ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრების ქრონიკა მესამეა იმ ციკლში, რომელიც როსტომ ჩხეიძეს განუზრახავს, და ჯერჯერობით მოქცეულია ალექსანდრე ორბელიანსა და პავლე ინგოროყვაზე შექმნილ ბიოგრაფიულ რომანებს შორის, თუმც ეს ხანაც ჯერ კიდევ ამოსავსები აქვს ავტორს.
ალექსანდრე ყაზბეგის გამოჩენაც უჩვეულო გახლდათ სამწერლო ასპარეზზე და მისი მალევე ჩამოცილებაც აქედან. მან თავისი გრანდიოზული ჩანაფიქრის აღსრულება ნაწილობრივ თუ მოასწრო - სულ რაღაც ოთხ-ხუთ წელიწადში, მაგრამ მისი მოთხრობები და რომანები, „ხევის საგის“ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულნი, არამარტო თავისთავადი ღირებულებისანია და ყოველთვისაც დარჩება მიმზიდველ საკითხავად მკითხველისათვის, არამედ მან ბევრწილად განსაზღვრა ქართული რომანის, საერთოდ ჩვენი ბელეტრისტიკის მომავალი და ევროპული რანგი, დასაბამი დაუდო დიდ სტილურ განახლებას და მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ჰეროიკული სულის აღორძინებაშიც.
ხევის საგაში ხელშესახებად და სრული პირუთვნელობით გამოიხატა საქართველოსა და მთელი კავკასიის ტრაგიკული ბედისწერა რუსთა მფლობელობის ხანაში, ეროვნულ ტრადიციათა და მორალის რღვევა და უსამართლო სამართლის დამკვიდრების შემაძრწუნებელი პროცესი. ეს ქმნილებანი მკაცრი, შეურიგებელი პროტესტია ყოველგვარი ძალმომრეობის წინააღმდეგ.
პირველივე რომანით შეაჯანჯღარა საზოგადოება და ისინიც ჩააფიქრა და აიყოლია, რომელნიც რუსული იარაღის განსადიდებლად იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. მათ ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნებასა და მწერლურ ხელოვნებაში ჰპოვეს ის, რასაც გულისგულში თვითონაც გრძნობდნენ, მაგრამ თავსაც ვერ უტყდებოდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ნაცვლად უდრტვინველად შეჰყურებდნენ რუსეთის პროვინციად გადაქცეულ ქვეყანას, რომელიც ნელ-ნელა ჰკარგავდა თვითმყოფადობის ნიშნებს.
ბიოგრაფიულ რომანში ახლებურადაა წარმოჩენილი და გააზრებული ალექსანდრე ყაზბეგის მწერლური და საზოგადოებრივი ღვაწლი, თვითონ მისი პიროვნული ხასიათი დაშლილია ღრმა ფენებად და ანალიტიკურად და ნიუანსობრივადაა შესწავლილი ფსიქოლოგიური ხერხების მოშველიებითაც.
ასე წარმოჩნდება ხევის საგის ავტორის მონუმენტური სახება _ თავისი ტრაგიზმითა და ბრწყინვალებით.
ამ სახელწოდებით – ყაზბეგიანა – გიორგი ლეონიძემ წამოიწყო მემუარულ-დოკუმენტური მასალების გამოქვეყნება ჟურნალ `დროშას~ ფურცლებზე XX საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს და ვარაუდობდა ამ ციკლის გაგრძელებასა და მოთავებას. პუბლიკაციები ნაადრევად შეწყდა, მაგრამ იქნებ სულაც ეს ბიოგრაფიული რომანი იყოს იმ წამოწყების დაგვირგვინება.
- ყდა
- თავფურცელი
- თავი პირველი. რისხვა ძველი, რისხვა ახალი: აქილევსიდან ყაზბეგამდე
- თავი მეორე. სიზმარ-ცხადის ტრაგიზმი და სევდა
- თავი მესამე. არჩევანი გაბრიელ ყაზბეგისა
- თავი მეოთხე. მწყემსობა – მოჯანყის თავშესაფარი
- თავი მეხუთე. მოჩხუბარიძედ – ბედისწერის ტვიფარით
- თავი მეექვსე. აღმზრდელები: მიხეილ ყაზბეგი, კეკე თარხნიშვილი და...
- თავი მეშვიდე. „ჩემი საკუთარი შვილი მყოლოდა“
- თავი მერვე. სიყვარული და ნაციონალობა
- თავი მეცხრე. სანდრო და მისი ოჯახი... კომედიების პერსონაჟებად
- თავი მეათე. აფუჭბეგი ან „კეთილი გული აქვს და ფრანგული იცის“
- თავი მეთერთმეტე. ოცნება არტისტობაზე და მისი ნამსხვრევები
- თავი მეთორმეტე. ქართველების ჰომეროსი
- თავი მეცამეტე. „ელგუჯა“: გზა ნოველიდან რომანამდე
- თავი მეთოთხმეტე. ძიძია – გაუნელებელ ტკივილად
- თავი მეთხუთმეტე. გაუგებრობა ფოთში, გაუგებრობა ქუთაისში, ბათუმში და კიდევ სხვა გაუგებრობანი
- თავი მეთექვსმეტე. შამილი – კავკასიური ერთობის იდეალი
- თავი მეჩვიდმეტე. პერსონაჟი... ბრალმდებლად და მისი განაჩენი
- თავი მეთვრამეტე. ვახტანგ კოტეტიშვილი და ჭორებიდან გამოხსნა
- თავი მეცხრამეტე. ადათების რღვევა – რღვევა ერისა
- თავი მეოცე. „მოძღვარი“ – დეტექტივი და ანტიკური ტრაგედია
- თავი ოცდამეერთე. „ჯანყი გურიაში“: ფარული პოლემიკა „ელგუჯასთან“
- თავი ოცდამეორე. „დავწვი შენი სამართალი“
- თავი ოცდამესამე. ფსიქოანალიზის აუცილებლობა ან რატომ წვებოდა ალექსანდრე ყაზბეგი იატაკზე
- თავი ოცდამეოთხე. დეპეშა მოპასანთან და... ვირი აეროსტატით
- ეპილოგი