კალათა

იზას სახელი

ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება
მილანში ჩარჩენილი ტურისტი სასტუმროში ყოფილ მასწავლებელს, იზა კაიშაურს ხვდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა ციხიდან. იქ გატარებული 33 საათის განმავლობაში მათი ურთიერთობა მოულოდნელად ვითარდება. პარალელურად კი იტალიის პოლიცია უმბერტო ეკოს მოპარულ ფერფლს ეძებს.

მილანის აეროპორტში მისულს, საინფორმაციო ბიუროში მითხრეს, რომ ფრენა ოცდაცამეტი საათით გადაიდო. დამენძრა-მეთქი, - ვიფიქრე. ჯიბეში სულ ათი ევრო და თხუთმეტი ლარი მქონდა. მანამდე რვა ევრო ავტობუსის ბილეთში გადავიხადე, რომელმაც შუაღამისას ცენტრალური სადგურიდან მალპენსას აეროპორტამდე მომიყვანა. ერთი ბილეთი კი თვრამეტი წლის პორტუგალიელ მოდელს ავუღე, რომელიც სალაროს გვერდით იდგა და მოთქმით ტიროდა. “მეზიზღება იტალია” - იმეორებდა ზლუქუნით. საფეთქლებიდან თმის სიღრმეში შეზრდილი ნაწნავები მას მეტად სამხრეთულ იერსახეს აძლევდა და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ გოგონა მულტფილმის გმირი იყო, რომელსაც სადაცაა ტყავის აბჯარში გამოწყობილი, შავ ცხენზე შემომჯდარი მებრძოლი მოაკითხავდა, მაგრამ რამდენიმე წუთში, როცა მივხვდი, რომ მასთან რაინდზე ადრე ახლო-მახლო მოხეტიალე მილანელი ლოთები მივიდოდნენ, გამოველაპარაკე. ნუ ტირი, იქნებ რამით დაგეხმარო-მეთქი, - ვუთხარი.

- იტალიელი ხარ? - მკითხა.

- როგორ შეიძლება იტალიელი ვიყო, როცა გერმანიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ?!

- გერმანელი ხარ?

- არა, ქართველი.

გოგონამ ცხვირი და თვალები სახელოთი მოიწმინდა და ისე ამოიხვნეშა, გეგონებოდა სული ამოაყოლაო.

- ქართველი? არ ვიცი.

- ქვეყანაა ასეთი, - საქართველო. ადამიანები ცხოვრობენ. სხვათა შორის, მოდელებიც გვყავს, შენნაირები. მაგრამ ისინი მდიდარ კაცებს მიჰყვებიან ცოლად, მე კი - მდიდარი არ ვარ.

გოგონას ჩემს ხუმრობაზე არ გაეცინა. იქნებ ისიც იფიქრა, ფულის თხოვნა უნდაო. აღმოჩნდა, რომ ტურისტულმა სააგენტომ ავტობუსების არასწორი განრიგი მისცა, რის გამოც ტრანსპორტი ერთი საათის გასული დახვდა, ახალი ბილეთის ფული კი აღარ ჰქონდა. ჩემი შეთავაზება ჯერ სასტიკად იუარა და ტირილი განაგრძო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ფულს უანგაროდ ვთავაზობდი, ტირილი შეწყვიტა და თითქოს უკანასკნელი სიტყვებიაო, მითხრა: „აღარასოდეს ჩამოვალ აქ. მძულს იტალია და იტალიელები. ამათ გამო ვენეციის ნახვაც კი ვერ მოვასწარი”. „ნუ ღელავ, - ვცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი - ვერც მე შევძელი უმბერტო ეკოს საფლავის ნახვა”. გოგონა დაიბნა და მკითხა, ეგ ვინ არისო. მივხვდი, ახსნას აზრი არ ჰქონდა, მისი ავტობუსის მძღოლი უკვე სავარძელში თავსდებოდა და ხან იტალიურად, ხან კი დამტვრეული ინგლისურით ყვიროდა წავედითო. „უმბერტო ჩემი ბაბუა იყო” - ვუთხარი და თან მის უშველებელ ჩემოდანს მოვკიდე ხელი, რომელმაც წელი მომწყვიტა, მაგრამ წვალებად მაინც ღირდა - შავგვრემანმა ჯერ ჩახუტებით გადამიხადა მადლობა, შემდეგ კი ფანჯარას მოადო ხელი. „მშვიდობით, ლამაზო! რა სამწუხაროა, რომ ვერასოდეს მოგტყნავ” - ვთქვი ხმამაღლა.

უმბერტო ეკოს საფლავს მართლა ვეძებდი, მაგრამ მილანში ჩამოსულს ორი მოულოდნელი ამბავი დამხვდა: პირველი ის იყო, რომ თურმე ეკოს საფლავი არ არსებობს. ცხედრისთვის კრემაცია ჩაუტარებიათ და ფერფლი ოჯახისთვის გადაუციათ. მეორე განმაცვიფრებელი სიახლე კი ის იყო, რომ ოჯახისთვის გადაცემული ფერფლი მოიპარეს და მთელი იტალია ფეხზე იდგა.

ავიაკომპანიამ ერთ დიდ ავტობუსში ჯოგივით შეგვყარა და მილანის რომელიღაც გარეუბნის გოლფ-კლუბის სასტუმროსკენ წაგვიყვანა. ხალხმრავლობის გამო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები იყვნენ, დაჯდომა ვერ მოვახერხე. უფრო სწორად, ჩემი ადგილი ასაკოვან ქალს დავუთმე, რომელიც იტალიაში სამუშაოდ ჩამოსული ემიგრანტი იყო, ათი წლის შემდეგ პირველად ბრუნდებოდა სამშობლოში და გადადებული რეისის გამო არ იცოდა ჩაუსწრებდა თუ ვერა ქმრის დაკრძალვას.

მილანის გარეუბანი შავ-თეთრი დასახლება აღმოჩნდა, რომელშიც გოლფ-კლუბი, ერთი პირქუში სასტუმრო და უშველებელი სავაჭრო ცენტრი იდგა. მთელმა ავტობუსმა ქართველობამ სასტუმროს ჰოლში შესვლიდან რამდენიმე წუთში პატარა საქართველო ააშენა - რეგისტრაციის პროცესში ორჯერ მოასწრეს ჩხუბი, მილანის მაღაზიებში ნავაჭრი საქონელი კი ვესტიბიულში ისე მიყარ-მოყარეს, დეზერტირების ბაზრობის სურნელიც კი ვიგრძენი. მე დეპრესიული პერიოდი მქონდა და ყოველგვარ ჩარბუზანას ვერიდებოდი, ამიტომ მოსაცდელის უკიდურეს კუთხეში მდგარ სავარძელში ჩავესვენე, სახეზე პადოვაში ნაყიდი ქუდი ჩამოვიფხატე და ძილ-ბურანში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა მანამდე ვყოფილიყავი გაუნძრევლად, სანამ ქართული ხმები თავ-თავიანთ ნომრებში არ გადანაწილდებოდნენ და აქაურობას ისევ იტალიელები არ დაიბრუნებდნენ, თუმცა სრულიად მოულოდნელად, ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა: „თაზიკო, შენ ხარ?” - ჩამესმა ახლოდან. ვიფიქრე სიზმარში ვარ-მეთქი, მაგრამ ხმა განმეორდა. ქუდი ნელა მოვიშორე სახიდან და ჩემ წინ მდგომი ქალის გამხდარი სილუეტი დავინახე. სახეზე ყურადღებით დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ის იზა კაიშაური იყო - ლიტერატურის მასწავლებელი 206-ესკოლიდან, სადაც თერთმეტწლიან სასჯელს ვიხდიდი. იზა მასწავლებელი - ერთ დროს ფაშფაშა ქალი, რომელიც ლიტერატურის სიღრმეებში ისე დაკარგულიყო, რომ თმის დავარცხნა და ტანსაცმელზე ჩამოსხმული წვნიანის გაწმენდაც კი ავიწყდებოდა. სიმართლე ითქვას, ის ყველაზე ნაკლებად საძულველი მასწავლებელი იყო ჩემთვის, არაფერს მიშავებდა. ხანდახან სიბრალულის გრძნობაც კი მიჩნდებოდა მის მიმართ იმ ხმების გამო, მისი ოჯახის შესახებ რომ დადიოდა. ამბობდნენ, მისი ქმარი, უბანში ცნობილი ყომარბაზი, სიმთვრალეში ძუძუს თავებზე ცეცხლმოკიდებულ სიგარეტებს ადებდაო, მაგრამ ეს შეიძლება ისეთივე ტყუილი ყოფილიყო, როგორც ის ამბავი, რომ იზამ ქმარს ვირის ტვინი აჭამა და გამოაჩერჩეტა. სულ ეს იყო, რაც ძილ-ბურანიდან გამოსულს გონების ზედაპირზე ამომიტივტივდა იზა კაიშაურის შესახებ.

- ვარ, - ვუპასუხე ისევე, წლების წინ სიის ამოკითხვის დროს რომ ვპასუხობდი ხოლმე. „ვარ” - გავუმეორე იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ამბების გამო, სულაც აღარ მინდოდა ვყოფილიყავი.

- იზა ვარ, შენი მასწავლებელი.

იზა კაიშაური ბოლოს სკოლის დამთავრების დღეს, ბანკეტზე ვნახე. მაშინ გულიანად მოილხინა და ბათუ არღვლიანთან ერთად სვანურიც კი იცეკვა. ძალიან შეცვლილი ჩანდა: ლოყები და თვალები ჩაცვენილი ჰქონდა. თმაში კი ისეთი ჭაღარა შერეოდა, როგორიც ცხოვრებისგან გამწარებულ ხალხს აქვთ ხოლმე. სავარძლიდან წამოდგომის პროცესში დიალოგიც გამახსენდა, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილ კლასელთან, ნუკრი ბაზიერთან წლების წინ შედგა:

- კაიშაურის ამბავი გაიგე?

- გარდაიცვალა?

- არა შეჩემა, გასროკეს.

- გასროკეს? - გაკვირვებულმა ვკითხე - რაზე დაიჭირეს? - ჩავეკითხე მცირე გაოგნების შემდეგ.

- ქმარი მოკლა.

- ყვერებიანი ლადო მოკლა?

- ხოოო, - სიცილი მოაყოლა თანხმობას, - მძინარეს გაუჩეჩქვა თავი ხრუსტალის ვაზით.

მე ველაპარაკებოდი ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც ბევრი წლის უნახავი მყავდა და ამ წლების განმავლობაში ცხოვრებას მის თავზე წისქვილის ქვა დაეტრიალებინა. მისი უბედურებების ერთი ნაწილის შესახებ სხვებისგან მსმენოდა, ნაწილს კი ჩემი თვალებით ვხედავდი.

- როგორ ხართ, იზა მასწ?

- როგორც ემიგრანტებს შეგვეფერება, ვუძლებთ.

- გამახარა თქვენმა ნახვამ, - ვიცრუე და მე თვითონ მივხვდი, რომ ეს ისე უნიჭოდ გავაკეთე, როგორც მაშინ, მეშვიდე კლასში, როცა ზურიკელას როლს ვთამაშობდი მის მიერ დადგმულ სპექტაკლში. თუმცა, ეს სანახევროდ იყო ტყუილი. გარდა იმისა, რომ უცხო მიწაზე ყველა ნაცნობი სახის დანახვა გახარებს, მასთან შეხვედრამ ჩემს ორგანიზმში ის ქიმიური პროცესი დაძრა, რომელიც დიდი ხანია ძარღვებში მქონდა გაბიდნული. სასტუმროს ვესტიბიულის დაბურული ფანჯრები მზის სხივებს წვრილ საცერში ატარებდნენ და აქაურობას ისეთ სინათლეს ჰფენდნენ, როგორიც შეშის ღუმელით გამთბარ საკლასო ოთახში იყო ხოლმე, როცა იზა კაიშაური ნაწყვეტებს გვიკითხავდა „დაკარგული სამოთხიდან”.

- ნუ ცრუობ, თაზული. 206-ე სკოლის მასწავლებლის ნახვა აღარავის უხარია, მითუმეტეს სკოლის დამთავრების შემდეგ და მითუმეტეს თუ ეს მასწავლებელი ქალების კოლონიაში იჯდა ქმრის მოკვლის გამო.

- სიმართლე გითხრათ, თქვენი ქმარი ფეხებზე მკიდია.

- მოსამართლეს არ ეკიდა.

- მოგცეს ნომერი? - უხერხული სიჩუმის შევსება ვცადე.

- არა, ველოდები ეს აფთრები როდის დაიშლებიან.

აფთრების დაშლას ერთად დაველოდეთ და მეზობელ ნომრებში გადავნაწილდით. სასტუმროს თანამშრომელმა გვითხრა, ამხელა ნაკადისთვის მზად არ ვიყავით, ამიტომაც სადილი ერთი საათით დაიგვიანებს, მაგიდები კი გოლფის მინდვრის გადაღმა შენობაში გაიშლებაო. ჩემს ნომერში გამაყრუებელი სიჩუმე და ამაღელვებელი სიმშვიდე იდგა, თითქოს ბევრი წლის მანძილზე აქ ფეხი არავის შემოედგა. ოთახში მიძინებული აჩრდილები კარის შეღებით დავაფრთხე. საწოლზე ტანსაცმლის გაუხდელად მივეგდე და ტელევიზორი ჩავრთე. ერთ-ერთ არხზე „კინოთეატრი „პარადისო” გადიოდა. უცნაურია, მაგრამ ეს ფილმი იტალიურ ენაზეც ისეთივე გასაგები იყო ჩემთვის, როგორც ქართულად. დაღლილობამ, შიმშილმა და წარსულის აჩრდილთან მოულოდნელმა შეხვედრამ ძილში ჩამითრია. როცა ტელეფონმა დაიწკრიალა ფილმი უკვე დამთავრებული იყო და იტალიის ახალ ამბებს გადმოსცემდნენ. კინოსგან განსხვავებით, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი რამ გახლდათ მანამ, სანამ ეკრანზე უმბერტო ეკოს კადრები არ გამოჩნდა. სავარაუდოდ მისი ფერფლის გაქრობის ამბავს ჰყვებოდნენ, მაგრამ ვერაფრით დავადგინე, გამოძიება კვალს დაადგა თუ ვერა. თუმცა, რეპორტიორს ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, ჩავთვალე, რომ იტალიის პოლიცია ჯერ კიდე ტყემალზე იჯდა. ტელეფონზე იზა რეკავდა:

- არ ვისადილოთ?

- რომელი საათია? უკვე დროა? ჩამეძინა.

- მე ვერ დავიძინე. წამოდი, ვნახოთ ერთი, რისთვის ემზადებოდნენ ამდენ ხანს.

გოლფის კლუბამდე მისასვლელი გზა იმაზე ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან ჩანდა. მინდორს წრე შემოვარტყით და ცამდე აწვდენილი ნაძვების ხეივანში ვიარეთ. ხეების ჭუჭრუტანებში გამომძვრალი მზის სხივები ხანდახან თვალებს მჭრიდა და სახეს ხელით ვიჩრდილავდი. იზა მასწავლებელი ჩემზე მეტად მომზადებული მოდიოდა. მას თავზე დიდი ქუდი ეხურა, რომელიც მზეს კარგად იგერიებდა. იზა ისე მოდიოდა, თითქოს მიწიდან ერთი მტკაველით აწეულიყო და გზას არც კი ეხებოდა. სადილად ყველიანი სპაგეტის უმცირესი ულუფა გვაჭამეს, მაგრამ იზამ მიმტანს ანიშნა, შე ჩათლახო, დაამატეო და იმანაც თითო-თითო კოვზი გამოიმეტა.

საღამოს მე და იზა კაიშაური გოლფის მინდვრის პირას ვისხედით და სიგარეტს ვაბოლებდით. ეს ისეთი უცნაური ამბავი იყო, რომ დაჯერებაც კი მიჭირდა. იზა ღრმა ნაფაზებს ურტყამდა და კვამლს ცისკენ უშვებდა. თითქმის ერთი საათი უხმოდ გავატარეთ და კოლოფი სიგარეტი დავცალეთ.

- მგონი სკოლაში არ ეწეოდი.

- არა. ერთი-ორჯერ გავაბოლე გოგოების ტუალეტში და სულ ეგ იყო.

- თქვენები ყველანი ეწეოდნენ.

- მგონი ყველანი, ზურა ვარდიაშვილის გარდა. მაგას ასთმა ჰქონდა.

- შენ ელენე კეშელავას ეკურკურებოდი, ხო?

ჩემი ბავშვობის მასტურბაციის მთავარი მიზეზი - ელენე კეშელავა. გოგონა წაბლისფერი თმითა და მიტოვებული საფლავების ქვებივით ჩალაგებული კბილებით, ღიმილის დროს მარჯვენა ლოყაზე პატარა ორმოთი და საკონტროლოს წერის დროს ლამაზად მოცმაცუნე ტუჩებით. ელენე კეშელავა… ნაწნავიანი საოცრება, რომლის შიშველი კოჭების დანახვაზეც მომენტალურად მიდგებოდა. მე მას მხოლოდ ერთხელ ვაკოცე, ბიოლოგიის ოთახის საკუჭნაოში, ადამიანის ანატომიური ჩონჩხის გვერდით, ოღონდ სიზმარში და დღემდე, ეს ყველაზე რომანტიულ მომენტად მიმაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გონებაში სოკოებივით ამომეზარდა იმ ღამეების ერთობლიობა, რომლებიც თეთრად გავათენე ელენეზე ფიქრსა და სკორპიონსის „you and I”-ის მოსმენაში.

- ვეკურკურებოდი რა, ყველანი ვეკურკურებოდით ჩვენი კლასიდან და პარალელურიდანაც. მაგრამ ეგ ხო ბექა ბაწელაშვილს უყვარდა ზოია ბურჯანაძის სადამრიგებლოდან. ბაწელას ვინ გადაუდგებოდა წინ. ხო გახსოვთ ბექა? მგონი მაგას გაყვა ცოლად საბოლოოდ.

სინამდვილეში, სიტყვა მგონი ზედმეტი იყო. მე ზეპირად ვიცოდი მათი სიყვარულის ისტორიის ყველა დეტალი. ის, რომ ბაწელამ ელენეს აჩუქა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი - თავკომბალა სიმენსი, თავისი ნომრითა და 20 ლარიანი ლაი-ლაი ბარათით. მერე უბნის ქურდბაცაცებთან ერთად გაზეთ “სერიალის” რედაქცია გატეხა, მასალები მოიპარა და ელენეს ყოველდღე წინასწარ უყვებოდა რა მოხდებოდა სერიალში “ფარული ვნება”. ვიცოდი ისიც, რომ ბაწელამ ვიღაც ვარკეთილელს ასფალტი ახეხინა სახით ელენეს გამო. ამიტომაც, მე ყოველთვის ვიცოდი სად დამეჭირა თავი - ჩემი სიყვარულისგან ერთდროულად ძალიან შორს და თან, ძალიან ახლოს. ბაწელას შიში ხელს არ მიშლიდა მისთვის მიმებაძა - შარვლის ტოტები ისევე ამეკეცა, როგორც მას ჰქონდა აკეცილი, თმა ისე დამევარცხნა, რომ აჩეჩილს დამსგავსებოდა, გამომეყენებინა ის სიტყვები, რომლებსაც ბაწელა იყენებდა, მზესუმზირა მეჭამა მისი მეთოდით და რაც მთავარია, სწორედ ისევე გადამეფურთხებინა, როგორც ის იფურთხებოდა - ზედა კბილებს შორის ნერწყვის გამოდევნით. მერე რა, თუ ამის გამო ხშირად ნიკაპჩამოდორბლილი დავიოდი.

- არაა. მართლა? იმ მოძველბიჭო ელემენტს გაყვა ის ანგელოზივით გოგო?

- ჰო, რავი, ეგრე მითხრა ამასწინათ ვიღაცამ.

- ეტყობა ვერ ივარგე შენ, თორემ მაგ გოგოს რო შენზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, ეგ მთელმა სკოლამ იცოდა.

უცებ მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ეს იყო ამბავი, რომელიც თხუთმეტი წლის წინ რომ გამეგო, ალბათ მაინც ვერაფერს შევცვლიდი, ჩემი ქვეშაჯვია ხასიათი არ მომცემდა ამის უფლებას, მაგრამ ახლა, ამ შორეულ მიწაზე მოსმენილმა ამბავმა არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გამახარა.

- საიდან მოიტანეთ?

- მაგისი კუდი გახსოვს? თეკლა ჩხეიძე, დორბლიანი თეკლა.

- შარაბიძემ რო ჩანთაში ჩაუფსა?

- ეგ იდიოტი ბიჭი, - გაეცინა - ხო, ეგ თეკლა.

- მახსოვს, აბა რა.

- მაგის მეგობრობის დღიურში ეწერა. შემთხვევით ჩამივარდა ხელში.

 

ამაზე უფრო დაბნეული მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როცა საუნის ბოზთან პირველად ყოფნის დროს გადაკუზულმა ფეხებ შორის ხელი გამოყო პენისის მოსათავსებლად. მე კი არ ვიცოდი ჩამომერთმია თუ არა. ბევრი წლის შემდეგ ბირჟაზე დგომის დროს ამ თემაზე ანეკდოტი მოვისმინე. ძალია ძველი ანეკდოტი ყოფილა. აი, წვერებიანს რო ეძახიან. ყველა იცინოდა ჩემ გარდა.

- რაო, რა ეწერა? - ბორძიკით ვთქვი და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ძალიან არ მაინტერესებდა.

- რა დაგემართა ბიჭო, რა ბრინჯივით დაიბენი, ეგ ეწერა ზუსტად. გყავს შეყვარებულიო? შეკითხვა იყო დღიურში. თუ პასუხი დადებითია, მისი სახელიც მითხარიო. ჰოდა, ეს შენი ელენე პასუხობდა, თაზო ანდრიაძეო.

- ვა, არასოდეს შემიმჩნევია.

- გაიყნოსავ?

- კი, - ვუპასუხე სწრაფად და მხოლოდ ამის შემდეგ მოვტვინე, რომ გაყნოსვას მთავაზობდა ჩემი მასწავლებელი, რომელიც ერთ დროს დამარცვლით გვიმეორებდა, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო.

იზა კაიშაურმა ჩანთიდან თეთრი ქაღალდი და სარკე ამოიღო. მომინათეო, მითხრა. თეთრი ფხვნილი სარკეზე დაყარა, მერე საკრედიტო ბარათით სამი წვრილი ბილიკი გააკეთა და მკითხა, ფული თუ გაქვსო. ჩემი უკანასკნელი ათ ევროიანი მივეცი.

- კოკაინია?

- ნწუ, სპიდში შერეული კეტამინი. კოკაინი ძვირი სიამოვნებაა, გენაცვალე.

იზამ გამოცდილი ნარკომანივით დაახვია ფურცელი და გამომიწოდა. ჯერ მე გავედი დამკაში და მერე თვითონ. „მაგ ნესტოსთან ლოყა გაიწელე და კარგად გაიტანს” - მითხრა. მესამე ბილიკზე მკითხა, ხო არ დაცხებო. მეთქი -არა. მაშინ მე ავითვისებო.

იზა ბალახზე იწვა, ნაძვს მიყრდნობოდა და ცას მიშტრებოდა. მე იზას ვუყურებდი. მილანის გარეუბანში, გოლფის მინდორზე ვიწექით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის #206-ე საშუალო სკოლის ყოფილი მოსწავლე და მასწავლებელი, ფხვნილით მთვრალები და ეს ფაქტი ძალიან მახალისებდა.

- როგორი იყო ციხეში? - ვკითხე უსაქმურობისას.

- ციხეზე ეგეთ შეკითხვას არ სვამენ, თაზო.

- ვიცი, მაგრამ…

- ციხეში ნამყოფ ადამიანს უნდა კითხო, რამდენად ცუდი იყო იქ.

- რამდენად ცუდი იყო?

- არც ისე. ლადოსთან ცხოვრებას ჯობდა.

იზამ ორ სიგარეტს ერთდროულად მოუკიდა და ერთი მე მომაწოდა. ასეთი რამ მხოლოდ “ცოდვების ქალაქში” მქონდა ნანახი, როცა მიკი რურკის გმირს ოქროსთმიანი ქალი უწვდის სიგარეტს. იზა ოქროსთმიან ანგელოზს არ ჰგავდა, მაგრამ სიამოვნებით გამოვართვი. სხეულში ისევ ჰაეროვანი მელოდია დაფრინავდა და სადღაც, გულის ერთ კუნჭულში მიხაროდა კიდეც, რომ მილანში ჩავრჩი.

- მოდით, ბლიც-ინტერვიუ ჩავატაროთ, - ვუთხარი იზას.

- შენ ჟურნალისტიკაზე ჩააბარე, ხო?

- კი, მაგრამ არ დამიმთავრებია.

- მკითხე.

- ციხეში გატარებულ პერიოდს რას დაარქმევდით?

იზამ ორი ნაფაზი ზედიზედ გამოარტყა, კვამლის ნაწილი პირიდან, ნაწილი კი ნესტოებიდან გამოდევნა.

- მაგაზე დაფიქრებაც კი არ მჭირდება. ჩემი ჯდომის პერიოდს ირა არაქელოვა ჰქვია.

- ვინ არის ირა არაქელოვა?

- მაგაზე რო გიპასუხო, ბლიც-ინტერვიუ აღარ გამოვა.

- იყოს არაბლიცი, ფრენა ხვალ გვაქვს.

- ოოო, ირა არაქელოვა გამოჩენილი თაღლითი და მკვლელი იყო, დიდი, ძალიან დიდი ყვერებით. ორიათას ხუთში შემოვიდა ჩვენს კამერაში. ვენებში ჩანგალს არ ითხრიდა, ციხეზე როგორც ამბობენ, გორლაზე არ იყო, მარა ყველამ იცოდა რა ჩიტიც ბრძანდებოდა და ზედმეტის თქმა არავის უფიქრია. გაგიკვირდება და წყნარად იჯდა. ჩვენც გვიკვირდა მაგისი კრიმინალური წარსულისა და გამოცდილების ქალის ასეთი სიწყნარე. წესიერი პატიმარივით იქცეოდა. როცა მისი ჯერი იყო პატიოსნად მორიგეობდა, პერედაჩს არ ჟმოტავდა. თვითონ ცოტას ჭამდა, გამომხმარი და თხელი ქალი იყო. თხელი ეძახე და ორი კაცი ყავდა კუბოში ჩაწვენილი. მთელი დღე კარტს უშლიდა საკუთარ თავს, გვიან საღამოს კი წიგნს კითხულობდა. სამი თვე იყო გასული რაც ერთ კამერაში ვისხედით, როცა პირველად გამომელაპარაკა. ტკივილგამაყუჩებელი მთხოვა, კბილი სტკიოდა. მარიამობა თენდებოდა, ყველას ეძინა, ჩვენ კი მაგიდასთან ვისხედით და ენებს ვილესავდით. იმან თავისი თქვა, მე ჩემი ვუთხარი და ასე… მზესუმზირაც რო გვქონოდა, ან მურაბიანი ბლინები, ვიფიქრებდი, რომ სახლში ვიყავი და ბავშვობის დაქალს ვეჭორავებოდი. მოკლედ, დავმეგობრდით. ერთხელ ვკითხე, შინ ვინმე თუ გელოდება-მეთქი. კი, პეტრე მელოდებაო. მაგიტომაც მინდა აქედან დროზე ადრე გასვლა, ვეღარ ვძლებ პეტრეს გარეშეო. რადიოში, რომელიც ძალიან დაბალ ხმაზე გვქონდა მომართული, „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი” გადიოდა და თითქოს მთელი სამყაროს დარდი და მონატრება ჩვენს მხრებზე ჩამოწვა. მხოლოდ თვეების შემდეგ გავარკვიე, რომ პეტრე მისი ძაღლი იყო. მეზობელმა, რომელსაც ის შეფარებული ჰყავდა, მისი ფოტო გამოუგზავნა და მანახა. ჩემთვის ამოუხსნელი იყო ასეთი სახელის ქალი, ამხელა კრიმინალური სტაჟით, როგორ მოთვინიერებულიყო ძაღლის გამო. ერთხელ ვკითხე, საიდან ცხოველის მიმართ ასეთი სიყვარული-მეთქი. ჩემმა ბიჭმა მოიყვანა ორი წლის წინ, თავიდან მეჯავრებოდა, საჭმელსაც არ ვუყრიდი, წიხლსაც ვურტყამდი, როცა მარტოები ვიყავითო. მერე ჩემი ბიჭი ჩემივე საქმეების გამო მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს და ერთადერთი, რაც შვილისგან დამრჩა, პეტრეაო. მაშინ დავრწმუნდი, რო თუ ადამიანს მცირე მიზანი მაინც გაქვს, ცხოვრების გაგრძელება ღირს.

- რა წიგნს კითხულობდა? რამე დეტექტივი იქნებოდა მკვლელობებზე.

- შენ იცინე და მართალი ხარ. „ვარდის სახელს” კითხულობდა. „რასკოშნი“ დეტექტივიაო ამბობდა. ისეთი კი არა, ჟურნალების ბოლო გვერდებზე რო იბეჭდებაო. ბიბლიოთეკიდან წამოუღია. ყველაზე სქელი რაც დავინახე იმას დავავლე ხელიო, ასე თქვა. როცა გაიგო, რომ ლიტერატურის სპეციალისტი ვიყავი, რაღაცებს მეკითხებოდა კიდეც. აზრიანი კითხვები ჰქონდა. უმეტესად იმაზე, როგორ შექმნა მწერალმა ასეთი ზუსტი პერსონაჟები, ბერების სახეები, მონასტერი, ლაბირინთი. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი სამაგისტრო კვლევა მეოცე საუკუნის იტალიურ ლიტერატურას ეხებოდა. ვუთხარი, ეკო ამ წიგნს წლები წერდა, მხოლოდ ბიბლიოთეკა-ლაბირინთის სამოცამდე ვარიანტი დახატა თავისი ხელით, წიგნის წერა კი ბერების სახელების ჩამოწერით დაიწყო-მეთქი. ირამ შეიცხადა, არ მეგონა ერთი წიგნის დაწერას ამდენი დრო და წვალება თუ სჭირდებოდა, გაიცნობდა ამ კაცს ადამიანი, ხელს ჩამოართმევდა და დაელაპარაკებოდა ცხოვრებაზეო. ეჰჰ-მეთქი.

- რა ქნა ირამ, მოიხადა ბოლომდე?

- არა, არ მოუხდია.

- შეიწყალეს? - ვკითხე გახარებულმა, წამოვიწიე და მკლავს დავეყრდენი.

- თრომბმა მოკლა, ორი ათას შვიდის აპრილში. ლაპარაკობდა და ერთ წამში გათავდა ქალი.

ერთხანს ვდუმდით.

- რო გამოხვედით, პეტრე არ მოინახულეთ?

- არა, ვერ შევძელი. ისიც ვიფიქრე, ჩემთან წამოვიყვან საცხოვრებლად-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ.

- პედიგრი მაინც მიგეტანათ, რა ვიცი.

- რა გითხრა, თაზო, ვერ დავატანე თავს ძალა.

გვიან ღამით საწოლში ვეგდე და ის-ის იყო დაძინებას ვაპირებდი, რომ ტელევიზორში „ოპერაცია წმინდა იანუარი” გაუშვეს. ვიფიქრე, სადამდეც გავქაჩავ, იქამდე ვუყურებ-მეთქი. გარეთ ისეთი სიწყნარე იყო, როგორიც, ალბათ, სამოთხის ყველაზე მშვიდ ადგილებში იქნება. როცა ნინო მანფრედის პერსონაჟმა შემთხვევით ჩაამსხვრია ვიტრაჟი, მაშინ მეც ჩამცხო რაღაცამ თავში - მივხვდი იმას, რასაც საათების წინ უნდა მივმხვდარიყავი. შარვალი ამოვიცვი, პერანგი შემოვიხვიე და დერეფანში გავვარდი. იზა კაიშაურის ნომრის კარზე ჯერ დავაბრახუნე, შემდეგ კი, როცა გამახსენდა რომელი საათი იყო, შედარებით ფრთხილად. იზამ თავი გამოყო.

- თქვენ მოიპარეთ?

- ჩუმად! შემოდი.

მის ნომერში ყველაფერი თავდაყირა იდგა.

- როგორ მიხვდი?

- როგორ მივხვდი კი არა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი. ეს რამ მოგაფიქრათ?

- დამშვიდდი, განსაკუთრებული არაფერი დამიშავებია. აქ არაფერში სჭირდებათ, ირას საფლავის მიწას კი კარგად გაანოყიერებს.

- რას ბოდავთ. ან, საერთოდ, როგორ აპირებთ ქვეყნიდან გასვლას?

ყველაფერი მოფიქრებული მაქვს, არ იდარდო.

- სად არის? მანახეთ.

იზა გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა. მერე გაიღიმა და ჩანთა გახსნა, საიდანაც წამლის პატარა ბოთლი ამოიღო.

- სულ ეს არის? დანარჩენი სად წაიღეთ?

- დანარჩენი გავფანტე.

- ადექით და უბრალოდ ქარს გაატანეთ?

- არა, თან მამაო ჩვენოს ვამბობდი.

- თუ ეგრე ცოტა გინდოდათ, მთლიანად რას იპარავდით?

- შენი აზრით რა უნდა მექნა? კარზე დამეკაკუნებინა და მეთქვა მაგული, საღამომდე ორი კოვზი უმბერტოს ფერფლი მასესხე-მეთქი?

- ნუ გამომაყლევეთ იზა მასწ. ეს საერთოდ როგორ მოგივიდათ თავში?

- სიტყვები შეარჩიე ანდრიაძე, თავზეც ნუ გადაიჯვამ.

- არა, რა ვქნათ ახლა? ხვდებით, რო ტრაკში გაგვთხრიან მაგ ბოთლს? რა გგონიათ, დოდო აბაშიძის ფერფლი მიგაქვთ საქართველოში და აეროპორტში მთელი ქალაქი დაგხვდებათ შავი ქოლგებით? რითი აპირებთ გადატანას? პატრიარქის ნაღველში უნდა ჩადოთ?

- შენ რა შუაში ხარ?

- მართალია, მე რა შუაში ვარ - დავიყვირე და ნომერში დავბრუნდი.

მომდევნო დღეს ავტობუსმა დათქმულ დროს მოგვაკითხა. პირველი ავედი და ისეთი ადგილი დავიკავე, რომელშიც ვერავინ შემეცილებოდა. იზა კაიშაური ბოლო ამოვიდა. ავტობუსში ნაცნობისთვის თვალის არიდება ოთხმოცდაათიანების ყველა თბილისელის სპეციალობაა, ამიტომაც, ამ კოზირის გამოყენება არ გამჭირვებია. აეროპორტში რომ მივედით, რეგისტრაციის დაწყებამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. ვცდილობდი მასწავლებლისგან თავი შორს დამეჭირა, ამიტომაც ერთ უღიმღამო კაფეში შევედი და უკანასკნელი ფულით დიდი ლატე და ბეკონის სენდვიჩი შევუკვეთე. აეროპორტში განსაკუთრებული კონტროლი იყო. ფორმიანები შემთხვევით შერჩეულ ხალხს ბარგის გახსნას სთხოვდნენ. ჩემოდნების ჩასაბარებელ თითოეულ პუნქტთან კი თითო დაგეშილი ძაღლი ჰყავდათ. შეკვეთა მოტანილი არ ჰქონდათ, რომ გვერდით იზა მომიჯდა და მხარზე ხელი დამარტყა.

- რა იყო, მემალები?

- არა, საიდან მოიტანეთ. უბრალოდ, მარტო ყოფნა მინდოდა.

- ნუ გეშინია, შარში არ გაგხვევ, უბრალოდ, ყავაზე დაგეწვევი.

- კარგით, თქვენ შეუკვეთეთ, მე მანამდე გავალ, მოვწევ და დავბრუნდები.

გული ცუდს მიგრძნობდა. ბოლო-ბოლო, ყოველდღე ხომ არ გადააქვს შენს ყოფილ პედაგოგს საზღვარზე კლასიკოსი მწერლის მოპარული ფერფლი. ფეხს ვითრევდი, მაგიდასთან მისვლა არ მინდოდა, მაგრამ ორ ღერზე მეტი ვერ გავქაჩე და იძულებული გავხდი იზას კამპანიაში დავბრუნებულიყავი. ის მშვიდად იჯდა, ყავას სვამდა და ძეხვიან კრუასანს აცმაცუნებდა. ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა იმის კვალობაზე, რომ მთელი ეს აყალმაყალი მის გამო იყო ატეხილი.

- შეგიძლიათ დამიჯეროთ? - ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, რადგანაც მეგონა, რომ მისი გადარწმუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობდა.

- მოვრჩეთ ამაზე.

- არანაირი შანსი არ გაქვთ. აეროპორტი პოლიციით და ძაღლებითაა სავსე, მაგის გადატანა შეუძლებელია, - ვეუბნებოდი ჩუმად - მესმის, რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, უფრო სწორად, ირასთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ხომ ხვდებით, გარედან ეს ყველაფერი რა სასაცილოდ ჩანს. ღირს ამის გულისთვის ხელმეორედ ციხეში მოხვედრა? დამიჯერეთ, ირა თქვენს მცდელობას დააფასებდა და იმავეს გეტყოდათ, რასაც მე გეუბნებით. და, კიდევ გირჩევდათ, რომ ახლა ამდგარიყავით, წასულიყავით ტუალეტში და ფერფლი წყლისთვის გაგეტანებინათ.

იზა ჩუმად იყო და მისმენდა. მერე კრუასანის ბოლო ლუკმა პირში შეიგდო, მადიანად გაღეჭა, ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. „ბოთლს წყალი გამოავლეთ და სანაგვეში ისე ჩააგდეთ” - დავაწიე ზურგს უკან. რეგისტრაციის დაწყებამდე ჯერ კიდევ გვქონდა თხუთმეტი წუთი, ამიტომაც ყავას ნელ-ნელა ვსვამდი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაციებულიყო, არომატიც დაეკარგა და სურნელიც, მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებდი. იზა რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მითხრა: „შენი თხოვნა შესრულებულია, კმაყოფილი ხარ?” არაფერი მითქვამს. ჭიქაში დალექილი ყავა ერთიანად გადავყლურწე, დავიმანჭე და დავიძარით. რეგისტრაცია მშვიდად გავიარეთ. რა თქმა უნდა ჩანთებიც გაგვახსნევინეს და ძაღლების დერეფანშიც გაგვატარეს, მაგრამ მე მაძღარი ანაკონდასავით მშვიდი ვიყავი. ვიცოდი, რომ ვეღარაფერს გვიპოვიდნენ. ჩასხდომის ბარათზე მითითებულ ოცდამესამე გასასვლელთან ველოდით ჩუმად რეისის გამოცხადებას. იზა მასწავლებელი მოწყენილი ჩანდა და ალბათ ნანობდა კიდეც სასტუმროში რომ გამომელაპარაკა. სამაგიეროდ მე ვიყავი კმაყოფილი და საკუთარი გამარჯვებით მთვრალი.

- იცით? ვამაყობ თქვენით, - ვუთხარი.

- მე - მეზიზღები.

- ეგრე ახლა ფიქრობთ, მალე ყველაფერს გადახარშავთ და მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით.

ჩვენი რეისის ჩასხდომა გამოაცხადეს. იზამ აბარგება დაიწყო, ფეხსაცმლის ზონარები გაჭირვებით შეიკრა, ფეხზე წამოდგა და მითხრა:

- ყავა როგორ მოგეწონა? ცოტა უცნაური გემო ხომ არ ჰქონდა, თაზიკო? ნალექი ხომ არ დაიტოვა?

მე გაშტერებული ვუყურებდი ჩემს მასწავლებელს, რომელმაც ნახევარი საათის წინ, როგორც აღმოჩნდა, კლასიკოსი მწერლის ფერფლი ყავაში ჩამიყარა რათა მას, ავად თუ კარგად, საზღვარი გადაეკვეთა. იზა გასასვლელისკენ დაიძრა, გამცილებლებს ბილეთი და პასპორტი აჩვენა და თვითმფრინავისკენ მიმავალ გამჭვირვალე მინებიან ბილიკს ჩაუყვა. ნახევარ საათში უკვე ჰაერში ვეკიდეთ. თვითმფრინავი თითქოს ღრუბლების აბაზანაში მილივლივებდა. სხივები თვალებს მჭრიდა, მაგრამ ეს როგორღაც, სასიამოვნოც კი იყო.

- დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილხართ? - მკითხა გვერდით მჯდომმა ქალმა.

- ათი დღეა.

- მე რვა წელია.

- დიდი დრო გასულა.

- შვილიშვილის ქორწილზე ჩავდივარ. მერე, ისევ უკან გამოვბრუნდები თუ საბუთებს გავაკეთებ. თქვენ სამოგზაუროდ იყავით?

არ ვიცოდი რა მეპასუხა, რა დამერქმია ამ დღეებისთვის. იქნებ წარსულთან შეხვედრა? ან, ოპერაცია უმბერტო ეკო. თვალები ევაკუაციის გეგმაზე გამიშტერდა რომელიც სავარძლის ჯიბეში იდო და უნებურად ვუპასუხე:

- არა, ქალბატონო, ბაბუაჩემის ნეშტი მიმაქვს.


ნაწარმოებების გვერდზე დაბრუნება