კალათა

დეტალურად

სილვი დრაპო (1962-) კანადელი ფრანგულენოვანი მსახიობი და მწერალია. დაამთავრა მონრეალის უნივერსიტეტი, შემდეგ კანადის ეროვნული თეატრალური სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1986 წლიდან, თამაშობს კვებეკის თეატრებში. თავისი რომანების მიხედვით („მდინარე“, „ცა“, „ჯოჯოხეთი“, „დედამიწა“) მან შექმნა პიესა „მდინარე“, რომელიც წარმატებით იდგმებოდა „ახალი სამყაროს თეატრში“ და სადაც სილვი დრაპო თვითონ თამაშობდა მთავარ როლს. მას სხვადასხვა როლი აქვს შესრულებული 57 პიესაში და 11 ფილმში და 6 სატელევიზიო სერიალში. იგი არის ხუთი რომანისა და სამი პიესის ავტორი. სილვი დრაპოს მიღებული აქვს რამდენიმე პრემია: კვებეკის თეატრალური კრიტიკოსების ასოციაციის „სეზონის აღმოჩენის“ პრემია 1987-1988 წწ., ჟუტრას პრემია საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ორჯერ 2002 და 2004 წლებში. „მდინარე“ სილვი დრაპოს პირველი რომანია, რომელმაც იგი მწერალად გააცნო საზოგადოებას. ეს პატარა რომანი ერთი ტკივილიანი ამოძახილია პატარა, ხუთი წლის გოგონასი, რომელიც ოჯახთან ერთად კანადის ჩრდილოეთში, მდინარის შესართავთან ცხოვრობს, იქ სადაც მდინარე ზღვაში ჩაედინება. მკაცრი კლიმატის და ველური ბუნების გამო ოჯახის წევრები თავიანთ ერთობას „მგლის ხროვას“ უწოდებენ, რადგან ძალიან განსხვავდებიან თავიანთი სამხრეთელი ბიძაშვილებისგან. ეს ულამაზესი პოეტური თხრობა ძლიერი, სულის შემძვრელი ემოციითაა დატვირთული.
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *