კალათა

დეტალურად

იშვიათია მწერალი, რადიოპიესა რომ არ დაეწეროს. თუნდაც - ბეკეტი, იონესკუ, კოქტო, ბრედბერი თუ ბერგმანი ავიღოთ. რა განაპირობებს რადიოთეატრისადმი ასეთ ინტერესს? ალბათ „ცნობიერების ნაკადის“ პოპულარობა: მკითხველს სულ უფრო აინტერესებს ადამიანის აზრის სუბიექტურად ორგანიზებული დინება და „შინაგანი მონოლოგის“ აგების ასოციაციური სტრუქტურა. ერთის მხრივ დრამატურგი, ახალი ფორმების ძიებაში აფართოებს ნაწარმოების ჩარჩოებს და ხშირად ითავსებს „კომპოზიტორის“ ფუნქციებსაც კი. მეორეს მხრივ, მკითხველიც აფართოებს „კითხვის“ პროცესს და მსმენელიდან სპექტაკლის თანამონაწილედ გადაიქცევა. თეატრალური დადგმებისაგან განსხვავებით, რადიოსპექტაკლში მხოლოდ სიტყვა, მუსიკა და ხმაურია გამოყენებული. ასე აღწევს იგი მსმენელის ცნობიერებაში. აქ ბუნებრივად აღიქმება ის, რაც თეატრსა და კინოში ქვეტექსტია. რადიოში კი სიტყვა მხოლოდ დიალოგს ან მონოლოგს კი არ წარმოადგენს, არამედ პერსონაჟის ფიქრს, მოგონებასა თუ ოცნებას გადმოგვცემს. ერთი შეხედვით შესაძლოა, დღეს ხელოვნების ეს ჟანრი ცოტა მარგინალურად გამოიყურება, მაგრამ ის მაინც აქტუალურია „ყურსასმენების“ თაობაში, რასაც მსოფლიოში ყოველწლიურად გამართული ფესტივალებიც ადასტურებენ. დაბოლოს, ეს პროცესი, პრინციპულად ახალ აქტუალობას იძენს, თანამედროვე ყოფის დაძაბულ ფონზე. წინამდებარე გამოცემაში თავმოყრილია ავტორის 5 პიესა რომლებიც, ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს რადიოთეატრში განხორციელდა.
  • პლასტმასის ყვავილები
  • ისევ მარწყვის მდელოები
  • ელვის ეფექტი
  • და სული აფრთხობს ჩვილის ნაზ ფიქრებს
  • თამაში ედემის ბაღში