, შვილი გააჩინო, ცხოვრებას აზრი მისცეო. სიმარტივე უყვარს. ამას წინათ, ძალიან რომ გაახურა, კი ვუთხარი, ამ დედამოტყნულ სამყაროში, თუ ეგოისტი არ ხარ, შვილი რატომ უნდა გააჩინო-მეთქი. ეე, შენ არაფერი გესმისო, შვილი ისეთი მაგარი რამეაო, თავისი გაუბერა. თან აიცრემლა და შევეშვი.

თვითონ არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, მარტოობის რომ არ ეშინოდეს, კაი ხნის წინ შემეშვებოდა. ისე, თავიდან ასე, სულ თვალებში არ მეჩხირებოდა. ამ ბოლო დროს ნამეტანს შვრება. რაც ციხიდან გამოვედი, მგონი, კუდში დამყვება. ხან ისეთ ადგილას მეჩითება, საერთოდ რომ არ ველი. სულ ისე ახლოსაა, სახეზე მეკვრის. ადგილს არ მიტოვებს. კოშმარი. რაღაცით უფანჯრო ოთახს ჰგავს, სადაც სულ სითბო და უჰაერობაა. თბილად ხარ, მაგრამ სული გეხუთება.

აი, ახლაც ისე მალე მოვიდა, თითქოს იქვე იდგა და გამოსაჩენად სიგნალს ელოდებოდა. დედამისის გამოგზავნილი ჟაკეტის შიგნიდან არაყი და ორი ერთჯერადი ჭიქა დააძრო. დასალევად ყოველთვის ზუსტ დროს არჩევს. რაღაცებს ვერ დაუკარგავ. ზრუნვა და ეგეთები არ ეზარება. ან რავიცი, შეიძლება, უბრალოდ თავისას ცდილობს. შეყვარებულ კაცს თავისი თავის თვითონ არ ესმის, სხვამ რა უნდა გაუგოს?! სისულელე.

ჩამოჯდა და, ქარი რომ არა, მაგარ სუნში ვისხდებოდითო, წამოროშა. არაყი დაასხა თუ არა, ორივემ ერთდროულად გადავკარით. დიდხანს უნდა იყო ასეო, დაიწყო ჭიქის გამოცლისთანავე. როგორ-მეთქი, თავი გამოვიშტერე, საყურე მოვიხსენი და მიწის ჩიჩქვნა დავიწყე. რითი აპირებ ცხოვრებასო. მივხვდი, არ მომეშვებოდა. ამიტომ, ჯერ არ ვიცი, საერთოდ რას ვაპირებ-მეთქი, ვუპასუხე. ამ თემაზე იმ კაცთან ლაპარაკი, ვინც მთელი ცხოვრება დედამისს აზის კისერზე, მენსტრუაციულ ტკივილზე წუწუნს ჰგავს. უაზრობა. სადღაც წაკითხულ ან საერთოდაც ყურმოკრულ რჩევებს რომ გატენის ოხრად. - მიხვედი სადმე? - მკითხა ბოლოს და, შეიძლება, პირველივე მისვლით არ გამოვიდეს, კიდევ უნდა სცადოო, იქვე დაამატა. სოსო იყო რა. ნუ, პაპამისისთვის - იოსები.

ქუჩა-ქუჩა ნაგროვები რჩევების წიგნს რომ ჰგავს, მაგიტომ არ ვუყვები არაფერს. რაღაცაზე დავიჩივლებ თუ არა, ეგრევე რეცეპტს მიწერს. გაფიქრებინებს, რომ მესამე ცხოვრებას გადის და ყველაფერი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე აქვს ნანახი. სიბრიყვე. ნუ, ხანდახან ნორმალური რჩევაც კი გაუვარდება ხოლმე, მაგრამ მაგასთან ლაპარაკი, მთლიანობაში, მაინც ზღვაში დახეული ბადით თევზაობას ჰგავს. ამიტომ ჩუმად ჯდომა და დალევა სჯობს.

ისე კი, მოსაყოლის მეტი რა მქონდა. რაც ციხიდან გამოვედი, აქეთ-იქით სიარულისა და ხალხის შეწუხების მეტს არაფერს ვაკეთებ. მოკლედ, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ნახევარი წელია, ძირგავარდნილ ავზში პეშვით ვასხამ წყალს. არაფერი გამოდის. ყველამ იცის, რაზეც ვიჯექი. უბრალოდ, ჩემსას რომ ვცდილობ, ვმშვიდდები. უსაქმოდ ჯდომასთან ერთად სინდისმაც რომ შემაწუხოს, ჭკუიდან გადავალ. ეს ახლა ამას რომ მოვუყვე, კიდევ უნდა სცადოო, დამიბრეხვებს. ან მიყვარხარო, მეტყვის და თავს ჩაქინდრავს. ეგრე იცის ხოლმე. ცხოვრებას კი არა, ხან მეც კი ვერ მისწორებს თვალს. მაგ დროს ვმწარდები, მაგის სიყვარული რომ მეიმედება. რა საიმედო ეგ არის? დედიკო უცოცხლოს ღმერთმა დიდხანს.

ერთი ის მიკვირს, ჩემს მიქარულს რომ არ მახსენებს. არც ერთხელ წამოუძახებია. არც მაშინ ციხეში რომ მომაკითხა. სასწაული. არადა, მეგონა, ყელში ამომადენდა. როგორც წესი, ჭკუის რიგება ვისაც უყვარს, შეცდომებსაც კარგად იმახსოვრებს. თან ამ შეცდომამ ცხვირით გემრიელად მახოხიალა.

მეორე დღეს შვებულება მეწყებოდა. სადოქტორო ნაშრომი მქონდა ბოლომდე მისაყვანი და მაგიტომ ავიღე. ვიცოდი, თავს ვერ ავწევდი, ამიტომ სამსახურის მერე დასალევად წავედი. გართობის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, იმ დღეს, ამის დედაც მოვტყან, ერთს მაინც მოვულხენ -მეთქი, გავიფიქრე და რომელიღაც ბარში შევბლაყუნდი. ციხე თავისას შვრება. ამ ბილწ სიტყვებს ვეღარ მოვიშორებ. პრინციპში, რას ვერჩი? არც არაფერს. საჭირო სიტყვეებია. ვერაფრით ჩაანაცვლებ. მახსოვს, ცეკვისგან დაღლილი ვიყავი. მთელი სხეული მიფეთქავდა, თითქოს გული სკუპ-სკუპით დახტოდა მაღლა-დაბლა. ვინილზე თეთრი ფხვნილი სამ ხაზად ეყარა. გრაგნილივით დახვეული ხუთლარიანიც იქვე ეგდო. ცხვირი გაბიდნული მქონდა. ძლივს ვსუნთქავდი. პირის დაკუმვის მეშინოდა. სითბო კი ნელ-ნელა ამოდიოდა დაბლიდან და ტალღებად იშლებოდა მთელ სხეულში. მაგიდას მუშტებით ვეყრდნობოდი. თოკზე გაფენილი სარეცხივით ვქანაობდი. წინ და უკან. წინ და უკან. მუსიკა ქარივით იყო. ხომ კარგად ხარო, მკითხა ვიღაცამ. ვერ ვიცანი - ჩემი ბავშვობის დროინდელი სახატავი რვეულიდან გადმოსულ კაცუნას მაგონებდა, დიდი თავით და წერტილებად დასმული თვალებით. თავზე ჩიტი კიკინასავით ჰქონდა დასკუპებული. ჩიტს ნისკარტი თმაში ჩაეყო და ღერა-ღერა წიწკნიდა. ახლაც მახსოვს. მოულოდნელად ხელი ავუქნიე. აქშევა მინდოდა. ძაღლად არ ჩამაგდო. არც კი შეირხა. ეს ნახე, რა კარგად არისო, ვიღაცამ მეორე მხრიდან გამოსძახა. არც მისი ხმა მეცნო - ბზრიალა სკამზე იჯდა და კალთაში ჩასმული კატის კუდით ხელის გულზე სხვადასხვა ფერის ბაბუაწვერებს იხატავდა - სული შევუბერე თუ არა, ჰაერში მტვრის ფერად ნაწილაკებად გაიფანტნენ. ოთახში უფრო და უფრო ცხებოდა. ფეხები მიხურდა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. კაუჩოკის ბურთივით ვხტუნაობდი. საგნები კი უკან-უკან მიდიოდნენ, მწყობრში დგებოდნენ და ღია კარში მთვრალი კაცებივით მიბარბაცებდნენ. ჩემს ახლოს აღარაფერი რჩებოდა, "თეთრ ალბომზე" თოვლის ფიფქებად დაყრილი ფხვნილის გარდა. - თოვლის პაპას გააკეთებდა კაცი, - ვბუტბუტებდი ჩემთვის და გაოფლილი ხელებით მაგიდის გადასაფარებელს გუნდასავით ვახვევედი. ოფლში გაწურულს ძვლებში მამტვრევდა, თვალები რომ გავახილე. სასამართლო პროცესს ვერ დავესწარი. თავი არ მქონდა. სოსო მივიდა. 8 წელი რომ მომისაჯეს, მისგან გავიგე.

რვა წელი, ღმერთო ჩემო, ითვლი მაინც? 8-ჯერ 12. არა, უარესი, 8-ჯერ 365. სად ურტყამს. წარმოდგენაც არ მინდა. ვერ გავძლებდი. მოვკვდებოდი. თავს მოვიკლავდი. სოსომ იჩალიჩა და 3 წელში გამომიშვეს. ჩემი დანაზოგი შეეწირა მაგ ამბავს, მაგრამ თავისუფლებასთან ეგ რა მოსატანია. ისე, პრინციპში, ახლა რომ ვფიქრობ, აქაურობა ციხის ეზოს არაფრით ჩამორჩება. დადიხარ აქეთ-იქით, მაგრამ ადამიანის თვალებს სულ მოყუჩებული ჰყავხარ. გიყურებენ, გითვალთვალებენ. ბევრს ნარკომანი ჰგონიხარ. არ გენდობიან. ალბათ ჰგონიათ, რომ ერთი გაკეთებისთვის, ყველაფერზე ხარ წამსვლელი. უშუქობა.

ის სამი წელი, სოსო ციხეში ყოველ კვირა მოდიოდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, უფრო ხშირადაც ვნახავდი. ციხეს ვერ შეეგუები. როგორც არ უნდა მოინდომო, შენ წილ თბილ და მყუდრო კუთხეს ვერ მონახავ. შენთვის ვერ მოიბუზები. უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. ტყუილია. ამიტომაც სოსო იქაური სიცივისა და ქაოსის ფონზე, ბევრად ასატანი გახდა. ასატანი კი არა, ზოგჯერ სანატრელიც იყო. მის მოსვლამდე დღეები კი არა, თითებზე წუთებიც კი მითვლია. იქ ნორმალურად მხოლოდ ერთი ქალი გავიცანი. დავმეგობრდითსავით. ფულის გაფლანგვაზე იჯდა, მაგრამ ეგ რა ჩემი საქმეა. ურთიერთობაში ცუდი ტიპი არ იყო. მაგან მითხრა, ნეტა შენ გარეთ ვიღაც რომ გელოდებაო. ჩავფიქრდი და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ეგ სიტყვები მაგრად მესიამოვნა. გამიხარდა, ყველაზე წყალწაღებული რომ არ ვიყავი. რაღაც მქონდა, სხვებისთვის სასურველი და შესაშური. ხოდა, სოსო მაშინ გახდა ჩემი ხავსი. მოდიოდა და ქალაქის ამბებს მიყვებოდა. მჭირდებოდა. კი, ვხვდებოდი, რომ ლიმონივით ვწურავდი, მაგრამ მეკიდა. ისეთ დღეში ვიყავი, მასზე ზრუნვას ვერ დავიწყებდი. პრინციპში, გრძელი სული არც არასოდეს მქონია. ცხვირიც მაგიტომ წავიმტვრიე. გაგისწორდებაო, მითხრეს და მეც ეგრევე სულმა წამძლია.

ციხიდან გამოსულს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. ისინი, ვის მეზობლადაც 5 წელი ვცხოვრობდი, ერთ კვირაში საყვედურებით დამესივნენ - დაბლა მეზობელმა, შენგან წყალი ჩამოგვდისო; კარისამ, დავიღალე სადარბაზოს დასუფთავებით და აწი, შენც იკადრე ცოცხის დაჭერაო; აი, პირველი სართულის მეზობელთან რა შეხება მქონდა, და ერთ დღეს ეგეც კი ამეტუზა უბნის მაღაზიასთან. სარეცხი კარგად გაწურე, სანამ დაფენ, ფანჯრების წმენდას ვერ ავუდივარო. თქვენი დედაც მოვტყან-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის და მაგის მერე აღარც ერთს მივსალმებივარ. თავებს არც თვითონ იგიჟებენ. ჩვენ ჩვენთვის ვართ. სადაც არა სჯობს, ნაღდად გაცლა სჯობს.

სოსოც შეიცვალა. ციხეში ვერ ვამჩნევდი, მაგრამ გამოსვლიდან მალევე მივხვდი, რომ უხალისოდ იყო. მისი ყველა მეგობარი დაოჯახებულა. ამისთვის აღარ ეცალათ. ამას ალბათ საკუთარი თავი სამშენებლო მასალის გროვა ჰგონია. ვერაფერი ააშენა. ვერაფერი შექმნა. ახლაც ეგრეა და მე თუ მკითხავ, ვერც ვერავის დააბრალებს. მეტი-მეტი დედამისს მიედაოს. მაგაში, შეიძლება, მხარი მეც კი ავუბა. ფაქტია, შვილის იქით, კაციც რომ უნდა ყოფილიყო, დაავიწყდა. ასწავლა, მაგრამ ხელის და თავის განძრევა არ დააჭირვა. ცოდვა გამხელილი ხომ სჯობს? ხოდა, თავი არც ამას მოუკლავს, გინდა თუ არა, თავს ჩემით მივხედავო. უშრომელი ფულით გულაობას გადაჰყვა. ასე ხდება ხოლმე. ქარის მოტანილი ქარსვე რომ მიაქვს, მხოლოდ იმათ ახსოვთ, ვისთანაც მუდამ ცარიელი ქარი უბერავს. აი სოსოსთან კიდეევ, დედამისის მხრიდან, სულ საკაიფოდ ქროდა. ამიტომაცაა, რომ შრომა და თავის რჩენა კი არა, კვერცხის შეწვაც არ უსწავლია. მზა საჭმელები უყვარს ბიჭს. ცხოვრებას კიდევ ფილმისგან ვერ არჩევს. ხან ისეთ სიბეცეს იტყვის, მხოლოდ შვილს რომ აპატიებ ადამიანი. ამიტომაც არის პირდაფჩენილი. ლოქოსავით შემომყურებს. აი, ახლა დავფიქრდი და მივხვდი, ვისაც ჰგავს - კაცს, ხე რომ დარგო და ვერ გაახარა. მორწყა, მოუარა, თან გადაყვა, მაგრამ არ გაიხარა რა. ვახ, რა დავაკელი, ამ ოხერს? ამას ჩემს გულზე არ გადავატარებო, იფიქრა და კიდევ უფრო მონდომებით დაუწყო მოვლა. ამ საქმეზე გადადგა. ხო, აი, ეგ კაცი და ეგ გამხმარი ხე არის სოსო, თავის სიყვარულიანად.

სულ მიკვირს, როგორ ახერხებს, თვალებში მიყუროს და ვერ მიხვდეს, ამას რომ ვფიქრობ. აგერ, ახლაც ზის და პასუხს ელოდება. თან ნელ-ნელა ისე იწევა ჩემკენ, თითქოს ჩემს სუნთქვაში ცდილობს სიტყვების დაჭერას. არადა, აზრზე არ ვარ, რა უნდა ვუპასუხო. ან რა აზრი აქვს? რჩევა ხომ უკვე მომცა?! ყოველი მოახლოებით შემცირებული სიცარიელე კი სხეულში მიძვრება. როცა მეხუტება, უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ. მხოლოდ შარდის სუნი მცემს და სახეს ისე ვმანჭავ, გეგონება, ფეხსაცმელი მიჭერს. - მინდა, რომ დაგეხმარო, - ყურში ზღაპრის შესავალივით მეჩურჩულება. აი, იყო და არა იყო რას, ვგულისხმობ. ხელები ისე მჭიდროდ აქვს შემოხვეული, სუნთქვა მიჭირს. ნეტა, თავი დამანებო და არ გამგუდო-მეთქი, ვფიქრობ და, - არ გამოდის, არა. ყველამ იცის, რაზეც ვიჯექი, - შეწუხებული ხმით ვბურტყუნებ. ვეღარ ვსუნთქავ. პოლიეთილენის პარკივით მეტმასნება. ვიშმუშნები. ხვდება. განზე იწევა და, აბა, რას აპირებო, მეკითხება. მეჩვენება რომ, მეორე წრეს იწყებს. რა ნერვები აქვს ამისთანა? ან რას გადამეკიდა-მეთქი, ვფიქრობ. ის კი ზის და მიყურებს. თვალები ნაწვიმარი ასფალტივით ულაპლაპებს. ეტირება. რა ატირებს? აი, ახლა მაინც რა ატირებს? საკუთარ თავზე გული მომდის. მეთქი, ამ მტირალა კაცის სიყვარულის იმედი გაქვს, შე უბედურო. გულუბრყვილობა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვერაფერს ხვდება. შემომყურებს. რანაირი კაცია? ეს აცრემლებული თვალები მაინც მომარიდოს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ და ეგ არ მომწონს. რა იქნება გიყვარდეს? გონებაში უცებ საკუთარ თავს ვუტევ და, - ჩაყოლას, იოსებ, ჩაყოლას, - რაღაცნაირად, სიტყვას დაუფიქრებლად ვუჭრი. ცრემლებს ვწმენდ და ვაკვირდები. გუგები კოკრებივით ეფურჩქნება. ისე შემომყურებს, თითქოს სხვა ენაზე მეპასუხოს. რანაირია? როგორ შემომცინის? არა, ის არც სოსოა, და არც იოსები. არც კაცი და არც ჭიაყელა. უბრალოდ, ხავსია. ხავსი, იმედივით.

 

***

- ჩაყოლას, იოსებ, ჩაყოლას, - როგორც იქნა, მიპასუხა. იოსებს რომ მეძახის, არ მომწონს. ერთხელ ისე მეხუმრა, დღემდე მახსოვს. სტალინი ხარ პაპაშენისთვისო, ხალხში წამომაძახა. სხვისგან არ მეწყინებოდა. გავატარებდი. ეგ კიდევ რომ მიყვარს, ჯერ კიდევ მაშინ იცოდა ყველამ. მაგიტომაც გამიტყდა. თავი ისე უხერხულად ვიგრძენი, რომ რო რამე, სტალინს კი არა, პაპაჩემსაც შევაგინებდი. რა სტალინი? წავიდეს, მართლა მაგის კარგიც მოვტყან.

ახლა ისე მიყურებს, რაც არ უნდა დამიძახოს, ხმის გამცემი არ ვარ. თითქოს გამჭვირვალე ვარ და გარემოს, ჩემი გავლით ხედავს. მაკვირდება. გეგონება, პირველად მნახა. ნეტა, რა იგულისხმა? ვერ მივხვდი. ასე იცის, სულ უცნაურად ლაპარაკობს. ვერ გაიგებ, რას და რატომ გეუბნება. ხან მგონია, ასე იმიტომ იქცევა, რომ მერე ვერაფერზე მიედავო. თავს იზღვევს. თავს იცავს. მისგან რას უნდა ელოდო, წინასწარ ვერაფრით განსაზღვრავ. იქნებ, მაგიტომაც მიყვარს. ვერ გაიცნობ. შესაბამისად, ვერც მოგბეზრდება. ამას რომ ვეუბნები, იცინის. ამ დროს კიდევ უფრო მიყვარს, მაგრამ სიცილით საქმე არ კეთდება. მინდა, გამიგოს. არ ინდომებს.

ის ამბავი რომ არა, ალბათ მოსმენის ღირსადაც არასოდეს ჩამთვლიდა. როგორ ვინატრო, ნეტავ, ისევ ციხეში იყოს-მეთქი. ასეთია ცხოვრება. ყველას კარგსა და ცუდს შორის არ უწევს არჩევანის გაკეთება. ვიღაცები, ცუდსა და უარესს შორისაც ვიჭედებით. რაც ციხიდან გამოვიდა, სულ იმ სამ წელს მივტირი. დავიღალე. ისე გამირბის, თითქოს შემეძლოს, რამე დავუშავო. მიზეზს არ მეუბნება. ისეთი არეულია, მეშინია, თავს რამე არ აუტეხოს. მაგის გამო, მთელი ქალაქი მე მიყურებს ალმაცერად. წარმომიდგენია, ეგ რა დღეში ეყოლებათ. ლამისაა, სულ უკან ვდიო. ამ ხალხს როდის რა მოუვლის თავში, ხომ არ ვიცი. ვნერვიულობ. ნეტა, როდის მიხვდება, რომ არ არსებობს ბედნერება სიმშვიდის გარეშე? ხანდახან ვნანობ, მაგის გამო შპაგატში რომ ჩავჯექი. ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი, ყველას მივაკითხე. სასჯელი შევამცირებინე. უბრალოდ, დახმარებაზე უარი რომ მეთქვა, მერე ყველაფერს მაგას დავაბრალებდი. ადამიანი ვარ. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. მიყვარს. იცის. ხვდება. ხანდახან მგონია, რომ ეს ამბავი უხარია კიდეც. ახლაც ეგრე ვფიქრობ. ისე მიყურებს, რომ შეეძლოს, თვალსაც არ დაახამხამებდა. როგორი ლამაზია. ისევ ისეთი, როგორიც სკოლაში. სულ ასეთი იქნება. ნაძვის ხის სათამაშოებივით თვალები აქვს. ბრჭყვიალა და ციმციმა. ციხეშიც კი ასეთი ჰქონდა. არ იცვლება. არ შეიცვლება. მისი შვილიც ასეთი იქნება. არ გავაჩენო, იძახის. ეშინია. სხვისი მომავლის მიბარების ეშინია. მე ხომ ვიცი, როგორი დედაც იქნება. თავგადაკლული. შვილის ოთახში ჰაერსაც კი მოზომილად ისუნთქებს. ვიცი. ვიცნობ. ვახ, როგორ მიყვარს.

რატომ გიყვარვარო, ერთხელ მკითხა. რა უნდა მეთქვა? უცებ ვერაფერი მოვიფიქრე. პროფესიით იურისტს, ეგ როგორ ამეხსნა? არ გამომდის ლამაზად საუბარი. ამიტომ ავდექი და ერთი ფილმი მოვუყევი - იქ ერთი გოგო ამბობს, არავინ იცოდა, იტალიის ამ სოფელში მატარებელი ოდესმე გაივლიდა თუ არა, მაგრამ ლიანდაგი მაინც დააგესო. გაიცინა, რა კავშირშიაო. არადა, მაგაზე ზუსტ პასუხს ვერ გავცემდი. ახლაც რომ მკითხოს, იგივეს ვუპასუხებ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც შევუყვარდები. მაგიტომ მიყვარს. ადამიანი ვარ, იმედი როგორ მოვიშორო? ვერ მოვიშორებ.

დედაჩემი მეუბნება, ეგ ქალი შეგიკლავსო. დაანებე მაგის დევნას თავი და ადამიანივით იცხოვრეო. არ მომწონს, ასე რომ ლაპარაკობს. ჩემს სიკვდილს მაინც ვერავინ წამართმევს. ჩემს მაგივრად ვერავინ მოკვდება. სიცოცხლეს კი რა უჭირს, თუ სიყვარულს გადავაყოლებ. სამყაროს არც ეგ გაუკირდება. იგივე ჩემამდეც არაერთს უქნია. ღმერთო, როგორი ლამაზია. მართლა ნაძვის ხის სათამაშოებივით თვალები აქვს. ბრჭყვიალა და ციმციმა. მიყვარს.

ისევ მიყურებს. აკვარიუმივით თვალები აქვს. ყურება მამშვიდებს. ნეტა, ჩაყოლაში ეს ხომ არ იგულისხმა. არა, არა, რა კავშირშია? არაფერში. ნეტა, კიდევ რამე თქვას. მე სჯობს, ჩუმად ვიყო. არ მინდა, რამე გავაფუჭო. როგორც იქნა, არ გამირბის. არ მერიდება. თვალებში მიყურებს. არ შეცვლილა. არ შეიცვლება, სულ ასეთი იქნება. ლამაზი. ჩემკენ იხრება. არ მეჩვენება. ვხედავ. ვგრძნობ. ცრემლებს მწმენდს და იცინის. ჯანდაბა, თურმე ვტირი. ვახ, რა მატირებს? რა დროს ეს არის? იმედია, არაფერი გავაფუჭე. თქვას. კიდევ რამე თქვას. არა, არა, ახლა, მგონი, ჩემი ჯერია. ნეტა, ხომ არ სჯობს, ვუთხრა, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ?! ადამიანი ვარ, დავჭირდები.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება